licemer
გააჩერეთ ფორუმი! ჩავდივარ! ჩავ-დი-ვარ!

        
ჯგუფი: Members
წერილები: 43739
წევრი No.: 48791
რეგისტრ.: 8-December 07
|
#11599575 · 21 Nov 2008, 15:26 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ბურჯანაძის გუნდი
ორ დღეში 23 ნოემბერია, გიორგობა და “ვარდების რევოლუციის” 5 წლისთავი. ხუთი წლისწინანდელ მოვლენებს ქართული პოლიტიკური სპექტრი სხვადასხვანაირად აღნიშნავს. მაგალითად, “ნაციონალების” ინიციატივით, 23 ნოემბერს ქვეყანაში სოლიდარობის კვირეული დაიწყება, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ მსურველს შეუძლია, აგვისტოს მოვლენების შედეგად საკუთარ სამშობლოში დევნილ ქართველებს ნებისმიერი სახის დახმარება გაუწიოს. 23 ნოემბერს გულხედაკრეფილი არც ე.წ. გაერთიანებული ოპოზიცია იქნება. ყოველ შემთხვევაში, უკვე დაანონსებულია, რომ “ვარდების რევოლუციის” ხუთი წლის იუბილეს ეროვნულსაბჭოელები “იმედის” პიკეტირებით აღნიშნავენ, თუმცა 23 ნოემბრის ყველაზე მთავარი მოვლენა, გნებავთ, ინტრიგა, ალბათ, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ნინო ბურჯანაძის ახალი პოლიტიკური პარტიის _ “დემოკრატიული მოძრაობა _ ერთიანი საქართველო” ყრილობა იქნება, რომელიც კალათბურთის სასახლეში ჩატარდება.
მიუხედავად იმისა, რომ ყრილობის დეტალები და, საერთოდ, ბურჯანაძის ახალი გარემოცვის ვინაობა გასაიდუმლოებულია, “ფაქტმა” რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალის გაგება მაინც მოახერხა. ჩვენში დარჩეს და, ეს გასაკვირიც არაა, რამეთუ, როგორც “ანტინაციონალები” ირწმუნებიან, ამ ქვეყანაში კედლებსაც ყურები აქვს. ერთი სიტყვით, ინფორმაციები ბურჯანაძის აბულაძის ქუჩის ოფისიდანაც ჟონავს. სწორედ ამ გამოჟონილი ინფორმაციის თანახმად, 23 ნოემბრის ყრილობის რეჟისორი მსახიობ გივი ბერიკაშვილის ქალიშვილი, მანანა ბერიკაშვილი იქნება.
საერთოდ, ქართულ პოლიტიკაში მეოცე საუკუნის 90-იანი წლების მეორე ნახევრიდან მოსულ პოლიტიკოსებს, ანუ ე.წ. რეფორმატორებს უყვართ, პოლიტიკურ აქციები თეატრალიზებულ სანახაობად აქციონ. ამას, სხვა თუ არაფერი, “ნაციონალების” პიარ-ღონისძიებებიც მოწმობს, თუმცა როგორც “ფაქტს” წყარომ განუცხადა, ბურჯანაძის პარტიის ყრილობაზე თეატრალური ელემენტები არ იქნება და, საერთოდ, ექსსპიკერის პარტია პიარს და პოპულიზმს ზურგს აქცევს. მეტიც, როგორც წყაროები ამბობენ, “დემოკრატიული მოძრაობა _ ერთიანი საქართველო” წმინდა ევროპული ყაიდის პარტია იქნება, რომელიც რადიკალურ განცხადებებს კი არ გააკეთებს, არამედ საზოგადოებას ნებისმიერი პრობლემის მოგვარების საკუთარ ვერსიას და ხედვას შესთავაზებს. ამასთან, პარტიას ექნება მოქმედების ე.წ. მოკლევადიანი და გრძელვადიანი პროგრამები. მოკლევადიანი პროგრამის მთავარი თეზისი ანტიკრიზისული პროგრამის შექმნა იქნება. სწორედ ამიტომ, როგორც ინფორმატორები იუწყებიან, პარტიაში მრჩეველთა საბჭო შეიქმნება, რომლის წევრებიც ე.წ. ცნობილი სახეები კი არა, თავისი საქმის პროფესიონალები იქნებიან. “ფაქტის” ინფორმაციით, ამ მრჩეველთა საბჭოს ერთ-ერთი წევრი, ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლის, გია კობახიძის ვაჟი იქნება...
სხვათა შორის, მრჩეველთა საბჭო ბურჯანაძის “დემოკრატიის განვითარების ფონდშიც” არსებობს. ისე, როგორც “ფაქტს” წყარომ აცნობა, 23 ნოემბრის, ანუ ყრილობის შემდეგ, ნინო ბურჯანაძე ფონდის პრეზიდენტობიდან გადადგება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფონდი არსებობას შეწყვეტს. როგორც წყაროები ამბობენ, ფონდი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს და მას სათავეში გიორგი მარგველაშვილი ჩაუდგება.
როგორი იქნება ნინო ბურჯანაძის პარტიის სტრუქტურა? ამაზე დეტალური ინფორმაცია არ არსებობს, თუმცა როგორც “ფაქტს” წყაროებმა განუცხადეს, საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში უკვე შექმნილია რაიონული ორგანიზაციები. ამასთან, პარტიის მმართველი, ასე ვთქვათ, ორგანო პოლიტსაბჭო იქნება, სადაც “დემოკრატიული მოძრაობა _ ერთიანი საქართველოს” მმართველი ბირთვი იქნება წარმოდგენილი. აი, სწორედ ეს არის მთავარი ინტრიგა _ ვინ არიან პოლიტსაბჭოს წევრები, ანუ ნინო ბურჯანაძის თანაგუნდელები?
ამ ადამიანთა ვინაობა სახელმწიფო საიდუმლოსავითაა გასაიდუმლოებული, თუმცა “ფაქტმა” რამდენიმე გვარის გაგება მაინც მოახერხა. ის, რომ ყოფილი დეპუტატი რომა კუსიანი ნინო ბურჯანაძის გვერდით იმ დღესვე დადგა, როცა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ხელისუფლებიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო, არ ახლია. ერთი ვერსიით, კუსიანი პარტიის გენმდივანი იქნება.
ახალი არც ისაა, რომ ბურჯანაძის გვერდით ეროვნული მოძრაობის წარმომადგენელი, ედპ-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი, 1995 წლის მოწვევის პარლამენტისა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი, დავით ჭეიშვილიც დგას. “ფაქტის” ინფორმაციით, ჭეიშვილი “დემოკრატიული მოძრაობა _ ერთიანი საქართველოს” თბილისის ორგანიზაციას უხელმძღვანელებს.
ახლა, მთავარ ინტრიგაზეც გადავიდეთ: ბურჯანაძის გუნდში და შესაბამისად, პარტიის პოლიტსაბჭოში, “ფაქტის” ინფორმაციით, შალვა ოგბაიძეც იქნება. ალბათ, გახსოვთ: ხუთი წლის წინ, ანუ 2003 წლის ნოემბრის დღეებში, უფრო სწორად, ღამეებში, პარლამენტის წინ შეკრებილ ხალხს ოგბაიძე ქართული ცეკვით ართობდა და ამხნევებდა, მაგრამ სხვების მსგავსად, ბატონი ოგბაიძეც “ჩარეცხილების სიაში” აღმოჩნდა. სიტყვამ მოიტანა და, როგორც წყაროები ამბობენ, ბურჯანაძის პარტიაში ბევრი “ჩარეცხილი”, ანუ მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე და, უბრალოდ, თავისი საქმის პროფესიონალი იქნება.
ბურჯანაძის პარტიაში შესაძლოა, პარლამენტის თავმჯდომრის ყოფილი მოადგილე, ვახტანგ ყოლბაია და სამართალმცოდნე გაბრიჩიძეც ვიხილოთ. სხვათა შორის, 2008 წლის ვადამდელ საპარალმენტო არჩევნების დროს, ანუ მაშინ, როცა ნინო ბურჯანაძემ “ნაციონალებს” ზურგი აქცია, ითქვა, რომ განხეთქილება სიის გამო მოხდა. თურმე, ნუ იტყვით და, ბურჯანაძეს ვიღაცეები “დაუბრაკეს”, ამ ხალხს სიაში არ ჩავსვავთო. იმხანად ისიც ითქვა, რომ “დაბრაკულთა” შორის სწორედ ზემოხსენებული გაბრიჩიძე იყო. კულუარებში ჭორაობდნენ, ნეტავ, ბურჯანაძემ ყოფილ გენპროკურორზე, ნუგზარ გაბრიჩიძეზე “სტავკა” რატომ გააკეთაო. მოკლედ, გაბრიჩიძე ახლა ბურჯანაძის პოლიტსაბჭოს წევრია, მაგრამ ამ გაბრიჩიძეს იმ გაბრიჩიძესთან, ანუ ყოფილ გენპროკურორთან შეხება არ აქვს. როგორც “ფაქტს” აუწყეს, ეს გაგა გაბრიჩიძეა, რომელსაც განათლება ზაარლანდის უნივერსიტეტის ევროპის ინსტიტუტში აქვს მიღებული.
ალბათ, არავის გაუკვირდება, რომ ბურჯანაძის გვერდით ყოფილი დეპუტატი, გოგიტა გეგელაშვილი იდეგბა, თუმცა ზაზა სოფრომაძის ბურჯანაძის გუნდში გამოჩენა, ალბათ, ერთ-ერთი მთავარი ინტრიგაა. მართალია, სოფრომაძე 1995 წლის მოწვევის პარლამენტის წევრი გახლდათ, მაგრამ ფართო საზოგადეობამ რამდენიმე წლის წინ, ანუ მაშინ გაიცნო, როცა ის გისოსებსმიღმა აღმოჩნდა. 2004-07 წლებში სოფრომაძე სოცუზრუნველყოფის სახელმწიფო ფონდს ხელმძღვანელობდა. სწორედ ამ დროს აგორდა ე.წ. ფეხმძიმეთა სკანდალი, რასაც შოუ-ბიზნესის რამდენიმე წარმომადგენლისა და, მათ შორის, სოფრომაძის დაპატიმრებაც მოჰყვა. რა მიზნით გააკეთა ბურჯანაძემ აქცენტი ზაზა სოფრომაძეზე? ეს, ერთი შეხედვით, რიტორიკული კითხვაა, თუმცა ზოგიერთი ექსპერტი პირად საუბარში მიიჩნევს, რომ ეს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც თვლიან, რომ ბოლო წლებში უსამართლოდ დაისაჯნენ, ერთგვარი მესიჯია, ანუ ახალი პარტია მათი უფლებების დაცვაზე იზრუნებს...
როგორც “ფაქტს” აცნობეს, ბურჯანაძის ახალ გუნდში ქალბატონებიც იქნებიან, მაგალითად, გაერო-ს განვითარების პროგრამების საქართველოს წარმომადგენლობის პროექტების აღმასრულებელი კოორდინატორი, მანანა სალუქვაძე...
რას შეცვლის ბურჯანაძის პარტია ქართულ პოლიტიკაში? ამას დრო გვიჩვენებს. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ “დემოკრატიული მოძრაობა _ ახალი საქართველო” თამაშის ახალ წესებს დაამკვიდრებს, თუმცა ქართველი პოლიტიკოსები ამ აზრს ბოლომდე არ იზიარებენ. მაგალითად, “კონსერვატორი” კახა კუკავა მიიჩნევს, რომ “ბურჯანაძესთან დაკავშირებით ქართული საზოგადოებას მთელი რიგი კითხვები აქვს. ამიტომ მის ადგილას რომ ვიყო, ჯერ ამ კითხვებს პასუხს გავცემდი და მერე გავაკეთებდი სხვა განცხადებებს.” კუკავა ბურჯანაძესთან კორდინაციას არა, მაგრამ კოალიციას გამორიცხავს, რადაგან მათი “ფასეულობები ერთმანეთისაგან არსებითად განსხვავდება.”
კუკავას თანაგუნდელის, ზვიად ძიძიგურის თქმით კი, “პოლიტიკაში ყველა იმ ადამიანის წამოსვლა, რომელსც ქვეყანაში მეტ-ნაკლები გავლენა აქვს, ძალიან მნიშვნელოლოვანია. ბურჯანაძეს განსაკუთრებული გავლენა საერთაშორისო ასპარეზზე აქვს. არ არის ურიგო, რომ მის მაგალითს ხელისუფლებაში ბევრმა მაღალჩინოსანმა მიბაძოს.”
ასე და ამგვარად, ისეთი პირი უჩანს, რომ შემოდგომის მიწურული და მომავალი ზამთარი ქართულ პოლიტიკაში ზომაზე მეტად ცხელი იქნება...
|