anatoreli
Super Crazy Member +

      
ჯგუფი: Members
წერილები: 16778
წევრი No.: 12045
რეგისტრ.: 6-August 05
|
#11621161 · 23 Nov 2008, 12:21 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
საქართველოში ვარდები ჭკნება?
დეიზი სინდელარი 22 ნოემბერი 2008
2003 წლის 22 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილი, 35 წლის ადვოკატი და დინამიკური, პოპულისტური ყაიდის პოლიტიკოსი –საქართველოს პარლამენტის შენობის გარეთ, დემონსტრანტების გარემოცვაში იდგა.
ისინი იმ თვის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ, რომლებიც მათი თქმით იმ პარტიების სასარგებლოდ გაყალბდა, ვინც საქართველოს პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის მიმართ ლოიალური იყო.
სატელევიზიო კამერების წინ, პირდაპირ ჩართვებში სააკაშვილმა საბჭოთა ეპოქა გამოვლილ, მასზე 40 წლით უფროს ადამიანს ულტიმატუმი წაუყენა. "მეგობრებო, ან ახლა ან არასდროს!” დაიყვირა მან მქუხარე აპლოდისმენტების ფონზე: შევარდნაძე უნდა გადადგეს.
როდესაც შევარდნაძემ უარი თქვა, ასობით პროტესტანტი პარლამენტში შეიჭრა, სადაც შევარდნაძე არჩევნების შემდეგ, საკანონმდებლო ორგანოს პირველი სესიის გახსნას ცდილობდა. მათ მაგიდები ააყირავეს და შევარდნაძის გადაყენების მოთხოვნით და "მიშა!"-ს ძახილით პოდიუმი შტურმით დაიკავეს.
ასე დაიწყო ამბავი, რომელიც ისტორიაში ვარდების რევოლუციის სახელით უნდა შესულიყო და რომელსაც კავკასიის ამ პატარა სამხრეთული ქვეყნის მომავალი უნდა შეეცვალა.
შევარდნაძე ჯერ კიდევ არ ნებდებოდა, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და თავდაცვის სამინისტროში დარეკვით იმუქრებოდა. მაგრამ გვიან ღამით, 23 ნოემბერს, ქართულ ოპოზიციასთან და მაშინდელ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან იგორ ივანოვთან მოლაპარაკებების შემდეგ, შევარდნაძემ გადადგომა არჩია და განაცხადა, რომ ჯარს აღარ მოუხმობდა.
"ვხედავ, რომ ის რაც ხდება, სისხლისღვრის გარეშე არ დასრულდება თუკი ხვალ მე ჩემი უფლებამოსილების განხორციელებას გავაგრძელებ”, თქვა შევარდნაძემ. "მე ჩემს ხალხთან ყოველთვის გულწრფელი ვიყავი, ამდენად ვაცხადებ, რომ უკეთესი იქნება თუ პრეზიდენტი გადადგება, რაც ყველაფერს დაასრულებს".
ორი თვის თავზე, სააკაშვილი – საქართველოს უსისხლო რევოლუციის გვირგვინოსანი, ქვეყნის ახალი პრეზიდენტი ხდება, რომელიც საქართველოს ახალი, აგრესული რეფორმების კურსით წაიყვანს.
23 ნოემბერს, მიუხედავად იმისა, რომ მას ჯერ კიდევ აქვს გააზრების და რუსეთისთვის მადლობის გადახდის დრო, რომ მან ხელისუფელბის გადაცემის საქმეში მშვიდობიანი როლი ითამაშა, იგი წარმოთქვამს სიტყვებს, რომლებიც 5 წლის შემდეგ, თითქმის წინასწარმეტყველური აღმოჩნდება.
"მთავარი გარანტია, რაც ჩვენ (ივანოვისგან) მივიღეთ იყო ის, რომ რუსეთი საქართველოს საშინაო საქმეებში აღარ ჩაერევა", თქვა სააკაშვილმა. "ეს ნამდვილი ცვლილებაა, რადგან 1990-იანების დასაწყისში ისინი აქ სამოქალაქო ომებში ერეოდნენ. მე იმედი მაქვს, რომ ისინი დანაპირებს შეასრულებენ".
"ის რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, დავკარგეთ"
ვარდების რევოლუციიდან ხუთი წლის შემდეგ, ეს ის 2003 წლის 23 ნოემბერი აღარ არის, რომელიც ქართველების კოლექტიურ მეხსიერებაში წყალგამყოფად იქცა. წლისთავს ახლა, როგორც ნაციონალური ერთობის დღეს ისე აღნიშნავენ, რომელიც მისთვის დამახასიათებელი ენთუზიაზმის დიდი ნაწილისგან დაიცალა .
დღეს 2008 წლის 7 აგვისტოა ის თარიღი, რომელმაც ქართული საზოგადოების ცნობიერებაში მათ ქვეყნაში ყველაფერი შეცვალა. ეს არის დღე, როდესაც მოსკოვთან სამხედრო დაპირისპირების წლები – და "ჩარევა", რომლისაც სააკაშვილს ეშინოდა – საომარ დუღილში გადაიზარდა.
ეს ხუთდღიანი ხანძარი საქართველოსთვის მთავარ სამხედრო და ჰუმანიტარულ კატასტროფად იქცა. მაგრამ კონფლიქტმა – რომელიც ქვეყნის ორი სეპარატისტული რეგიონის, სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობის დეკლარირებით დასრულდა – ასევე უზარმაზარი დაღი დაასვა ქვეყნის ცნობიერებაში ჩაბეჭდილ იდეას - აღედგინა და შეენარჩუნებინა ტერიტორიული მთლიანობა.
სააკაშვილის ერთ-ერთი ყველაზე ადრეული საპრეზიდენტო დაპირება სოხუმსა და ცხინვალზე კონტროლის აღდგენა იყო, რომლებიც 1990 წლების დასაწყისიდან მოსკოვის დახმარებით ფაქტობრივ ავტონომიებს ფლობდნენ.
ახლა ამ მიზნის მიღწევა არა თუ შორეული პერსპექტივაა, არამედ თითქმის შეუძლებელია. და ბევრი ქართველი – რომელიც ომამდე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ქვეყნის წინაშე მდგარ ყველაზე გადაუდებელ პრობლემად მიიჩნევდა – ამ გამაოგნებელი დანაკარგის ფონზე, ვარდების რევოლუციის მთავრობასთან დაკავშირებულ ყველა სხვა ტრიუმფსა თუ იმედგაცრუებას აღარაფრად მიიჩნევს.
"ხუთი წლის შემდეგ ჩვენ გაცილებით მეტი ტერიტორია დავკარგეთ. იმის ნაცვლად დაგვებრუნებინა, დავკარგეთ", ამბობს თბილისის მაცხოვრებელი, მამუკა გვენცაძე. "დიახ, რაღაც წინსვლა იგრძნობა – გზები უკეთესია და ა.შ. მაგრამ ის რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, წავაგეთ. და როდის დავიბრუნებთ, მხოლოდ ღმერთმა იცის".
სააკაშვილი შესაძლოა ისტორიაში შევიდეს როგორც ლიდერი, რომელმაც აჯანყებული რეგიონები დაკარგა. მაგრამ ჯერ კიდევ აგვისტოს ომამდე მისი ძლიერი, რეფორმატორული იმიჯი არაერთხელ შეილახა.
არსებობდა საყვედურები, რომ სააკაშვილი, რომელიც თავისუფლად საუბრობს ინგლისურად და მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ყოფნით ტკბება, საგარეო პოლიტიკით ცდილობდა ისეთი საშინაო პრობლემების გადაფარვას, როგორებიცაა ინფრასტრუქტურის, დასაქმების და კორუფციის პრობლემები.
მაგრამ კიდევ უფრო შემაშფოთებელი ის გახლდათ, რომ პრეზიდენტი, რომელმაც ხელისფლებას დესპოტი მოაცილა, თავად შეიძლება ასეთად გადაქცეულიყო.
კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი ლინკოლნ მიტჩელი, წიგნის "არამყარი დემოკრატია: ამერიკის საგარეო პოლიტიკა და საქართველოს ვარდების რევოლუცია", სააკაშვილს და მის რევოლუციურ კადრებს ღირსებად უთვლის, რომ საქართველოს სახელმწიფოს მათ ფუნქცია დაუბრუნეს.
მაგრამ იგი ასევე იმასაც აღნიშნავს, რომ იმ მომენტიდან, როდესაც სააკაშვილმა საკუთარი პოსტი დაიკავა და კონსტიტუციის ცვლილებები გაიტანა, რომლებიც პრეზიდენტს უფლებამოსილებას უზრდიდა, ნათელი იყო, რომ რევოლუცია "ძალიან მალე დაკარგავდა დემოკრატიულ სახეს".
"მას შემდეგ ისინი იმის მტკიცებას იწყებენ, რომ სახელმწიფოს აშენება უფრო მნიშვნელოვაია, ვიდრე დემოკრატია", ამბობს მიტჩელი. "მაგრამ პრობლემა იმაში მდგომარეობდა, რომ თუკი შენ მხოლოდ ერთის გაკეთებას ცდილობ, ორივე მიზნის მიღწევას აღარ აპირებ. ამდენად საქართველომ, 2004 წლის იანვარში სახელმწიფოს ხელახლა შენება დაიწყო, რომელიც დემოკრატიული უნდა გამხდარიყო და მათ ეს ორივე ერთად უნდა ეკეთებინათ. არ გააკეთეს. და ეს მათი უდიდესი შეცდომა იყო".
იდეალის დასასრული
დემოკრატიიის დეფიციტმა ყველაზე მაღალ ზღვარს 2007 წლის ნოემბერში მიაღწია, როდესაც სააკაშვილმა – მასობრივი ანტისამთავრობო დემონტრაციების სამიზნემ - ისეთი არჩევანი გააკეთა, რომელსაც ოთხი წლის წინ თავად შევარდნაძეც კი შეეწინააღმდეგა – საჯაროდ გათიშა მედია საშუალება და მშვიდობიანი დემონსტრანტები პოლიციის ძალით ცრემლსადენი გაზით და რეზინის ტყვიებით სასტიკად დაარბია.
არჩილ გეგეშიძე, საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ინსტიტუტის თანამშრომელი ამბობს, რომ ბევრი ქართველისთვის ვარდების რევოლუციის სული ამ მოვლენებთან ერთად აორთქლდა.
"შარშანდელი ნოემბრის მოვლენები ვარდების რევოლუციის იდეალებს ეჭქვეშ აყენებს", ამბობს ის, "ხოლო თუკი ამას აგვისტოს მოვლენებს დავუმატებთ, რამაც საქართველოს ტერიტორიებიც დააკარგვინა, - ეს უკვე არის ის, რაც ბევრი ექსპერტის აზრით, ამ მთავრობის საქმიანობის სხვა პოზიტიურ შედეგებს აღარაფრად ჩათვლის. ემახსოვრება თუ არა საქართველოს ვარდების რევოლუცია მისი 5 წლის თავზე... ვფიქრობ ის მხოლოდ ისტორიის წიგნის ჩანაწერებით გაახსენდებათ”
2007 წლის ნოემბრამდე სააკაშვილი საერთაშორისო თანამეგობრობის, განსაკუთრებით კი აშშ-ს უპირობო მხარდაჭერით სარგებლობდა. მაგრამ ნოემბრის მოვლენებმა მის უცხოელ მხარდამჭერებს ცივი წყალი გადაასხა და ყველა ის იმედი დაამსხვრია, რომელიც უახლოეს მომავალში საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებასთან იყო დაკავშირებული.
მისმა პოპულარობამ ქვეყნის შიგნითაც ზარალი განიცადა. ნოემბრის მოვლენებმა აიძულა 2008 წლის იანავარში ვადამდელი არჩევნები დაენიშნა და ხმების 52 პროცენტით გაიმარჯვა. ეს უზარმაზარი ვარდნაა 96%-ის შემდეგ, რომელიც მან ვარდების რევოლუციის შემდეგ მოიპოვა.
მაგრამ ერთადერთი არჩევანია სააკაშვილი? მიტჩელი ამბობს, რომ პრეზიდენტის მხარდამჭერები – განსაკუთრებით საერთაშორისო თანამეგობრობიდან – დიდხანს იყვნენ იმ შთაბეჭდილების ქვეშ, რომ საკაშვილი ვარდების რევოლუციის სინონიმად აღიქმებოდა, შესაბამისად ის მზად იყო საქართველოს მმართვისთვის.
"თუკი მიშა პოლიტიკური სცენიდან წავა, ვფიქრობ გარკვეული ცვლილებები უკვე ინსტიტუციონალიზებულია. ეკონომიკური რეფორმები არსად წავა, კორუფციის ხარისხი შევარდნაძის პერიოდისას ვეღარ დაუბრუნდება. როგორც ჩანს საჭიროა ახალი პრეზიდენტი. მე კატეგორიულად არ ვეთანხმები მოსაზრებას, თითქოს სააკაშვილის გარდა არავინაა, ვინც საქართველოს მართვას შეძლებს".
მაგრამ სააკაშვილმა ბოლო თვეებში თვითგადარჩენის ტაქტიკა გამოამჟღავნა. საკუთარი სტილი შეზღუდა, რათა საზოგადოების უფრო სკეპტიკური განწყობისთვის ეპასუხა. თავხედობა, რომელიც მისი პრეზიდენტობის პირველ წლებს ახასიათებდა, უფრო მეტად თავმდაბლურ, ნიუანსურ პოლიტიკაში გადაიზარდა".
ასეთ შემთხვევაშიც, მის ჩრდილს ბევრმა მისმა ცალკეულმა მოკავშირემ დააღწია თავი. მათ საკუთარი პოლიტიკური მომავლის გზის ძიება დაიწყეს. პირველი პოსტ რევოლუციური თაობიდან ყველაზე ცნობილი ნინო ბურჯანაძეა, პარლამენტის ყოფილი სპიკერი, ვარდების რევოლუციის დროს სააკაშვილის ერთგული მოკავშირე, რომელიც პრეზიდენტის ერთიან ნაციონალურ მოძრაობას წელს, საპარლამენტო არჩევნების წინ პარტიულ სიებთან დაკავშირებული უთანხმოების გამო ჩამოშორდა.
ბურჯანაძე, რომელსაც ხშირად სააკაშვილის პოტენციურ მემკვიდრედ ასახელებენ, 23 ნოემებერს არა რევოლუციის წლისთავს, არამედ საკუთარი, ახალი პარტიის დაფუძნებას აღნიშნავს, რომლის სახელწოდებაა დემოკრატიული მოძრაობა – გაერთიანებული საქართველო.
"ჩემთვის, ის მოვლენები დღესაც ძალიან მნიშვნელოვანია", უთხრა ბურჯანაძემ რადიო თავისუფლების საქართველოს ბიუროს. "ვფიქრობ ვარდების რევოლუციის მთავარი მიზნები თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანი იყო, და ძალიან პროგრესულიც ქვეყნისთვის, მიუხედავად იმისა, რომ მათი დიდი ნაწილი სამწუხაროდ არ განხორციელდა. ხუთი წლის შემდეგ ჩვენ ისევ ვსაუბრობთ დემოკრატიის აუცილებლობასა და მედიის თავისუფლებაზე ადამიანებისთვის, რომ მათ შიშის სინდრომი და სასასამართლოს მიმართ უნდობლობა დაძლიონ, ეს იმას ნიშნავს, რომ ვარდების რევოლუციის მიზნების უმრავლესობა მიღწეული არ არის".
თუმცა ზოგიერთი ქართველი, ნომინალურად კვლავ სააკაშვილის ერთგული რჩება. ნონა ღამბაშიძე, თბილისის მაცხოვრებელი, სინანულით საუბრობს სოციალურ პრობლემებზე, რომლებიც საქართველოს თან სდევს. მაგრამ იგი ამბობს, რომ პრეზიდენტმა იმიტომ ვერ შეასრულა ყველა მისი დაპირება, რომ ქვეყნის გაერთიანება ძალიან მძიმე ამოცანა აღმოჩნდა.
"ძალიან ცუდია, როდესაც უმუშევრობის ასეთი მაღალი ხარისხია, როდესაც ძალიან ბევრი ახალგაზრდა ნარკოტიკებს მოიხმარს. ეს ის საკითხებია, რომლებიც მთავრობისგან ყურადღებას საჭიროებს", ამბობს იგი. "რადიკალური რეფორმები დროის ასეთ მცირე მონაკვეთში ვერ განხორციელდება. ხუთი წლის წინ ეს ქვეყანა ნანგრევებში იყო. საუბარი ადვილია, მიზნის რეალურად მიღწევა კი გაცილებით რთული".
--------------------
(გადავიწეროთ პიჯვარი სამჯერ)
წითელი ვარდი და რევოლუცია
ვერვინ იტყოდა სათქმელს ამგვარად რაც თქვა ქართულმა ევოლუციამ უფალმა სისხლი აღარ დაღვარა მხოლოდ ვარდი!!! და რევოლოცია
|