სტალინი უკვე მერამდენედ მაოხრებელ მკვდარად ევლინება საქართველოს. მისტიკა არაფერ შუაშია - ისევე, როგორც საბას იგავში, საკმაოდ მარტივად აიხსნება ყველაფერი.
სტალინმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მის თავისუფლებისმოყვარე სამშობლოს ვერასდროს დაეღწია თავი მისი იმპერიიდან - მხოლოდ იმიტომ, რომ ემიგრანტის სტატუსი ყოველგვარ ლეგიტიმურობას დაუკარგავდა მის ძალაუფლებას კრემლში.
დღევანდელ ნეოსტალინისტებსაც (პუტინს და კომპანიას) არსებითად იგივე მიზეზით ვერ წარმოუდგენიათ მისი იმპერია (რომლის აღდგენაზეც ოცნებობენ) საქართველოს გარეშე, რადგან, თუ ქართველი ხალხი უარყოფს საზოგადოების ნეოსტალინისტურ მოდელს, მას სხვაგანაც ეცლება ნიადაგი.
ყოველთვის მიკვირდა, რა ასაზრდოებდა საქართველოში "სტალინისტობას" (განსხვავებით რუსეთისგან, სადაც მოტივი მეტნაკლებად გასაგებია). ნემისმიერ ადამიანს, მათ შორის საზოგადოების სხვა მხრივ ყველანირად პატივცემულ და პატივსაცემ წევრს, შეიძლება ჰქონდეს თავისი ”პატარა ბინძური საიდუმლო”. აი, ჩვენი საზოგადოების პატარა ბინძური საიდუმლოა მისი ნაწილის ეს შინნაზარდი სტალინისტობა. ალბათ, შემთხვევითი როდია, რომ თავის დროზე სწორედ სტალინის სურათები ვრცელდებოდა უსულგულოდ შეკოწიწებულ პორნოგრაფიულ სურათებთან ერთად (ძირითადად მატარებლებში). არის ამაში რაღაც 'ფროიდისტული'

შესაძლებელია ამ თემის გაშლა, მაგრამ არ ღირს, მხოლოდ ერთ რამეს ვიტყვი: ეჭვი მაქვს, რომ სტალინის სურათის გარეშე იმ პორნოგრაფიასაც არ ჰქონდა მუღამი მისი უხეირო მომხმარებლებისთვის - აქ ხომ ქვეცნობიერ სადომაზოხიზმზეა საუბარი.
ახლა ცოტა სხვა რაკურსი:
ბავშვობიდან მიკვირდა, როგორ გადაურჩა სტალინის მუზეუმი, დიდი ძეგლი გორში და უამრავი უფრო მცირე ზომის ძეგლი, ბიუსტი თუ ბარელიეფი მთელ საქართველოში ხრუშჩოვის ”დესტალინიზაციის” კამპანიას? კი ბატონო, შეიძლება ადგილობრივ მოსახლეობაში ვიღაცას მათი შენარჩუნება უნდოდა, მაგრამ როდის იყო საბჭოთა სისტემა ასეთ შემწყნარებლობას იჩენდა ადგილობრივი სენტიმენტების მიმართ? მითუმეტეს, როდესაც ისინი, პირველი შეხედვით, ასე აშკარად ეწინააღმდეგებოდა მის პოლიტიკურ კურსს?
მხოლოდ ახლა მივხვდი, რომ ეს გაკეთდა შეგნებულად, საქართველოს შემდგომი დამცირებისა და დისკრედიტაციის მიზნით. იმისთვის, რათა მას შემდეგ, რაც სტალინის დანაშაულებს ნათელი მოეფინა, და ”სტალინიზმი”, ”სტალინისტი” მსოფლიოში სალანძღავ სიტყვებად იქცა, ნებისმიერ დროს თამამად გაეშვირათ ხელი საქართველოსკენ და ეთქვათ: აი, სტალინიზმის საწყისი და ბუდე! ესენი თავისუფლებაზე, ქრისტიანობაზე, ევროპელობაზე ბაასობენ, და ამ დროს გაქანებული სტალინისტები არიან!
ბრეჟნევის დროს ანტიქართული განწყობა, შეიძლება, ასეთი ძლიერი აღარ იყო, მაგრამ ბრეჟნევის გარემოცვა თავად იყო ნეოსტალინისტებით სავსე. თანაც საქართველოში მალე შევარდნაძე მოვიდა მმართველობის სათავეში, და ეს კაცი სტალინის ძეგლს ხელს არ ახლებდა (თუ რატომ, ამაზე ოდნავ ქვემოთ).
რაც შეეხება პოსტსაბჭოურ პერიოდს, დღესაც ბოლომდე არ მესმის, როგორ გადაურჩა გორის მონუმენტი 1990 წლის ზაფხულის ”ძეგლთაცვენას”, ვარდების რევოლუციას, და აი, ახლა, ამ აგვისტოს ომს. შევარდნაძის ამბავი კი არ მიკვირს: მხოლოდ სტალინთან დაკავშირებული არტეფაქტების სიახლოვეს შეეძლო ბ-ნ ედუარდს თავი ისევ ეგრძნო იმპერიული მასშტაბის პოლიტიკოსად, რომელიც კვლავინდებურად განაგებს მსოფლიოს ბედს თავისი პატარა სამშობლოდან. დრაკულაზე აგებული რუმინული ბიზნესი მონაგონია - აქ გლობალისტურ დელუზიასთან გვქონდა საქმე!

რაც შეეხება ახალ ხელისუფლებას 2003 წლის შემდეგ, მათ, ეტყობა, გულწრფელად ირწმუნეს მითი უფროსი თაობისა თუ ადგილობრივი მოსახლეობის მასობრივი სტალინისტობის შესახებ და თავი აარიდეს ხალხის ამ კატეგორიასთან ურთიერთობის გამწვავებას.
ასე რომ, ამ ძეგლის დატოვება, სინამდვილეში, გორის და გორელების დამცირებაა.
რაც შეეხება მუზეუმს. სტალინის ნივთები (არა როგორც თაყვანისცემის საგანი, არამედ როგორც თავისი დროის საბუთი), სტალინიზმი, საბჭოთა სისტემა, რეპრესიები, ისევე როგორც ტოტალიტარიზმის ფენომენი ზოგადად, რა თქმა უნდა, დიდ საზოგადოებრივ ინტერესს წარმოადგენს. ამიტომ გორში ახლანდელი მუზეუმის ბაზაზე უნდა გაკეთდეს სწორედ სტალინიზმის მსხვერპლთადმი მიძღვნილი ძალიან თანამედროვე, ემოციური და ამავე დროს, ჭკვიანური მუზეუმი, შეიქმნას სახელმწიფოებრივი ძალადობის კვლევის საერთაშორისო ცენტრი. მერწმუნეთ, მას გაცილებით უფრო დიდი მნიშვნელობა ექნება როგორც ტურისტული მიმზიდველობის, ისე საქართველოს რეპუტაციის თვალსაზრისით.
თბილისში უკვე არსებული ოკუპაციის მუზეუმი შეიძლება გორის დიდი მუზეუმის ერთგვარ ”წინასიტყვაობად”, ”ვიტრინად” იქცეს - რომლის ზეგავლენით ადამიანს გაუჩნდება გორში წასვლისა და დიდი ექსპოზიციის ნახვის სურვილი.
დაუშვებელია აგვისტოს ტრაგედიის ამსახველი ექსპოზიციის განთავსება იმ სტალინიზმის სულით გამსჭვალულ მუზეუმში, რომელიც დღეს არსებობს. ეს დაღუპულთა და ზოგადად, თანამედროვე ქართული საზოგადოების შეურაცხყოფა იქნება. ვფიქრობ, 2008 წლის ოკუპაციის მუზეუმი სულაც ცალკე უნდა აშენდეს - თუნდაც სტალინის მუზეუმის პირისპირ.