13-10-2011
ყარსის ხელშეკრულება - 90 წლის წინ დაკარგული ქართული მიწები
1921 წლის 26 სექტემბერი. ყარსის რკინიგზის სადგურზე მაღალჩინოსან თურქ სამხედრო და სამოქალაქო მოსამსახურეებს მოუყრიათ თავი. ეს თურქეთის დიდი ეროვნული კრების დეპუტატი და აღმოსავლეთის ფრონტის სარდალი ქიაზიმ ყარაბექირ-ფაშაა. იქვე დგანან წარმომადგენელი მუხტარ ბეი და აღმოსავლეთ ანატოლიის რკინიგზის უფროსი ველი ბეი, თურქეთის სრულუფლებიანი წარმომადგენელი აზერბაიჯანში მენდუხ შევქეთ-ბეი, რუსეთის სრულუფლებიანი წარმომადგენელი თურქეთში სერგეი ნაცარენუსი და სხვა სახელმწიფო პირები.
მატარებლიდან გადმოდიან დაპყრობილი საქართველოს სრ რევკომის პრეზიდიუმის წევრი, სამხედრო-საზღვაო საქმეთა სახალხო კომისარი შალვა ელიავა; დაპყრობილი საქართველოს სსრ საგარეო საქმეთა სახალხო კომისარი ალექსანდრე სვანიძე, ჯგუფის მრჩეველი სასაზღვრო საკითხებში პავლე ინგოროყვა; დაპყრობილი არმენიის სსრ საგარეო საქმეთა სახკომი ასქანაზ მრავიანი, არმენის სსრ შინაგან საქმეთა სახკომი პოღოს მაკინციანი, დაპყრობილი აზერბაიჯანის სსრ სახალხო კონტროლის სახკომი ბებუთ შახტახტინსკი, რუსეთის საგარეო საქმეთა სახკომის კოლეგიის წევრი იაკობ განეცკი.
მასპინძელმა თურქებმა სტუმრები მოლაპარაკებისთვის საგანგებოდ მომზადებული ყარსის მმართველის შენობისაკენ წაიყვანეს.
მუშაობას იწყებდა დაპყრობილი საქართველო-სომხეთ-აზერბაიჯანისა და თურქეთის წარმომადგენელთა მოლაპარაკება: უნდა შეთანხმებულიყო და ხელმოწერებით განმტკიცებულიყო მნიშვნელოვანი ხელშეკრულება, რომელიც ადგენდა სასაზღვრო-საკითხს. ეს ეხებოდა აჭარას (ბათუმის ოლქის სამხრეთ მონაკვეთს), აგრეთვე ართვინის ოლქს (მთლიანად) და არტაანის ოლქის ჩრდილოეთ ნაწილს; სომხეთში - ყარსის ოლქს ყაგიზმანითურთ და არტაანის ოლქის სამხრეთ ნაწილს, აზერბაიჯანში კი ნახჭევანს.
მოლაპარაკება, რომელიც ყარსში გაიმართა, ყარსის შეხვედრისა და ყარსის ხელშეკრულების სახელით გახდება ცნობილი. ეს მოხდება 1921 წლის 13 ოქტომბრის ნაშუადღევს, ყარსის მმართველის შენობაში.
ყარსის შეხვედრას წინ უსწრებდა არაერთი მოვლენა. ყარსის ხელშეკრულებასთანაა დაკავშირებული ზოგიერთი საიდუმლოებით მოცული ამბავი საქართველო-თურქეთისა და რუსეთის საბჭოთა კავშირ-თურქეთის ურთიერთობიდან, რომლებიც თავის დროზე არ გახმაურებულა და მკვლევრებისთვის ნაწილობრივ ცნობილი მხოლოდ 90-იან წლებში გახდა, თუმცაღა არქივები ჯერ კიდევ ბევრ უცნობ საბუთებს ინახავენ.
სან-სტეფანოს ზავიდან მოსკოვის ხელშეკრულებამდე
დაპყრობილი საქართველოს მდგომარეობას ძალზე ხშირად ორი დიდი დამპყრობი იმპერია - რუსეთი და თურქეთი განსაზღვრავდა. ასე იყო
- XVIII საუკუნეში (იასის სამშვიდობო ხელშეკრულება, 1792 წელს);
- XIX საუკუნეში (ადრიანოპოლის სამშვიდობო ხელშეკრულება, 1829 წელს;
- სან-სტეფანოს სამშვიდობო ხელშეკრულება 1878 წელს).
საქართველოსთვის ძალზე მნიშვნელოვანი იყო სან-სტეფანოს ზავი, რომლის თანახმად, რუსეთის იმპერიამ დამარცხებული თურქეთისაგან ძირძველი ქართული მხარეები (ტაო-კლარჯეთი, ერუშეთი და სხვ.) მიიღო. რუსეთ-თურქეთის 1878-79 წლების ომის შედეგების მიხედვით რუსეთის იმპერიამ ბათუმი და ართვინ-არტაანი ოსმალეთისაგან გასამრჯელოს სახით მიიღო. სან-სტეფანოს ხელშეკრულებით და მოგვიანებით, ბერლინის შეხვედრის გადაწყვეტილებით დადგენილი რუსეთ-თურქეთის საზღვარი სამართლებრივად უცვლელი იყო 37 წლის განმავლობაში. I მსოფლიო ომის კავკასიის საომარ მოქმედებებს ცვლილებები შეჰქონდა სასაზღვრო საკითხებში:
- ბათუმსა და ართვინს ჯერ თურქები (ბრესტის 1918 წლის ზავის შედეგად), მოგვიანებით კი, თურქეთის დამარცხების შემდგომ (მუდროსის 1918 წლის ზავით), ინგლისის იმპერია იპყრობს, არტაანი კი თურქებისაგან ჩამოყალიბებულმა ხელოვნურმა, თვითმარქვია ე. წ. ყარსის სახელმწიფომ ჩაიგდო ხელში. დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის და ქართული ლაშქრის ძალისხმევით საქართველოს სახელმწიფო საზღვარი თურქეთთან საკმაოდ სწრაფად აღდგა თითქმის იმავე სახით, როგორიც I მსოფლიო ომამდე იყო: 1920 წლის ივლისში, როცა საქართველომ აჭარა (ბათუმის ოლქი ართვინითურთ) დაიბრუნა, საქართველოს ფართობმა თითქმის სისრულეს მიაღწია. ეს იყო უდიდესი მიღწევა XIV საუკუნის 30-იანი წლების შემდგომ, როცა გიორგი ბრწყინვალემ საქართველო კვლავ გააერთიანა.
აი, ასეთი მდგომარეობა ჰქონდა საქართველოს 1920 წლის შემოდგომაზე, როცა კომუნისტური რუსეთისა და ქემალისტურმა თურქეთის მთავრობებმა გარიგებით საქართველოს წინააღმდეგ დაიწყეს მოქმედება.
იმ დროს კომუნისტური რუსეთის მმართველის ვლადიმერ ლენინისა და თურქეთის მეთაურ მუსტაფა ქემალის მიზნები ერთმანეთს დაემთხვა: ორივე ევროპულ გაერთიანება "ანტანტას" ებრძოდა. ბუნებრივია, საერთო მტერმა მიზანთა დამთხვევა გამოიწვია - რუსეთმა თურქეთს საომარი საჭურვილი და ფული მიაშველა. კომუნისტური რუსეთის მთავრობა მოკავშირე ქემლისტურ თურქეთს ახლო აღმოსავლეთში მასონ-კომუნისტური მმართველობის გავრცელება(ე.წ. "მსოფლიო პროლეტრული რევოლუციის") საშუალებად განიხილავდა.
დამპყრობი თურქეთი მოქმედებდა 1918 წლის 4 ივნისს ბათუმში საქართველოსა და სომხეთთან დადებული კაბალურ ხელშეკრულებათა დებულებებით და როგორც საქართველოს ძირძველ აჭარა-ტაო-კლარჯეთს, ასევე სომხურ ყარსსა და ყაგიზმანს თავის მხარეებად მიიჩნევდა. თურქეთმა თავიანთი მოთხოვნა გამოხატეს სივასის შეკრებაზე და აიძულეს იმ დროისათვის უკვე ინგლისელების გავლენის ქვეშ მყოფი თურქეთის პარლამენტი (მეჯლისი) 1920 წლის იანვარში მიეღო ე.წ. ეროვნული აღთქმა, ძალიან მნიშვნელოვანი საბუთი, რომლითაც თურქეთის მომავალი საზღვრები და სახელმწიფო მოწყობა განისაზღვრა. ამ დადგენილებაში ბათუმის ოლქი თურქეთის ტერიტორიად არის წარმოდგენილი, რომელიც "დედასამშობლოს" ჯერ კიდევ 1918 წლის ივნისში დაუბრუნდა. ამასთან, თურქეთმა ე.წ. „ეროვნულ აღთქმაში" მოსახლეობის ნების გამოხატვითაც განამტკიცა იგი. ე.წ. "აღთქმის" საფუძველზე პირველი მოთხოვნა თურქეთმა საქართველოს ჯერ კიდევ 1920 წლის ივლისში წამოუყენა, როცა დამპყრობმა "დიდმა ბრიტანეთმა" აჭარიდან ჯარები გაიყვანა და ბათუმი დაგვიბრუნდა, თუმცა იმ დროს თურქების მოთხოვნისათვის საქართველოს მთავრობას ჯეროვანი ყურადღება არ მიუქცევია. არადა, თითქმის იგივე განმეორდა 1921 წლის იანვარშიც, როცა დამოუკიდებელი საქართველოს წარმომადგენლები, სიმონ მდივნის ხელმძღვანელობით ანკარაში ჩავიდა: საზღვრებზე საუბრისას მუსტაფა ქემალმა "ეროვნული აღთქმა" შეგვახსენა და მისი საბუთი გადმოგვცაო, - ატყობინებდა ქართველი ელჩი.
ე.წ. "ეროვნული აღთქმა" თურქეთისთვის დღესაც მოქმედი სამართლებრივი საბუთია, რადგან სწორედ მასშია გამოხატული თანამედროვე თურქეთის საზღვრები.
თურქეთ-რუსეთის ურთიერთობა სულ უფრო მტკიცდებოდა. 1920 წლის დასასრულს გადაწყდა მეგობრობის ხელშეკრულების დადებაც. საყურადღებოა, რომ ბაქოს გავლით მოსკოვს მიმავალი თურქეთის წარმომადგენლები იუსუფ ქემალის მეთაურობით ბათუმიდან თბილისში 4 თებერვალს, რუსეთის თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე ჩამოვიდა. საქართველოს ხელისუფლებამ თურქები დიდი პატივით მიიღო, გაიმართა ხანმოკლე მოლაპარაკება, რომლის დროსაც თურქებმა დაადასტურეს ახლო მომავალში საქართველოსთან ხელშეკრულების დადების სურვილი.
19 თებერვალს, თურქები მოსკოვში ჩავიდნენ, ხოლო რუსეთ-თურქეთის შხვედრა 26-ში დაიწყო. ხელშეკრულების შემუშავებისას მისი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დებულება უნდა ყოფილიყო თურქეთის აღმოსავლეთის საზღვრის აღიარება რუსეთის მიერ.
ამ დროს კი კომუნისტური-რუსეთის ლაშქარი თავს დაესხა საქართველოს. საქართველოში ყოველი მხრიდან შემოსეულმა რუსეთის ლაშქარმა საქართველოს დედაქალაქი დაიპყრო, საქართველოს მთავრობამ საქართველო დატოვა.
1921 წლის მარტის დასაწყისში თურქეთის წარმომადგნელმა იუსუფ ქემალმა რუსეთის მთავრობას ბათუმის, ართვინისა და არტაანის, აგრეთვე ყარსის თურქეთის შემადგენლობაში აღიარება მოსთხოვა.
1921 წლის 16 მარტი. მოსკოვში, საგარეო საქმეთა სახალხო კომისარიატის შენობაში, ქართველთა დაუკითხავად, მოსკოვში ხელმოწერილი "რუსეთ-თურქეთის გარიგებით (მეგობრობის ხელშეკრულებით)" გადაწყდა საქართველოს, არმენიისა და აზერბაიჯანის საზღვრების ბედი.
საქართველომ მიწების თითქმის ერთი მესამედი დაკარგა. [color="red"]რუსეთ-თურქეთის გარიგების მოსკოვში ხელმოწერილი 16-მუხლიანი საბუთის მთავარი მარცვალი პირველ მუხლშია, რომელშიც თურქეთის ჩრდილო-დასავლეთი საზღვარია (საზღვარი საქართველოსთან) მოცემული. "ცნებაში "თურქეთი" იგულისხმება ის საზღვრები, რომლებიც განისაზღვრა თურქეთის დეპუტატთა პალატის მიერ შემუშავებული 1336 (1920) წლის 28 იანვრის ე.წ. "ეროვნული აღთქმით". შემდეგ აღწერილია თურქეთის ამჟამინდელი საზღვარი - სარფიდან ნახჭევანამდე. რაც შეეხება ბათუმის ოლქს, მეორე მუხლში ვკითხულობთ:
"თურქეთი თანახმაა დაუთმოს თავისი უფლება საქართველოს ბათუმის ნავსადგურზე, ქალაქსა და იმ არემარეზე, რომელიც ამ ხელშეკრულების პირველ მუხლში მოცემული საზღვრის ჩრდილოეთით მდებარეობს, იმ პირობით, რომ
1) ამ ადგილების მოსახლეობა ფართო თვითმმართველობით ("ავტონომიით") ისარგებლებს, რაც უზრუნველყოფს თითოეული თემის სარწმუნოებრივ-კულტურულ უფლებებს და მიიღებს ისეთ საადგილმამულო წესს, რომელიც მათ სურვილებს ეთანხმება;
2) თურქეთს მიეცემა ბათუმის ნავსადგურით სხვადასხვა საქონლის თავისუფალი მოძრაობის უფლება, უბაჟოდ და დაბრკოლებების გარეშე, ხარჯების დაუბეგრავად".
მოსკოვის ხელშეკრულების მე-15 მუხლით რუსეთი ვალდებულებას იღებდა, რომ ამიერკავკასიის ქვეყნები მოსკოვის ხელშეკრულების პირობებს აღიარებდნენ, ანუ რუსეთი მათზე ზეწოლას მოახდენდა.[/color]
საქმე ის იყო, რომ როგორც ქართველ კომუნისტებს ("უკლონისტებს"), ისე არმენ კომუნისტებს, მიწების დაკარგვა გულზე მაინცდამაინც არ ეხატებოდათ. რუსეთის კომპარტიის გეგმიდან გადამხრელების განზრახვა ცნობილი გახდა რუსეთის კომპარტიის კავკასიის ბიუროსთვის (ორჯონიკიძე, კიროვი, ფიგატნერი, პლეშჩაკოვი და სხვები), რომელმაც მკაცრი ბრძანება მისცა ქართველ და არმენ წარმომადგენლებს:
ყარსში მოლაპარაკება ჩატარდეს მოსკოვის ხელშეკრულების მკაცრი დაცვით;
კავკასიის დაპყრობილმა საბჭოთა ქვეყნებმა მხარი დაუჭირონ რუსეთ- თურქეთის გარიგებას;
არ დაუშვან დაპყრობილი ამიერკავკასის სახემწიფოთა მოსახლეობის გამოსვლები; გამოიჩინონ ერთსულოვნება...
ცხადია, ასეთი მკაცრი გაფრთხილების შემდეგ ძალზე რთული იქნებოდა წინააღმდეგობის გაწევა, თუმცა მათ წინააღმდეგობის მცდელობა იყო.
შეკრების დაწყებისთანავე ქართველებმა თურქებს მოსთხოვეს ორად გაყოფილი სარფის მთლიანად საქართველოსთვის გადმოცემა, არმენებმა კი ქალაქ ანისის (ნანგრევების) დაბრუნება. თურქებმა მტკიცე უარი განაცხადეს და შემხვედრი წინადადება წამოაყენეს ბათუმის ნავსადგურში "თავისუფალი ზონის" (ანუ ფაქტობრივად, თურქეთის დაქვემდებარებაში მყოფი მხარე) შექმნა მოისურვეს.
სამწუხაროდ, ქართველთა და არმენთა თურქებთან გამართულმა ცხარე კამათმა ნაყოფი არ გამოიღო. მშვიდად მხოლოდ დაპყრობილი აზერბაიჯანის წარმომადგენლობა იყო.
1921 წლის 13 ოქტომბერს თურქეთისა და დაპყრობილი საქართველო-არმენ-აზერბაიჯანის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს მტაცებლურ ხელშეკრულებას, რომელიც ძირითადად მოსკოვში ხელმოწერილი რუსეთ-თურქეთის ხელშეკრულების გამეორება იყო და მასში ჩაწერილ დებულებებს იმეორებდა. მეორე მუხლად უცვლელად იქნა შეტანილი მოსკოვის ხელშეკრულების ის ნაწილი, რომელიც ბათუმის ოლქს ეხებოდა: თურქეთმა საქართველოს ბათუმი დაუთმო, საზღვარიც სარფზე გავიდა, თუმცა გავიხსენოთ თურქების ე.წ."ეროვნული აღთქმა", რომელიც დღემდე არ შეცვლილა და თურქეთის ხელისუფლება მას მოქმედ კანონად მიიჩნევს.
ყარსის მოლაპარაკების შემდგომ, როგორც კი ხელშეკრულება გამოქვეყნდა, საზოგადოება აღაშფოთა ამ ამბავმა. საქართველოს მიწების გასხვისების გამო, კერძოდ აჭარის სამხრეთი ნაწილი თურქეთმა მიიტაცა.
თურქეთთმა კი ცოტა ხნით ადრე, 1922 წლის 16 მარტს, ანკარაში დიდი ეროვნული კრების დადგენილებით (კანონი #207) ხელშეკრულების დამტკიცება მოახდინა.
ყარსის ხელშეკრულების დადების შემდგომ რუსეთ-თურქეთის ურთიერთობა მშვიდი იყო, მუსტაფა ქემალ ათათურქის სიკვდილის შემდგომ კი გაუარესდა, განსაკუთრებით II მსოფლიო ომის წლებში, როცა მიუმხრობლობაგამოცხადებულმა თურქეთმა გერმანიასთან თანამშრომლობა დაიწყო. სანამ გერმანია უტევდა კომუნისტურ რუსეთთს, რუსეთი ითმენდა თურქეთის პირისგატეხვას, მაგრამ როცა რუსეთის ლაშქარი მომძლავრდა, სტალინმა ანკარას 1921 წლის ხელშეკრულებები გაუხსენა და ჯერ პოტსდამის სახელმწიფო მეთაურობის შეკრებაზე, შემდეგ კი გაეროს შეკრებაზე ქართული და პარალელურად არმენული მიწების დაბრუნება მოსთხოვა. ეს დრო დღესაც შეუსწავლელია. არადა, 45 წლის წინანდელ საცნობარო საშუალებებში შემონახულია ქართველი მეცნიერების მოთხოვნა:
"თურქეთმა უნდა დაგვიბრუნოს მიტაცებული ქართული მიწა-წყალი"; არქივებში შემონახულია ანკარაში საბჭოთა რუსეთის საელჩოს მიერ კრემლში გაგზავნილი საიდუმლო მოხსენებები; ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდლობის მიერ შემუშავებული ტრაპიზონის, ართვინის, არტაანისა და ყარსზე შეტევის საიდუმლო გეგმები; სამეურნეო გარდაქმნის გეგმები, რომელიც დაბრუნებულ მიწაზე უნდა განხორციელებულიყო; დაპყრობილი საქართველოს კომპარტიის მიერ ტრაპიზონისა და ართვინის ქალაქკომებისა თუ აღმასკომების წევრობის კანდიდატთა სია, ქართველი პოეტების ლექსები სათაურით "სამხრეთის საზღვარზე" და "ფიქრები ტრაპიზონის ოლქკომზე".

მოსკოვის ხელშეკრულებითაა "დაბადებული" ყარსის ხელშეკრულებაც.
*****
დასასრულ, 20 წლის წინ, საქართველოსა და თურქეთის მიერ ხელმოწერილი ახალი ხელშეკრულება, რომელიც ქართული საზოგადოების აღშფოთების საგანი გახდა...
ბევრ სახელმწიფო და საზოგადოებრივ მოღვაწეს მიაჩნდა, რომ ყარსის ხელშეკრულება წარსულის კუთვნილება იყო, რომ ის უიმედოდ მოძველდა და 90 წლის წინანდელი საბუთის პირობები მხოლოდ მკვლევარებსღა თუ აინტერესებდათ, მაგრამ... ხშირად წარსული თავს გვახსენებს:
2008 წლის აგვისტოში საქართველო-რუსეთის ომმა, თურქეთის თავის წამოყოფამ, მისი მეთაურის მოსკოვში სტუმრობამ და როგორც ამბობენ, კრემლში განხილულმა აჭარის საკითხმა (თურქეთი ბათუმში ჯარების შეყვანას გეგმავდაო) კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ საკითხი მოუგვარებელია.
საქართველომ არც ის უნდა დაივიწყოს, რომ ყარსის ხელშეკრულება, შეიძლება ითქვას, "უკვდავია":
ა) ცალმხრივად მისი დენონსაცია შეუძლებელია, რადგან საქართველო, არმენია და აზერბაიჯანი ხელშეკრულებაში მხოლოდ ერთ მხარეს წარმოადგენენ.
მართალია, დღევანდელი არმენია ყარსის დებულებებს სასაზღვრო საკითხებში არ აღიარებს, მაგრამ აზერბაიჯანისათვის ყარსის ხელშეკრულებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს - ნახჭევანის კუთვნილების გამო;
ბ) სანამ არსებობს მოსკოვის თურქეთ-რუსეთის გარიგება (ე.წ."ხელშეკრულება"), იარსებებს ყარსის ხელშეკრულებაც, რადგან რუსეთი და თურქეთი მოსკოვის ხელშეკრულებას ურთიერთობის მომწესრიგებელ უმთავრეს და უპირველეს სამართლებრივ საბუთად მიიჩნევენ, მას დღესაც უვადოდ თვლიან, ყოველწლიურად განსაკუთრებულად აღნიშნავენ მისი ხელმოწერის დღეს და შესაბამისად, გინდაც გავაუქმოთ, ამით საქმე მაინც არ გამოსწორდება, რადგან ძაღლის თავი მოსკოვშია დამარხული.
სიმონ კილაძე წერილის მიხედვით "კვირის პალიტრიდან"
***
რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროში
13 მარტი 1998 წ.
რეგისტრაციის ნომერი 430.003.000.132
ძალაშია 1993 წლის 25 მარტიდან
ხ ე ლ შ ე კ რ უ ლ ე ბ ასაქართველოს რესპუბლიკასა და თურქეთის რესპუბლიკას
შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და კეთილმეზობლური
ურთიერთობების შესახებსაქართველოს რესპუბლიკა და თურქეთის რესპუბლიკა შემდგომში “მხარეებად” წოდებულნი,
პატივს მიაგებენ რა ორივე ქვეყნის სუვერენულ სტატუსს და ეყრდნობიან დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის, საზღვრების ურღვევობის, ერთმანეთის საშიანაო საქმეებში ჩაურევლობის პრინციპებს და გამოხატავენ რა ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების სურვილს,
ადასტურებენ რა ერთგულების გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებისადმი, მისი მიზნებისადმი, ჰელსინიკის დასკვნითი აქტისა და ახალი ევროპისათვის პარიზის ქარტიის, ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის თათბირის სხვა დოკუმენტებისადმი,
გამოთქვამენ რა რწმენას, რომ ორ ხალხს შორის არსებული ისტორიული და კულტურული ტრადიციების სიახლოვე და მეგობრული კავშირები ხელს შეუწყობს მრავალმხრივი კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარებას,
მხარეები აცხადებენ, რომ დაიცავენ მათ შორის დადებულ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს დაწყებული 1921 წლის 13 ოქტომბრის ყარსის შეთანხმებით,
მხარეები ხელმძღვანელობენ იმით, რომ ამ შეთანხმებით საბოლოოდ დადგინდა საზღვარი ორ სახელმწიფოს შორის.
მხარეები აღნიშნული შეთანხმების დებულებებს დაიცავენ თავიანთი კანონმდებლობის, არსებული პრაქტიკის და მათი საერთაშორისო ვალდებულებების გათვალისწინებით,
საქართველო - ედვარდ შევარდნაძე
თურქეთი - სულეიმან დემირელი
ბოლოთქმა:
ისევე როგორც 90 წლის წინ რუსეთ-თურქეთის გარიგებით, საქართველოს უკითხავად ქართლი მიწები გაიყვეს დამპყრობლებმა თურქეთმა და რუსეთმა. დღესაც იგივე მეორდება, ოღონდ ამჯერად დამპყრობ თურქეთს დამპყრობი ამერიკა ჩაენაცვლა.
დამპყრობლების, რუსეთ-ამერიკის გარიგების შედეგად, ძირძველი ქართული მხარეები ადხაზეთი და სამაჩაბლო რუსეთმა მიიტაცა, ხოლო დანარჩენი საქართველო ამერიკის მონობაშია და მათ მიერ დანიშნული ჯალათი ნაც-ხელისუფლება მართავს.
დღევანდელი მსოფლიო სამართალი, ისევე როგორც ძველ დროში, მხოლოდ ძალას (გონებრივ, ხორციელს) ცნობს. ძლიერი ყოველთვის მართალია.
ეს ჭეშმარიტება ქართველმა ერმა უნდა გააცნობიეროს და შესაბასმისად უნდა იმოქმედოს.
ქართველო, ნუ მოტყუვდები!