gogona84
Super Member

   
ჯგუფი: Registered
წერილები: 430
წევრი No.: 26773
რეგისტრ.: 10-December 06
|
#10837686 · 12 Sep 2008, 22:19 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სალომე ზურაბიშვილი: ახლა მთელი ერის კონსოლიდაციაა საჭირო და თუ ქვეყნის შიდა პოლიტიკაში XIX-XX საუკუნის თამაშები დაიწყო, ეს ქვეყნის მომავლის დასამარება იქნება
საქართველოში შექმნილი უმძიმესი მდგომარეობის გამოსწორებას ევროკავშირი და, კონკრეტულად, მისი თავმჯდომარე ქვეყნის, საფრანგეთის პრეზიდენტი, ნიკოლა სარკოზი ცდილობს. ასეა ლამის 8 აგვისტოდან მოყოლებული დღემდე. როგორც ამბობენ, საფრანგეთის უმაღლესი პოლიტიკური ელიტა მეტად ჩაკეტილი სისტემაა. სალომე ზურაბიშვილმა ხელისუფლებას კრიზისიდან გამოსვლის გზების ძიებაში დახმარება შესთავაზა. ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს იმ მეტად ჩაკეტილ სისტემაში უამრავი ადამიანური კავშირები აქვს. მიუხედავად ამისა, ამ ინიციატივაზე ჯერჯერობით ხელისუფლებისგან პასუხი არ მიუღია.
რას ფიქრობს ,,საქართველოს გზის" ლიდერი და საგარეო საქმეთა ექსმინისტრი ქვეყანაში შექმნილი ვითარების შესახებ? ,,ჯორჯიან თაიმსი" სალომე ზურაბიშვილს ესაუბრა.
_ ქალბატონო სალომე, თქვენ როგორ შეაფასებდით სარკოზი-მედვედევ-სააკაშვილის ახალ დოკუმენტს?
_ ამ შეხვედრას ერთადერთი და უმთავრესი მიზანი ჰქონდა: მივაღწიოთ რუსის ჯარების გაყვანას იმ ტერიტორიებიდან, რომლებიც არ არის კონფლიქტის ზონაში და რომლებიც ომის შედეგად დაიკავეს. საქართველო თუ ამ ჯარებისგან არ გათავისუფლდა, სუვერენიტეტსა და ქვეყნის დამოუკიდებლობაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია.
მიღებული დოკუმენტის მიხედვით, გავიგეთ, რომ იმ ზონებში ევროკავშირის დამკვირვებლები შემოდიან, მაქსიმუმ 10 დღეში ფოთიდანაც და ცხინვალის რეგიონის მიმდებარე ტერიტორიებიდანაც რუსული ჯარები გადიან... განისაზღვრა რეალური ვადები და ეს გვაძლევს შესაძლებლობას ამოვისუნთქოთ, მადლობა ვუთხრათ ევროპის ლიდერებს და ვიყოთ მაქსიმალურად მშვიდად უახლოესი ერთი თვის განმავლობაში.
ახლა ძალიან დიდი ყურადღება და სიფრთხილე გვმართებს, რათა შემთხვევით რაიმე პროვოკაციაზე არ წამოვეგოთ, ან რაიმე ზედმეტი ემოციურობა არ გამოვიჩინოთ _ ეს ძალიან აწყობს რუსეთს და ამის აღკვეთისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
ახლა უნდა ვიყოთ ძალიან მშვიდად და მოვემზადოთ იმ კონფერენციისთვის, რომელიც რუსეთსა და ევროკავშირს შორის უნდა გაიმართოს. იმავდროულად, ნუ მოვიტყუებთ თავს: სარკოზი-მედვედევის შეხვედრაზე დევნილების შესახებ არ უსაუბრიათ. ეს არ იყო ამ შეხვედრის მიზანი.
აუცილებლად უნდა ითქვას, რომ სარკოზის უმძიმესი შეხვედრის ჩატარება მოუწია.
როგორც ვიცი, სარკოზი რამდენიმეჯერ წამოდგა კიდეც და შეხვედრის დატოვებას აპირებდა მაშინ, როდესაც მედვედევმა სცადა, საუბარი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უარყოფის მიმართულებით წაეყვანა. ბოლოს ყველაფერი დალაგდა და დოკუმენტსაც ხელი მოეწერა.
დანარჩენი, ჩვენთვის საჭირბოროტო ყველა საკითხი, იმ კონფერენციაზე დაისმება, რომელიც წეღანაც ვახსენე.
_ როგორ ფიქრობთ, საქართველოს კონტექსტში კონკრეტულად რა საკითხები დაისმება ევროკავშირ-რუსეთის კონფერენციაზე?
_ ეს არის ის, თუ რა ფორმით იქნება უზრუნველყოფილი უსაფრთხოება ამ რეგიონებში. დარჩება მხოლოდ რუსული ძალები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, დაემატებათ მათ კიდევ საერთაშორისო ძალები, თუ რაიმე სხვა ფორმა იქნება მოფიქრებული...
ვფიქრობ, ალბათ, ამ სეპარატისტული რეგიონების სტატუსზეც იქნება საუბარი. რატომღაც ჰგონიათ, რომ ეს სახიფათოა, არადა, სტატუსი სტატუსია და ამის შესახებ საუბარი მათი დამოუკიდებლობის შესახებ საუბარს სულაც არ ნიშნავს. და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ამ კონფერენციაზე ევროპის ხვალინდელი არქიტექტურის საკითხიც იქნება დასმული. ეს ძალიან კარგია ჩვენთვის, რადგან კონფლიქტები იმიტომ გაიყინა, რომ ევროპაში ყველაფერი გაყინული იყო და ვერავინ ბედავდა რაიმე ახალი სქემების მოფიქრებას, თუ უკვე არსებულის გადახედვას. რუსეთმა, თავისდაუნებურად, საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიით ამ პროცესებს ბიძგი მისცა.
მთლიანობაში, ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი პროცესების დასაწყისის მოწმენი ვართ: საქართველოშიც და კავკასიაშიც აქამდე მკვეთრად მხოლოდ ამერიკის ინტერესები იყო გამოხატული. ამ კონფლიქტის მიმდინარეობის დროს კი, ევროპამ ნათლად განაცხადა, რომ კავკასიური გეოპოლიტიკის კონტექსტიდან მათი ამოგდება არ შეიძლება და მათაც აქვთ აქ ინტერესები.
ამის დასტურია თუნდაც ის 200 დამკვირვებელი, რომლებიც უახლოეს პერიოდში იმ ე.წ. ბუფერულ ზონებში სწორედ ევროკავშირის ეგიდით ჩადგებიან. ამ ყველაფერში ყველაზე მნიშვნელოვანი და საქართველოსთვის კარგი ის არის, რომ მიუხედავად განხორციელებული აგრესიისა, რუსეთმა კავკასიური პოლიტიკიდან ვერც ევროპა ამოაგდო და ვერც ამერიკა.
აქედან გამომდინარე, ამ კონფერენციას საქართველოსთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა ექნება. მთავარია, ხელისუფლებამ ეს შეიგნოს და აქცენტი სწორედ ამ კონფერენციაზე გადაიტანოს. ეს ის შემთხვევაა, როდესაც საქართველოს მომავლის საკითხი მართლაც ჩვენი ქვეყნის საზღვრებს მიღმა, ევროპაში, იმ კონფერენციაზე გადაწყდება და ძალების კონცენტრირება მთლიანად ამ ფორუმზე უნდა მოხდეს. სამწუხაროდ, დღეს იმის ნიშნებს ვხედავ, რომ ხელისუფლებას საქართველოში დაგეგმილი დონორების კონფერენცია უფრო აღელვებს.
_ ის, რაზეც თქვენ ახლა საუბრობთ, მჭიდროდ არის დაკავშირებული ხელისუფლების საკადრო პოლიტიკასთან. შეძლებს კი დღევანდელი აღმასრულებელი ხელისუფლება, ამ ამოცანას თავი სრულყოფილად გაართვას?
_ რა თქმა უნდა, ვერ შეძლებს. ახლა ილუზიების დრო არ არის _ სიმართლე უნდა ვთქვათ: დღეს ქვეყანაში, ფაქტობრივად, აღმასრულებელი ხელისუფლება არ ფუნქციონირებს. პარლამენტი კი თავიდანვე უფუნქციო იყო. ქვეყანაში არსებული ვითარების ადეკვატური შეფასება არ ხდება და ამის კარგ მაგალითად თუნდაც ის გამოდგება, რომ ნოემბრის დასაწყისისთვის აჭარის პარლამენტის არჩევნები დაინიშნა. ქვეყანა რომ ნორმალურ მდგომარეობაში იყოს, ოპოზიცია ნორმალურად ფუნქციონირებდეს, კიდევ გასაგები იქნებოდა...
რომელ არჩევნებზეა ლაპარაკი, როდესაც ქვეყნის გადარჩენაა უპირველესი საზრუნავი. ასეთ მდგომარეობაში ყველა ნორმალური პოლიტიკური პროცესები შეჩერებულია და გადაწყვეტილებებს მხოლოდ ერთი ადამიანი _ მიხეილ სააკაშვილი იღებს.
ახლა ის დროა, რომ ერთი ადამიანის მიერ გადაწყვეტილებების მიღება უნდა დასრულდეს. ვეუბნები და გამომიყენონ: დღეს საქართველოში ჩემსავით არავინ იცნობს იმ ევროპული სტრუქტურების შიდა სამზარეულოს, ფუნქციონირების პრინციპებსა და პოლიტიკის პრიორიტეტებს, სადაც ჩევენი ქვეყნისთვის მოგვიწევს ბრძოლა. მე ვმუშაობდი მათ დიდ უმრავლესობაში და შეიძლება, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ასეთი ადამიანი არ გამომიყენოს?!.
მე ჯერ ისევ არ მიმიღია პასუხი ჩემს შემოთავაზებაზე... როგორც ჩანს, მათ არ უნდათ, რომ ჩვენი ინტერესები მაქსიმალურად იყოს დაცული. თუმცა ჯერ კიდევ ველოდები მათგან პასუხს ჩემს შეთავაზებაზე.
_ კოალიციურ მთავრობას გულისხმობთ?
_ არ არის აუცილებელი, იყოს ის მთავრობა, რომელიც ჰყავთ... ჩემთვის მთავარი ის არის, რომ ჩემი კავშირებისა და გამოცდილების გამოყენების შესაძლებლობა მომეცეს. საერთოდაც, ახლა მთავრობა უნდა იყოს გაყინული (და არის კიდეც), პარლამენტიც ფაქტობრივად ისედაც გაჩერებულია და უნდა გაჩერდეს. პოლიტიკური პარტიების საქმიანობაც ფაქტობრივად გაყინულია...
ასეთ ვითარებაში, საზოგადოებამ უნდა დაასახელოს ის ადამიანები, რომლებიც მათ ნდობას იმსახურებენ. სწორედ ამ ადამიანებმა უნდა იმუშაონ უახლოეს თვეებში, ალბათ, უახლოესი ექვსი თვის განმავლობაში იმ რამდენიმე დარგში, რომლებიც დღეს ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ვგულისხმობ დიპლომატიასა და იმ ფინანსური ნაკადების მიზანმიმართულად და სწორად ხარჯვას, რომლებიც ახლა შემოვა ქვეყნის დასახმარებლად სხვადასხვა ქვეყნებიდან. სულაც არ არის აუცილებელი, რომ საზოგადოების მიერ დასახელებული პირები პოლიტიკოსები _ პოზიცია თუ ოპოზიცია იყვნენ.
_ ეს იმას ნიშნავს, რომ უახლოეს ექვს თვეში არც მომხდარის გაანალიზება უნდა მოხდეს და, არც საქართველოს ხელისუფლების ამა თუ იმ წარმომადგენლის მხრიდან დაშვებული შეცდომების შესახებ საუბარი იქნება მიზანშეწონილი?
_ ვფიქრობ, უახლოეს ექვს თვეში ამის დრო არ არის. ცხადია, ეს ჩემი პირადი აზრია და თავზე არავის ვახვევ. თუმცა აქვე ვიტყვი, რომ ხელისუფლების თითოეული ნაბიჯი აუცილებლად უნდა იქნეს გამოძიებული, გაანალიზებული და უნდა გავარკვიოთ, ყოველმა კონკრეტულმა თანამდებობის პირმა რა შეცდომები დაუშვა და საერთოდ რა მოხდა.
_ და ბოლოს, ჟურნალისტთა და ექსპერტთა ნაწილში არსებობს მოსაზრება, რომ ერთი მხრივ, ხელისუფლება ,,განტევების ვაცს" ეძებს, ხოლო მეორე მხრივ, ,,კუდიანებზე ნადირობისთვის" ემზადება. თქვენ თუ ეთანხმებით ამ მოსაზრებას?
_ ამის ნიშნებს მართლაც ვხედავ. მოცემულობაში, სადაც დემოკრატია არ არსებობს, ქვეყანაში მუდმივად არის იმის მცდელობა, რომ ხელისუფლების მიერ დაშვებული შეცდომები სხვას გადააბრალონ _ განსხვავება მხოლოდ გადაბრალების ფორმებშია.
მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ, თუ ხელისუფლებამ ამ ორი მიმართულებით თავისიპოლიტიკა გაააქტიურა, ეს იქნება ქვეყნის ჩიხში შეყვანა. ახლა მთელი ერის კონსოლიდაციაა საჭირო და თუ ქვეყნის შიდა პოლიტიკაში XIX, XX საუკუნის თამაშები დაიწყო, ეს ქვეყნის მომავლის დასამარება იქნება.
მანანა აბაშიძე
|