ზურაბ ფიცხელაური: ახალგორელებისთვის ყოველი გათენებული დღე სახიფათოა
სიახლე — თავფურცელი
18:35 09.10.2008
მოსახლეობაში შეინიშნება პანიკაც. ამდენი სამხედრო ტექნიკა ქუჩაში თავისუფლად გადაადგილდება, ამიტომ, ბუნებრივია, რომ გარკვეული შიშიც არის
ვერსია პრინტერისთვის •
დაამატე რჩეულებში •
[ხათუნა შუბითიძე]
რუსულმა შეიარაღებულმა ფორმირებებმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტიროების დატოვება გუშინ, 8 ოქტომბერს დაიწყეს. კარგახნის ლოდინის შემდეგ, მათ ქვემო ქართლის და სამეგრელოს ტერიტორიებიდან გასვლის ბრძანება მიიღეს. დილიდან დაწყებულ სამზადისს, ქართული მთავრობაც და მოსახლეობაც იმედით ადევნებდა თვალს.
დღის ბოლოს საგანგებო განცხადება გააკეთა პრეზიდენტმა მედვედევმაც და აღნიშნა, რომ რუსი ჯარისკაცები დღის ბოლომდე საქართველოს დატოვებდნენ, თუმცა მოლოდინი ბოლომდე არც ამჯერად გამართლდა. რუსული შენაერთების მიერ ახლგორის ”დატოვების” დეტალებზე ”პრესა.გე” რაიონის ყოფილ გამგებელს ზურაბ ფიცხელაურს ესაუბრა, რომელიც საკუთარ რეგიონს გარკვეული მიზეზების გამო ვერ ტოვებს.
თუ შეგიძლიათ გვითხრათ რა ვითარებაა ამჟამად ახალგორში?
- გუშინდელის შემდეგ სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა, რადგან ახლგორში დამატებითი რუსული სამხედრო ძალაა მობილიზებული. ადგილობრივები ცლიან სოფლებს. ამ დროისთვის თითქმის დაცლილია სოფელი ყანჩიეთი. ეს სოფელი ახალგორთან დამაკავშირებელ ცენტრალურ გზას ესაზღვრება. რუსმა ოკუპანტებმა სოფლის სკოლა, პრაქტიკულად, სამხედრო ბაზად გაიხადეს. აქ მობილიზებულია დაახლოებით 20 ერთეული სამხედრო ტექნიკა და სკოლა მთლიანად სამხედრო ფორმირებების ხელშია. აქ რთულია გაარჩიო რომელია ოსი და რომელი რუსი.
იმის მიუხედავად, რომ გუშინ რუსულმა საჯარისო შენაერთებმა მასიურად დატოვეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები, ადასტურებთ, რომ ახალგორში სიტუაცია პირიქითაა?
- აქ ტერიტორიის დატოვების მცდელობაც კი არ შეინიშნება. დიახ, ვადასტურებ, რომ გუშინდელს აქეთ სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა. პირიქით, სანგრებს თხრიან, ამაგრებენ. მე ვესაუბრე რუს ოფიცრებს და ვკითხე, რას ნიშნავდა ეს ყოველივე. როგორც ჩანს, მათ ბრძანება აქვთ მიღებული. მოსახლეობაში შეინიშნება პანიკაც. ამდენი სამხედრო ტექნიკა ქუჩაში თავისუფლად გადაადგილდება, ამიტომ, ბუნებრივია, რომ გარკვეული შიშიც არის. განსაკუთრებით საღამოობით, როცა რუსი ჯარისკაცები ნასვამ მდგომარეობაში დახეტიალობენ. მათ უკვე დაიწყეს მოსახლეობის შეწუხება, ოჯახებში შესვლა.
ვისი მხრიდან შეინიშნება უფრო მეტი აგრესია ადგილობრივების მიმართ, რუსების თუ ოსების მხრიდან?
- ასეთ ფაქტებს, უფრო ხშირად, ადგილი აქვს ოსების მხრიდან. სიმართლე რომ ვთქვათ, რუსი ჯარისკაცები მოსახლეობასთან არც ჩანან. აქ ყველგან ოსები დგანან. არის სოფლები კორინთა, ლავგვისი, სადაც უფრო მეტად ოსი შეიარაღებული პირები მოძრაობენ. რუსები უშუალოდ მოსახლეობის სიახლოვეს არ ჩანან. ერთადერთი ახალგორის შემოსასვლელში დატოვეს მათი პოსტი და უნდა ითქვას, რომ იქაც კულტურულადაც იქცევიან, თუ არ ჩავთვლით, რომ ყველა მანქანას აჩერებენ და ამოწმებენ.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოსახლეობის აწიოკებისთვის შეიარაღებულ ოსებს, ისევ ოსური მოსახლეობა უპირისპირდება.
- დიახ, ასეთი შემთხვევები ხშირია. ახლა ვინც დანიშნეს ე.წ. ადმინისტრაციის უფროსად, მასთან მეც მაქვს პირადი ურთიერთობა, ხშირად ტელეფონითაც ვკონტაქტობთ.
ალბათ ანატოლი მარგიევზე საუბრობთ?
- დიახ, მარგიევზე. თუმცა ის უკვე ერთი კვირაა აქ არ იმყოფება, მას დღეს ელოდებიან.
ასეთ დროს ვინ აკონტროლებს მანდ სიტუაციას?
- ალბათ, პოლიციის უფროსი. მაგათსას ვერ გაიგებთ. ხან ვინ არის პასუხისმგებელი, ხან ვინ. ოსებს ერთმანეთშიც აქვთ დაპირისპირება. მთლიანობაში მმართელობა ვისაც ეკუთვნის, ისინი მაინც ცდილობენ ქართული მოსახლეობასთან ურთიერთობის შენარჩუნებას. ისინი ადგილობრივი, აქ დაბადებული და გაზრდილი ოსები არიან. რომ არა სამხედრო ფორმირებები, სიტუაცია ასეთი დაძაბული არ იქნებოდა, სწორედ ისინი აფუჭებენ საქმეს.
სწორედ ახლანდელ ადმინისტრაციასთან თქვენს ურთიერთობაზე მინდოდა მეკითხა. გუშინ პრესით გავრცელდა ინფორმაცია თქვენსა და იგივე მარგიევის მეგობრული ურთიერთობის შესახებ...
- დიახ, ვიცი რასაც გულისხმობთ. ეს იყო გუშინდელ ”ალიაში” გამოქვეყნებული წერილი, სადაც აღწერილია, რომ ვითომ მე საკუთარი თავის გადასარჩენად აქაურ მთავრობასთან ვთანამშრომლობ. მთელი პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ ეს სიცრუეა. ვწუხვარ, რომ ”ალიას” მკითხველი შეცდომაშია შეყვანილი. გუშინაც მინდოდა სტატიის ავტორთან, დარეჯან მეფარიშვილთან, პირადად დაკონტაქტება, მაგრამ ვერ მოვახერხე. უბრალოდ მაინტერესებს, საიდან ჰქონდა ამდენი ცრუ ინფორმაცია. ჩემს ამჟამინდელ მოვალეობას მე თვითონ ვერ ვარკვევ და საიდან იციან მათ ჩემი საქმიანობის შესახებ. მე ვალდებული ვარ აქ ვიყო, ჩემი ხალხის გვერდით. მთელი ჩემი ოჯახი - შვილები, ძმა მამა ყველანი აქ არიან, ამიტომაც მე ყოველდღე შევდივარ ახალგორში.
თქვენ თუ გიწევთ პირადად, ანატოლი მარგიევის მითითებების შესრულება?
- არა, არანაირი მითითებები მე მისგან არ მიმიღია. იყო გარკვეული სახის ურთიერთობა, სხვათაშორის, შინაგან საქმეთა მინისტრ მინძაევთანაც, რომელიც აქ იყო ჩამოსული. ჩვენ დავსხედით და ვისაუბრეთ, ვფიქრობ ეს ბუნებრივი პროცესია. მაგრამ რატომ გახდა ჟურნალისტებში ეს თემა ასეთი აქტუალური ვერ გეტყვით. პირადად რომ შემხვედროდა ”ალიას” კორესპონდენტი, მე დეტალურად ავუხსნიდი აქაურ პრობლემებს.
იცით, ეს წერილი ადგილობრივი მოსახლეობის მონათხრობზეა აგებული. ეგებ ჟურნალისტებს სწორედ მათ მიაწოდეს თქვენი და მარგიევის მეგობრობის შესახბ ინფორმაცია.
- არა, მანდ რაც წერია ყველაფერი ტყუილია. დასაწყისშივე ეტყობა წერილს, რომ სიცრუეზეა აგებული. მე ზეპირად ვიცი, ვინ რომელი სამარშრუტო ტაქსით როდის შედის ახალგორში და რაც მანდ წერია ყველაფერი ტყუილია. ჩემს გარდა არის იქ ისეთი გვარებიც, რომელთა შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. სწორედ ამიტომაც იმალება ახლა ეგ კორესპონდენტი. არ უნდა რომ შემხვდეს და დამელაპარაკოს.
დავუბრუნდეთ ისევ ახალგორის თემას. გუშინდელს შემდეგ, მხოლოდ ამ ტერიტორიაზე რჩება რუსული ჯარის ყოფნა-არყოფნის საკითხი გადასაჭრელი, როგორ წარმოგიდგენიათ ამ პრობლემის გადაწყვეტა, მითუმეტეს 10 ოქტომბერიც ახლოვდება.
- არავითარი 10 ოქტომრის არ მჯერა. რეალობა სრულიად საპირისპიროა. ფაქტია, რომ ესენი გასვლას არ ჩქარობენ. მე ვფიქრობ რომ ნოემბრამდე მაინც ეს ერთგვარი ვაჭრობის თემა გახდება, თუმცა ვფიქრობ, რომ მაინც ყველაფერი დიალოგით უნდა გადაწყდეს. იცით, ჩვენთვისაც რა რთული ასატანია ოსური დროშის ქვეშ ცხოვრება და ამ ვითარებაში, მითუმეტეს, წარმოუდგენელია ჩემი მხრიდან თანამდებობებზე ფიქრი.
ოსური დროშის ქვეშ, ალბათ, საფრთხეებიც არსებობს?
- რა თქმა უნდა, აქ მაცხოვრებლებისთვის ყოველი გათენებული დღე სახიფათოა, მაგრამ ხალხი მაინც არ ტოვებს აქაურობას. მეც სწორედ იმიტომ ვარ აქ, რომ უფრო შემართებით იყვნენ. მოსახლეობამ აქურობა არავითარ შემთხვევაში არ უნდა დატოვოს. აქ მოსახლეობის 90% ქართველია და ეს ხალხი საკუთარ მიწა-წყალს არ შეელევა.
რა შემოსავლებით არსებობს დღეს ეს მოსახლეობა?
- ისინი შეუზღუდავად იღებენ პენსიებს, ხელფასებს.
როგორც ცნობილია, ახლგორის მოსახლეობას რამდენიმე ხანია არ მიეწოდება გაზი. გავრცელებული ინფორმაციით, მის აღდგენაზე ოსური მხარე იზრუნებს...
- არავითარი ოსური მხარე. გაზი იმიტომ შეწყდა, რომ ეს ფორმირებები, იმ ადგილებში დგანან სადაც ცენტრალური მილები გადის. აქ მიმდინარეობდა რეაბილიტაცია და არის გარკვეული სახის დაზიანება ახალგორთან. მის აღდგენას თანხები და ტექნიკა სჭირდება, ამიტომ მე ვთხოვე ამჟამინდელ მთავრობას, რომ ეს პრობლემა გადაეჭრათ, მაგრამ ისინი ყურს არ იბერტყენ. თუ აქ ჩვენი მოსახლეობა დარჩა, მის რეაბილიტაციაზე ჩვენ თვითონაც კარგად ვიზრუნებთ. სხვა მხრივ ელექტროენერგიაზეც, ტრანსპორტით უზრუნველყოფაზეც ვალდებულებას საქართველოს მთავრობა იღებს საკუთარ თავზე.
იმ ფონზე, რომ ადგილობრივები საკუთარი რაიონის სახელწოდების შეცვლას ვერ ეგუებოდნენ, რთული წარმოსადგენია, როგორ ეგუებიან არსებულ რეალობას?
- რას ვიზამთ, როგორც მაგათ მძიმე ტექნიკას ვიტანთ, ისე მაგათ სახეებსაც ავიტანთ. სხვა გზა არა გვაქვს.
ფიქრობთ, რომ დიდხანს მოგვიწევს ამის ატანა?
- ჩემის აზრით, თუ ერთ თვეში არ გადაწყდა აქ ყველა პრობლემა, მერე უკვე გაჭირდება ამ ყველაფრის მოგვარება.
და თუ არ მოგვარდა? დატოვებთ ახალგორს?
- არავითარ შემთხვევაში. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, უფლებაც არ მაქვს დავტოვო აქაურობა. რიგით მოქალაქედაც რომ დავრჩე და ყველანაირი პასუხისმგებლობა მომეხსნას ამ რეგიონზე, მაინც აქ დავრჩები საცხოვრებლად. მე აქ სამსახურის გულისთვის არ ვარ. დღესაც საერთაშორისო დამკვირვებლებს ველოდებით და მე მზად ვარ პირადად გავყვე და დავათვალიერებინო რუსული საგუშაგოები.
როგორ ფიქრობთ, არის საფრთხე, რომ სამხრეთ ოსეთის საზღვრმა ახალგორთან გადმოინაცვლოს?
- სამწუხაროდ, ეს საფრთხე რეალურია.
http://presa.ge/index.php?text=news&i=4301
პოლიტიკოსი არ გახლავართ, მაგრამ ხანდახან მეც კარგი მამაძაღლი ვარ.
დაე, მე მოვკვდე ღია თვალებით...
მიგელ დე უნამუსო ლიც-დონ-გიჟ-ჟუანი.