დილა მშვიდობისა საქართველოვ.. დილიდან ვიწყებ თქვენი გულის გახარებას ამ მშვენიერი სტატიით. მომიმარჯვეთ "პეპსი", პოპკორნი და რბილ სკამში ჩაეშვით.. შემდეგ ნელ-ნელა დაუყევით სტრიქონებს და ისიამოვნეთ...
«ყოველდღე იზრდება რუსების მიერ დახვრეტილი ოსების რაოდენობა»სამწუხაროა, ევროპელ დამკვირვებლებს რომ არ შეუძლიათ უშუალოდ ოსი ხალხისგან შეიტყონ ცხინვალში არსებული სიტუაცია. არადა, ახლა ცხინვალელი ოსები ყველაზე უკეთ აჩვენებდნენ მსოფლიოს რუსეთის სასტიკ სახეს და იმას, თუ როგორ აიძულებს მათ ჩრდილოელი ურჩხული ქალაქიდან აყრას.
ცხინვალელი ოსები სასოწარკვეთისა და სიღატაკის ზღვარზე არიან. ვინც ომამდე შემორჩა რეგიონს, ყოველგვარ გზას ეძებს წასასვლელად. მათი აზრით, რუსების ალყაში მოქცეული შიდა ქართლის ეს ნაწილი მოჯადოებულ წრეს ჰგავს, საიდანაც თუ დროზე არ გაასწარი, აუცილებლად დაიღუპები.
მიუხედავად იმისა, რომ ეს წრე რუსული, სამხედრო მავთულხლართებით არის დაქსელილი, ცხინვალსა და მის შემოგარენში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გამოჟონვა მაინც ხერხდება. ორი დღის წინ რეგიონში შესვლა მოახერხა მცირერიცხოვან დამკვირვებელთა ჯგუფმა, კავკასიის საკითხებში ექსპერტის, მამუკა არეშიძის ხელმძღვანელობით. ჯგუფის წევრების გადაადგილება შეზღუდული იყო. ეს ეხებოდა ხელმძღვანელსაც. თუმცა, ერთ-ერთმა წევრმა, რომელიც შესანიშნავად ფლობს ოსურ ენას, შეძლო უშუალოდ ცხინვალელ მოსახლეობასთან კონტაქტის დამყარება და ბევრი საინტერესო და უცხო დეტალის გამომზეურება. უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, დამკვირვებელი უარს აცხადებს ჩვენთან საუბარზე. ამიტომაც ცხინვალური ამბების თხრობა კვლავ მამუკა არეშიძეს ვთხოვეთ. მასთან ინტერვიუში ასევე შეიტყობთ საინტერესო სიახლის შესახებ, რომლის პრეზენტაციაც 9 ოქტომბერს რადიო «პალიტრის» ეთერში იქნება.
- ბატონო მამუკა, რა მიზნით და როგორ შეხვედით რეგიონში?- ალბათ შესვლა სწორედ ჩვენმა მიზანმა გააიოლა. გვაინტერესებდა რამდენიმე დაკარგული ადამიანის ბედი და გვინდოდა გვენახა, სავარაუდო მისამართზე არსებობდა თუ არა ქართველ სამხედროთა სამარხები. ასეთი ორი სამარხი აღმოვაჩინეთ. თუმცა, მათ ადგილსამყოფელს ვერ დავაკონკრეტებ გასაგები მიზეზების გამო.
- თქვენ პირადად შეხვედით ცხინვალში?- სამწუხაროდ, ეს ვერ მოხერხდა, თუმცა, ჩვენი ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა შეძლო ქალაქში შესვლა და იქიდან მნიშვნელოვანი ინფორმაციის გამოტანა. ამიტომაც, ვწუხვარ, მაგრამ მხოლოდ მისი ნაამბობის გადმოცემა მომიწევს. ერედვში მან ნახა საინტერესო ფაქტი. სავარაუდოდ, მთელი ცხინვალის მკვიდრი ქალები შესეული არიან ქართველთა ბაღ-ვენახებს და გამალებით კრეფენ. ხილს ყუთებში აფასოებდნენ რუსეთში გასატანად. როგორც გაირკვა, ამ ხალხს (ვინც კრეფა-დაფასოებაზე მუშაობს) რუსები მცირეოდენ ქირას უხდიან. მათ შორის ქართველებიც ყოფილან, სულ შვიდი კაცი. უთქვამთ, რომ სახლ-კარი ვერ მიატოვეს, თუმცა, აქ ყოფნისაც გვეშინიაო.
საინტერესოა მკრეფავთა ჩაცმულობა. ყველას ეცვა ქურთუკი რუსული წარწერით «პატრიოტი». თითქმის ისეთივე ქურთუკებია, როგორიც ჩვენს «პატრიოტებს» აქვთ. ომის შემდეგ ცხინვალის გაწმენდის დროს დაურიგებიათ რუსებს ოსებისთვის. იმ დღეს პირველად გასულა დიდი ჯგუფი ხილის საკრეფად სოფლებში. ვფიქრობ, ეს იყო ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების აქცია.
- თითქმის ომის პირველივე დღეებიდან ვრცელდებოდა ინფორმაციები რუსების მხრიდან, რომ დაიღუპა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე. ადგილობრივ ოს ხალხთან საუბარში რა დადგინდა, ბევრია დაღუპული მათ მხარეს?- სხვათა შორის, უნდა იცოდეთ, რომ დღეს ცხინვალში ქართველებიც ცხოვრობენ. რუსებისგან განსხვავებით, ოსები გენოციდზე არ ლაპარაკობენ. რადგან უკვე ძალიან კარგად იციან, ვინ არის დაღუპული და ვინ - არა. რუსების და სეპარატისტების მიერ შედგენილ სიაში შეტანილია ამ ომში დაღუპული ყველა სამოქალაქო პირი, ჯარისკაცი, დაქირავებული ჩრდილოკავკასიელები, რუსები და სხვ. სიები მაქსიმალურად რომ გაებერათ, მასში შეჰყავდათ დიდი ხნის წინ გარდაცვლილებიც. მაგალითად, ჩემი ჯგუფის წევრმა სიებში აღმოაჩინა ომამდე რვა თვით ადრე მომაკვდინებელი სენით გარდაცვლილი ნათესავი. გაყალბებული საარჩევნო სიებივით არის სეპარატისტებისა და ოკუპანტების მიერ შედგენილი დაღუპულთა სიები, მისი ყურადღებით დათვალიერების შემდეგ ბევრმა ცხინვალელმა ოსმა აღმოაჩინა, რომ მათი დიდი ხნის წინ გარდაცვლილი ნათესავები თურმე «ცოცხლები» ყოფილან და ომის დროს, აგვისტოში დახოცილან.
- სეპარატისტული ხელისუფლებისადმი რა განწყობა აქვს მოსახლეობას?- შეიძლება ითქვას, ახლა სეპარატისტული ხელისუფლებაც არ არსებობს, რადგან კოკოითი ვერ აკომპლექტებს მთავრობას. რუსები არ აძლევენ ამის საშუალებას. კოკოითს ხელს უშლიან ის ოსი მებრძოლები, რომლებიც მან ბრძოლის დროს მიატოვა, როდესაც ჯავაში გაიქცა. ამიტომაც ამ მებრძოლებმა კატეგორიულად დააყენეს საკითხი, ჩვენ აქ თავს რომ ვიკლავდით, ამას იმისთვის არ ვაკეთებდით, რომ კიდევ რუსები დაგვინიშნოთ უფროსებად, ეგენი ისევ შარში გაგვხვევენ და მოწინააღმდეგეს მარტოდმარტოს შეგვატოვებენ ხელშიო.
- ოსები მიიჩნევენ, რომ რუსებმა გაწირეს და ქართველებს მარტოდმარტო შეატოვეს ხელში?- ცხინვალში ძალიან გაღიზიანებული არიან რუსებზე. ამას ბევრი მიზეზი განაპირობებს. რუსები კი ავრცელებენ ინფორმაციას, რომ თითქოს ცხინვალი და ზოგადად რეგიონი ჰუმანიტარული დახმარებებით აავსეს, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის. ჰუმანიტარული დახმარების 90% ვლადიკავკაზში იყიდება. ქალაქი კი შიმშილობის ზღვარზეა.
პურის ქარხანა გაჩერებული იყო, რამდენიმე დღეა, რაც ამუშავდა, მაგრამ ძველი სიმძლავრით ვერ მუშაობს და ამიტომაც ძალიან უჭირთ ქალაქში პური. ეკონომიკურად უმძიმესი მდგომარეობაა. საკვები პროდუქტები გაუთავდათ, რადგან ამ ქალაქს ინახავდა მეზობელი ქართული სოფლები: ერედვი, ნიქოზი, ერგნეთი, ქსუისი და სხვ. ხილ-ბოსტნეული, რაც ამ სოფლებში არ მოჰყავდათ, შეჰქონდათ მარნეულიდან და აზერბაიჯანიდან. ჭვავის და პურის ნათესებიც ტანკებმა გაანადგურა. ჯავაში კიდევ თითქმის არაფერი მოდის. ახლა ქართული სოფლები განადგურებულია, შეტანით არავის არაფერი შეაქვს. ქართულ სოფლებში თუ სადმე ხახვი, ნიორი, კარტოფილი და სხვა რამ ამოსათხრელი იყო, ამოძირკვეს და შეჭამეს. აღარაფერია დარჩენილი, ამიტომაც მთლიანად ვლადიკავკაზზე არიან დამოკიდებული. ხორცის გარდა, კვების ყველა პროდუქტი შემოდის ვლადიკავკაზიდან. ამიტომაც ოსები აცხადებენ «ნაშა ზონა, ჩუმნაია ზონა,» ჭირის ზონააო. რამდენიმე დღის წინ თურმე ქალები მიუვარდნენ კოკოითს, აქამდე ხომ ქართველები გიშლიდნენ ხელს და წყალი იმიტომ არ გვქონდა ცხინვალში, ახლა მაინც მოგვხედეო. რომ იძახდი, სახლების მშენებლობა დაიწყება, რას აპირებ, ზამთარი მოდის, სახლები კი კვლავინდებურად დანგრეულია და მათი აღდგენა არ ხდებაო. კოკოითს თავი უმართლებია, ჯერჯერობით დანაკარგებს ვითვლითო. ეგ როგორ, განა ომის მეორე დღესვე არ გამოაცხადე, რომ ათი მილიარდის ზარალი მოგვაყენესო, რას ითვლი ასე დაუმთავრებლადო. მოკლედ, ხალხი მძიმე დღეშია და არანაკლებ მძიმე დღეშია კოკოითი.
- ამბოხის წინა პირობა არსებობს?- გატენილია ცხინვალი რუსის ჯარით, ვინ გაბედავს ამბოხს. თუ ვინმე ამას გაბედავს, დაისჯება ისევე, როგორც ბევრი დაისაჯა უკვე. როგორც ოსები ამბობენ, რამდენიმე ათეული კაცი დახვრიტეს ომის შემდეგ რუსებმა. ზოგი მაროდიორობისთვის, ზოგიც, კოკოითმა თავისი ბრძანებით დაახვრეტინა. როგორც ვიცი, მაროდიორობის გამო რუსებთან შეტაკების დროს 18 კაცამდეა მოკლული. მათ შორის არიან როგორც ჩრდილოელი, ისე სამხრეთელი ოსები.
- ვრცელდება ინფორმაცია, რომ გადასწორებული ქართული სოფლების ტერიტორიაზე აეროდორომს აშენებენ რუსები. რას ამბობენ ამის შესახებ ცხინვალში?- აეროდრომის აშენების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ბლეფია. ეს კოკოითის ფანტაზიის ნაყოფია. თამარაშენი პირწმინდად მოასუფთავეს იმის გამო, რომ მოსკოვის მერიის დაფინანსებით აქ ააშენონ უზარმაზარი საცხოვრებელი კვარტალი «მოსკოვსკაია», არქიტექტორია ვლადიმერ კალოევი. ეს ის კაცია, რამდენიმე წლის წინ შვეიცარიელი დისპეტჩერი რომ მოკლა. შეგახსენებთ, დისპეტჩერის შეცდომის გამო სამი წლის წინ Aჩამოვარდა ჩრდილოეთ ოსეთის მკვიდრი ბავშვებით სავსე თვითმფრინავი, რომელიც ევროპაში მიფრინავდა. მათ შორის იყო ამ კალოევის ოჯახიც. ამიტომაც კალოევი წავიდა, იპოვა ეს შვეიცარიელი და მოკლა ციურიხში. იქ იჯდა სამი წელი ციხეში. ახლა იგი ჩრდილოეთ ოსეთის მშენებლობის მინისტრის მოადგილეა. ასეთი კაცი ითვლება ოსი ხალხის გმირად, რადგან «სისხლი აიღო». სავარაუდოდ, მაჩაბლის სახლ-მუზეუმსაც დაანგრევენ, რადგან იქ პირწმინდად ასწორებენ ყველაფერს მიწასთან.
როგორც ირკვევა, ოსები არც უარყოფენ, რომ მათ იცოდნენ ომის შესაძლო დაწყების თაობაზე. ახლა ისინი ამბობენ, რომ რუსებმა მოატყუეს. ეგონათ, რომ რუსები პირველივე წუთებიდან მათთან ერთად იბრძოლებდნენ. ასე გვპირდებოდნენ, მაგრამ სანამ ქართვლებმა თავზე არ დაგვანგრიეს ყველაფერი, მანამდე რუსებმა ხელი არ გამოიღეს, რომ მერე გენოციდის იმიტაცია შეექმნათო. ახლა ეს ხალხი გაღიზიანებულია კოკოითზეც და რუსეთზეც, წყრომით აღნიშნავენ, რუსებმა გამოგვიყენესო. არადა, რუსები იქ იმყოფებოდენ 1-ელი აგვისტოდან და მანამდეც. ომის პირველი საათებიდან გემახსოვრებათ, ჩოჩიევი და კოკოითი აღშფოთებულები იყვნენ, მიგვატოვეს, რუსები და აფხაზები რატომ არ გვეხმარებიანო. როცა ისინი კვნესოდნენ, ჩრდილოკავკასიელები რუსებმა ჯავაში ჩაკეტეს, ზოგიც როკის გვირაბს მიღმა დააყენეს და შეატოვეს ოსები ქართველებს. უბრალო ხალხმა რა იცოდა, რუსეთის გენერალურ შტაბს რა მზაკვრული ჩანაფიქრი ჰქონდა. ამიტომაც სწყინთ, რუსები რომ დროულად არ დაეხმარნენ. კიდევ ვერ შეუგნიათ, რომ რუსი არც არასდროს დაეხმარება მათ და რომ აქ მხოლოდ საკუთარი ინტერესები ამოძრავებს. დღეს ისინი აკონტროლებენ სიტუაციას და რასაც უნდათ, იმას აკეთებენ. ახლა ამბოხის თავი არა აქვთ ოსებს. ჯერ ვის წინააღმდეგ უნდა ამბოხდნენ? კოკოითის წინააღმდეგ თუ გამოვლენ, მას მყისვე მოაცილებენ რუსები. რუსების წინააღმდეგ ამბოხება კი იმას ნიშნავს, რომ ცხინვალსაც გაასწორებენ მიწასთან და ქალაქში ძალიან მცირე რაოდენობით დარჩენილ ოსებსაც მიაყოლებენ ზედ.
- თამარაშენში «მოსკოვსკაიაში» ვინ უნდა იცხოვროს?- ოსებს თავიდან ატყუებდნენ, რომ ვისაც ომის დროს სახლები დაგენგრათ, აქ შეგასახლებთო. სინამდვილეში ეს კვარტალი აშენდება რუსულ სამხედრო ბაზაზე მომსახურე პირების, ოფიცრების ოჯახებისთვის. ორი-სამი ათასი ოჯახი უნდა შემოიყვანონ. ეს ხომ ცოტა ხალხი არ არის. ორი ბაზა შენდება ნულისა და ავნევის ტერიტორიაზე. ამის გარდა, კოკოითს მოლაპარაკება გაუმართავს კაზაკთა ატამანთან, რომ რაღაც რაოდენობა კაზაკური ოჯახებიც უნდა ჩამოასახლონ. მე ეს არარეალურად კი მეჩვენება, მაგრამ რუსული პოლიტიკისგან გასაკვირი და წარმოუდგენელი აღარაფერია. იგივე თემა აფხაზეთშიც ძალზე აქტუალური გახდა.
- აპირებენ ამას შეეგუონ? მათ ხომ დამოუკიდებლობა სურდათ.- ძალზე ნაწყენი არიან რუსებზე იმის გამოც, რომ მათ არ მისცეს ჩრდილოეთ ოსეთთან შეერთების საშუალება. ოსები გაიძახიან, ჩვენს დამოუკიდებლობაზე პრეტენზია არის სისულელე, რადგან ყოველი მხრიდან მოქცეული ვართ ისეთ გეოგრაფიულ სიბრტყეში, რომ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა შეუძლებელიაო. უკვე აღარ იციან, როგორი მომავალი ექნებათ, ამიტომაც ყველა, ვისაც «შნო» აქვს, ცდილობს, როგორმე გაიძურწოს ჩრდილოეთ ოსეთში და იქ გადასახლდეს. სხვანაირად ე.წ. სამხრეთ ოსეთის სიბრტყეში თავის მომავალს ვერ ხედავენ. თუ წინათ დასავლეთიდან გრანტები შემოგვდიოდა და იმითაც ვარსებობდით, ახლა ეგეც აღარ გვექნება, ვის რაღაში ვჭირდებითო. რუსებისგან მოხუცები მივიღებთ პენსიებს, ახალგაზრდებმა კი რა უნდა ქნან? სად უნდა იმუშაონ? გამოდის, რომ მთელი ახალგაზრდობა ჯერ დაკავებული იქნება სამხედრო ბაზების მშენებლობით, მერე კი - ჯარში სამსახურით. რუსის საზარბაზნე ხორცად უნდა იქცე, სხვანაირად იქ ვერ იცხოვრებ.
მათთვის იოლია საკუთარი შეცდომების სხვისთვის ჯიქურ გადაბრალება და პასუხისმგებლობის თავიდან აცილებაც. ამასთან, ბრაზობენ, კახეთში და სხვა რაიონებში მცხოვრები ოსები რატომ არ იღებენ ხმას! ან კარგი თქვან, ან ცუდი, ასე გაჩუმება როგორ შეიძლებაო.
- ბატონო მამუკა, ჩვენთვის უკვე ცნობილია, რომ 9 ოქტომბრიდან ყოველ ხუთშაბათს სპეციალური გადაცემით წარდგებით რადიო «პალიტრის» ეთერში. როგორი ფორმატის და მიმართულების იქნება თქვენი ახალი გადაცემა?- რადიო «პალიტრასთან» ერთობლივად მომზადებულ გადაცემას ერქმევა «საუბრები მამუკა არეშიძესთან ერთად». იგი ეთერში გავა ყოველ ხუთშაბათს, საღამოს ექვსის ნახევარზე. გადაცემაში იქნება საუბარი პოლიტიკურ თემებზე როგორც გლობალურ, ისე რეგიონულ ჭრილში, რა თქმა უნდა, კავკასიის რეგიონზე. გახმოვანდება საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ყველა საერთაშორისო ინიციატივა. ამასთან, მოვაწყობთ ჩართვებს საერთაშორისო კლასის უცხოელ პოლიტოლოგებთან. ასევე გადაცემაში მოვიწვევთ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ჩართული არ არიან პოლიტიკაში, მაგრამ სტკივათ ქვეყნის ბედი და საკუთარ ხედვას სთავაზობენ სახელმწიფოს პრობლემების მოსაგვარებლად.
გადაცემას ექნება საინტერესო ფორმატი იმ მხრივ, რომ არც ერთ პოლიტოლოგს არ დავსვამთ სტუდიაში. მათ მხოლოდ კომენტარებისთვის შევაწუხებთ სპეციალური ჩართვების მეშვეობით. სტუდიაში კი მხოლოდ აპოლიტიკური საქმიანობით დაკავებული სტუმრები გვეყოლება.
http://www.kvirispalitra.ge/palitra/frp_palitra.htm This post has been edited by Front National on 6 Oct 2008, 10:35
რუსეთის მიზანი საქართველოს დაჩლუნგება, დამონება და საბოლოოდ რუკიდან გაქრობაა. ყველა, ვისაც რუსეთის სჯერა და რუსეთისაკენ მიისწრაფვის ან მიზანმიმართულად აკეთებს ამას და მტრობს თავის სამშობლოს ან რუსეთის მიერ მართული ბრიყვია.
საქართველოსათვის ევროპა ისტორიულ-ცივილიზაციური არჩევანია.