«ეს ყველაფერი არასწორი და ტყუილია!»
«არაკომპეტენტური და სამარცხვინო მთავრობა გვყავს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით»
ნოღაიდელი პოლიტიკაში ბრუნდება!..
«ჩემი შეფასებები აგვისტოს მოვლენებზე იქნება ძალიან მძიმე...»
იყო დრო, როცა ზურაბ ნოღაიდელის ხასიათის სიხისტეზე საუბრობდნენ. თავის დროზე, ოფიციალურ მიზეზად, რის გამოც მას პრემიერ-მინისტრის სავარძელი უნდა დაეტოვებინა, გულზე გადატანილი ურთულესი ოპერაცია სახელდებოდა. რატომ წავიდა სინამდვილეში პოლიტიკიდან ზურაბ ნოღაიდელი, როგორ აფასებს დღეს იგი საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებს და რატომ თვლის, რომ მისთვის ბიზნესიდან ისევ პოლიტიკაში დაბრუნებაა გამოსავალი, ამას სწორედ ამ ინტერვიუდან შეიტყობთ. ბატონი ზურაბ ნოღაიდელი «კვირის პალიტრას» თავად დაუკავშირდა და იმ თემებზე ალაპარაკდა, რომლებზეც მთელი ამ ხნის განმავლობაში დუმილს ამჯობინებდა.
- აუცილებლად მოვა დრო საქართველოში, როცა კარგად უნდა შევაფასოთ აგვისტოს მოვლენები. ახლა კი საქართველოს უმთავრესი ამოცანა აქვს გადასაჭრელი, - რუსეთის ჯარების იმ ტერიტორიებიდან გაყვანა, სადაც ისინი მანამდე არ იყვნენ. ამის მერე კი აუცილებლად დადგება დისკუსიის დრო. როგორც ჩანს, საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით, რუსული ჯარი უნდა გავიდეს, მაგრამ რამდენად შეასრულებს რუსეთი ბოლო ხანს აღებულ ვალდებულებას ამ ერთი თვის განმავლობაში, ვარაუდის გამოთქმა მიჭირს. მაინც უნდა დაველოდოთ ამას. შემდეგ კი პირობას გაძლევთ, პირადად მეც ვიქნები ერთ-ერთი შემფასებელი, თუ რა მოხდა აგვისტოში და რატომ აღმოვჩნდით ამ საკმაოდ მძიმე ვითარებაში. ჯერჯერობით შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი შეფასებები აგვისტოს მოვლენებზე იქნება ძალიან მძიმე... ამჯერად კი გესაუბრებით იმის შესახებ, თუ რა გველის ეკონომიკური თვალსაზრისით, რა პრობლემები გვაქვს და რა არის აუცილებლად მოსაგვარებელი.
- დენიელ ფრიდი, მეთიუ ბრაიზა, კონდოლიზა რაისი არ მალავენ, რომ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებდნენ, არ წამოგებოდა რუსეთის პროვოკაციას და არ ჩაბმულიყო მასთან ომში. რამდენად შესაძლებელი იყო ეს?
- ჩემი აზრით, საქართველოს ხელისუფლებას შეეძლო ამ პროვოკაციის თავიდან აცილება და უნდა აეცილებინა კიდეც. ჩემთვის შემაშფოთებელია შეფასებები, თითქოს კარგია, რომ ყველაფერი ასე მოხდა! თითქოს ომი რომ არ დაწყებულიყო, ფოთის პორტს ვეღარ ავაშენებდით, აგვისტოში შემოსავლები ამდენი არ გვექნებოდა და ა.შ. ეს ყველაფერი არასწორი და ტყუილია! ის ეკონომიკური მდგომარეობა, რომელშიც აღმოვჩნდით, მეტ ყურადღებას იმსახურებს. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა მძიმე შედეგები შეიძლება მოვიმკათ. უახლოეს პერიოდში, თუ სწრაფად არ იქნება ზომები მიღებული, ათეულობით ათასი კაცი დარჩება სამსახურის გარეშე, უამრავ ქართულ ოჯახს დიდი გასაჭირი მოელის. კეთდება უამრავი ანალიზი იმისა, თუ როგორ დაზარალდა რუსეთის ეკონომიკა ამ ომის შედეგად, მაგრამ არაფერს ვამბობთ, რა მოუვიდა ამ დროს საქართველოს ეკონომიკას. მარტო აგვისტოში საბიუჯეტო საგადასახადო შემოსავლებს დააკლდა 55 მლნ ლარი. ნავარაუდევია, რომ წლის ბოლომდე ქვეყნის ბიუჯეტს შემოსავლების სახით ნახევარი მილიარდი ლარი დააკლდება. იმიტომ, რომ ქვეყნის ეკონომიკა პრაქტიკულად გაჩერებულია. ბუნებრივია, ნახევარმილიარდიანი საბიუჯეტო დანაკარგების ნაწილი კომპენსირებული იქნება აშშ-ის 250-მლნდოლარიანი საბიუჯეტო დახმარებით. ეს ძალზე მნიშვნელოვანია, თუმცა 250 მლნ დოლარი ნახევარ მლრდ ლარს რომ არ უდრის, ესეც აშკარაა. ამიტომ ძალზე კონკრეტული ზომებია მისაღები ვითარების გამოსასწორებლად. პირდაპირ გეტყვით, უძრავი ქონების სექტორში დასაქმებული 65-70 ათასი კაცი დაკარგავს სამუშაოს, მაგრამ ამაზე საერთოდ არავინ მსჯელობს და გადაწყვეტილების მიღების სურვილიც არავის აქვს. პირდაპირ მინდა ვთქვა, ასეთი უდიდესი განსაცდელის ჟამს, რომელიც დღეს საქართველოს უდგას, არაკომპეტენტური და სამარცხვინო მთავრობა გვყავს ლადო გურგენიძის ხელმძღვანელობით. მთავრობის ვალია, მონახოს გამოსავალი, რომ ნაკლები სიმწვავით გავიაროთ უახლოესი 3-4 თვე. დღემდე ყველაზე დინამიკურად განვითარებადი სწორედ უძრავი ქონების სექტორი იყო, სამუშაო ადგილები ბოლო სამი-ოთხი წლის განმავლობაში შეიქმნა. მშენებლობებთან არის დაკავშირებული ბიზნესის სხვა სფეროებიც, ამიტომ კრიზისი, რომელიც უძრავი ქონების სექტორს შეეხო, გადავა შემდეგ უკვე სხვა სექტორებზე, საბანკო სისტემაზე და ა.შ. არა მხოლოდ პირდაპირ კონტრაქტორებს - მშენებლებს შეეხებათ არსებული კრიზისი, არამედ ირიბ კონტრაქტორებს - მომწოდებლებსაც. უხერხულობას ვგრძნობ, როცა Dყოფილი პრემიერ-მინისტრი დღევანდელს კრიტიკულად მოვიხსენებ, მაგრამ ლადო გურგენიძეს ერთი დღითაც არ დაუნებებია თავი საკუთარი ბიზნესისთვის და საქართველოს ეკონომიკის მართვისთვის ვერ მოიცალა.
- გვერდიდან მაყურებლის პოზიციიდან კრიტიკა ადვილია, როცა პრემიერ-მინისტრი იყავით, თქვენს ბიზნესინტერესებზეც საუბრობდნენ არაერთ სფეროში.
- მაგრამ მე პოლიტიკასა და ბიზნესს ერთმანეთისგან ყოველთვის ვმიჯნავდი. რაც შეეხება გურგენიძეს, ჰკითხეთ ნებისმიერ პარლამენტარს, დღესაც გააჩნია თუ არა მას ბიზნესინტერესები საქართველოს ბანკში და ნახავთ, თუ არ დაგიდასტურებენ ამას. შეგიძლიათ ეს ბიზნესწრეების წარმომადგენლებსაც ჰკითხოთ... საქართველო პატარა ქვეყანაა და ყველამ ყველაფერი იცის.
- გვახსოვს «ენერგოპროს» გარშემო ატეხილი სკანდალი, რომლის მიერ ქართული ჰესების შესყიდვისას რუსული კვალი იკითხებოდა. ამის შესახებ ჟურნალისტური გამოძიებებიც გამოქვეყნდა, ოპოზიცია კი ენერგეტიკულ სფეროში თქვენს შეფარულ ინტერესებზეც ლაპარაკობდა, ვინაიდან იმხანად პრემიერ-მინისტრობას გაზისა და ნავთობის კორპორაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეობაც შეუთავსეთ...
- ამის უფლება მქონდა და საჭიროდ ვთვლიდი ამ კომპანიების ხელმძღვანელობას ჩემი უფლებამოსილების ფარგლებში. რაც შეეხება «ენერგოპროში» რუსულ კვალს, მე ადრევე ვთქვი კიდეც, რომ ჩვენ არ გვქონია რაიმე შეზღუდვა რუსული კომპანიების მიერ საქართველოს რომელიმე ენერგეტიკული კომპანიის ყიდვაში. შესაბამისად, არც ერთ რუსულ კომპანიას არ დასჭირდებოდა ფარად დაეყენებინა «ენერგოპრო», რომელიც ჩეხეთში იყო რეგისტრირებული. ერთადერთი შეზღუდვა, რაც მართლაც დავაწესეთ, იყო ის, რომ არ გვსურდა საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში მიგვეღო მონოპოლისტი. შესაბამისად, ვაჭრობაში ვერ მიიღებდა მონაწილეობას «რაოეესი», რომელიც რუსეთის სახელმწიფო კომპანია გახლდათ, ნებისმიერ სხვა რუსულ კომპანიაზე შეზღუდვა არ ვრცელდებოდა.
- ნუთუ დღესაც ფიქრობთ, რომ რუსული კაპიტალის შემოდინება საქართველოში, რაც წლების განმავლობაში მიმდინარეობდა, ქვეყნისთვის საფრთხის შემცველი არ არის?
- რუსული კაპიტალი საქართველოში მართლაც სერიოზულად არის შემოსული, მეტიც, დღესაც გრძელდება მისი შემოდინება. ეს არის ფაქტი. რამდენად არის ეს საფრთხის შემცველი, ახლა მართლაც შესაძლოა იყოს მსჯელობის საგანი. თავის დროზე იგი საფრთხის შემცველი არ იყო, რადგან რუსეთთან ომზე არავინ ფიქრობდა...
- რატომ გახდა აუცილებელი ლადო გურგენიძით თქვენი ჩანაცვლება?
- ეს ჩემი და მიხეილ სააკაშვილის ერთობლივი გადაწყვეტილება იყო, რასაც წინ უძღოდა ჩვენ შორის საუბარი. დღევანდელი გადმოსახედიდან ვფიქრობ, რომ მაშინ საკმაოდ გონივრული გადაწყვეტილება მივიღე. ამ ეტაპზე უფრო ღრმა ანალიზისგან თავს შევიკავებ.
გეტყვით იმასაც, რომ ახლა ნელ-ნელა ვიწყებ ფიქრს პოლიტიკაში მოსვლაზე.
- პოლიტიკაში დაბრუნებას აპირებთ? შესაძლოა პარტია შექმნათ და ოპოზიციონერის ამპლუაში გიხილოთ?
- არ დაგიმალავთ, პოლიტიკაში დაბრუნებაზე მართლაც ვფიქრობ და საამისოდ თქვენთან ინტერვიუთი პირველი ნაბიჯიც გადავდგი. ჯერჯერობით, უახლოესი 3-4 თვის განმავლობაში, «კალაკაპიტალის» წინაშე მაქვს აღებული ვალდებულებები და ჩემი საქმეების დალაგება მიხდება. შემდეგ კი პოლიტიკურ განაცხადსაც გავაკეთებ. რაც შეეხება თქვენს კითხვას - შეიძლება მიხილოთ თუ არა ოპოზიციონერად, ჯერჯერობით ერთი სიტყვით ვუპასუხებ - «ვნახოთ»...
- გულწრფელად გეტყვით, ბატონო ზურაბ, თქვენგან მნიშვნელოვანი პოლიტიკური განცხადებები თქვენი პრემიერ-მინისტრობის პერიოდშიც არ გვახსოვს...
- ყოველთვის ეთიკური პრინციპებიდან გამომდინარე ვმოქმედებდი. ეს ჩემი არჩევანი იყო. არასოდეს ვეჭიდებოდი ჩემს თანამდებობებს, იმიტომ, რომ ყოველთვის ვიცოდი, შემეძლო სხვა საქმის კეთებაც და შემოსავლის მიღებაც. ამიტომ ისტერიკასა და დეპრესიაში თანამდებობის დაკარგვის გამო ნამდვილად არ ჩავვარდნილვარ. ასე რომ, შესაძლოა, უახლოეს მომავალში უფრო მეტი პოლიტიკური განცხადების მოსმენა მოგიხდეთ ჩემგან, ვიდრე ადრე გიხდებოდათ.
- თქვენი ბიზნესპარტნიორია კახი კალაძე, რომელიც თავადაც არ მალავს პოლიტიკაში მოსვლის სურვილს. ერთ პოლიტიკურ გუნდში გიხილავთ?
- კახი თვითონ ისაუბრებს თავის გეგმებზე. რამდენადაც ვიცი, იგი პოლიტიკაში მოსვლის შორეულ პერსპექტივაზე ლაპარაკობდა. დღეს იგი ორი საქმიანობითაა დაკავებული, წარმატებით თამაშობს ფეხბურთს და ამავე დროს, მნიშვნელოვანი ბიზნესსტრუქტურა ააწყო საქართველოში «კალაკაპიტალის» სახით.
- უძრავი ქონების სექტორში გაჩენილი პრობლემები თქვენს ბიზნესსაქმიანობაზე რამდენად უარყოფითად აისახა?
- ცხადია, ყველა ის უარყოფითი ეკონომიკური ტენდენცია, რომელზეც ახლახან ვისაუბრე, ჩვენს ბიზნესსაქმიანობასაც შეეხო. ჩვენი მასშტაბური უძრავი ქონების «არსენალის» პროექტი უახლოესი პერიოდის განმავლობაში დაკონსერვდება. ჩვენმა კომპანიამ საკმაოდ სერიოზული ინვესტიცია ჩადო ამ პროექტში, 20 მილიონია უკვე ჩადებული და კიდევ 2-მილიარდიანი ინვესტიციის განხორციელებას ვაპირებდით, მაგრამ ეს ვერ იქნება საქველმოქმედო პროექტი. ინვესტორი მაშინ დებს ფულს, როცა მოგების პერსპექტივა გააჩნია. ამ პროექტს დავაკონსერვებთ მანამ, ვიდრე მის განხორციელებას აზრი გაუჩნდება. სიმართლეს გეტყვით, დღეს პირველად ვარ იმ მდგომარეობაში, რომ უახლოესი წლების ეკონომიკურ პროგნოზს ვერ ვაკეთებ...
- ბატონო ზურაბ, კულუარული ინფორმაციით, «ყაზტრანსგაზში» ყაზახეთის მხარე თავისი წილის მიყიდვას აპირებდა ერთ-ერთი ბრიტანული კომპანიისთვის, რომელთან კავშირშიც თქვენ მოიაზრებით. შეეფერება თუ არა ეს სიმართლეს?
- დიახ, ამ ბრიტანული კომპანიის ინვესტორები «კალაკაპიტალის» ინვესტორებიც არიან და ისინი მოლაპარაკებებს «ყაზტრანსგაზთბილისის» შესყიდვაზე მართლაც აწარმოებდნენ. ახლა ზოგადად ისეთი მძიმე ვითარებაა ქვეყანაში, არ ვიცი, რა შედეგით დამთავრდება ეს მოლაპარაკებები. შესაძლოა, 2-3 თვის შემდეგ ეს პროცესი მე საერთოდ არ შემეხოს.
- თქვენი კრიტიკის ობიექტი ლადო გურგენიძეა, რომლის შეცვლაზეც კულურებში უკვე ლაპარაკობენ. თქვენი აზრით, სამთავრობო ცვლილებები მოცემულ სიტუაციაში რაიმე შედეგის მომტანი იქნება?
- დიახ, მთავრობის შეცვლაზე ლაპარაკობენ, მაგრამ გადაწყვეტილება ვერა და ვერ მიიღეს. არ გამოვრიცხავ, სხვა მოვიდეს მის ნაცვლად და მანაც ვერაფერი გააკეთოს. ვგულისხმობ მთავარს, რისი გაკეთებაც მართებს ამ ხელისუფლებას. ჩემი სურვილი ის კი არ არის, რომ ვინმე შეიცვალოს, არამედ არსებული პრობლემა მოგვარდეს. იმის თქმა, რომ ყველაფერი კარგადაა, დამღუპველია.
- განაცხადეთ, რომ საქართველოს ხელისუფლებას შეეძლო რუსეთის პროვოკაციის თავიდან აცილება. აღსანიშნავია, რომ როგორც პრემიერ-მინისტრი, თქვენი წინამორბედი ზურაბ ჟვანიასგან განსხვავებით, არ იყავით აქტიურად ჩართული სამშვიდობო მოლაპარაკებათა პროცესებში.
- ეს დასამალი არ არის, ჩემი პრემიერ-მინისტრობის დროს ბევრ პოლიტიკურ საკითხში, ზურაბ ჟვანიასგან განსხვავებით, აქტიურად ჩართული არ ვიყავი. მაგრამ მისი არჩევანი რომ სწორი იყო, ნამდვილად ვიცი...
- დაბოლოს, არ შემიძლია არ გკითხოთ... თქვენ ზურაბ ჟვანიას ერთგული კადრი იყავით... როცა მერაბიშვილმა მის გარდაცვალებას უბედური შემთხვევის კვალიფიკაცია უსწრაფეს დროში მისცა, პროტესტის გრძნობა არ გაგიჩნდათ?
- როგორ გგონიათ, ჩემი მეგობრის სიკვდილის ამბავს მხოლოდ მერაბიშვილისგან შევიტყობდი? მე არა მარტო პროკურატურის, აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიუროსა და ბევრი სხვა მასალაც უფრო დეტალურად შევისწავლე, ვიდრე გამომძიებლებმა... ამ მასალებით დასტურდება, რომ ზურაბ ჟვანია გაზით გაიგუდა. ვფიქრობ, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალება ჩვენი ქვეყნის ყველაზე უაზრო და ბრმა ტრაგედია გახლდათ ამ ბოლო წლების განმავლობაში.
http://www.kvirispalitra.ge/palitra/frp_palitra.htmასე ეწყინა პრემიერ-მინისტრობიდან გაშვება?
მოკლედ დამნაშავეების ძიძგილაობაა რა