biarritz
Loosy-Goosy

    
ჯგუფი: Registered
წერილები: 1703
წევრი No.: 61469
რეგისტრ.: 17-May 08
|
#11319775 · 27 Oct 2008, 20:55 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
"კვირის პალიტრაში" დღეს გამოქვეყნებული ინტერვიუ ინგუშ დისიდენტ იბრაჰიმ ლიანოვთან
კავკასიური ბუმერანგი
«რუსეთს თუ უნდა ძლიერება შეინარჩუნოს, კავკასია უნდა დატოვოს!»
თავის დროზე ერთ-ერთმა საბჭოთა ისტორიკოსმა რუსეთის ხელისუფლებას საინტერესო რჩევა მისცა: თუ გინდათ, რუსეთმა ძლიერება და დიდება შეინარჩუნოს, კავკასია უნდა დატოვოსო. ეს რჩევა მაშინ რუს პოლიტიკოსებს სასაცილოდაც არ ეყოთ და აგერ უკვე 200 წელია კავკასიელი ხალხი რუსეთისაგან თავის დასაღწევად იბრძვის, მაგრამ რუსეთს კავკასია არ ეთმობა.
აგვისტოს მოვლენებმა დიდ ძვრებს მისცა ბიძგი. აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებით ჩრდილოკავკასიელ ხალხებს იმედი მიეცათ, რომ მიზანს მიაღწევენ. მით უმეტეს, მიაჩნიათ, რომ ისინი უფრო იმსახურებენ დამოუკიდებლობას, ვიდრე აფხაზები ან ოსები.
რუსეთთან თანაცხოვრებამ ჩრდილოკავკასიელ ხალხებს ვერაფერი ხეირი დააყარა. დღეს ინგუში ხალხი ისტორიულ შეცდომად აფასებს 1991 წელს რუსეთის ფედერაციაში სახელმწიფო სტატუსით შესვლას. მაშინ მოსახლეობის 94%-მა რეფერენდუმში სწორედ ამას მისცა ხმა.
სიმშვიდე არც დაღესტანშია. გააქტიურდნენ იატაკქვეშა პოლიტიკოსები. ექსპერტები მალე მთელი ჩრდილო კავკასიის აფეთქებას ელიან. ჩანს, კავკასიელ ხალხებზე ევროპამაც შეიცვალა აზრი. მათ მოლაპარაკებები დაიწყეს იმ კავკასიელ ერებთან, რომელთაც ადრე ტერორისტებად მიიჩნევდნენ.
31 ოქტომბერს ბრიუსელში კავკასიელი ხალხების ფართომასშტაბიანი აქციები იგეგმება. ჩეჩნების, ინგუშებისა და დაღესტნელების აზრით, მათი თვითგადარჩენის ერთადერთი შანსი გაერთიანებული, ძლიერი კავკასიაა, სადაც ბატონი არა ამერიკელი, რუსი ან ევროპელი ლიდერები, არამედ კავკასიელები იქნებიან. ძნელი სათქმელია, ამ ოცნებას უწერია თუ არა ასრულება.
ინგუში იბრაჰიმ ლიანოვი უკვე ცხრა წელია სამშობლოდან გადახვეწილია. ის ორიოდ თვის წინ მოკლული მაჰამედ ევლოევის უახლოეს თანამებრძოლად და მეგობრად ითვლებოდა. ლიანოვი ინგუშების უფლებების დამცველი საზოგადოება «მემორიალის» წარმომადგენელია ევროპაში. 31 ოქტომბერს ბრიუსელში დაგეგმილი მანიფესტაციის ერთ-ერთი ინიციატორიც ის არის.
გთავაზობთ ინტერვიუს იბრაჰიმ ლიანოვთან:
- ცნობილი ინგუში ჟურნალისტისა და ჩემი მეგობრის სიკვდილს არაფრით არ შეიძლება, უბედური შემთხვევა დაარქვა. როცა კაცი ხელისუფლების მოწინააღმდეგეა და ის «უბედური» შემთხვევის მსხვერპლი ხდება, წარმოუდგენელია, მკვლელობის გარდა, ამას სხვა რამ უწოდო. ყველასთვის კარგად არის ცნობილი რუსეთის ხელისუფლების ანგარიშსწორების ხერხები. რუსეთში კაცი, რომელიც სიმართლის თქმას გაბედავს, სასიკვდილოდ არის განწირული.
26 აგვისტოს ინგუშებმა ბელგიაში მიტინგი გავმართეთ. ევლოევმა ამ აქციის შესახებ რეპორტაჟი მოამზადა. ამ მიტინგს მაშინ ქართველებიც შეუერთდნენ. ბელგიიდან რუსეთში დაბრუნებულ ევლოევს კი საფეთქელში მოხვდა «შემთხვევითი» ტყვია. როგორც ჩემთვის, ასევე ინგუში ხალხისთვის მიუღებელია ეს ვერსია. როგორ შეიძლება ასეთი შემთხვევითობის მსხვერპლი გახდეს დაკავებული ადამიანი, რომელიც პოლიციის მანქანაში იჯდა? ევლოევი მოკლულია და ამაში ეჭვი არც ერთ საღად მოაზროვნეს არ ეპარება.
- რა ხდება ახლა ინგუშეთში?
- ინგუშეთში ომია. ნაზრანში, მალგობეკსა და თითქმის ყველა ქალაქში სამხედრო ნაწილებია მობილიზებული. ატარებენ ინგუში ხალხის განადგურების ოპერაციას. ყოველდღიურად იტაცებენ, ხოცავენ, აპატიმრებენ პატრიოტ ინგუშებს. ინგუშეთის პრეზიდენტი ზიაზიკოვი პირდაპირ პუტინს ექვემდებარება და მის დავალებებს ასრულებს. გულუბრყვილობა იქნება, მხოლოდ ზიაზიკოვს დააბრალო ის, რაც ინგუშეთში ხდება. მოსკოვში მოკალათებულმა კრიმინალურმა მთავრობამ კავკასიელი ხალხებისათვის ერთხელ და სამუდამოდ ჭკუის სწავლება გადაწყვიტა, - ჯერ ქართველი ხალხის დაჩოქება მოინდომა, ახლა კი ინგუშებს მიადგა. უკვე მოსკოვშიც იტაცებენ და ხოცავენ ინგუშებს.
რუსეთს დაგეგმილი აქვს, ინგუშეთი ჩეჩნეთს შეუერთოს. ჩვენ და ჩეჩნებიც ამის კატეგორიულად წინააღმდეგი ვართ. მართალია, მოძმე ერები ვართ, მაგრამ ჩვენ-ჩვენი ადათები, ქვეყანა და მიწა გვაქვს. ორ ძმასაც კი არ შეუძლია ერთ სახლში ცხოვრება. ჩეჩენი თავის სახლში უნდა ცხოვრობდეს, ინგუში - თავისაში, მაგრამ ეს არ გამორიცხავს ძმობასა და მეგობრობას.
- თქვენ ევროპაში სხვადასხვა სტრუქტურასთან აწარმოებთ მოლაპარაკებებს. კონკრეტული წინადადებები ან მხარდაჭერა თუ გაქვთ ევროსტრუქტურებისგან?
- კავკასიელი ხალხები უნდა გაერთიანდნენ. არ უნდა ველოდოთ, როდის მოინდომებს ამერიკა ან ევროპა ჩვენს გაერთიანებას. კავკასიელები საუკუნეების განმავლობაში დამკვიდრებული საუკეთესო ტრადიციების მატარებელი ხალხი ვართ. ჩვენი უხუცესები ყოველთვის პოულობდნენ კრიტიკული სიტუაციიდან გამოსავალს. ერთმანეთს რაც შეიძლება ხშირად უნდა ველაპარაკოთ და საერთო ენა გამოვნახოთ.
- კავკასიელების მთავარ პრობლემად სწორედ საერთო ენის გამონახვა იქცა და ესეც რუსეთის დამსახურებაა.
- რუს ხალხთან პრეტენზია არა მაქვს. ამ ხალხს თავისი გაჭირვება აქვს. რუსეთის ფედერაციას დღეს დანაშაულებრივი დაჯგუფება მართავს პუტინის მეთაურობით. რა თქმა უნდა, ამ საერთაშორისო დამნაშავეების ბანდას ხელს არ აძლევს მშვიდობა კავკასიაში. მტრის ხატი სჭირდებათ, რომ დაფარონ თავიანთი დანაშაულებრივი საქმიანობა. ქურდობა, რეკეტი, მკვლელობები, სიღატაკე, რომელიც დღეს რუსეთის ფედერაციის დიდ ნაწილში სუფევს, აუცილებლად გამოიწვევს უკმაყოფილებას რუს ერში, ამიტომ ასეთ ვითარებაში ხალხის ყურადღების გადართვა კავკასიელ «ბარბაროსებზე» საუკეთესო გამოსავალია.
- საქართველოში ზოგს ჰგონია, რომ რუსეთთან თანაცხოვრება მომგებიანი იქნება ჩვენთვის. საინტერესოა, როგორია ცხოვრების დონე ინგუშეთში?
- რა ცხოვრება შეიძლება გვქონდეს? მართალია, რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში ვართ, მაგრამ რუსები თავიანთ მოქალაქეებად არ გვთვლიან. «Лица кавказской национальности» - მხოლოდ ეს შეურაცხმყოფელი ფორმულირება ემეტებათ ჩვენთვის. ინგუშეთის მოსახლეობის 85% უმუშევარია და სიღატაკეში ცხოვრობს. ძალოვანი სტრუქტურები ძალზე ავიწროებენ ინგუშ ხალხს. ოსური, რუსული თუ ჩეჩნური სპეცსამსახურები, როგორც მოესურვებათ, ისე იქცევიან ინგუშეთში.
- როცა ლაპარაკია კავკასიაში რუსეთის გავლენის შესუსტებაზე, ცხადია, კავკასიელი ხალხის ერთიანობის გარეშე არაფერი გამოვა. ვისი იმედი გაქვთ ამ ბრძოლაში, როგორ გგონიათ, ჩეჩნები და დაღესტნელები გვერდით დაგიდგებიან?
- მთელმა მსოფლიომ იცის, რას აკეთებს დღევანდელი ჩეჩნეთის პრეზიდენტი, მაგრამ ის მოსკოვს სჭირდება და თვალს ხუჭავენ. იმედია, ჩეჩენი მოძმე ხალხი მოძებნის გზას თავისუფლებისაკენ.
31 ოქტომბერს ბრიუსელში ფართომასშტაბიანი მანიფესტაციის ჩატარებას ვაპირებთ. ეს აუცილებლად იქცევა ისტორიულ მოვლენად, რადგან უკვე აშკარაა, რომ კავკასიელი ხალხები ან ახლა უნდა გადავრჩეთ, ან დავიღუპოთ. 16 წელი შესრულდა ვლადიკავკაზში ინგუში ხალხის გენოციდიდან, 16 წელია რუსეთის ფედერაციამ «ვერ» გადაწყვიტა ინგუში ლტოლვილების საკითხი. სასაცილოა, როცა ბატონი პუტინი და მედვედევი ცდილობენ, სხვა ქვეყნის საქმეებში ჩაყონ ცხვირი, სხვას «გადაუწყვიტონ « პრობლემები, როცა თავიანთ ქვეყანაში თავდაყირა აქვთ ყველაფერი.
- აქციით რის მიღწევას გეგმავთ?
- აქციის მიზანია, გავაგებინოთ მსოფლიოს, რა ხდება ინგუშეთში, რა ხდება მთელ კავკასიაში. \გვინდა დავანახვოთ, რომ კავკასიელ ხალხებს არაფერი გვაქვს გასაყოფი, რომ ჩვენ ვართ კავკასიის კანონიერი მცხოვრებლები და არავისთვის არაფერი წაგვირთმევია.
იმას, რაც საქართველოში ხდება, ვერაფერს დავარქმევ გენოციდის გარდა. რუსეთის ხელისუფლებამ ქართველ და ინგუშ ხალხს გენოციდი მოუწყო.
ყველა კავკასიელი მოვიწვიეთ მიტინგზე - ჩეჩნები, ქართველები, დაღესტნელები... ევროპარლამენტში უკვე იციან, რომ კავკასიელებს საერთოკავკასიური სახლის შექმნა გვაქვს გადაწყვეტილი. ჩვენს ქართველ ძმებთან ერთად საკმაოდ კარგი გეგმა შევიმუშავეთ. ვმუშაობთ კავკასიური სახლის გერბისა და დროშის შექმნაზეც.
- რაზე გქონდათ საუბარი ევროკავშირის წარმომადგენლებთან?
- ჩვენი წინადადებები და გეგმები გავაცანით ევროკავშირს. რაღა დაგიმალოთ და, ევროკავშირი ძალზე პასიურია. ევროპელები დაბნეული და შეშინებული არიან. გმობენ რუსეთის აგრესიას, მაგრამ მოქმედების დაწყება უჭირთ. ადამიანის უფლებების დაცვა, დემოკრატიული განვითარება - ამ პრინციპების დაცვა ევროპის ვალია, მაგრამ როგორ იქცევა? რა გამოდის, თუ ვინმე უსამართლოდ იქცევა, მაგრამ ძლიერია, უფლება აქვს, დაჩაგროს მართალი, მაგრამ სუსტი? სად არის ადამიანების უფლებების დაცვისა და დემოკრატიის მედროშე ევროპა?! კავკასიელებმა თავს თუ არ მივხედეთ, თუ არ გვინდა, ჩვენი ცოლები და დედები ტიროდნენ, ჩვენს შვილებს ხოცავდნენ, ფეხზე უნდა დავდგეთ და ერთ მუშტად შევიკრათ.
- ეს იდეა ჯერ კიდევ დიდ ქართველ მოღვაწეს ილია ჭავჭავაძეს ჰქონდა, მერე ზვიად გამსახურდიას, მაგრამ ეს ოცნება განუხორციელებელი დარჩა. თქვენ როგორ აპირებთ ამ საქმის ბოლომდე მიყვანას?
- აქტიურად ვმუშაობთ კავკასიელ თანამოძმეებთან. არც რუსმა, არც ამერიკელმა და არც ევროპელმა არ იცის, კავკასიაში ვის რა მიწა და ტერიტორია ეკუთვნის. ჩვენზე უკეთ ეს არავინ იცის. გადარჩენის სხვა გზა აღარ დაგვრჩა.
ცხრა წელიწადია ემიგრაციაში ვარ, ნოსტალგია მკლავს. ცხრა წელიწადია ვცდილობ, დავუმტკიცო ევროპელებს, რომ ჩვენ ტერორისტები და «Kბწფ რფდრფპცრჯქ ყფწბჯყფკმყჯცნბ» კი არა, განათლებული და კულტურული ხალხი ვართ.
საქართველოს ოკუპაციამ ევროპის გამოფხიზლებას აშკარად შეუწყო ხელი, მაგრამ წინ კიდევ მძიმე და ხანგრძლივი ბრძოლა გვაქვს. უნდა ვაიძულოთ ევროპა და მთელი მსოფლიო, შეაჩერონ მონსტრი, რომელსაც რუსეთი ჰქვია.
- ევროპელები ფიქრობენ, რომ კავკასიელები ტერორისტები და ჩამორჩენილი ხალხი ვართ?
- რუსებმა მთელ მსოფლიოს შეუქმნეს აზრი, რომ კავკასიელები ველური, გაუნათლებელი და საშიში ხალხი ვართ. ევროპა ახლა იწყებს ისტორიის შესწავლას, ახლა იწყებს იმის გარკვევას, სინამდვილეში ვინ ვინ არის.
ბრიუსელში, ევროგაერთიანების შენობაში, 27 ქვეყნის წარმომადგენელი ზის. სწორედ მათ უნდა დაინახონ, რომ ვარსებობთ, ვიბრძვით. სამწუხაროდ, ჩვენ ძალიან ცოტანი ვართ და ვერ მოვახერხებთ იმას, რაც ქართველმა ხალხმა შეძლო, მაგრამ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და არ შევწყვეტთ, სანამ ერთი ინგუშიც კი იარსებებს.
ხათუნა პაიჭაძე
This post has been edited by biarritz on 27 Oct 2008, 20:56
|