http://www.interpressnews.ge/index.php?lan...&info_id=246266 2008-10-16 13:45
Print Version
რუსმა დიპლომატებმა ჟენევაში სერგეი შამბას ქცევის გამო ბოდიში მოიხადეს
ჟენევაში გამართულ მოლაპარაკებებზე აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი შამბას ქცევის გამო რუსულ დელეგაციას ბოდიშის მოხდა მოუწია.
ამის შესახებ გაზეთი "კომერსანტი" წერს და მომხდარს "საზეიმო სკანდალს" უწოდებს.
გაზეთის ინფორმაციით, შამბამ მოითხოვა, სოხუმისა და ცხინვალის წარმომადგენლებისთვის დამოუკიდებელი დელეგაციების სტატუსი მიენიჭებინათ, ქართული ენა კი ღონისძიებების ოფიციალური დოკუმენტიდან ამოეღოთ.
აფხაზური მხარის ამ მოთხოვნას რუს დიპლომატებსა და შამბას შორის ხმაურიანი კამათი მოჰყვა. "კომერსანტის" ინფორმაციით, ამის შემდეგ რუსებს აფხაზების გამო ბოდიშის მოხდა მოუწიათ.
ჟენევაში გუშინ საქართველოში უსაფრთხოების საკითხებზე საერთაშორისო კონსულტაციები გაიმართა, სადაც სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებების წარმომადგენლები რუსული დელეგაციის წევრების სტატუსით ჩავიდნენ. მათ ამ სტატუსის გამო უკმაყოფილება გამოთქვეს.
ამასთან, სეპარატისტები შეხვედრის პირველ სესიაზე არ დაუშვეს, რის გამოც რუსულმა დელეგაციამ შეხვედრა დატოვა.
მეორე სესიაზე დასწრებაზე უარი კი უკვე ქართულმა მხარემ თქვა, იმ მიზეზით, რომ სხდომას სეპარატისტებიც ესწრებოდნენ.