ხვალ, 31 ოქტომბერს ბრიუსელში კავკასიელი ხალხების ფართო გამოსვლები იგეგმება. ჩეჩნების, ინგუშებისა და დაღესტნელების მონაწილეობით
კავკასიური ბუმერანგი
კავკასია«რუსეთს თუ უნდა მთლიანობა შეინარჩუნოს, კავკასია უნდა დატოვოს!» თავის დროზე ერთ-ერთმა მემატიანემ რუსეთის ხელისუფლებას საყურადღებო რჩევა მისცა:
თუ გინდათ, რუსეთმა მთლიანობა შეინარჩუნოს, კავკასია უნდა დატოვოსო. ეს რჩევა მაშინ რუს ხელისუფლებს სასაცილოდაც არ ეყოთ და აგერ უკვე
200 წელია კავკასიელი ხალხი რუსეთისაგან თავის დასაღწევად იბრძვის, მაგრამ რუსეთს კავკასია არ ეთმობა. 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომმა კავკასიაში დიდ ძვრებს მისცა ბიძგი. აფხაზეთისა და ე.წ. "სამხრეთ ოსეთის" (სამაჩაბლოს დამოუკიდებლობის აღიარებით ჩრდილოკავკასიელ ხალხებს იმედი მიეცათ, რომ მიზანს მიაღწევენ. მით უმეტეს, მიაჩნიათ, რომ ისინი უფრო იმსახურებენ დამოუკიდებლობას, ვიდრე აფხაზები ან ოსები.
რუსეთის უღელქვეშ ცხოვრებამ ჩრდილოკავკასიელ ხალხებს ვერაფერი ხეირი დააყარა. დღეს ინგუში ხალხი შეცდომად აფასებს 1991 წელს რუსეთის იმპერიაში მოჩვენებით სახელმწიფოდ შესვლას.
სიმშვიდე არც დაღესტანშია. ამოქმედდნენ იატაკქვეშა საზოგადოებრივი ჯგუფები. საზოგადობათ მცოდნეები მალე მთელი ჩრდილო კავკასიის აფეთქებას ელიან. ჩანს, კავკასიელ ხალხებზე ევროპამაც შეიცვალა აზრი. მათ მოლაპარაკებები დაიწყეს იმ კავკასიელ ერებთან, რომელთაც ადრე რუსეთის შემადგენელ ნაწლებად მიიჩნევდნენ.
31 ოქტომბერს ბრიუსელში კავკასიელი ხალხების ფართო გამოსვლები იგეგმება. ჩეჩნების, ინგუშებისა და დაღესტნელების აზრით, მათი თვითგადარჩენის ერთადერთი გზა გაერთიანებული, ძლიერი კავკასიაა, სადაც ბატონი არა ამერიკელი, რუსი ან ევროპელი, არამედ კავკასიელები იქნებიან.
ინგუშეთი ინგუში იბრაჰიმ ლიანოვი უკვე ცხრა წელია სამშობლოდან გადახვეწილია. ის ორიოდ თვის წინ მოკლული მაჰამედ ევლოევის უახლოეს თანამებრძოლად და მეგობრად ითვლებოდა.
მამულიშვილი მუჰამედ ევლოევილიანოვი ინგუშების უფლებების დამცველი საზოგადოება «მემორიალის» წარმომადგენელია ევროპაში. 31 ოქტომბერს ბრიუსელში დაგეგმილი დართო მსვლელობის ერთ-ერთი წამომწყებია.
გთავაზობთ საუბარს იბრაჰიმ ლიანოვთან: - ცნობილი ინგუში საზოგადო მოღვაწისა და ჩემი მეგობრის სიკვდილს არაფრით არ შეიძლება, უბედური შემთხვევა დაარქვა. როცა კაცი ხელისუფლების მოწინააღმდეგეა და ის «უბედური» შემთხვევის მსხვერპლი ხდება, წარმოუდგენელია, მკვლელობის გარდა, ამას სხვა რამ უწოდო. ყველასთვის კარგად არის ცნობილი რუსეთის ხელისუფლების ანგარიშსწორების ხერხები. რუსეთში კაცი, რომელიც სიმართლის თქმას გაბედავს, სასიკვდილოდ არის განწირული.
26 აგვისტოს ინგუშებმა ბელგიაში შეკრება გავმართეთ. ევლოევმა ამ აქციის შესახებ რეპორტაჟი მოამზადა. ამ შეკრებას მაშინ ქართველებიც შეუერთდნენ. ბელგიიდან რუსეთში დაბრუნებულ ევლოევს კი საფეთქელში მოხვდა «შემთხვევითი» ტყვია. როგორც ჩემთვის, ასევე ინგუში ხალხისთვის მიუღებელია ეს მოსაზრება. როგორ შეიძლება ასეთი შემთხვევითობის მსხვერპლი გახდეს დაპატიმრებული ადამიანი, რომელიც პოლიციის მანქანაში იჯდა?
ევლოევი მოკლულია და ამაში ეჭვი არც ერთ საღად მოაზროვნეს არ ეპარება.
- რა ხდება ახლა ინგუშეთში?
- ინგუშეთში ომია. ნაზრანში, მალგობეკსა და თითქმის ყველა ქალაქში სამხედრო ნაწილებია ჩაყენებული. ატარებენ ინგუში ხალხის განადგურების გეგმას. ყოველდღიურად იტაცებენ, ხოცავენ, აპატიმრებენ მამულიშვილ ინგუშებს. ვლადიმერ პუტინის დანიშნული ინგუშეთის პრეზიდენტი ზიაზიკოვი პუტინის დავალებებს ასრულებს. გულუბრყვილობა იქნება, მხოლოდ ზიაზიკოვს დააბრალო ის, რაც ინგუშეთში ხდება. მოსკოვში მოკალათებულმა დანაშაულებრივმა მთავრობამ კავკასიელი ხალხებისათვის ერთხელ და სამუდამოდ ჭკუის სწავლება გადაწყვიტა, - ჯერ ქართველი ხალხის დაჩოქება მოინდომა, ახლა კი ინგუშებს მიადგა. უკვე მოსკოვშიც იტაცებენ და ხოცავენ ინგუშებს.
რუსეთს დაგეგმილი აქვს, ინგუშეთი ჩეჩნეთს შეუერთოს. ჩვენ და ჩეჩნებიც ამის წინააღმდეგი ვართ. მართალია, მოძმე ერები ვართ, მაგრამ ჩვენ-ჩვენი წესები, ქვეყანა და მიწა გვაქვს. ორ ძმასაც კი არ შეუძლია ერთ სახლში ცხოვრება. ჩეჩენი თავის სახლში უნდა ცხოვრობდეს, ინგუში - თავისაში, მაგრამ ეს არ გამორიცხავს ძმობასა და მეგობრობას.
- კავკასიელი ხალხები უნდა გაერთიანდნენ. არ უნდა ველოდოთ, როდის მოინდომებს ამერიკა ან ევროპა ჩვენს გაერთიანებას. კავკასიელები საუკუნეების განმავლობაში დამკვიდრებული საუკეთესო წეს-ჩვეულების მატარებელი ხალხი ვართ. ჩვენი უხუცესები ყოველთვის პოულობდნენ გამოუვალი ნმდგომარეობიდან გამოსავალს. ერთმანეთს რაც შეიძლება ხშირად უნდა ველაპარაკოთ და საერთო ენა გამოვნახოთ.
- კავკასიელების მთავარ წინაღობად სწორედ საერთო ენის გამონახვა იქცა და ესეც რუსეთის დამსახურებაა. - რუს ხალხთან მოთხოვნა არა მაქვს. ამ ხალხს თავისი გაჭირვება აქვს. რუსეთის იმპერიას დღეს დანაშაულებრივი დაჯგუფება მართავს პუტინის მეთაურობით. რა თქმა უნდა, ამ საერთაშორისო დამნაშავეების ხროვას ხელს არ აძლევს მშვიდობა კავკასიაში. მტრის ხატი სჭირდებათ, რომ დაფარონ თავიანთი დანაშაულებრივი საქმიანობა. ქურდობა, ყაჩაღობა, მკვლელობები, სიღატაკე, რომელიც დღეს რუსეთის იმპერიის დიდ ნაწილში სუფევს, აუცილებლად გამოიწვევს უკმაყოფილებას რუს ერში, ამიტომ ასეთ ვითარებაში ხალხის ყურადღების გადართვა კავკასიელ «ველურებზე» საუკეთესო გამოსავალია.
- საქართველოში ზოგს ჰგონია, რომ რუსეთთან თანაცხოვრება მომგებიანი იქნება ჩვენთვის.
- რა ცხოვრება შეიძლება გვქონდეს?
მართალია, რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში ვართ, მაგრამ რუსები თავიანთ მოქალაქეებად არ გვთვლიან. «Лица кавказской национальности» - მხოლოდ ეს შეურაცხმყოფელი სახელწოდება ემეტებათ ჩვენთვის. ინგუშეთის მოსახლეობის 85% უმუშევარია და სიღატაკეში ცხოვრობს. ძალოვანი სამმართველოები ძალზე ავიწროებენ ინგუშ ხალხს. ოსური, რუსული თუ ჩეჩნური საგანგებოსახურები, როგორც მოესურვებათ, ისე იქცევიან ინგუშეთში.
- მთელმა მსოფლიომ იცის, რას აკეთებს დღევანდელი რუსეთის დანიშნულ ჩეჩნეთის პრეზიდენტი კადიროვი, მაგრამ ის მოსკოვს სჭირდება და თვალს ხუჭავენ. იმედია, ჩეჩენი მოძმე ხალხი მოძებნის გზას თავისუფლებისაკენ.
31 ოქტომბერს ბრიუსელში ფართო მსვლელობის ჩატარებას ვაპირებთ. ეს აუცილებლად იქცევა მოვლენად, რადგან უკვე აშკარაა, რომ კავკასიელი ხალხები ან ახლა უნდა გადავრჩეთ, ან დავიღუპოთ. 16 წელი შესრულდა ვლადიკავკაზში ინგუში ხალხის განადგურებიდან, 16 წელია რუსეთის იმპერიამ «ვერ» გადაწყვიტა ინგუში ლტოლვილების საკითხი. სასაცილოა, როცა ბატონი პუტინი და მედვედევი ცდილობენ, სხვა ქვეყნის საქმეებში ჩაყონ ცხვირი, სხვას «გადაუწყვიტონ « საქმეები, როცა თავიანთ ქვეყანაში თავდაყირა აქვთ ყველაფერი.
- შეკრება-მსვლელობის მიზანია, გავაგებინოთ მსოფლიოს, რა ხდება ინგუშეთში, რა ხდება მთელ კავკასიაში. \გვინდა დავანახვოთ, რომ კავკასიელ ხალხებს არაფერი გვაქვს გასაყოფი, რომ ჩვენ ვართ კავკასიის ძირძველი მცხოვრებლები და არავისთვის არაფერი წაგვირთმევია.
იმას, რაც საქართველოში ხდება, ვერაფერს დავარქმევ განადგურების გარდა. რუსეთის ხელისუფლებამ ქართველ და ინგუშ ხალხს განადგურება მოუწყო.
ყველა კავკასიელი მოვიწვიეთ მიტინგზე - ჩეჩნები, ქართველები, დაღესტნელები...
ევროპარლამენტში უკვე იციან, რომ კავკასიელებს საერთოკავკასიური სახლის შექმნა გვაქვს გადაწყვეტილი. ჩვენს ქართველ ძმებთან ერთად საკმაოდ კარგი გეგმა შევიმუშავეთ. ვმუშაობთ კავკასიური სახლის ნიშნისა და დროშის შექმნაზეც.
- ჩვენი წინადადებები და გეგმები გავაცანით ევროკავშირს. რაღა დაგიმალოთ და, ევროკავშირი ძალზე უმოქმედოა. ევროპელები დაბნეული და შეშინებული არიან. გმობენ რუსეთის ძალადობას, მაგრამ მოქმედების დაწყება უჭირთ. ადამიანის უფლებების დაცვა, სამართლიანი განვითარება - ამ ნიშნების დაცვა ევროპის ვალია, მაგრამ როგორ იქცევა?
რა გამოდის, თუ ვინმე უსამართლოდ იქცევა, მაგრამ ძლიერია, უფლება აქვს, დაჩაგროს მართალი, მაგრამ სუსტი?
- სად არის ადამიანების უფლებების დაცვისა და სამართლიანობის მედროშე ევროპა?!
კავკასიელებმა თავს თუ არ მივხედეთ, თუ არ გვინდა, ჩვენი ცოლები და დედები ტიროდნენ, ჩვენს შვილებს ხოცავდნენ, ფეხზე უნდა დავდგეთ და ერთ მუშტად შევიკრათ.
- ეს აზრი ჯერ კიდევ დიდ ქართველ მოღვაწეს ილია ჭავჭავაძეს ჰქონდა, მერე ზვიად გამსახურდიას, მაგრამ ეს ოცნება განუხორციელებელი დარჩა.
- დაუღალავად ვმუშაობთ კავკასიელ თანამოძმეებთან. არც რუსმა, არც ამერიკელმა და არც ევროპელმა არ იცის, კავკასიაში ვის რა მიწა ეკუთვნის. ჩვენზე უკეთ ეს არავინ იცის. გადარჩენის სხვა გზა აღარ დაგვრჩა.
ცხრა წელიწადია ლტოლვილობაში ვარ, მონატრება მკლავს. ცხრა წელიწადია ვცდილობ, დავუმტკიცო ევროპელებს, რომ ჩვენ მოძალადეები და «ლიცა კავკასკოი ნაციონალნოსტი» კი არა, განათლებული და სულიერი ხალხი ვართ.
საქართველოს დაპყრობამ ევროპის გამოფხიზლებას აშკარად შეუწყო ხელი, მაგრამ წინ კიდევ მძიმე და ხანგრძლივი ბრძოლა გვაქვს. უნდა ვაიძულოთ ევროპა და მთელი მსოფლიო, შეაჩერონ ურჩხული, რომელსაც რუსეთი ჰქვია.
- რუსებმა მთელ მსოფლიოს შეუქმნეს აზრი, რომ კავკასიელები ველური, გაუნათლებელი და საშიში ხალხი ვართ. ევროპა ახლა იწყებს წარსულის შესწავლას, ახლა იწყებს იმის გარკვევას, სინამდვილეში ვინ ვინ არის.
ბრიუსელში, ევროგაერთიანების შენობაში, 27 ქვეყნის წარმომადგენელი ზის. სწორედ მათ უნდა დაინახონ, რომ ვარსებობთ, ვიბრძვით. სამწუხაროდ, ჩვენ ძალიან ცოტანი ვართ და ვერ მოვახერხებთ იმას, რაც ქართველმა ხალხმა შეძლო, მაგრამ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და არ შევწყვეტთ, სანამ ერთი ინგუშიც კი იარსებებს.
ხათუნა პაიჭაძის წერილის მიხედვით