კითხვები რომელსაც მერაბიშვილმა არ უპასუხა
სიახლე — თავფურცელი
15:34 24.10.2008
ვანო მერაბიშვილი: ”როკის გვირაბის ასაფეთქებელი საავიაციო ჭურვები საქართველოს არ გააჩნია”
ვერსია პრინტერისთვის •
დაამატე რჩეულებში •
[“რეზონანსი”]
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ინტერნეტ-ფორუმში აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით მოქალაქეების კითხვებს უპასუხა. დაახლოებით ათასამდე მომხმარებელი მინისტრს სამი საათის განმავლობაში უსვამდა შეკითხვებს.
იყო კითხვები, რომელსაც პასუხები საკმაოდ ამომწურავად გაეცა, თუმცა ძალიან ბევრი კრიტიკული შეკითხვა პასუხგაუცემელი დარჩა.
პირველი შეკითხვა, რომელსაც შს მინისტრმა უპასუხა, აგვისტოს მოვლენების დროს მის ადგილსამყოფელს ეხებოდა.
მერაბიშვილის თქმით, ის და თავდაცვის მინისტრი ცხინვალსა და გორში იმყოფებოდნენ. მინისტრმა ასევე დასძინა, რომ არ არის გამორიცხული უახლოეს მომავალში საომარი ვითარების გართულებაც.
მერაბიშვილმა ცხინვალში შექმნილ ვითარებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ცხინვალის რეგიონში რუსებმა დამატებით 2000 სამხედრო შეიყვანეს და მოსახლეობის ევაკუაციაზე ინფორმაცია დაადასტურა.
ამასთან, მინისტრმა ბოლო ინფორმაციაც მიაწოდა ფორუმის მონაწილეებს და განაცხადა, რომ გუშინ ახალგორში რუსებმა დამატებითი ძალები შეიყვანეს, ამჟამად, იქ 15 ტანკი, 40 ჯავშანტრანსპორტიორი და 4 ვერტმფრენი იმყოფება.
ასევე, მინისტრმა ისაუბრა იმ სამხედრო ოპერაციის მიზანზე, რომელიც აგვისტოში ჩატარდა და განაცხადა, რომ მთავარი მიზანი რუსული აგრესიის შეჩერება და დიდი და პატარა ლიახვის ხეობაში ალყაში მოქცეული და საფრთხეში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გადარჩენა იყო.
მინისტრმა ასევე უპასუხა შეკითხვასაც, თუ რატომ ვერ მოხერხდა აგვისტოს მოვლენებამდე საერთაშორისო დამკვირვებლების კონფლიქტის ზონებში შეყვანა. მისი თქმით, ომამდე საერთაშორისო საზოგადოების ინტერესი გაცილებით ნაკლები იყო, ვიდრე შემდეგ. მისი თქმით, სამწუხაროდ, საქართველოს დასავლელმა პარტნიორებმა არ დაიჯერეს ჩვენი გაფრთხილება რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ.
“რეზონანსის” შეკითხვაზე, თუ რა სტარატეგიული შეცდომები დაუშვა ქართულმა მხარემ, მინისტრმა განაცხადა, რომ ამჟამად ქართული მხარე სამხედრო მოქმედებების მიმდინარეობას აანალიზებს და ზუსტი პასუხის გაცემას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება.
“რეზონანსის” შემდეგ შეკითხვა იყო, თუ რატომ არ მოხდა როკის გვირაბის
ბლოკირება, რათა რუსულ არიას საქართველოში შემოჭრის გზა არ ჰქონოდა, რადგან ვრცელდებოდა ცნობა რომ როკის გვირაბი იმიტომ არ ააფეთქეს, რომ რუსეთს თბილისი არ დაებომბა.
მინისტრის თქმით, როკის გვირაბის ასაფეთქებელი საავიაციო ჭურვები საქართველოს არ გააჩნია, ხოლო რუსებმა როკის გვირაბი უკვე 6 აგვისტოდან აიყვანეს კონტროლზე.
გარდა ამისა, მინისტრის თქმით, როკის გვირაბს გააჩნია ალტერნატივა, როკის უღელტეხილზე გადის საავტომობილო გზა, რომელიც კარგად ფუნქციონირებს მაისის დასაწყისიდან ნოემბრის ბოლომდე. აღნიშნული გზა გამოიყენებოდა როკის გვირაბის აშენებამდე, ანუ 70-იანი წლების ბოლომდე.
ფორუმის მონაწილეები დაინტერესდნენ, თუ რატომ არ იქნა გამოტანილი საბრძოლო ტექნიკა და ტყვიაწამალი საქართველოს იმ სამხედრო ბაზებიდან, რომლებშიც რუსები შევიდნენ.
მინისტრის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაწილებიდან დაიკარგა მხოლოდ რამოდენიმე კომპიუტერი, კონდიციონერი, უნიტაზები და ავეჯი, მათ შორის ფაქსი. საბრძოლო მოქმედებების დროს შსს-მ დაკარგა 70-დან 2 ჯავშნიანი ავტომობილი და 2 “პიკაპი” და 4 “უაზი”.
- “რუსებმა გორის სამხედრო ბაზიდან წაიღეს ომის დროს ცხინვალში დაზიანებული და გორში შესაკეთებლად ჩამოტანილი ტექნიკა”, - განაცხადა მერაბიშვილმა.
მისივე თქმით, გარკვეული რაოდენობა ტექნიკის ომის დროს განადგურდა.
“ფოთის პორტიდან რუსებმა ვერ წაიყვანეს ვერც ერთი გამართული მცურავი საშუალება, ერთადერთი გამართულ მდგომარეობაში მყოფი კატარღა პოლიციამ გზაში დაწვა. ფოთის პორტში ჩაძირული გემებიდან არცერთი არ ფუნქციონირებდა. გამართული მცურავი საშუალებების დიდ ნაწილი ბათუმში და სხვა ადგილებში იქნა გადაყვანილი”, - აცხადებს მერაბიშვილი.
მისივე თქმით, სენაკის ბაზიდან წაღებული ტექნიკიდან მნიშვნელობანი იყო M4 სისტემის ავტომატები. ხოლო “ბუკ”-ის 2 დანადგარი, რომელიც მიყავდათ რუსებს, ქართულმა პოლიციამ ზუგდიდსა და ხამისყურში გაანადგურა.
ასევე მინისტრმა ისაუბრა პრეზიდენზე ტერაქტის მოწყობის ალბათობაზე და აღნიშნა, რომ პრეზიდენტის წინააღმდეგ ტერორისტული აქტების მოწყობის ალბთობა ყოველთვის მაღალი იყო და ასეთად რჩება.
პასუხი გაეცა ასევე ბუფერულ ზონებში გადამწვარი სახლებთან დაკავშირებულ საკითხებს. მერაბიშვილის თქმით, ბუფერულ ზონაებში (ქარელის, გორის, საჩხერის და ხაშურის რნ-ებში) დაზიანებული 1 600 სახლიდან 1 100-ის შეკეთება უკვე დაწყებულია ან დაიწყება უახლოეს დღეებში. იმ სახლების
იმ სახლების მეპატრონეებისათვის კი, რომელიც სრულიად განადგურებულია და ახალ წლამდე არ მოხერხდება მათი აღდგენა, მთავრობა ახორციელებს ფულადი კომპენსაციების გაცემას, რათა მათ ან თვითონ აღადგინონ ან შეისყიდონ სანაცვლო საცხოვრებელი სახლები.
მინისტრმა ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს 6’220 სახლის მშენებლობა, შეკეთება, რემონტი საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. გაყვანილი იქნება გზა, ბუნებრივი აირისა და წყლის სისტემები. თითოეულ იძულებით გადაადგილებულ პირს მთავრობისგან გამოეყოფათ 0,5-1 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, ნაწილი დასაქმდება სამთავრობო, კერძო სტრუქტურებში. გამოიყოფა ყოველთვიური ფინანსური დახმარება. დახმარების ოდენობა და ფორმები უახლოვეს მომავალში დაზუსტდება.
შეკითხვა დაისვა სპეცრაზმელ როინ შავაძის მკვლელობასთან დაკავშირებითაც, თუ რატომ იგვიანებს რეაგირება ამ დანაშაულზე და რატომ არ აპატიმრებენ პოლიციელებს, რომლებმაც, სულ ცოტა, აშკარად გადაამეტეს თავიანთ უფლებამოსილებას.
მერაბიშვილის განმარტებით, ამ საკითხზე გამოძიება მიმდინარეობს და მის ხელთ არსებული ინფორმაციით, იგი დაკავებულ იქნა ნარკოტიკული ნივთიერებების შეძენა-შენახვისთვის. თუმცა, მან ამ საკითხზე დასმულ დამატებით შეკითხვებს არ უპასუხა.
მერაბიშვილმა განაცხადა, რომ აგვისტოს საომარ ოპერაციებში 5000-ზე მეტი პოლიციელი მონაწილეობდა.
- “ომამდე ცხინვალის რეგიონში დავკარგეთ პოლიციის 16 თანამშრომელი, ომის დროს - 14, ომის შემდეგ - 1. აფხაზეთთან ომამდე დავკარგეთ 25 პოლიციის თანამშრომელი და 2 - ომის შემდეგ”, - განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების დიდი ნაწილი გადარჩენილია.
შეკითხვა დაისვა ასევე სამშვიდობოების სარდალ მამუკა ყურაშვილის ადგილსამყოფელის შესახებ. შს მინისტრის თქმით, ის “ალბათ სამსახურშია”.
ასევე მერაბიშვილმა პირობა დადო, რომ აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი კომისიის წინაშე აუცილებლად გამოცხადდება.
შეკითხვები დაისვა ომის დროს ქართულ ავიაციის მოქმედებასთან დაკავშირებით. მინისტრის თქმით, ქართულმა ავიაციამ 8 აგვისტოს დილის 6 საათზე გაანადგურა გუფთის ხიდთან რუსების სამხედრო კოლონა 6 ერთეული დაჯავშნული ტექნიკის შემადგენლობით. ამის შემდეგ საქართველოს საჰაერო სივრცეში და მის სიახლოვეს მუდმივად მორიგეობდნენ რუსული ავიაგამანადგურებლები.
“ამ ვითარებაში ჩვენი მოიერიშე “სუ-25”-ების გაგზავნა მფრინავების გარანტირებულ სიკვდილზე გაშვების ტოლფასი იქნებოდა”, - განაცხადა მინისტრმა.
“რეზონანსის” შეკითხვაზე, თუ რა თანხა დაუჯდა აგვისტოს ომი ქართულ მხარეს და დაახლოებით რამდენი მილიონის სამხედრო ზარალი მივიღეთ, მინისტრმა განაცხადა, რომ საერთაშორისო ექსპერტთა წინასწარი შეფასებით აღნიშნული ზარალი 2,5-3 მილიარდს შეადგენს.
ასევე იყო შეკითხვები შსს-ში არსებულ კორუფციაზე, თბილისში მდებარე საროსკიპოებზე, რომელ საფეხბურთო გუნდს გულშემატკივრობს მინისტრი და რამდენ ხინკალს ჭამს, რაზეც პასუხებიც გაეცა, თუმცა, მთავარი შეკითხვები ბუნებრივია აგვისტოს მოვლენებს შეეხებოდა.
საბოლოოდ მინისტრმა ქართული მხარის მარცხი ცხინვალის რეგიონში და კოდორის ხეობის უბრძოლველად დათმობა კოლოსალური რაოდენობის რუსი ჯარისკაცებისა და ტექნიკის შემოსვლით ახსნა.
ასევე დარჩა მრავალი შეკითხვა, რომელზეც სამწუხაროდ პასუხის გაცემა ვერ ან არ მოხერხდა. მინისტრმა არ უპასუხა შეკითხვებს, რა ღირებულების იყო ფოთში ჩაძირული კატარღები; როდესაც უკან დახევის ბრძანება გაიცა, რატომ გამორბოდნენ ჯარისკაცები უკან და არ იხევდნენ ორგანიზებულად; ან რატომ არ ნაღმავდნენ იმ ადგილებს, საიდანაც მოდიოდნენ.
მერაბიშვილმა არ უპასუხა შეკითხვებს, თუ რატომ მოხდა ოფიცრების მხოლოდ მცირე ნაწილის დაჯილდოება. ასევე - სამხედრო შესყიდვებზე და სამხედრო გეგმებზე პასუხს მინისტრმა თავი აარიდა. ასევე მინისტრმა არ უპასუხა ჩვენს შეკითხვას, მუშაობენ თუ არა ქართული ძალოვანი უწყებები იმ საფრთხის გასანეიტრალებლად, რაც მისი, თქმით კვლავ არსებობს და შესაძლებელია თუ არა თავდასხმის მოგერიება შექმნილი პრობლემებიდან გამომდინარე.
ფორუმის მონაწილეების მხრიდან ისმოდა პრეტენზიები, რომ მინისტრი მხოლოდ არაკრიტიკულ შეკითხვებს პასუხობდა. ასევე მერაბიშვილმა არ უპასუხა იყო თუ არა ომის დაწყების წინააღმდეგი, როდის მოგვარდება ტყვეთა გაცვლის საკითხი.
მიუხედავად იმისა, რომ ფორუმის თემაში არ შედიოდა, მინისტრმა არ უპასუხა იღებს თუ არა საკუთარ თავზე 7 ნოემბრის დარბევის პასუხისმგებლობას, ძალოვნების მხრიდან ძალის გადამეტებას ჰქონდა ადგილი თუ არა. თუმცა ამისგან განსხავებით წარმატებით უპასუხა იმ შეკითხვებს, რომელიც ასევე არ იყო თემასთან კავშირში და რომლებიც მისი უწყების რეფორმირებას შეეხებოდა.
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)