წაგლეჯვა სუდეტურად
1938 წლის სექტემბერში ჰიტლერმა ინგლისისა და საფრანგეთის ლიდერები, რომელთაც ძალიან არ სურდათ ომი, ღია შანტაჟით აიძულა გერმანიისთვის ჩეხოსლოვაკიის ოლქის, სუდეტის გადაცემაზე დათანხმებოდნენ. სანაცვლოდ კი პირობა დადო, რომ ეს გერმანიის უკანასკნელი ტერიტორიული მოთხოვნა იქნებოდა ევროპაში, თან ჩეხოსლოვაკიის დანარჩენი ტერიტორიის მთლიანობის ხელშეუხებლობის გარანტიებს იძლეოდა. მაგრამ 1939 წლის მარტში, სულ რაღაც ნახევარ წელიწადში, გერმანელებმა ჩეხოსლოვაკია ერთ დღეში დაიპყრეს.
გერმანია სრულად აკონტროლებდა კონდრატ ჰენლეინის სუდეტურ-გერმანული პარტიის მოქმედებებს, რომელიც 3,5 მილიონი სუდეტელი გერმანელის მხარდაჭერით სარგებლობდა (ჰიტლერის მთავრობა სუდეტში მცხოვრებ გერმანელებს, ისევე როგორც გერმანიის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ყველა გერმანელს, რეიხის მოქალაქეებად თვლიდა). 1938 წლის 22 მაისს ჰენლეინის მიმდევრებმა პუტჩის ორგანიზება მოაწყვეს, რითაც შეეცადნენ მუნიციპალური არჩევნები სუდეტის რეიხთან მიერთების პლებისციტად ექციათ. იმ დროისათვის ჩეხოსლოვაკიის მთავრობამ მთელი რიგი ღონისძიებები გაატარა სუდეტელი გერმანელებისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში წარმომადგენლობის და განათლების გერმანულ ენაზე მიღების უზრუნველსაყოფად, მაგრამ დათმობებმა მხოლოდ წაახალისეს სეპარატისტები.
პუტჩის ჩახშობის მიზნით, პრაღამ სუდეტში სამხედროები შეიყვანა. მალე ინგლისის შუამავლობით ჰენლეინის პარტიასა და ჩეხოსლოვაკიის მთავრობას შორის მოლაპარაკებები დაიწყო. 5 სექტემბერს პრეზიდენტი ედუარდ ბენეში სუდეტის ავტონომიას დათანხმდა, მაგრამ ჩეხოსლოვაკიის შემადგენლობაში.
12 სექტემბერს, ნიუნბერგში პარტიის სხდომაზე გამოსვლისას, ჰიტლერი პირდაპირ დაემუქრა პრაღას: ”ყოველისშემძლე ღმერთს 7 მილიონი ერი იმისთვის კი არ შეუქმნია, რომ 3,5 მილიონი სუდეტელი გერმანელი დაჩაგროს”, - და გააფრთხილა, ”წამებული” სუდეტელი გერმანელების ზურგს უკან ”შეიარაღებული გერმანელი ერი დგას”. ამ გამოსვლამ სუდეტელი გერმანელების აჯანყების პროვოცირება მოახდინა და ჩეხოსლოვაკიის მთავრობა იძულებული გახდა საომარი მდგომარეობა შემოეღო. პასუხად ჰენლეინმა ულტიმატუმი წამოაყენა ჩეხოსლოვაკიის არმიის გაყვანის, საომარი მდგომარეობის გაუქმების და პოლიციის ფუნქციების ადგილობრივი გერმანული ორგანოებისთვის გადაცემის მოთხოვნით. ჰიტლერი ბერლინში მყოფ ინგლისის ელჩს, ჰენდერსონს დაემუქრა, რომ ჰენლეინის მოთხოვნების შეცვლის შემთხვევაში ომი დაიწყებოდა.
გერმანიის ულტიმატუმით ჩეხებს ულტიმატუმი 28 სექტემბრის დღის 2 საათამდე სუდეტი უნდა დაეტოვებინათ. ამასთან დაკავშირებით ჰიტლერმა განაცხადა: ”მე ბენეშს ჩემი პირობები შევთავაზე და მას სხვა არაფერი დარჩენია, გარდა მისი შესრულებისა, მით უმეტეს, რომ მან ისინი უკვე მიიღო. მშვიდობა თუ ომი - ეს ახლა მხოლოდ მასზეა დამოკიდებული. მან ჩვენი პირობები უნდა მიიღოს და გერმანელებს თავისუფლება მისცეს ან ჩვენ თავად მოვიპოვებთ მას. მე ვიქნები პირველი გერმანელი ჯარისკაცების მწკრივში”.
29 სექტემბერს მუსოლინის წინადადებით სუდეტის კრიზისის მოსაგვარებლად მიუნხენში მოლაპარაკებები დაიწყო. ჩეხოსლოვაკიის დელეგაცია მხოლოდ დიდი სახელმწიფოების მიერ შემუშავებული პირობების მისაღებად მიიწვიეს. მიუნხენის დეკლარაციას ხელი ჩემბერლენმა, დალადიემ, მუსოლინიმ და ჰიტლერმა 30 სექტემბრის დილის 5 საათზე მოაწერეს, ხოლო მეორე დღეს გერმანული ჯარები წინააღმდეგობის გარეშე სუდეტში შევიდნენ. შედეგად, სუდეტის მარშს ”ყვავილოვანი ომი” დაერქვა, რამდენადაც ვერმახტის ჯარისკაცებს ტყვიების ნაცვლად ყვავილების თაიგულებს ესროდნენ, რითაც სუდეტელი გერმანელები თავიანთ განმათავისუფლებლებს ესალმებოდნენ.
განა ეს არ გვაგონებს აფხაზებისა და ოსების აღფრთოვანებულ შეხვედრას რუსის ჯარისადმი?
1938 წლის 5 ოქტომბერს, სუდეტის რეიხთან მიერთების შესახებ ჰიტლერი ამბობდა: ”ჩვენ მოწმენი გავხდით ისტორიის დიადი შემობრუნების. ამ მომენტში ჩვენი თავი უნდა გავიხსენოთ ისეთი, როგორებიც ვიყავით ოცი წლის წინ, როცა მდგომარეობა უიმედო გვეჩვენებოდა, გერმანიისადმი რწმენას ვინარჩუნებდით და არასოდეს გვითქვამს უარი გერმანულ სულზე, უფლებაზე - გვეცხოვრა, როგორც გერმანელებს. ჩვენ ყველანი ვცხოვრობთ დევიზით: ”არავინ მსოფლიოში არ დაგვეხმარება, თუ ჩვენ არ დავეხმარეთ საკუთარ თავს”... მე ახლახანს ვიყავი გათავისუფლებულ რაიონებში და ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ორმა რამემ მოახდინა. მე ხშირად მინახავს ზეიმი, სიხარული და ენთუზიაზმი, მაგრამ აქ პირველად ვნახე ასობით ათასი ადამიანის თვალებში სიხარულის ცრემლები. და ამავე დროს ვნახე საშინელი უბედურება. როცა ინგლისში დაფ კუპერი ან ბატონი იდენი ამტკიცებენ, რომ ჩეხებთან დამოკიდებულებაში უსამართლობა იქნა ჩადენილი, ამ ადამინებმა თავისი თვალით უნდა ნახონ, თუ რა მოხდა სინამდვილეში იქ. როგორ შეიძლება ასე დაამახინჯო სიმართლე! მე ვნახე შიმშილისგან გაწამებული სოფლები, ნანგრევებად ქცეული ქალაქები. ჩემო თანამემამულეებო, თქვენ გევალებათ ღირსების მოვალეობის აღსრულება! მოგვიანებით ისტორიკოსები იტყვიან, რომ გერმანიამ 1938 წელს პატივისცემის ღირსი დიადი ნაციების სტატუსში დაბრუნება დაიწყო”.
დიმიტრი მედვედევმა, როცა საქართველოსთან კონფლიქტზე ლაპარაკობდა, მსგავსი რიტორიკა გამოიყენა (ყველა ციტატი აღებულია პრეზიდენტის საიტიდან): ”ჩვენ უბრალოდ გვინდა, რომ პატივს გვცემდნენ, პატივს სცემდნენ ჩვენს სახელმწიფოს, პატივს სცემდნენ ჩვენს ხალხს, ჩვენს ღირებულებებს... ახლა სამხრეთ ოსეთში მშვიდობიანი ხალხი იღუპება, ქალები, ბავშვები, მოხუცები და მათი უმრავლესობა - რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა. კონსტიტუციის და ფედერალური კანონმდებლობის შესაბამისად, როგორც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, მე ვალდებული ვარ რუსეთის მოქალაქეების სიცოცხლე და ღირსება დავიცვა, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი”.
9 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტი ამტკიცებდა, რომ სამხრეთ ოსეთში ”ჩვენი ამოცანა ჰუმანიტარული კატასტროფის შედეგების დაძლევის ხელშეწყობაა”. ხოლო მეორე დღეს პრემიერი პუტინი აუწყებდა (ან ავალებდა) დიმიტრი მედვედევს სამხრეთ ოსეთში თავის ვიზიტთან დაკავშირებით შემდეგს: ”გულახდილად უნდა გითხრათ, რომ ძალიან მძიმე გრძნობებია. პირველ რიგში, ადამიანები აღმოჩდნენ რთულ ცხოვრებისეულ სიტუაციაში. ესენი ძირითადად არიან ქალები, ხანშიშესული ადამიანები, ბავშვები. მათ უამრავი ტრაგედია ნახეს. მაგრამ რაც განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს, ეს არის ის, რასაც ისინი ყვებიან. ეპიზოდები, რომლის შესახებაც ისინი მე მიყვებოდნენ, ეს უკვე საომარი მოქმდებების ჩატარების გაგების ფარგლებიდან საკმაოდ შორს გადის. ჩემი აზრით, ეს უკვე არის გენოციდის ელემენტები ოსი ერის წინააღმდეგ. და მე ვფიქრობ, რომ მართალი იქნება, დიმიტრი ანატოლევიჩ, თუ თქვენ სამხედრო პროკურატურას დაავალებთ ამ ტიპის მოვლენების დოკუმენტირებას, მით უმეტეს, რომ სამხრეთ ოსეთის ძირითადი მოსახლეობა - რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა. და ის, რაც მე დღეს ლტოლვილებისგან მოვისმინე - ეს, რასაკვირველია, აშკარა დანაშაულია მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ.. ცხინვალს, დასახლებულ პუნქტებს, რბილად რომ ვთქვათ, დარტყმა მიადგა: იქ პრაქტიკულად ყველაფერი განადგურებულია”.
თვალშისაცემია, როგორ მიუთითებს პრემიერი პრეზიდენტს, რა უნდა გააკეთოს. ხოლო პუტინის შთაბეჭდილება თითქმის ზუსტად იგივეა, რაც ჰიტლერს ჰქონდა სუდეტში სტუმრობისას, სადაც სერიოზული ნგრევები, სიმართლე რომ ვთქვათ, არ ყოფილა, რამდენადაც საომარი მოქმედებები არ წარმოებულა. რუსეთის პრემიერს არც პრეზიდენტი ჩამორჩება საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარესთან საუბარში: ”ის მონაცემები, რომლებსაც ჩვენ ვიღებთ, იმას ამტკიცებს, რომ ჩადენილ იქნა დანაშული: ადამიანებს ხოცავდნენ, ტანკებით უვლიდნენ, ყელს ჭრიდნენ”.
დიმიტრი მედვედევს არ დავიწყებია 70 წლის იუბილეს გახსენების დროს მიუნხენის შეთანხმება:”რუსეთი ისტორიულად კავკასიის ხალხების უსაფრთხოების გარანტია. ეს ჩვენი მისია და მოვალეობაა. ამ რეგიონში ჩვენ არასდროს ვყოფილვართ და არც არასდროს ვიქნებით პასიური დამკვირვებლები. საქართველოს ხელისუფლების ქმედებებთან დაკავშირებით მე ვაცხადებდი, რომ ჩვენ მშვიდობის იძულების ტაქტიკას ვირჩევთ გაეროს დადგენილების შესაბამისად. ამგვარ ტაქტიკას აბსოლუტურად ეფექტურად და ერთადერთ შესაძლებლად მივიჩნევთ. და შეგახსენებთ, რომ ისტორიაში არცთუ ისე ცოტა მაგალითი იყო აგრესორის დაწყნარების. სხვათა შორის, 70 წლის წინ ამით იყვნენ დაკავებულნი დასავლეთის ქვეყნები. თქვენ იცით, როგორი ტრაგედიით დასრულდა ის, მხედველობაში მაქვს პირველ რიგში 1938 წლის მიუნხენის შეთანხმების გაკვეთილები. რაც ჩვენს ხელთაა, ყველაფერს გავაკეთებთ, რუსეთი თავის თანამემამულეებს გასაჭირში არ მიატოვებს და რასაკვირველია, სიტუაციის ნორმალიზაციას შეეცდება”.
როგორც ჩანს, რუსეთის პრეზიდენტს არ გაუაზრებია, რომ ნებით თუ უნებლიეთ თავისი ქმედებები ჰიტლერის ქმედებებთან გააიგივა. ფაქტიურად მან აღიარა, რომ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება 8 აგვისტომდე დიდი ხნით ადრე მოხდა. სამხედროებისადმი მიმართვისას, მედვედევმა განაცხადა, რომ რუსეთი ”უკანასკნელ წლებში პირველად დადგა თავისი მოქალაქეების ინტერესების დასაცავად”. გამოდის, რომ სამხრეთ ოსეთი საომარი ქმედებების დაწყებისას რუსეთის მიერ უკვე აღარ განიხილებოდა, როგორც საქართველოს ტერიტორიის ნაწილი.
და კიდევ, ჩვენი პრეზიდენტი იქამდე მივიდა, რომ ”პრაქტიკულად ისტორიაში არ არსებობს მაგალითები, როცა რუსეთის სახელმწიფოს, საბჭოთა სახელმწიფოს, თანამედროვე უახლესი რუსეთის სახელმწიფოს პირველს გაეხსნა საომარი ქმედებები”. ამასთან დაკავშირებით მარტო საბჭოთა სახელმწიფოზე არაერთი უდავო აგრესიული აქტი შეგვიძლია გავიხსენოთ: 1939-1940 წლების ფინეთის ომი, 1956 წლებს უნგერთში და 1979 წელს ავღანეთში შეჭრა.
შესარიგებლად ჩამოსულ საფრანგეთის პრეზიდენტს დიმიტრი ანატოლევიჩმა ფამილარულად განუცხადა: ”ნიკოლა, შენ სწორად მოიქეცი, რომ ჩამოხვედი. გუშინ ტელეფონით გითხარი, რომ მხოლოდ ის აღწევს მიზანს, ვისაც აქტიური პოზიცია უჭირავს”. ჰიტლერმაც სუდეტის კრიზისის დროს, როგორც ვნახეთ ასევე ”აქტიური პოზიცია” დაიჭირა. თუმცა, მოგება მისთვის და სუდეტელი გერმანელებისთვის მტკივნეულად ხანმოკლე აღმოჩნდა. უკანასკნელთათვის შედეგად საქმე ნამდვილი ტრაგედიით დასრულდა (ომის დამთავრების შემდეგ ყველა გერმანელი იძულებით გაასახლეს სუდეტიდან). მაგრამ კიდევ უფრო დიდი ტრაგედია აღმოჩდა ის, რომ აგრესორისადმი საფრანგეთისა და ინგლისის დათმობის პოლიტიკამ, რომლის კულმინაციაც მიუნხენი იქცა, მეორე მსოფლიო ომის გაჩაღებას შეუწყო ხელი (თუმცა აქ სტალინმაც არანაკლები როლი ითამაშა). დასაიმედებლად ისღა დაგვრჩენია, რომ დღეს ევროპა 70 წლის წინანდელ შეცდომას აღარ გაიმეორებს.
http://presa.ge/index.php?text=news&i=4238-----------------------------------------------------------------------------