რუსული ფლოტი - ახალი კატასტროფა
სიახლე — თავფურცელი
13:14 09.11.2008
რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტში ასეთი წყალქვეშა ნავების მხოლოდ ერთი ტიპია წარმოდგენილი. ფოტო: Щука-ს ტიპის წყალქვეშა ნავი, warships.ru
ვერსია პრინტერისთვის •
დაამატე რჩეულებში •
[კახა კაციტაძე]
8 ნოემბერს საღამოს სერიოზული ავარია მოხდა რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტის ატომურ წყალქვეშა ნავზე. ავარიის შედეგად ოცი ადამიანი (მათ შორის 14 სამოქალაქო პირი) დაიღუპა, 21 ადამიანი ევაკუირებულია, დანარჩენების ბედი უცნობია.
რუსული საინფორმაციო წყაროების და ოფიციალური პირების ცნობით ატომური წყალქვრშა ნავის ბორტზე 208 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის 81 სამხედრო მოსამსახურე. რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლის თანაშემწის იგორ დიგალოს განცხადებით ავარიის მიზეზი გახდა ის, რომ მოულოდნელად თვითნებურად ჩაირთო ხანძრის ჩაქრობის სისტემა, რასაც როგორც ჩანს, ატომური წყალქვეშა ნავის ეკიპაჟის წევრები და მის ბორტზე მყოფი სამოქალაქო პირები სრულიად მოუმზადებლები შეხვდენენ.
ოფიციალური ცნობით ამჟამად წყალქვეშა ნავი დიდ ნავსაწინაღო ხომალდ “ადმირალ ტრიბუცი”-ს თანხლებით დროებითი ბაზირების პუნქტისაკენ გადაადგილდება. რუსული წყაროები არაფერს ამბობენ იმაზე, თავისი სვლით მიცურავს წყალქვეშა ნავი, თუ მისი გადაადგილება ბუქსირის მეშვეობით ხდება.
თუმცა, ყველა შემთხვევაში ცხადია, რომ ეს ავარია არ შეიძლება განხილული იქნეს მხოლოდ სამხედრო-ტექნიკური ასპექტით. ის კიდევ ერთი დემონტრაციაა პუტინ-მედვედევის რუსეთის რელური სამხედრო სისუსტისა, აქედან გამომდინარე ყველა შედეგით. სხვაგვარად, ავარიას გარდა სამხედრო-ტექნიკურისა გააჩნია პოლიტიკური განზომილებაც.
რუსეთის ოფიციალური პირები არ ამხელენ დაზიანებული ატომური წყალქვეშა ნავის ტიპსა და სახელწოდებას. თუმცა ის ფაქტი, რომ ბორტზე 81 სამხედრო პირის გარდა, 107 სამოქალაქო პირი იმყოფებოდა მრავლისმეტყველია. ამ ოდენობის სამოქალაქო პირთა შორის ცხადია ტურისტები არ იქნებოდნენ.
ჩვეულებრივ, წყალქვეშა ნავის გამცილებელ სამოქალაქო პირებს შორის ვხვდებით სხვადასხვა სახის ინჟინრებს (ძრავების, რეაქტორების და ა.შ), იარაღის და ტექნიკის სპეციალიტებს, მიმღები კომისიის წევრებს და სხვა. სამოქალაქო პირთა უჩვეულო სიმრავლე ადასტურებს, რომ ეს იყო საცდელი ცურვა, რომლის დასაკვირვებლადაც საჭირო იყო წყალქვეშა ნავზე დიდი ოდენობის სამოქალაქო პირების ყოფნა.
მაშასადამე საქმე შედარებით ახლადაშენებულ წყალქვეშა ნავთან უნდა გვქონოდა. რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტში ასეთი წყალქვეშა ნავების მხოლოდ ერთი ტიპია წარმოდგენილი “ЩУКА-Б” (ნატოს კლასიფიკაციით ამ წყალქვეშა ნავს “ზვიგენი” ეწოდება).
ამ ტიპის ატომური წყალქვეშა ნავების მშენებლობა სსრ კავშირში ჯერ კიდე გასული საუკუნის 80-იან წლებში დაიწყო. მათი ძირითადი ამოცანა იყო ჯერ არაშენებული საბჭოთა ავიამზიდების დაცვა “ლოს-ანჟელესის” ტიპის ამერიკული წყალქვეშა ნავებისაგან, აგრეთვე “თრაიდენტის” ტიპის სტრტეგიული ბალისტიკური რაკეტებით აღჭურვილი ატომური წყალქვეშა ნავების წინააღმდეგ ბრძოლა.
“ЩУКА”-ს წყალზედა წყალწყვა 9800 ტონაა, წყალქვეშა - 12700 ტონა, სიგრძე - 114 მეტრი, ატომური რეაქტორის სიმძლავრე - 43 000 ცხენის ძალა, მაქსიმალური წყალზედა სისწრაფე – 11, 8 კვანძი ( დაახლოებით 22 კმ/სთ), მაქსიმალური წყალქვეშა სიჩქარე - 30 კვანძი (55 კმ/სთ-მდე), ჩაყვინთვის მაქსიმალური სიღრმე - 600მ, ეკიპაჟი - 73 სამხედრო მოსამსახურე. შეიარაღებაზეა 28 ხომალდსაწინაღო რაკეტა, ტორპედო და ნაღმი, რომლებიც შეიძლება გაშვებულ იქნენ ოთხი 650 მმ-იანი და ოთხი 533 მმ-იანი სატორპედო დანადგარებიდან.
საინტერესოა, რომ რუსებმა ამ ტიპის წყალქვეშა ნავების დამზადება მოახერხეს მხოლოდ მაშინ როდესაც იაპონური ფირმა “ტოშიბასაგან” შეიძინეს საჭირო ლითონსაჭრელი ჩარხები, რისთვისაც რეიგანის ადმინისტრაციამ იაპონურ კამპანიას სანქციები დაუწესა. რუსული გამოცემები ამტკიცებენ თითქოს ამ ტიპის წყალქვეშა ნავები არაფრით ჩამოუვარდებოდნენ ამერიკულ “ლოს-ანჟელესებს” და ბრიტანულ “ტრაფალგარებს”, რაც აშკარა ტყუილია.
სხვა რომ არაფერი ვთქვათ, რუსულ ხომალდებს ამერიკულებისგან და ბრიტანულისგან განსხვავებით შეიარაღებაზე არ გააჩნიათ ზეზუსტი ფრთოსანი რაკეტები, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია მოწინააღმდეგის სტრატეგიულ სიღრმეში მდებარე ობიექტების განადგურება.
სულ 1983-1993 წლებში სევეროდვინსკის (ჩრდილო ყინულოვანი ოკეანე) და ამურის კომსომოლკის გემთმშენებელ ქარხნებში ამ ტიპის 20 წყალქვეშა ნავის მშენებლობა გაიშალა. საბჭოთა კავშირის დაშლამ მშენებლობის გეგმებში მნიშვნელოვანი კორექტივები შეიტანა.
სულ აშენდა “შჩუკას” ტიპის 14 წყალქვეშა ნავი (თითოეულ ქარხანაში შვიდი ეგზემპლარი). დარჩენილი ექვსი წყალქვეშა ნავიდან სამი ჩამოწერეს, ორის კორპუსი გამოიყენეს სხვა ტიპის წყალქვეშა ნავების ასაშენებლად (რუსული ფლოტის ვითომცდა გაძლიერების პუტინისეული პიარ-კამპანიის ფარგლებში ეს ხომალდები უახლესი მოდელების წყალქვეშა ნავებად გამოცხადდა, თუმცა ისინი ოკეანეში წესიერად არც გასულან და მათთვის შესაბამისი ტიპის საშტატო იარაღიც კი არ შეურჩევიათ).
ბოლო წყალქვეშა ნავი ზღვაში ჩაუშვეს და იყო ვარაუდი, რომ მას იჯარით ინდოელები აიღებდნენ. რუსებს იმედი ჰქონდათ, რომ ინდოელები 10 წლის იჯარაში 650 მილიონ დოლარს გადაიხდიდნენ. სიტუაციის პიკანტურობა იმაშია, რომ ავარია სწორედ ინდოეთისათვის გადასაცემ წყალქვეშა ნავზე მოხდა, რაც კატასტროფას პოლიტიკურ დატვირთვას მატებს.
მით უფრო მაშინ, როდესაც რუსულმა მედიამ 30 ოქტომბერს მსოფლიოს სიამაყით ამცნო, რომ უახლესმა წყალქვეშა ნავი “ნერპა” (რუსებმა უახლესად მონათლეს ხომალდი, რომლის მშენებლობა 1993 წელს, ანუ თხუთმეტი წლის წინ დაიწყო) ზეწარმატებულ საცდელ ცურვას შეუდგა.
ინდოეთი, რომლის თავდაცვის ბიუჯეტი ყოველწლიურად მნიშვნელოვნად იზრდება, სამხედრო ტექნიკის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ექსპორტიორია. რუსული იარაღის ძირითადი შემსყიდველები ამჟამად ინდოეთი და ჩინეთი არიან. მაგრამ ჩინეთმა სამხედრო მრეწველობის ზოგიერთ სფეროში უკვე მოახერხა ტექნოლოგიურად გაესწრო რუსეთისთის (ეს ეხება ისეთ სფეროებს, როგორიცაა ჯავშანსატანკო ტექნიკა, არტილერია, გარკვეულწილად რადიოელექტრონიკა).
ზოგიერთ სფეროში ჩინელებმა მოახერხეს შესყიდული ტექნიკის ასპროცენტიანი კოპირება და ახლა შეუძლიათ თავად დაამზადონ ეს იგი (მაგალითად, სუ-30-ის ტიპის გამანადგურებლები). ასე რომ, რუსეთს ცისქვეშეთის სამხედრო ბაზარზე დიდი პერსპექტივა არ ესახება.
რუსეთი დიდ კონკურენციას და ჩავარდნებს განიცდის ინდოეთის იარაღის ბაზარზეც. რუსეთმა დაარღვია ავიამზიდ “გორშკოვის” ინდოეთისათვის გადაცემის პირობები, რამაც ინდურ სამხედრო წრეებში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. ეს იმ ვითარებაში ხდება, როდესაც ამერიკელები ინდოელებს უფასოდ სთავაზობენ რუსებეზე ბევრად უფრო ძლიერ ავიამზიდს იმ პირობით, თუ ინდოელები საზღვაო ბაზირების ამერიკულ გამანადგურებლებს შეიძენენ.
ცხარე ბრძოლაა მასალოდნელი 130-მდე გამანადგურებლის შესაძენად გამოცხადებული 10-მილიარდიანი ინდური ტენდერისათვის. მოსალოდნელია, რომ ევროპული “ტაიფუნი”, სპეციალურად ინდოეთისათვის შექმნილი ამერიკული F-16-ის მოდიფიკაცია F-16N და F-18 დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებენ რუსულ “სუ”-ებზე.
მესამე თაობის ინდური ტანკ “არჯუნას” წარმატებული გამოცდა ამცირებს იმის შანსს, რომ ინდოეთი ტ-90-ების მიმდინარე კონტრაქტის დასრულების შემდეგ გააგრძელებს რუსული ტენკების შეძენას (“არჯუნა” თავისი ტექნიკურ-ტაქტიკური მახასიათებლებით აღემატება ტ-90-ს). და ახლა ახალი დარტყმა რუსეთზე - ინდოეთისათვის განკუთვნილი ატომური წყალქვეშა ნავის ავარია, რომლის ბორტზეც აუცილებლად იქნებოდნენ ინდოელი სპეციალისტები.
ნიშანდობლივია ის გლობალური სამხედრო-პოლიტიკური ფონიც, რომლის პირობებშიც მოხდა ავარია. რუსეთმა დიდი პომპეზურობით გამოაცხადა მსოფლიო ოკეანეში დაბრუნების პროგრამა. ატომური რაკეტული კრეისერი “პეტრე დიდი” ვენესეუელის ნაპირებისკენ ჩავესის უძლეველ არმადასთან ერთობლივი მანევრების ჩასატარებლად გაიგზავნა (ყოველი შემთხვევისათვის კრეისერებს თან ბუქსირი გააყოლეს - ვინ იცის რა მოხდება).
სომალელ მეკობრეებთან საბრძოლველად ინდოეთის ოკეანეში დიდი სადარაჯო ხომალდი “ნეუსტრაშიმი” (დასავლური კლასიფიკაციის ფრეგატის შესაბამისი ტიპისა) მიავლინეს. მართალია, სომალის ნაპირთან რუსული ფრეგატის ყოფნამ მეკობრეებს ხელი ვერ შეუსშალა მძევლად აეყვანათ რუსი მეზღვაურები, ხოლო სამხრეთ ამერიკისკენ გაგზავნილი ხომალდების დანიშნულების ადგილზე ჩასვლამდე ამერიკის პრეზიდენტი გახდა ობამა, რომელსაც გამარჯვება მხურვალედ მიულოცა ჩავესმა. ამჟამად რუსული კრეისერები ხმელთაშუა ზღვის სიახლოვეს იმყოფებიან და გაურკვეველია გააგრძელებენ თუ არა ცურვას სამხრეთ ამერიკისკენ.
არსებულ სიტუაციაში ინდოეთისთვის გამიზნულ წყალქვეშა ნავზე მომხდარი ავარია რუსეთისათვის მეტად უსიამოვნო ფაქტია. გარდა იმისა, რომ ინდოეთი უარს იტყვის რუსული მცურავი ჯართის შეძენაზე, მსოფლიოსთვის კიდევ ერთხელ გახდა ნათელი, რა ფასი აქვს რუსეთის “მუხლებიდან წამოდგომის” პუტინ-მედვედევისეულ გაპიარებულ პროგრამას
http://presa.ge/index.php?text=news&i=4717
infinity...