სახელმწიფო პროგრამა ”განახლებადი ენერგია 2008”
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო აცხადებს ინტერესთა გამოხატვას პოტენციური ალტერნატიული წყაროების ნუსხაში შემავალ ელექტროსადგურებზე მშენებლობის, ოპერირებისა და ფლობის (BOO) პრინციპით.
განსაზღვრულია ელექტროსადგურების მშენებლობის, ოპერირებისა და ფლობის პირობებიც. კერძოდ, ელექტროსადგურის ექსპლუატაციაში გაშვებიდან 10 წლის განმავლობაში, თითოეული წლის ზამთრის პერიოდში მემორანდუმით შეთანხმებული შესაბამისი 3 თვის განმავლობაში თითოეული ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის სრული ოდენობის რეალიზაცია (ელექტროენერგიის ბალანსის შესაბამისად) განხორციელდება მხოლოდ საქართველოს შიდა მოხმარების უზრუნველსაყოფად. წლის დანარჩენ პერიოდში შესაბამისი პირი თავისუფალია ბაზრის არჩევანში (ადგილობრივი ან/და ექსპორტი) ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე;
ელექტროსადგურის ექსპლუატაციაში გაშვებიდან 10 წლის განმავლობაში, თითოეული ელექტროსადგურისათვის თითოეული წლის ზამთრის პერიოდში მემორანდუმით შეთანხმებული შესაბამისი 3 თვის განმავლობაში ელექტროენერგიის რეალიზაცია, შესაბამისი პირის არჩევანით, განხორციელდება საქართველოში არსებულ ნებისმიერ მყიდველთზე თავისუფალი (დერეგულირებული) ტარიფით, ან/და ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორთან (ესკო) წინასწარ გაფორმებული გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებით (სტანდარტული ფორმა, რომელიც შესაძლებელია იყოს მემორანდუმის დანართი) რომელშიც ტარიფი განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
დადგენილ ვადაში, ელექტროსადგურის მშენებლობისა და ექსპლუატაციაში მიღების უზრუნველსაყოფად, შესაბამისი პირის მიერ წარმოდგენილ უნდა იქნეს საბანკო გარანტია, ყოველი მეგავატისთვის 170 000 (ასსამოცდაათი ათასი) აშშ დოლარის ოდენობით, ამ ელექტროსადგურის ჯამური დადგმული სიმძლავრის მიხედვით. საბანკო გარანტია უნდა იქნეს გაცემული "ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OECD)" ნებისმიერ ქვეყანაში ან/და საქართველოში ლიცენზირებული ბანკის მიერ. საბანკო გარანტიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს გამცემი ბანკის სააქციო კაპიტალის 15%-ს.
ამგვარი პროექტებისთვის საქართველოს მთავრობა თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს საჭირო მიწის ფართობ(ებ)ის შესაბამისი პირისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემის საკითხს.
ერთიდაიგივე ელექტროსადგურზე ორი ან მეტი განაცხადის მიღების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება იმ პირს, რომელიც წარმოადგენს ამ ელექტროსადგურ(ებ)ის მშენებლობის უზრუნველყოფის უფრო მაღალ ფინანსურ გარანტიას ყოველი მეგავატისათვის - (კრიტერიუმის წონა 50%; ფასდება 10 ბალიანი შკალით.) ან განაცხადებს ამ ელექტროსადგურის მშენებლობაზე და ექსპლუატაციაში მიღებაზე უფრო მცირე ვადას (კრიტერიუმის წონა 50%; ფასდება 10 ბალიანი შკალით).
შერჩეულ პირთან, ელექტროსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობისა და "ესკოს" მიერ გაფორმდება შესაბამისი მემორანდუმი, დამტკიცებული სტანდარტული ფორმის მიხედვით.
პირს, ან მასთან დაკავშირებულ ნებისმიერ პირს, ან პირთა ჯგუფს უფლება აქვს განაცხადი გააკეთოს ხსენებულ ნუსხაში შემავალ მაქსიმუმ 7 ელექტროსადგურზე. სხვა ელექტროსადგურებზე განაცხადის წარმოდგენის უფლება პირს ეძლევა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მის მიერ განახორციელდება მემორანდუმით გათვალისწინებული ელექტროსადგურ(ებ)ის მშენებლობა და ექსპლუატაციაში მიღება.
ნუსხაში შემავალი ელექტროსადგურ(ებ)ის მშენებლობის, ოპერირებისა და ფლობის შესახებ დაინტერესებულ პირ(ებ)ს საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ფორმით შევსებული განაცხადის წარდგენა შეუძლიათ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში.(განაცხადის შევსებული ფორმა დაინტერესებულმა პირებმა უნდა გააგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: (mail@minenergy.gov.ge )
განაცხად(ებ)ი დარეგისტრირდება სამინისტროში და რეგისტრაციიდან 2 სამუშაო დღის განმავლობაში ენერგეტიკის სამინისტროს ინტერნეტ-გვერდზე გამოქვეყნდება ინფორმაცია შემოსული განაცხად(ებ)ის შესახებ.
განაცხად(ებ)ის მიღების ვადის ამოწურვიდან 5 სამუშაო დღეში სამინისტრო განიხილავს წარმოდგენილ განაცხად(ებ)ს და განსაზღვრავს საბანკო გარანტიის წარმოდგენის ვადას განხილვის თარიღიდან არაუმეტეს 5 სამუშაო დღისა. მოთხოვნილი საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში, სამინისტროს მიერ, განაცხად(ებ)ი გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება საქართველოს მთავრობას.
იმ შემთხვევაში თუ წარმოდგენილი განაცხად(ებ)ი არ შეესაბამება მოთხოვნილ მონაცემებს, პირობებს და კრიტერიუმებს ანდა წარმოდგენილია ვადების დარღვევით, ასევე მოთხოვნილი საბანკო გარანტიის დადგენილ ვადებში წარმოუდგენლობის შემთხვავაში, განაცხად(ებ)ი არ წარედგინება საქართველოს მთავრობას განსახილველად. აღნიშნულზე სამინისტროს მიერ ინფორმაცია ეგზავნება განმცხადებელს განხილვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.
იმ შემთხვევაში თუ განაცხადებმა მიიღეს ერთნაირი შეფასება, მთავრობის გადაწყვეტილებით, სამინისტრო უფლებამოსილია განმცხადებლებს გაუგზავნოს შეტყობინება განაცხად(ებ)ის გაუმჯობესების თაობაზე. გაუმჯობესებული წინადადებები სამინისტროში წარმოდგენილ უნდა იქნეს მოთხოვნიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. გაუმჯობესებული განაცხად(ებ)ის დადგენილ ვადაში წარმოდგენის შემდეგ სამინისტრო გაუმჯობესებულ განაცხად(ებ)ს გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგენს საქართველოს მთავრობას.
საქართველოს მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას საუკეთესო განაცხად(ებ)ის გამოვლენის შესახებ და განსაზღვრავს ვადას მემორანდუმის გასაფორმებლად გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 3 თვისა.
სამინისტრო საუკეთესო განაცხად(ებ)ის გამოვლენის შემდგომ უგზავნის სათანადო შეტყობინებას განმცხადებელს, მისი შერჩევისა და მემორანდუმის გაფორმების ვადის თაობაზე, ხოლო ინტერესთა გამოხატვაში მონაწილე დანარჩენ პირებს, მათი მოთხოვნიდან 5 სამუშაო დღის ვადაში უბრუნდებათ წარმოდგენილი საბანკო გარანტიები.
დადგენილ ვადაში, სამინისტრო შერჩეულ პირთან გასაფორმებელი მემორანდუმის პროექტს წარუდგენს საქართველოს მთავრობას. მთავრობის მიერ მემორანდუმის პროექტის მოწონების შემთხვევაში შერჩეულ პირთან, ელექტროსადგურის მშენებლობა, ოპერირებასა და ფლობასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობისა და "ესკოს" (შპს ,,ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი) მიერ ფორმდება ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი. იგი სავალდებულოა განმცხადებლისათვის. მემორანდუმის პროექტში მთავრობის თანხმობით შესაძლებელია შეტანილ იქნეს ცვლილებები
http://www.minenergy.gov.ge/index.php?m=396