”კავკაზუს ონლაინზე” განხორციელებული ეკონომიკური დივერსიის მიღმა რუსეთის ინტერესი იკვეთება?
23:18 18.10.2008
ეს მხოლოდ, ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს და რუსეთის მოკავშირეებს შეუძლიათ.
ვერსია პრინტერისთვის •
დაამატე რჩეულებში •
[როზი ჯღამაია]
რამდენიმე დღეა თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახური ”კავკასუს ონლაინის” ოპტიკურ ბოჭკოვან კაბელებს ანადგურებს. ”კავკასუსს” კაბელების გაყვანაზე ლიცენზია არ აუღია. ჩვენ კი, მხოლოდ კანონს ვიცავთ”, - ზუსტად ასე განაცხადეს ზედამხედველობის სამსახურში.
ბოლოს და ბოლოს, ლიცენზიის აღებას ეშველება და კანონდარღვევაც (”კავკასუსის” მხრიდან, თუ მართლაც ჰქონდა ასეთ ფაქტას ადგილი) გასწორდება, მაგრამ გაუგებარია, რატომ დაყვებიან ”გაერთიანებული ტელეკომის” თანამშრომლები მერიის სამსახურის წარმომადგენლებს კაბელების დასაჭრელად და რატომ ექმნება ”კავკასუს ონლაინის” აბონენტებს პრობლემა, მუდმივად, ”ტელეკომის” მხრიდან?
ყველა ამ კითხვის პასუხად, თავად ”კავკასუსში” აცხადებენ, რომ ”გაერთიანებული ტელეკომი” ბიზნეს-ეთიკას არ იცავს და კონკურენტებთან ბრძოლის ბინძურ ხერხს იყენებს. თუმცა, უმიზეზოდ არაფერი ხდება და სამწუხაროდ, ეს მიზეზი, შესაძლოა, ქვეყნისთვის გაცილებით უფრო საშიში მოვლენა აღმოჩნდეს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.
ყაზახები თუ რუსები?
ბოლო დღეებში ”კავკასუსის” წინააღმდეგ განხორციელებულმა დივერსიამ სკანდალური სახე მიიღო და კითხვები მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიმართ დაისვა. თუმცა, ყველა ფაქტით დასტურდება, რომ ”გაერთიანებული ტელეკომი” ზედამხედველობის სამსახურს იარაღად იყენებს, რათა პრობლემები შეუქმნას ინტერნეტ-პროვაიდერს.
რა ძალა აქვს ასეთი და როგორ ახერხებს ”ტელეკომი” საკუთარი ინტერესების დასაკმაყოფილებლად ხელისუფლების წარმომადგენლების გამოყენებას? ალბათ, ყველაზე მთავარი კითხვა ეს არის.
საერთოდ, სანამ გაარკვევ რას ითხოვენ შენგან, ჯერ უნდა იცოდე ვის ელაპარაკები. ამ მხრივ კი ”კავკასუს ონლაინი” მეტად რთულ ვითარებაში იმყოფება. კომპანიის ხელმძღვანელობას, და არა მარტო მათ, დღემდე ვერ გაურკვევიათ ვინაა სინამდვილეში ”გაერთიანებული ტელეკომის” მფლობელი.
”გაერთიანებული ტელეკომი” 2006 წელს გაიყიდა და, როგორც მაშინ ხელისუფლებამ გვამცნო, მისი მესაკუთრე ყაზახური ჯგუფი გახდა. მაშინ იმასაც ამბობდნენ, რომ კომპანია ყაზახურმა ბანკმა ”ტურან ალემმა” შეიძინა. თუმცა, მოგვიანებით დადასტურდა, რომ ”ტურან ალემის” მეშვეობით, მხოლოდ, ტრანზაქცია განხორციელდა, ხოლო ”გაერთიანებულ ტელეკომს” (ადრე სახელმწიფო კომპანია ”ელექტროკავშირი”) და ფოსტა-ტელეგრაფის შენობას ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანია ”ბლექსი” (Black Sea Telecom Holding) დაეპატრონა, რომელმაც მთლიანი აქტივები 90 მლნ დოლარად იყიდა.
ეს იმას ნიშნავდა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მიწისქვეშა კომუნიკაციები და მთელი ინფრასტრუქტურა მთლიანად ანონიმურ ჯგუფს გადასცა. რა საფრთხეებს შეიცავს ხელისუფლების მხრიდან გადაგმული ეს ნაბიჯი, ამაზე ოდნავ ქვევით ვისაუბრებთ.
მანამდე, ”გაერთიანებული ტელეკომის” ირგვლივ არსებულ ინფორმაციებს შევეხებით იმის გასარკვევად, თუ ვინ დგას ”ტელეკომის” უკან და როგორ დაიწყო მან ფუნქციონირება ქართულ ბაზარზე.
საქართველოს ინტერნეტ-ბაზარზე შემოსულმა ინვესტორმა, თანდათან დაიწყო წვრილი კონკურენტი კომპანიების შესრუტვა. პირველი, რომელიც ”ტელეკომმა” ჩაყლაპა სახემწიფო კომპანია ”აჭარის ელექტროკავშირი” იყო, ხოლო შემდეგ, კერძო ინტერნეტ-პროვაიდერის - ”ვანექსის” ჯერიც დადგა.
”გაერთიანებულმა ტელეკომმა” ამის შემდეგ იერიში ”კავკასუს ონლაიზე” მიიტანა, მაგრამ ინტერნეტ-პროვაიდერი საკმაოდ მსხვილი ლუკმა აღმოჩნდა და ყელში გაეჩხირა. თუმცა, ამის შემდეგ დაიწყო ”კავკასუსის” პრობლემებიც, რომელიც დღემდე გრძელდება.
რატომ იყო ”ტელეკომი” ასე დაინტერესებული ”კავკასუსით” ამაზე რამდენიმე პასუხი არსებობს. ჯერ ერთი, ”კავკასუსი” ინტერნეტ-ბაზარზე დღეს ყველაზე მსხვილი მოთამაშეა, რომლის ქსელში ინტერნეტ მომხმარებლების 80%-ია ჩართული და ეს ”ტელეკომის” ინტერესებში ნამდვილად არ შედის.
იმის მიუხედავად, რომ ”ტელეკომი” მთლიანად აკონტროლებს მიწისქვეშა და მიწისზედა კომუნიკაციებს (რითაც მუქთა შემოსავლები შეუდის), ვერა და ვერ შეძლო უკეთესი მომსახურებით აბონენტების მოზიდვა.
მეორე მიზეზი კი გაცილებით მნიშვნელოვანია. დღეს დაუფარავად საუბრობენ, იმის შესახებ, რომ ”გაერთიანებული ტელეკომის” უკან რუსული კაპიტალი დგას. იმის გათვალისწინებით, რომ კავშირგაბმულობა ქვეყნის სტრატეგიულ დარგს განეკუთვნება და იგი პირდაპირ კავშირშია ქვეყნის უსაფრთხოებასთან, ძნელი გამოსაცნობი არ უნდა იყოს, რა ინტერესები ამოძრავებს რუსულ კაპიტალს საქართველოში (აგვისტოს თვეში, რუსეთის მხრიდან საინფორმაციო სისტემების ბლოკირებების გახსენებაც საკმარისია).
უფრო კონკრეტულად კი, ”ფოსტა-ტელეგრაფისა” და ”გაერთიანებული ტელეკომის” უკან რუსეთის ტელეკომუნიკაციების ჰოლდინგური კომპანიის ერთ-ერთ მსხვილ აქციონერს და ფედერაციის საბჭოს სენატორს, რუს მილიარდერს, გლებ ფეტისოვს მოიაზრებენ.
News Analytics-ის ექსპერტი იგორ კოროლევის თქმით, ეს უკანასკნელი ”Black Sea Telecom”-ის მყიდველად სახელდება. ეს ის კომპანიაა, რომელზეც ზევით ვისაუბრეთ და რომელიც ”ფოსტა-ტელეგრაფისა” და ”გაერთიანებული ტელეკომის” აქციების მფლობელია.
-”ამ ეტაპზე, მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ ფეტისოვი საქართველოში, ისევე როგორც დსთ-ს სხვა ქვეყნებში, ”ბლექსის” საშუალებით WiMAX-თაა დაინტერესებული,” - ამბობს კოროლიოვი, მაგრამ სხვა რა ინტერესები ამოძრავებს ფეტისოვს, ალბათ, არც ეს დაიმალება.
რაც შეეხება ყაზახურ ბანკ ”ტურან ალემს” News Analytics-ის შეკითხვაზე, მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ არც მათ და არც-ერთ მათ შვილობილ კომპანიას, არავითარი კავშირი არ აქვთ ”გაერთიანებულ ტელეკომთან”.
-”შესაძლოა, ყაზახური ივესტიციების უკან რუსული კაპიტალი დგას, მაგრამ ახლა, როცა რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობა დაძაბულია, ამის აფიშირებას არავინ შეეცდება”, -ამბობს კოროლიოვი.
რუსეთს მიბარებულები
რატომ ასახელებს ხელისუფლება ყაზახებს ”ტელეკომის” მფლობელად, ამას დრო აჩვენებს. მეორეს მხრივ, ძნელი წარმოსადგენია, სერიოზული დასავლური კომპანია ფარად აეფაროს რუსულ კაპიტალს. ეს მხოლოდ, ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს და რუსეთის მოკავშირეებს შეუძლიათ. ჯერჯერობით, ისიც უცნობია, საერთოდ, აქვს თუ არა რაიმე კავშირი ყაზახურ კომპანიებს ”გაერთიანებულ ტელეკომთან”.
ექსპერტი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებისთვის ძნელი არ იყო სტუმრად ჩამოეყვანა რომელიმე ყაზახი და შემდეგ, მისთვის დაებრალებინა ობიექტის ყიდვა, როგორც ეს ”ენერგოპროს” შემთხვევაში გააკეთეს.
-” მაშინ, როცა ზურაბ ნოღაიდელს კითხვა დაუსვეს - მართლაც ჩეხური იყო თუ არა კომპანია, რომელსაც საქართველოს ენერგოსისტემა უნდა ემართა, მან ამ კითხვას კურიოზული პასუხი გასცა. სტუმრად მოწვეულ ჩეხეთის ელჩზე იკითხა ვინმეს ეჭვი ხომ არ ეპარებოდა, რომ იგი მართლა ჩეხი იყო”.
- ”ამ კონკრეტულ კითხვაზე, მარტივად, ერთი პასუხის გაცემა შემიძლია - ქართული კავშირგაბმულობა, ენერგეტიკა, წყალი, ბანკი, ქართული ოქრო და ყველა სტარტეგიული ობიექტი დღეს რუსეთის ხელშია. რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია აგვისტოში არ მომხდარა. უბრალოდ, მათ აგვისტოში ეს ტანკებით კიდევ ერთხელ დაადასტურეს. რუსეთი აგვისტომდე ამბობდა, რომ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში დაიცავდა საკუთარ მოქალაქეებს. აგვისტოს შემდეგ კი დაამატა, რომ მათ ქონებასაც დაიცავდა”.
ექსპერტი დარწმუნებულია, რომ ხელისუფლების მხრიდან, კავშირგაბმულობის ინფრასტრუქტურის გაყიდვა დანაშაულია. მისი განმარტებით, საერთო სარგებლობის ქონების ერთ ხელში მოქცევა არ შეიძლება, რადგან, ჯერ ერთი, კონკურენტული გარემოს შექმნას ზღუდავს და მეორე: კარგად გამოჩნდა როგორ იყენებს იგი ამ ძალაუფლებას.
-”პირადად მე მესამე დღეა ინტერნეტი მაქვს გათიშული და მე მარტო არ ვარ ამ პრობლემის წინაშე. გარადა ამისა, კავშირგაბმულობა ქვეყნის უსაფრთხოებასთანაა დაკავშირებული. რატომ უნდა ისმენდეს სხვა ჩვენს საუბარს, ჯერ ესაა გაუგებარი და თანაც, არავინ იცის როგორ გამოიყენებს მესაკუთრე ამ ყველაფერს ჩვენი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ”, - ამბობს გია ხუხაშვილი.
კორუფცია, გაუმჭვირვალობა და სახელმწიფო კაპიტალის შემოდინება, ეს ის ეკონომიკური პრობლემებია, რომელსაც საქართველომ თავი ვერ დააღწია. სწორედ ამან მიიყვანა ”კავკასუს ონლაინიც” ”ტელიკომთან” ომამდე. გია ხუხაშვილი ამბობს, რომ ანალოგიური პრობლემები დღეს ყველა მიმართულებით გვხვდება.
-”არა თუ ”ტელეკომის”, უცნობია იმ ტელევიზიის მფლობელიც კი, რომელიც დღეს ქვეყანაში პოლიტიკის გამტარებელია. ამას წინათ, მე ვთქვი, რომ ქართული ტელეარხის მფლობელი ვლადიმერ პუტინია. ახლა ველოდები, პასუხს, რომ ვინმემ ან დამიდასტუროს, რომ ეს ასეა, ან უარყოს. ჩვენი ხელისუფლება მუდმივად ყველაფერს ასაიდუმლოებს და ესაა ყველაზე დიდი პრობლემა”.
”კავკასუსს” კი სწორედ ამ ხელისუფლების იმედი აქვს, რომ იგი დაიცავს ”ტელეკომის უკანონობისგან”. ნეტარ არიან მორწმუნენი…
http://presa.ge/index.php?text=news&i=4410ბინძური თამაში მიდის
პოლიტიკოსი არ გახლავართ, მაგრამ ხანდახან მეც კარგი მამაძაღლი ვარ.
დაე, მე მოვკვდე ღია თვალებით...
მიგელ დე უნამუსო ლიც-დონ-გიჟ-ჟუანი.