18-23 ოქტომბერი, 2000 წელი
აკაკი ელიავას მკვლელობა გაფრთხილების ზარი იყო!
თითქმის სამი თვის წინ - 9 ივლისს, ზესტაფონის პოლიციის შენობაში პოლიციელებმა ზურგში ტყვიის სროლით მოკლეს აკაკი ელიავა და მისი დაცვის უფროსი გოჩა გვილავა. ხოლო მათი სამი თანამოაზრე იქვე დააპატიმრეს. თანაც ეს ყველაფერი მოხდა ყოველგვარი ურთიერთწინა-აღმდეგობის ვითარებაში - მოკლულები თავიანთი ნებით მივიდნენ პოლიციის სამმართველოში.
ამ უპრეცედენტო აქტს უმალვე კიდევ უფრო გამაოგნებელი ფაქტი მოჰყვა - ეს მკვლელობა დადებითად შეაფასა სახელმწიფოს პრეზიდენტმა ე. შევარდნაძემ, რამეთუ თითქოს ეს მკვლელობა ჩადენილ იქნა მოკლულთა მიერ მძევალთა აყვანის აღსაკვეთად! საიდან უნდა აეყვანა ოთხ კაცს მძევლები, პოლიციელებით სავსე პოლიციის სამმა-რთველოდან?! ახლახან კი გენერალურმა პროკურატურამ ამ ორ მოკლულს და მათ მხლებლებს, რომლებიც მაშინ მოკვლას გადაურჩნენ, ახალი ბრალდებები წაუყენა.
სწორედ ამ ფაქტთან დაკავშირებით შევხვდი აკაკი ელიავას თანამებრძოლის - ზურაბ გვაზავას ადვოკატს სევდია უგრეხელიძეს და აკაკი ელიავას ოჯახის ადვოკატს ეკა ბესელიას.
აი, რა თქვეს ადვოკატებმა:
სევდია უგრეხელიძე:
- ზურაბ გვაზავას ბრალდება ახლახანს, 12 სექტემბერს წარუდგინეს. ეს ბრალდებაა ორი წლის წინ 19 ოქტომბრის ამბოხებაში მონაწილეობა, უკანონო შეიარაღებულ ფორმირებაში მონაწილეობა, იარაღის უკანონო ტარება, მძევლების აყვანა, მკვლელობის მცდელობა, სამშობლოს ღალატი, ამბოხება კონსტიტუციური წყობის ძალადობით შესაცვლელად, ბანდიტიზმი, საბრძოლო მასალის გატაცება და სხვ. აქედან რამდენიმე ბრალდება ორ-ორჯერ მეორდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პირის დანაშაული საგანგებოდ არის დამძიმებული.
- რა გარანტია ჰქონდათ ელიავასა და მის თანამებრძოლებს, რომ მათ უშიშრად გადმოლახეს ცხენისწყალი?
- ყველაზე დიდი გარანტია იყო თავად პროკურატურის განცხადება, რომელიც 30 ივნისს პარლამენტში გაკეთდა და რომლის მიხედვითაც მიიღეს გადაწყვეტილება "ვითარების შეცვლასთან" დაკავშირებით სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 28-ე მუხლის საფუძველზე სისხლის სამართლის საქმის გარკვეულ პირთა მიმართ შეწყვეტის შესახებ, ოღონდ საჭირო იყო იმ პირთა თანხმობა იმაზე, რომ ისინი საქმის შეწყვეტის წინააღმდეგნი არ არიან. სწორედ ამ დოკუმენტის საფუძველზე შეწყდა მაშინ სისხლის სამართლის საქმე ელიავასა და მისი თანამზრახველების მიმართაც, ამიტომაც წამოვიდა უშიშრად და თავისუფლად აკაკი ელიავა თბილისისაკენ, ამიტომაც დაემორჩილა ზესტაფონთან პოლიციელებს და თავისი ფეხით მივიდა ზესტაფონის პოლიციაში, სადაც მას ეს საზიზღარი პროვოკაცია მოუწყვეს...
- ელიავას მკვლელობის შემდეგ შევხვდი გენერალური პროკურატურის გამომძიებელს დავით ზირაქიშვილს, რომელიც ამ საქმეს იძიებდა. მან მითხრა, რომ მთავარი მოტივი ელიავას და გვილავას მკვლელობისა არის მათ მიერ ასანიძის მძევლად აყვანა, თუმცა ვიდეოკადრებზე ეს არ დაფიქსირებულა.
- მართლაც არავითარ მძევლად აყვანას არ ჰქონია ადგილი. ასანიძე დაუპირისპირეს ჩემს დაცვის ქვეშ მყოფ გვაზავას. ასანიძემ განაცხადა, რომ მას თავი მიაჩნდა მძევლად. რას ნიშნავს "მიაჩნდა"? იგი, როგორც სხვა დანარჩენი იქ მყოფნი, თავისუფლად დადიოდა ოთახში, რეკავდა, საუბრობდა. ლაპარაკის ძირითადი თემა იარაღის ჩაბარება იყო. ამ საკითხზე მოილაპარაკეს და პოლიციის შენობიდან გასვლისას მოხდა მათი მკვლელობა. ასე რომ, ასანიძე მძევალი ნამდვილად არ ყოფილა, ოპერაცია კი სხვა არა იყო რა, თუ არა პოლიციის მიერ მოწყობილი ხაფანგი. მათ დრო გაიყვანეს, რათა ელიავას არ შეხვედროდნენ ის პირები, ვისთან შეხვედრასაც იგი მოითხოვდა, ამასობაში მერე უშიშროებაც ჩაერთო საქმეში და სპეცნაზელებმა დახვრიტეს ელიავა და გვილავა.
ამ საქმეში ასანიძე მძევალი კი არ იყო, არამედ იგი ანკესზე წამოგებული მსუქანი ჭიის როლს ასრულებდა, რომლითაც ხაფანგში შეიტყუეს ელიავა და მისი თანამგზავრები... გვაზავა შემთხვევით გადარჩა სიკვდილს, რადგან მას თავში ჩაარტყეს და გათიშეს. როდესაც გონს მოვიდა, როგორც მითხრა, მან გაიგონა რამდენიმე გასროლის ხმა, რაც შეეხება სოსო სანაიას და გია ზარქუას, ისინი სხვა ოთახში იყვნენ, პოლიციამ ისინი თავიდანვე გააცალკევა, თანაც სანაიას იარაღი საერთოდ არ ჰქონია, თუმცა ეს სულაც არ უშლის ხელს პროკურატურას, რომ მას იარაღის ტარებაში წაუყენოს ბრალდება. ზარქუას და სანაიას არც ასანიძე უნახავთ, მაგრამ მათაც ისევე ედებათ ბრალი მის მძევლად აყვანაში. ასე, რომ კომენტარიც კი ზედმეტია.
- 9 ივლისს მომხდარმა მკვლელობამ ჩიხში შეიყვანა ეროვნული თანხმობის პროცესი. ალბათ ეს ხელს აძლევდათ ხელისუფლების სტრუქტურებს. ასე არ არის?
- რა თქმა უნდა, ასეთ ძალებს მუდმივად სჭირდებათ მტრის ხატი, რათა გაგრძელდეს ე.წ. კუდიანებზე ნადირობა... ასეთი მტერები წლების მანძილზე ზვიადისტები იყვნენ! ჩემი შეფასებით, ელიავას მკვლელობამ, კიდევ უფრო გაზარდა დაპირისპირება ხელისუფლებასა და ხალხს შორის, გააჩინა ახალი ჭრილობა, ახალი ანტაგონიზმი, უფრო მეტიც, ამ მკვლელობით სამეგრელოს კიდევ ერთხელ უბიძგეს სხვა კუთხის, კერძოდ - იმერეთის დაპირისპირებისკენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებას სურს საქართველოს დაშლა, ფედერალიზაცია. აკაკი ელიავა კი სეპარატიზმს ეწინააღმდეგებოდა. ელიავა აფხაზეთში იბრძოდა და საქართველოს გამთლიანება სურდა. იგი პატრიოტი იყო, მაგრამ ბუნებით გულუბრყვილო, მიმნდობი იყო და ამიტომაც სჯეროდა, რომ არ არსებობდა ქართველი, რომელსაც საქართველოს ინტერესები არ აღელვებდა.
- თქვენი აზრით, რა მოხდება სასამართლოზე?
- თუ სასამართლო იქნება არატენდენციური, ობიექტური და სამართლიანი და იგი არ გახდება პოლიტიკური თამაშების იარაღი, მაშინ უნდა მოუხსნან ბრალდებულებს აბსურდული ბრალდებები მძევლად აყვანისა და უკანონო ფორმირებაში მონაწილეობის შესახებ, მით უმეტეს, რომ ეს არავითარი უკანონო ფორმირება არ ყოფილა. არის ომის ვეტერანთა კავშირის რეგიონული ორგანიზაცია, კანონიერი და რეგისტრირებული. ასევე უნდა მოეხსნათ ბრალი 19 ოქტომბრის ამბოხებაში მონაწილეობის გამო, სადავო გახდება ალბათ მხოლოდ იარაღის უკანონო ტარების ბრალდება, რადგან თავად საბუთის უფლებამოსილებაა სადავო, თუმცა ელიავას და მის თანამებრძოლებს თავდაცვის მიზნით ნამდვილად სჭირდებოდათ იარაღი.
- ქალბატონო სევდია, რა შეიძლება ეწოდოს იმას, რომ ხუთი კაცი მოიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, შეიტყუეს ხაფანგში და ჯერ კიდევ სასამართლოს მიერ დაუმტკიცებელი ბრალდების გამო დახვრიტეს?
- ამას შეიძლება ეწოდოს ლინჩის წესით გასამართლება, საჯარო დახვრეტა, თვითნებური დასჯა. იგი არცერთი იურიდიულ შეფასებაში, სამართებლივ ჩარჩოებში არ ჯდება, არა, ამას არა აქვს არავითარი გამართლება, მით უფრო, რომ არავითარ მძევლების აყვანას და სხვისი სიცოცხლის ხელყოფას ადგილი არ ჰქონია, არც გაქცევის მცდელობას ჰქონია ადგილი. მით უმეტეს, ისინი ავტომანქანით იყვნენ.
ეს შემზარავი ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ჩვენთან ადამიანის სიცოცხლეს ფასი არა აქვს. ანგარიშსწორებისათვის "სპეცნაზი" გამოიყენეს, როგორც კომუნისტების დროს იყენებდნენ. ამ დაგეგმილ, მიზანმიმართულ, პოლიტიკურ მკვლელობას კი შინაგან საქმეთა მინისტრი თარგამაძე წარმატებით ჩატარებულ ოპერაციას უწოდებს და ტრაბახობს კიდეც ამით!
- ჩვენმა გაზეთმა პირველმა დააყენა საკითხი ამ მკვლელობის გამო შინაგან საქმეთა მინისტრის კახა თარგამაძის თანამდებობიდან მოხსნის შესახებ, თუმცა პრეზიდენტმა იგი დაიცვა.
- ვეთანხმები თქვენს პოზიციას, ეს რეალური და მართებული მოთხოვნაა, რადგან, ჯერ ერთი, ოპერაცია არაკვალიფიციურად იქნა ჩატარებული, მეორეც, ამას უარყოფითი პოლიტიკური შედეგები მოჰყვა: შერიგების ნაცვლად - დაპირისპირება და უნდობლობა!
აღმასრულებელი სტრუქტურის მინისტრი აპოლიტიკური უნდა იყოს, ჩვენი შინაგან საქმეთა სამინისტრო კი, გამუდმებით პოლიტიკურ ინტრიგებშია ჩართული. პრეზიდენტი და მოქალაქეთა კავშირი, როგორც ჩანს, კმაყოფილნი არიან მისი მოღვაწეობით.
პრეზიდენტის იმიჯს ელიავას მკვლელობა არაფერს მატებს.
პირიქით!
დაპატიმრებულებმა ორშაბათიდან შიმშილობა გამოაცხადეს და ამით პროტესტი გამოთქვეს უკანონობისა და უსამართლო ბრალის წაყენების გამო.
ეკა ბესელია:
- გამოძიება ახალი დაწყებული იყო, როდესაც დაფიქსირდა გენერალური პროკურატურის პოზიცია, რომლის მიხედვითაც ელიავას მკვლელობა მოხდა კანონიერად, რადგან მან მძევლად აიყვანა რუბენ ასანიძე. ამით პროკურატურამ დაადასტურა, რომ ელიავას მკვლელობა იყო მიზანმიმართული ქმედება ანუ წინასწარგანზრახული მკვლელობა. იმდენი გონიერება არ ეყო ხელისუფლებასა და მის მორჩილ პროკურატურას, რომ საკუთარი ღირსების დაცვის თვალსაზრისით მაინც აღეძრათ საქმე ელიავას მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით; უფრო მეტიც, მათ გადაწყვეტილება საქმის არაღძვრის შესახებ გამოიტანეს სამი თვის შემდეგ და ეს დადგენილება ჯერაც არ მიმიღია, მხოლოდ წერილი გამომიგზავნა გამომძიებელმა იმის თაობაზე, რომ მიღებულია ასეთი დადგენილება! იმასაც ვერ მივაღწიეთ, რომ ელიავას მხარე სცნონ ამ საქმეში. თურმე ნუ იტყვით და ელიავას მხარე არც დაზარალებულია, არც ბრალდებულია, არც ეჭვმიტანილია, ამიტომაც არ სცნობენ! ელიავასა და გვილავას მიმართ შეწყვეტილია სისხლის სამართლის საქმე, რასაც მე, როგორც ელიავას ოჯახის ადვოკატი და გოჩა გვილავას ინტერესების დამცველი, არ ვეთანხმები.
გამოძიება უნდა გაგრძელდეს და უნდა მოხდეს მათი რეაბილიტაცია! ბოლოს და ბოლოს, გაირკვეს სიმართლე - რა მოხდა 9 ივლისს!
- რამდენადაც მახსოვს, არც თქვენ და არც სამედიცინო ექსპერტს ელიავას ტანსაცმლის ნახვის საშუალება არ მოგეცათ. ახლა შეიცვალა რამე?
- არა, ტანსაცმელს არ გვაძლევენ. თუ შეწყდა სისხლის სამართლის საქმე, მაშინ გაუგებარია, რატომ არ გვაძლევენ ელიავას ტანსაცმელს და მობილურ ტელეფონს, რისი ეშინიათ, რას დაადასტურებს ტანსაცმლის კრიმინალისტიკური ექსპერტიზა, სიმართლეს? ჩადენილ უკანონობას?
- ახლა რას აპირებთ?
- უნდა გავასაჩივროთ საქმის არ აღძვრის დადგენილება. იმედი მაქვს, სასამართლო გააუქმებს ამ გადაწყვეტილებას. თუმცა ასეთ მახინჯ სამართლებრივ სისტემაში წინასწარ რამის თქმა ძნელია. აქ უმეტეს შემთხვევაში ხდება ის, რაც არ უნდა ხდებოდეს: არ სრულდება კანონი! რადგან ეს სისტემა დაკომპლექტებულია არაპროფესიონალი და უპატიოსნო ადამიანებით, მათთვის გაცილებით იოლია კანონის დარღვევა, ვიდრე მისი შესრულება და ამას ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვხვდებით. ამიტომაც არ სჯერა ხალხს მათი!
- როგორც იურისტი, რა შეფასებას აძლევთ ელიავასა და მისი თანამზრახველის ე.წ. ლიკვიდაციის ფაქტს?
- ეს არის განზრახ მკვლელობის კლასიკური ნიმუში, ელიავა იყო პრობლემა, ამიტომაც რჩებოდა ერთი გზა: "არ არის კაცი - არ არის პრობლემა". ამ საქმეში ბევრი ახალი დეტალი და ნიუანსია, რომელიც სასამართლოზე წარმოჩინდება. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ბევრი რამ სასიკეთოდ შეიცვლება.
- როდის გაიმართება სასამართლო?
- ალბათ ორ თვეზე ადრე არა, რადგან 40 ტომზე მეტია გასაცნობი.
- ელიავას ჭირისუფალი დაპატიმრებული პირების განთავისუფლებას ითხოვდა. რატომ არ შესრულდა მოთხოვნა?
- მათი განთავისუფლება პროკურატურის მხრიდან იმის აღიარებას ნიშნავდა, რომ გვაზავას, სანაიას და ზარქუას, ისევე როგორც ელიავასა და გვილავას, ისეთი არაფერი ჩაუდენიათ, რისთვისაც მათი დაჭერა და ლიკვიდაცია იყო აუცილებელი. ვიცოდი, რომ მაქსიმალურად დაუმძიმებდნენ ბრალს ამ ადამიანებს.
- გავიგეთ, რომ ელიავა და გვილავა სიკვდილამდე აწამეს. ექსპერტიზა ადასტურებს თუ არა ამას?
- დიახ, ადასტურებს. მათ წამების ნიშნები აქვთ. გოჩა დიდხანს აწამეს და მერე მოკლეს.
- ძალოვანი სტრუქტურები ამ ფაქტს იმით ამართლებენ, რომ, ბოლოს და ბოლოს, კანონი უნდა აღსრულდეს, მოკლულები კი კანონს არ ემორჩილებოდნენო.
- თუ ქვეყანაში კანონის უზენაესობაა, ნებისმიერი კანონდარღვევა უნდა დაისაჯოს და ყველამ უნდა აგოს პასუხი ჩადენილ დანაშაულზე, მაგრამ ამ საქმეში ნათელია, რომ ხელისუფლება თვით უწყობს პროვოცირებას პირს, იგი არის ხელის შემწყობი იმ დანაშაულში, რომლისთვისაც შემდეგ თვითონვე სჯის. ხელისუფლება ბინძურ თამაშს თამაშობს, მას არაფრად უღირს ადამიანთა სიცოცხლე და ამით ხშირად მანიპულირებს.
http://www.open.ge/00/iberia-spectri/337/337-4.htm