«მე ვიცი ყველაფერი, რატომ ვერ ავიცილეთ კონფრონტაცია»
«რუსეთთან ურთიერთობა დღესვე უნდა დავიწყოთ»
«თქვენი გაზეთის საშუალებით მე მივმართავ მიხეილ სააკაშვილს»
რუსეთში საქართველოს უკანასკნელი ელჩი მისადმი საქართველოს ხელისუფლების მიერ წაყენებულ ბრალდებებს «კვირის პალიტრის» ფურცლებიდან პასუხობს და კატეგორიულად მოითხოვს, აგვისტოს მოვლენების შემსწავლელმა კომისიამ ისიც დაჰკითხოს.
ეროსი კიწმარიშვილი: - საგარეო საქმეთა მინისტრის, ეკა ტყეშელაშვილის განცხადებით, ჩემი თანამდებობიდან გადაყენება უკავშირდებოდა თითქოს ჩემს არაკვალიფიციურობას. მისი თქმით, მე ვიყავი ახალდანიშნული ელჩი და იმ რთულ სიტუაციაში რუსეთში სათანადო კონტაქტების დამყარება ვერ მოვახერხე. ამას კატეგორიულად ვერ დავეთანხმები, ვინაიდან უცხოელმა დიპლომატებმაც კი, რომლებიც რუსეთის ფედერაციაში მუშაობდნენ, კარგად იცოდნენ, თუ რა სამუშაო გავწიე მაის-ივნისში; იმხანად, რამდენიმე ძალზე საჭირო ვიზიტი განხორციელდა საქართველოდან მოსკოვში და პირიქით... მე მთელი ამ გაწეული შრომის შედეგად დავინახე შანსი იმისა, რომ სამხედრო კონფრონტაციის თავიდან აცილების რეალური საშუალება არსებობდა. მე ვიცი, თუ როგორი იყო რუსეთში აშშ-ისა და ევროკავშირის ქვეყნების საელჩოთა პოზიცია ჩვენს აგრესიულ დემარშზე ელჩის გამოწვევასთან დაკავშირებით. მე მთელი ჩემი ელჩობის განმავლობაში, მაქსიმალურად ვცდილობდი თავიდან აგვერიდებინა ეს კონფრონტაცია. აი, ასეთი გახლდათ ჩემი პოზიცია. ამ დროს, ერთ-ერთი პრეტენზია ჩემ მიმართ, რომელიც ეკა ტყეშელაშვილისგან მოვისმინე, უკავშირდება ზუგდიდში მომხდარ ინციდენტს. ალბათ, გახსოვთ, ზუგდიდში რუსი სამხედროები რომ შევიდნენ და უკანონოდ გადაჰქონდათ შეიარაღება. ისინი ქართველმა სამართალდამცველებმა შეაჩერეს და სამხედრო ტექნიკა ჩამოართვეს. ამის შესახებ ვიდეოინფორმაცია გავიდა ტელევიზიებში. მე ვთხოვე ქართველ ჟურნალისტებს, ცოტა სიფრთხილე გამოეჩინათ ასეთი კადრების გაშვებისას. ჩვენმა საგარეო უწყებამ ამის გამო გამაკრიტიკა. არადა, ეს სატელევიზიო კადრები რუსეთის არხებმა იცით, როდის აჩვენეს? მაშინ, როცა შვედეთი-რუსეთის საფეხბურთო მატჩი გადიოდა და შესვენება გამოცხადდა. რუსები თავიანთი გუნდით ძალიან ამაყობდნენ და დიდი ნაციონალური ეიფორია სუფევდა. ასეთი კადრების ჩვენებამ კი დიდი გაღიზიანება გამოიწვია. ამისი შედეგები კი, მეორე დილითვე აისახა რუსეთში ქართველებისადმი დამოკიდებულებაზე. საშინელი ქართველოფობია იგრძნობოდა.
- რით ხსნით იმას, რომ აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი კომისიის სხდომებზე თქვენი დაბარება და დაკითხვა არ ხდება?
- იქიდან გამომდინარე, რომ მე არ მიბარებენ ამ კომისიის სხდომაზე, ბევრი კითხვა გამიჩნდა. მეტიც, კატეგორიულად მოვითხოვ კომისიის სხდომებზე დამიბარონ და მომისმინონ... იმიტომ, რომ მე ვარ იმ პროცესის მონაწილე პირი, რომელიც ივლის-აგვისტოს კონფლიქტს უძღოდა წინ. ყველაფერი ვიცი, თუ რატომ ვერ ავიცილეთ ფართომასშტაბიანი კონფრონტაცია. კომისია თუ ჩემი პოზიციით არ დაინტერესდება, გამოდის, მისი მუშაობა მხოლოდ შოუს დასადგმელად სჭირდებათ.
ჭეშმარიტება უნდა დადგინდეს არა იმიტომ, რომ ეს ვინმეს აკვიატებაა, არამედ იმიტომ, რომ ვინც დამნაშავეა ამ კონფლიქტის დაწყებაში საქართველოს მხრიდან, დაისაჯოს. მეტიც, ასეთმა პირებმა პასუხი უნდა აგონ კანონის წინაშე. მხედველობაში მყავს ძალზე მაღალი რანგის მოხელეები.
- 7 ნოემბერი ახლოვდება. რამდენადაც ვიცი, აპირებდით წერილით მიგემართათ მიხეილ სააკაშვილისთვის...
- დიახ, ვეძებდი რაღაც ფორმას, რომ მისთვის ჩემი სათქმელი მეთქვა... ვფიქრობდი, თუ რამ უნდა გამოიყვანოს ქვეყანა ჩიხიდან. ტელევიზიები აბსოლუტურად არ რეაგირებენ იმაზე, თუ რა ხდება რეალურად. ამიტომ ჩავთვალე, რომ ისევ ეპისტოლარული ჟანრისათვის მიმემართა. ვიცი, თქვენს გაზეთს წაიკითხავს მიხეილ სააკაშვილი, საიდანაც მე მას გამოსავალს ვკარნახობ. პირველ რიგში, მან უნდა აღიაროს, რომ თავისი პრეზიდენტობის ვადაში ვერც აფხაზეთს და ვერც სამხრეთ ოსეთს ვეღარ დაგვიბრუნებს. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, რომელიც სააკაშვილმა რამდენჯერმე გამოაცხადა, როგორც თავისი ცხოვრების, პოლიტიკური მოღვაწეობის მთავარი მიზანი, ვერ შეასრულებს. პრეზიდენტმა ეს უნდა აღიაროს და ბოდიში მოუხადოს ლტოლვილებს, ასევე საქართველოს დანარჩენ მოსახლეობას, რომ ეს პროცესი ასე ცუდად წარიმართა. პირველი, რაც ახლა მას შეუძლია გააკეთოს, არის ის, რომ საფუძველი ჩაუყაროს შემდგომ გზას, საკმაოდ გრძელსა და უმძიმესს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისაკენ. იმ ლტოლვილებს კი, რომლებიც დღემდე დაბრუნებას ელოდებიან, შეუქმნას აქ ღირსეული ყოფისა და ცხოვრების პირობები. მეორე, - ასევე უნდა აღიაროს ხელისუფლებამ, რომ ამ ომმა შექმნა ის სიტუაცია, რომელმაც ნატოში ჩვენი გაწევრების საკითხი საკმაო დროით გადასწია და საქართველოსათვის მაპ-ის მინიჭება უახლოეს პერიოდში მოსალოდნელი არ არის.
ძალზე ბევრი ქვეყანა დღეს ჩვენ განგვიხილავს, როგორც სტაბილურობისათვის საფრთხის მატარებელს. მესამე და მთავარი, რაც უნდა დიდი დანაშაული მიუძღოდეს რუსეთს ქართველი ხალხის წინაშე, უფლება არა გვაქვს საქართველოსა და რუსეთს შორის ავაშენოთ «ბერლინის კედელი». ჩემი აზრით, უზარმაზარი შეცდომაა, რომ რუსეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობაა გაწყვეტილი. ჩვენ ურთიერთობა რუსეთთან დღესვე უნდა დავიწყოთ. თუ ეს ხელისუფლება ამას ვერ მოახერხებს, მაშინ თუნდაც ეუთოს ეგიდით ქართველი პოლიტიკოსები უნდა დასხდნენ სალაპარაკოდ რუსეთის პოლიტიკურ ძალებთან. ქართველი საზოგადოების წარმომადგენლებმა მათ წარმომადგენლებთან ერთად დავიწყოთ ურთიერთობის დარეგულირების მექანიზმის ძებნა. ამის გამო აგენტად გამოცხადებისა არავის უნდა ეშინოდეს.
ასე თუ არ მოვიქცევით, კიდევ უფრო გაიწელება გზა აფხაზეთისა და ოსეთის პრობლემის გადაწყვეტისა და ჩვენი ეკონომიკური კეთილდღეობისაკენ. ხელისუფლებას თუ რეალობის რაციონალური აღქმა საერთოდ გააჩნია და არ დავიწყებია, როგორი პირობებით მოდიოდა ქვეყნის სათავეში 2004 წელს, მაშინ უნდა გააკეთოს ის, რასაც ახლა ვეუბნები. სააკაშვილმა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება შეინარჩუნოს ხელისუფლება, თუ ის ზემოთ დასახელებულ მოქმედებებს განახორციელებს. ჩემი ოცნებაა, ერთხელ მაინც ერთმა პრეზიდენტმა თავისი ვადა დაამთავროს ბოლომდე. ამას ვამბობ მე, ეროსი კიწმარიშვილი, რომელიც თავად ვმონაწილეობდი ისტორიულ პროცესებში, შევარდნაძის წინააღმდეგ მნიშვნელოვან მოქმედებებს ვახორციელებდი. მიხეილ სააკაშვილის დარჩენილი ვადა, რა თქმა უნდა, ვერ იქნება დავით აღმაშენებლის ხანის მსგავსი, თუმცა ახლა ჩვენი ქვეყნისათვის უმჯობესია, მან ეს ვადა ბოლომდე მიიყვანოს.
- თქვენი გათავისუფლების არაოფიციალურ მიზეზად დასახელდა ის, რომ სააკაშვილის საბაკაშვილად «მომნათლავ» მიხეილ ხუბუტიას დაბადების დღე მიულოცეთ, თანაც საელჩოს ოფიციალური ბლანკით...
- მიშა ხუბუტია იყო ის პერსონა, რომელიც საქართველოში მოქმედმა ხელისუფლებამ ჩამოიყვანა. მან ჩადო თითქმის მილიონი დოლარი რუსეთში საქართველოს საელჩოს რემონტისათვის ჯერ კიდევ ჩემს დანიშვნამდე. ეს კაცი, რომელიც ხელისუფლების ერთ-ერთი ფავორიტი ბიზნესმენი იყო და ძალზე დიდ ინვესტიციას დებდა საქართველოში, შემდეგ მტრად გამოაცხადეს იმის გამო, რომ რუსულ-ქართული ურთიერთობების შესახებ თავისი პოზიცია გამოხატა. ჩემი მოსკოვში ჩასვლისას დამხვდა «რუსეთში ქართველთა კავშირის» ხელმძღვანელი, მაღალი მატერიალური შესაძლებლობის მქონე, ზეაქტიური ადამიანი, რომელმაც გამოხატა მზადყოფნა, დამერეგულირებინა საქართველოს ხელისუფლებასა და მას შორის ურთიერთობა. მან დააფინანსა ერთ-ერთი მიღება 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით. უყურადღებოდ მყოფ ქართველებს მიეცათ ამ ღონისძიებაზე დასწრებისა და შეკრების საშუალება. გასაგებია, რომ ძალიან ცდილობდნენ, ჩემთვის რუსეთის აგენტობა დაებრალებინათ, მაგრამ არაფერი გამოუვათ.
მე მართლაც მივულოცე დაბადების დღე მას, ვინც დააფინანსა საქართველოს დღეები და ქართული სათვისტომოს შეხვედრები. რუსეთში მზად ვიყავი ყველასთან ურთიერთობისთვის, გარდა, რა თქმა უნდა, კრიმინალებისა. მაგალითად, ერთხელ უნდა მივსულიყავი მართლაც პატრიოტის, ცნობილი ჟურნალისტის მელორ სტურუას დაბადების დღეზე, მაგრამ გავიგე, რომ იქ ასლან აბაშიძეს ელოდებოდნენ. ამიტომ ხაზგასმით მოვუბოდიშე ბატონ მელორს და მასთან აღარ მივედი. ერთხელ ასევე, ერთ-ერთ ცნობილ ადგილას კიტოვანი ვნახე და მას შემდეგ იქ აღარ მივსულვარ. არ შეიძლება საქმე გვქონდეს ისეთ პერსონებთან, რომელთაც დანაშაული აქვთ ჩადენილი.
- «კვირის პალიტრაში» თქვენთან სკანდალური ინტერვიუს შემდეგ ხშირად ისმოდა ასეთი შეფასება: «გემი იძირება, ვირთხები გარბიან»...
- ხელისუფლების წარმომადგენელთა რეაქცია ჩემთვის გასაგებია. იმიტომ, რომ მათ შესახებ ბევრი რამ ვიცი. რაც შეეხება ოპოზიციის ერთ ნაწილს, მათი გაღიზიანება დაკავშირებულია იმასთან, რომ მათ ოპოზიციონერობა, შეიძლება ითქვას, «პრივატიზებული» აქვთ. იმაზე თუ ლაპარაკობენ, რომ მე გავიქეცი, რადგანაც გემი იძირება... აგერ არის, ბატონო, ეს გემი და ვნახავ ერთი, როგორ მოახერხებენ მის ჩაძირვას. ამდენი წელია ვერ ვხედავ, რომ ვინმემ შეძლოს ხელისუფლების რეალური ოპონირება.
http://www.kvirispalitra.ge/palitra/frp_palitra.htm