გაუფასურებული ლარი _ მორიგი სახელისუფლებო ავანტიურა თუ ლადო გურგენიძის ფინანსური მაქინაციები
2008 წლის 11 11, სამშაბათი - 10:39
პარასკევის შემდეგ ლარის კურსი კიდევ უფრო დაეცა და ორშაბათს, 10 ნოემბერს ოფიციალურად 1, 69 დაფიქსირდა. რატომ მოხდა უცაბედი დევალვაცია და როდის დასტაბილურდება ლარი? ეს ჯერ-ჯერობით უცნობია. არადა, ფაქტია: ლარის კურსის 7-ზე მეტი პუნქტით რყევა საგანგაშოა და პანიკის საფუძველიც არსებობს, რადგან ინფლაციის შეჩერება შეუძლებელი ხდება. ექსპერტთა ნაწილი თვლის, რომ ლარის კურსის დაცემა ყოველთვის პოლიტიკური ნიშნით იყო ნაკარნახევი და დღევანდელი ვარდნით ხელისუფლებას ადამიანებში პანიკის დანერგვა სურს. რატომ არ იყენებს ეროვნული ბანკი რეზერვებს და, საერთოდ, არის თუ არა ქვეყანაში რეზერვები?
ნოდარ ჯავახიშვილი, ეკონომიკის ექსპერტი: _ ლარის ვარდნის საფუძველი არ არსებობდა, ვერ ვიტყვი, რა მოხდა, არ ვიცი, ეს ვისი დავალებით მოხდა. ყოველ შემთხვევაში, ეროვნულ ბანკს უნდა ჰქონოდა იმის შესაძლებლობა, რომ სავალუტო კრახი შეეჩერებინა და პარასკევს არ მომხდარიყო ინფლაცია. დანაშაულებრივი ქმედებაა, როდესაც მთელს ეკონომიკასა და მოსახლეობას ტოვებ აბსოლუტურად ცარიელ გზაზე მაშინ, როცა არავინ არაფერი იცის, თუ რა ხდება. ლარის ვარდნის საფუძველი არ არსებობდა და დღეს არაპროგნოზირებადი სიტუაციაა. ყველაფერი უნდა გაკეთებულიყო იმისთვის, რომ ეს პროცესი არ დაწყებულიყო, ბანკებმა კი თვითგადარჩენის ინსტიქტით უზარმაზარი მარჟა დააწესეს. პარასკევს 1,42 იყო და გაყიდვის ფასი აიყვანეს 1, 65-ზე, დღეს კი უკვე 1,80 ადის. ბანკებმა თავიანთი თავი დააზღვიეს. ეროვნულ ბანკს არ უნდა დაეშვა, რომ უპროგნოზოდ და ბედის ანაბარდ მიეტოვებინა ადამიანები. მათ მოსახლეობაში პანიკა დათესეს.
_ თუ ხელოვნურად ხდება ლარის გაუფასურება, ვინ არის ამით დაინტერესებული?
_ ვერ გეტყვით, ეს ვის აწყობდა, პირველ რიგში, ოფიციალურად ხელისუფლებისაგან უნდა მიიღოთ პასუხი, რომელსაც სურდა, მოსახლეობის დაპანიკება. სწორედ პოლიტიკური სარჩული ადევს ლარის ვარდნას, ამით ხალხისათვის სურდათ, ეჩვენებინათ, რომ თუ ჭკვიანად არ მოიქცეოდნენ, ჭკუას ასეთი მეთოდით ასწავლიდნენ.
_ თქვენი აზრით, არსებობდა რეზერვები, რომელსაც ვარდნის შესაჩერებლად გამოიყენებდნენ?
_ უზარმაზარი რეზერვები ჰქონდათ და სად წავიდა, ვოღაცამ ეს უნდა გაარკვიოს. განუკითხაობაა. ეროვნული ბანკი, ფაქტიურად, აღარ არსებობს და ის ფუნქციებიც, რომელიც მას დარჩა, შეზღუდულია და ვერცერთ გადაწყვეტილებას ვერ იღებს. ახლა გადაწყვეტილებას გურგენიძე ღებულობს. წელიწადზე მეტია, ეროვნულ ბანკს პრეზიდენტი არ ჰყავს და მოვალეობის შემსრულებელი ვერ იქნება პრინციპული. იგი ხელისუფლების ყურმოჭრილი მონაა.
_ ლარის კურსის დასტაბილურება მოხდება თუ კურსის ვარდნა გაგრძელდება?
_ ვერაფერს ვიტყვი. არ ვიცი, რა ხდება და რა უნდა ამით ხელისუფლებას? რაც უნდა, იმას გააკეთებს, უბრალოდ, ამით ხალხს უთხრეს, რომ თუ თქვენ მიტინგზე გამოხვალთ, ასეთ დღეში აღმოჩნდებითო. ხელისუფლებამ ის ვერ გათვალა, რომ ამისთანა რამ ეკონომიკაში არ შეიძლება. სამი წლის განმავლობაში ლარი მყარდებოდა და ერთ დღეში მოხდა მისი დევალვაცია, რა თქმა უნდა, ასეთი რამ არცერთ ქვეყანაში არ ხდება და ის, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება, ადამიანებს პანიკის საფუძველს აძლევს.
ემზარ ჯგერენაია, ეკონომიკის ექსპერტი: _ აგვისტოს მოვლენების შემდეგ ვალუტის კურსის ვარდნა მოსალოდნელი და ლოგიკური იყო, რადგან ქვეყანაში შემცირდა იმპორტი, საქართველომ ვერ მიიღო შეპირებული დახმარებები და ამ წყეტას მოჰყა კურსის შეცვლა. ლარი არ არის თავისუფლად კონვერტირებადი, მისი კურსი არ დგინდება ბაზარზე. მთავრობამ როგორც უცხოეთში ფასების ვარდნა შენიშნა ჩათვალა, რომ ლარის კურსი საქართველოში უნდა გაზრდილიყო.
_ შესაძლებელი იყო თუ არა რეზერვების გამოყენება?
_ რეზერვები დიდი ხანია, გამოყენებულია, სწორედ რეზერვების წყალობითაა, რომ დღემდე ლარი ინარჩუნებდა სტაბილურობას, მეტი ინექცია კი არ ჩათვალეს საჭიროდ.
_ რამდეხანს გაგრძელდებას ლარის ვარდნის პროცესი?
_ ამას ლარის ვარდნას არ დავარქმევდი, ლარი დაბრუნდა იმ ნიშნულზე, რომელზეც იყო. დღემდე მას იჭერდნენ, თორემ ლარის რეალური გაცვლითი კურსი 2 და 2, ახლა კი _ 1, 65, ასე რომ, ეს არ არის საპანიკო. ინფლაცია არ მომხდარა, არც ბაზარზეა მოსალოდნელი ფასების ზრდა იმიტომ, რომ მსოფლიო ბაზარზე პროდუქტებზე ფასები დაეცა.
_ ესე იგი, პანიკის საფუძველი არ არსებობს?
_ პანიკის საფუძველი ნამდვილად არსებობს. კურსის ასეთი კატასტროფული ვარდნა ყველასათვის ცუდია და ეს იმას ნიშნავს, რომ ეროვულმა ბანკმა დაუშვა შეცდომა _ ვერ მოახერხა ლარის კურსის ნორმალური ცვლა.
P.S. “ერთბაშად განხორციელებული ლარის კურსის ცვლილებისას მინიმუმამდე იქნება დაყვანილი მაკროეკონომიკური დანაკარგები”, _ ეს განცხადება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლმა, დავით ამაღლობელმა საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.
რაც შეეხება ეტაპობრივ დევალვაციას. ამაღლობელის განცხადებით, ის იწვევს ეკონომიკის დოლარიზაციას და ეკონომიკურ აგენტებს გაურკვევლობას აძლევს.
“საუკეთესო ვარიანტის არჩევისას გათვალისწინებული იქნა საერთაშორისო პრაქტიკის გამოცდილება”, _ აცხადებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი.
რაც შეეხება კურსის ცვლილების ხელსაყრელ დროს. ამაღლობელი ამის 3 მიზეზს ასახელებს: “უნდა ყოფილიყო მაკროეკონომიკური სტაბილურობა; კურსის ცვლილება უნდა მომხდარიყო პარასკევს, რადგან ბიზნესისთვის ნაკლები პრობლემა შექმნილიყო; უნდა ყოფილიყო სასიკეთო ფასების დინამიკა ძირითად სასაქონლო ჯგუფებზე.” ეროვნული ბანკის ინფორმაციით, გრძელვადიან პერსპექტივაში კურსის ცვლილების საფუძველი არ არსებობს.
http://www.fact.ge/news.aspx
პოლიტიკოსი არ გახლავართ, მაგრამ ხანდახან მეც კარგი მამაძაღლი ვარ.
დაე, მე მოვკვდე ღია თვალებით...
მიგელ დე უნამუსო ლიც-დონ-გიჟ-ჟუანი.