საინფორმაციო სააგენტო ”პირველი”]
კიწმარიშვილი ამტკიცებს, რომ ჯერ კიდევ მიმდინარე წლის აპრილში ერთ-ერთი ”ლიდერშიფისგან” მიიღო ინფორმაცია, რომლის თანახმად, საქართველოს აფხაზეთის მიმართულებით სამხედრო ოპერაციის დაწყებაზე ამერიკის სახელმწიფო ადმინისტრაციისგან ”მწვანე შუქი” ჰქონდა მიცემული, თუმცა ინფორმატორი ”ლიდერშიფის” დასახელებისგან კიწმარიშვილი კატეგორიულად თავს იკავებს და მიზეზად მის უსაფრთხოებას ასახელებს.
როგორც ყოფილმა ელჩმა დღეს აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის სხდომაზე განაცხადა, ეს ინფორმაცია მას სააკაშვილის უახლოესი გარემოცვისგან ჰქონდა, თუმცა ინფორმატორის ვინაობა, კომისიის წევრების კატეგორიული მოთხოვნის მიუხედავად, მან არ დააკონკრეტა. როგორც კიწმარიშვილი აცხადებს, აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმება მან თავად პრეზიდენტთან, ”საარჩევნო სიის პირველ ნომერთან” დავით ბაქრაძესთან და საქართველოში აშშ-ის ელჩთან ჯონ ტეფტთან სცადა.
- ”აფხაზეთის მიმართულებით სამხედრო ოპერაციის დაწყებაზე ამერიკული ადმინისტრაციის მხარდაჭერის შესახებ ინფორმაციის გადასამოწმებლად სააკაშვილს შავნაბადას რეზიდენციაში ვეწვიე. პრეზიდენტს დავით ბაქრაძესთან და დავით კეზერაშვილთან ერთად შევხვდი. შეხვედრაზე კეზერაშვილმა ისაუბრა ქართული არმიის სიძლიერეზე და აღნიშნა, რომ ასეთი ძლიერი არმია საქართველოს უახლოესი 4 წლის განმავლობაში არ ეყოლებოდა. მან რუსეთის არმიაში არსებულ კორუფციაზე და იმაზეც გაამახვილა ყურადღება, რომ 58-ე არმია ჯერ კიდევ არ იყო გაძლიერებული. რაც შეეხება დავით ბაქრაძეს, საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ეს ინფორმაცია არ დაადასტურა, მაგრამ არც უარყო, მან თავი დახარა და გაიქნია” - აღნიშნა ყოფილმა ელჩმა. რაც შეეხება აშშ-ის ელჩის პასუხს, კიწმარიშვილი აცხადებს, რომ ტეფტმა ამ ინფორმაციის სისწორე კატეგორიულად უარყო.
- ”2008 წლის აპრილში საქართველოს უმაღლესი ხელისუფლება აფხაზეთში საომარი ოპერაციისთვის ემზადებოდა და ამ ოპერაციაში ისრაელიდან მოწვეული ინსტრუქტორების ჩართვა იყო დაგეგმილი”, - განაცხადა კიწმარიშვილმა.
მისივე თქმით, ”ამ ოპერაციის ჩატარების ბოლო ვადა მაისის ბოლო უნდა ყოფილიყო, მაგრამ მოსალოდნელი შედეგების გამო ოპერაციაზე უარი თქვეს”. ამასთან, როგორც კიწმარიშვილმა აღნიშნა, ”ეს გეგმები საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობით განიხილებოდა”.
კიწმარიშვილის თქმით, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2008 წელს საქართველოს დედაქალაქის სოხუმში გადატანას აპირებდა. კიწმარიშვილის მტკიცებით, ეს განცხადება სააკაშვილმა მოსკოვიდან თბილისში დაბრენების დროს, თვითმფრინავში საკუთარი გარემოცვის წევრებთან გააკეთა. ყოფილი ელჩის განცხადებით, პრეზიდენტი აფხაზეთის დაბრუნებას შეიარაღებული გზით აპირებდა. ”ეს იყო მიმდინარე წლის თებერვლის ბოლოს-მარტის დასაწყისში, ზუსტი თარიღი არ მახსოვს.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა, რომელიც რუსეთიდან საქართველოში ბრუნდებოდა, თვითმფრინავში განაცხადა, რომ ამ წლის აგვისტოში დედაქალაქს სოხუმში გადაიტანდა.
ამ საუბარში მონაწილეობდნენ საგარეო დაზღვერვის ხელმძღვენლი გელა ბეჟუაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გრიგოლ ვაშაძე და ეკონომიკის მინისტრი ეკა შარაშიძე. მე ამ ყველაფერზე ძალიან მკაცრი რეაქცია მქონდა და ვუთხარი, ”რაზეა საერთოდ საუბარი? თუ ჩვენ ურთიერთობის ამ გზით გაგრძელებას ვაპირებთ, რა მოლაპარაკებებზე და კონფლიქტების დარეგულირებაზეა საუბარი?!”, - განაცხადა კიწმარიშვილმა და აქვე დასძინა, რომ ”4 თვეში საქართველოს დედაქალის სოხუმში გადატანა შეუძლებელი იყო”.
ესეც წყარო -
http://presa.ge/index.php?text=news&i=4973