Tsira
კოლხი ამორძალი

    
ჯგუფი: Members
წერილები: 3716
წევრი No.: 3625
რეგისტრ.: 17-November 03
|
#11391808 · 3 Nov 2008, 17:35 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
benito-
| QUOTE | | ომის შემდეგ იყო რეპორტაჟი კახეთის მაგ რეგიუნებიდან და ალაპარაკეს ადგილობდივი ოსებიც, არანაირი პრობლემა არ გვქონია ქართველებთან თანაცხოვრების პერიოდშიო |
კი, ჟურნალისტები საკმაოდ აქტიურობენ ამ მიმართულებით. საჭიროა, რომ პოლიტიკოსებმაც უფრო იაქტიურონ და რუსულ/ოსურ დეზინფორმაციას დაუპირისპირონ რეალურ ვითარებაზე ინფორმაცია.
ამ თემაზე აგერ სტატია:
«ვიდრე საქართველოსკენ ზურგით ვიდგებით, ყველას სათითაოდ «მოგვივლის» რუსეთი...»
«ეს ტრაგედია ოსი ხალხის უფროა, ვიდრე ქართველის»
«მინდა ჩემმა ოსებმა გაიგონ!» სისხლის წვიმები რომ გადაივლის და ერთმანეთის გულის ენას უკეთ გავიგებთ, ოსებიც, აფხაზებიც და ქართველებიც ცხადად დავრწმუნდებით პატრიარქის მოწოდების სიმართლეში: - ოსებიც და აფხაზებიც მხოლოდ ქართული სახელმწიფოს წიაღში თუ გადარჩებიანო... ეს გახლავთ ყველაზე ზუსტი პასუხი ცხინვალიდან წამოსული სამდურავისა: - რამ გაგაჩუმათ მანდაური ოსებიო!
დროს ჯერ კიდევ ომის სუნი და ალმური ასდის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ოსთა და აფხაზთა უმრავლესობა გონებით თუ არა, სინდისით მაინც ეთანხმება უწმინდესს. ხილული თუ უხილავი, ცეცხლოვანი საზღვრის «აქეთ» დარჩენილი ოსები, რომლებსაც კოკოითი და მისნაირები ხშირად მოღალატეებად და ეროვნებადაკარგულებად ნათლავენ, ასე ფიქრობენ:
მზია ხეთაგური, პოეტი: - ამ ყველაფერს მასშტაბურად უნდა შევხედოთ, რადგან ის, რაც ყოველი ჩვენგანისთვის პირადი და ძალზე ტრაგიკულია, ისტორიისთვის ხშირად ერთი სტრიქონია ხოლმე.
თუ მომხდარს საღად დავაკვირდებით, არ მგონია, რამე ოსის, ქართველის, რუსის, აფხაზის... კოკოითის, ბაღაფშის, სააკაშვილის ან მავანის ბრალი იყოს. იმიტომ კი არა, რომ ისინი, მეტ-ნაკლებად, დამნაშავენი არ არიან - თავად დრომ მოიტანა ასეთ ხელისუფალთა, ხელმძღვანელთა, რიგითთა, შემთხვევითთა და არაშემთხვევითთა არსებობა... თუ ისინი არა, სხვები მოვიდოდნენ და სწორედ ასე მოიქცეოდნენ. რატომ? იმიტომ, რომ დიდი ხნის განმავლობაში ურწმუნოებას მოვუხარეთ ქედი.
იმის იმედი ნუ გვექნება, რომ ყველაფერი მოკლე ხანში დალაგდება, რადგან ადამიანთა სულებში ჩაიბუდა ისეთმა უცხო ძალამ, რომელიც შინაგანად ღრღნის მთელ თაობებს...
როგორ ფიქრობთ, 17 წლის წინ ოს ბავშვებს რომ ჩაუნერგეს ქართველთა სიძულვილი, დღეს ისინი შეძლებენ ქართველთა სიყვარულს?!
ჩვენ აივაზოვსკის «მეცხრე ტალღის» პერსონაჟებს ვგავართ... ხომ შეუძლებელია, ტალღას უბრძანო, - არ ჩამძიროო?! რაც ახლა ხდება, ესეც სტიქიური უბედურებაა, ოღონდ - სულიერი სტიქიური უბედურება, რომელიც წლებმა, საუკუნეებმა, გარკვეულმა შეცდომებმა, ცოდვებმა და კიდევ ათასმა რამემ მოგვიტანა... ამიტომ, რაც მოხდა, ლოგიკურად მეჩვენება და, სამწუხაროდ, ამ სირთულეების დაძლევას დიდი დრო სჭირდება.
რუსი ხალხი ვახსენე... ისიც მსხვერპლია თავისი იმპერიისა და ყველაზე მეტად მებრალება, რადგან, ჩვენგან განსხვავებით, პატივს თითქმის აღარავინ სცემს.
რუსეთის იმპერია რომ ოსს ეხმარება, ამას იმიტომ კი არ სჩადის, რომ ან ოსი, ან აფხაზი ადარდებს - მას ეს მიწა პოლიგონად სჭირდება და საამისოდ ნებისმიერს გაწირავს - ოსსაც, აფხაზსაც, ქართველსაც და თავად რუსსაც.
მინდა ჩემმა ოსებმა გაიგონ, რომ მათ ყოველთვის გამოიყენებენ მავანნი, ვიდრე ისევ კავკასიურ სახლს არ დავუბრუნდებით. სხვა შემთხვევაში, ცალ-ცალე, ყველა წავაგებთ.
დღეს ყველას, ვინც საქართველოში ვცხოვრობთ, განსაკუთრებული ჭკუა გვმართებს.
- პატრიარქმა ცოტა ხნის წინ ბრძანა, ოსებიც და აფხაზებიც მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოს წიაღში გადარჩებიანო...
- რაღა თქმა უნდა, ჩვენ შორის იმდენია საერთო, იმდენი სისხლია ჩვენს ძარღვებში ერთმანეთისა, რომ ეს დაპირისპირება აბსურდამდე მისულ წინააღმდეგობებს შობს.
უდიდესი იდეოლოგიური სამუშაოა ჩატარებული, ადრე ვთქვი და ვინც გამიგო, ხომ კარგი, - ოსებს ტვინში ბავშვობიდანვე ნაღმები აქვთ ჩადებული, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ ფეთქდებიან-მეთქი.
- ეს ხომ, ფაქტობრივად, თვითმკვლელობაა?
- რაღა თქმა უნდა. ოსებს რუკები და სრულიად გაურკვეველი ისტორია რომ დაუბეჭდეს რუსეთში, შემთხვევითი გგონიათ?! საკუთარი ისტორია (რომელიც ძალიან მდიდარია) ოსმა არც იცის, თორემ არც მისი შერცხვებოდა და არც სხვისი ისტორიის მითვისებას შეეცდებოდა. რად სჭირდება? ეს ხომ ჭეშმარიტებას თანდათან წაშლის და დროის შემდეგ ერთი სახელმძღვანელოც აღარ დარჩება, რომელიც მის ნამდვილ ისტორიასა და ღირსებაზე მიუთითებს. ქართველებისკენ ზურგით დგომით საკუთარ ისტორიას ვასამარებთ. ჩემი საქართველოსადმი ერთგულებით ოსს ვიცავ, რადგან არ მსურს, გადავგვარდეთ. სამწუხაროდ, თუ ასე გავაგრძელეთ, მართლაც გადავშენდებით.
- ვინც თქვენსავით ფიქრობს, მათ ხშირად მოღალატეებად შერაცხავენ ხოლმე...
- მოღალატეები თავისკენ იკითხონ, რადგან შეგნებულად თუ შეუგნებლად თავადვე ღალატობენ საკუთარ თავს, თუმცა, ორივე შემთხვევაში შედეგი ერთი იქნება, - თუ გონს დროზე არ მოვეგეთ, რუსეთი კვლავ ერთმანეთს დაგვახოცვინებს და კარგად «მოგვივლის». აღარ გვაქვს იმდენი დრო, ჩემმა ერმა ეს ვერ გაიგოს და ხელი შეუწყოს ვამპირს, რომელიც ჯერ საქართველოს მოინელებს, შემდეგ ოსებს და აფხაზებს.
ია ხეთაგური-დავითაია, ექიმი: - ახლა დუმილი დანაშაულია და უნდა ვთქვა, რომ ჩემი ერი უფსკრულისკენ მიექანება, ჩვენი გადარჩენა კი, დარწმუნებული ვარ, მხოლოდ საქართველოსთან ერთად არის შესაძლებელი.
დამნაშავე, ჩემი აზრით, არც ოსია და არც ქართველი. ამ ტრაგედიის მიზეზი ის იდეოლოგია გახლავთ, წლების მანძილზე რომ უჩიჩინებდნენ ოსებს.
ადამიანები, რომელთა გვერდითაც ცხინვალში ბავშვობა გავატარე, დღეს რომ ცოცხლები იყვნენ, ავ სიზმარშიც ვერ ნახავდნენ იმას, რაც მოხდა. 16 წელი ვიცხოვრე იქ, თითოეული მისი ხე და კენჭი მიყვარს. 5-6 წლის წინ, მამაჩემის 100 წლის იუბილეზე ჩასულს, აყვავებული, გამწვანებული, თბილი ცხინვალის ნაცვლად დანგრეულ-გაპარტახებული ქალაქი და გასაცოდავებული იქაურები დამხვდნენ.
ეს ტრაგედია ოსი ხალხის უფროა, ვიდრე ქართველის. ოსები ქართველებზე მეტად მებრალებიან, რადგან მცირერიცხოვან ერს გადაშენების მეტი საშიშროება აქვს, საქართველო კი სახელმწიფოებრიობას შეინარჩუნებს და არ დაიღუპება. დარწმუნებული ვარ, ოსთა ჯანსაღი ნაწილი ჩემსავით ფიქრობს და მშვენივრად აცნობიერებს, რომ ქართველების გარდა გულშემატკივარი არავინ გვყავს.
რაც მოხდა, 90-იან წლებში, ზვიად გამსახურდიას გაპრეზიდენტების შემდეგ კი არა, გაცილებით ადრე მზადდებოდა. ახლა დუმილის დრო არ არის. ამაზე ხმამაღლა უნდა ვილაპარაკოთ.
ნაირა ბეპიევა, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საზოგადოებრივი მაუწყებლის ოსური «მოამბის» რედაქტორი: - კავკასიელებს უამრავი რამ გვაერთიანებს, ყველაზე მეტად კი - მართლაც ძვალ-რბილში გამჯდარი ურთიერთსიყვარული და ძმობა... კავკასია, მიუხედავად სიჭრელისა და სირთულისა, ტრადიციულად, კონსოლიდირებული იყო, თბილისი კი - მისი ცენტრი... აქ ბევრი რამ ერთიანდებოდა, თუმცა, სამწუხაროდ, ბოლოდროინდელმა მოვლენებმა თბილისს ეს ფუნქცია დააკარგვინა.
კავკასიური სივრცე ბუნებრივად იტევდა ამ რეგიონის მკვიდრთა მშვიდობიან თანაცხოვრებას და თანამშრომლობას. ვიმედოვნებ, გონივრული პოლიტიკის შედეგად კავკასია კვლავ აღიდგენს ძველ კავშირებს.
მართალია, ჯერაც საომარი ვითარებაა და ამაზე საუბარი რთულია, მაგრამ, მჯერა, ყველაფერი მშვიდობიანად მოგვარდება. ჩემთვის და ჩემნაირებისთვის, რომელთათვის მომხდარი უდიდესი ტრაგედიაა, ეს უპირველესი ამოცანაა.
ყოველთვის მქონდა კავშირი ქართველებთანაც და ოსებთანაც. ამდენი შერეული ოჯახი ხომ იმას ნიშნავს, რომ ამ ორ ერს ერთმანეთი ძალიან უყვარს! ჩვენ ერთმანეთის გარეშე გზა არ გვაქვს. საბედნიეროდ, ეს კავშირი ხელოვნური კი არა, ბუნებრივია.
ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს საშინელი ტრაგედია ოსებისთვისაც და ქართველებისთვისაც ოდნავ მაინც ასატანი გავხადო.
ერნა ჯიოევა, დიასახლისი: - მე და ჩემნაირები მიწაში ჩამარხულ ზარებს ვგავართ, რომლებიც სადაცაა, დასკდებიან... ორმაგი ვარამი გვაქვს, ჩვენ ხომ კავკასიელები ვართ, უპირველესად კი - ქრისტიანები, რომლებიც ყურს უნდა უგდებდნენ დედაეკლესიას. რაც პატრიარქმა ბრძანა, ეს არის ჩემი და ჩემნაირების სათქმელი... ან ვახსოვდით საერთოდ, ახლა რომ გვემდურებიან, - რატომ ხმას არ იღებთო? ხეობაში ხშირად შევსულვარ, იქაური სოფლების ოსებთანაც მისაუბრია და ვერ წარმოიდგენთ, რა საღად აზროვნებს უბრალო ოსი მოსახლეობა, მაგრამ ეს ხმა ისევ ომის კაკაფონიამ ჩაახშო...
მოღალატეები ხართო, - კოკოითისნაირები გვეუბნებიან, - ვის ვუღალატეთ? მათ რომ არ ვუკრავთ კვერს და ბრმებივით არ მივყვებით გზას არსაით, იმიტომ?! შეცდომა ქართველებსაც ბევრი ჰქონდათ და ოსებსაც, მაგრამ ამას უნდა გადავაყოლოთ ერთმანეთი?
მანანა ტუაევა
მოამზადა ინგა ჯაყელმა ,,კვირის პალიტრა" №43(713) 27ოქტომბერი -2 ნოემბერი 2008
--------------------
,,არწივი ვნახე დაჭრილი, ყვავ-ყორნებს ეომებოდა" ....
|