კრავაი
ჯაყელი

    
ჯგუფი: Members
წერილები: 2089
წევრი No.: 45337
რეგისტრ.: 31-October 07
|
#11648786 · 25 Nov 2008, 18:43 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
წაიკითხეთ ესეც.............სამარცხვინო არქივის ფურცელი საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 1 მარტის სხდომის ოქმი ჯ. იოსელიანი. დიახ, აფხაზეთი დაკარგეს პოპულისტებმა, რომ გამოდიოდნენ... (ხმაური დარბაზში). წალენჯიხის კომისია... (ყვირილი დარბაზში).
თავმჯდომარე. ე.ი. თქვენ მუშაობის ჩაშლა გინდათ (ყვირილი დარბაზში).
ჯ. იოსელიანი. მე ერთი წინადადება მაქვს მთავრობის მეთაურთან. საგანგებო მდგომარეობის დროს საერთოდ პარლამენტი არ არსებობს (ხმაური დარბაზში).
რ. ბერიძე. აღარ არის საგანგებო მდგომარეობა.
ჯ. იოსელიანი. მაგრამ არის ერთი რამე, სახელმწიფოს მეთაურს აქვს უფლება, დაითხოვოს პარლამენტი (ყვირილი დარბაზში). მე ვფიქრობ, რომ პარლამენტი უნდა დაითხოვოთ, იმიტომ, რომ ესენი ხელის შეშლის მეტს არაფერს არ აკეთებენ. თქვენ ამის უფლება გაქვთ და უნდა გაკეთდეს ეს. და მერე, იმიტომ რომ ამათ... (ხმაური დარბაზში).
თავმჯდომარე. ბატონო ჯაბა...
ჯ. იოსელიანი. უნდათ ისევ ქუჩაში გადააგორონ ეს ამბავი.
თავმჯდომარე. ბატონო ჯაბა, მე ვაფიქსირებ მთელი საქართველოს წინაშე, თქვენ ეწევით ხელისშემშლელ მუშაობას, ეს არ არის მუშაობა.
ჯ. იოსელიანი. ბატონო ვახტანგ, ერთი წუთით. (ხმა დარბაზიდან). გასაგებია, თქვენ გინდათ ხელისუფლება. კი, ბატონო, მაგრამ ხელისუფლებაში თქვენ ხართ, მაგრამ არ იყენებთ ისე, როგორც უნდა გამოიყენოთ. თქვენ პირველი დღიდან გაიძახოდით - თქვენ მოდით და იყავით ჩვენთან ერთად. მაგრამ არ გინდოდათ, პასუხისმგებლობის შეგეშინდათ. ახლა რომ საქმე კარგად მიდის (სიცილი დარბაზში)... კარგად მიდის საქმე, იცოდეთ, ძალიან კარგად მიდის. არ არსებობს ეტაპი, არ არსებობს ისეთი მდგომარეობა, რომ გადახტე ეტაპიდან-ეტაპზე. ეტაპიდან-ეტაპზე რომ გადახტე ან თავს მოიტეხავ, ან ფეხს. ყველაფერს თავისი ეტაპი აქვს. ამიტომ ყველაფერი ბრუნდება ამ ეტაპზე, რომელზეც ჩვენ გადავხტით. არ უნდა გადავმხტარიყავით, უნდა გაგვეარა, დაგვემუშავებინა და გაგვეგრძელებინა წინ. ახლა, დღეს, თქვენ მოუწოდებთ, რომ, აი, ჩაიშალოს ეს ამბავი. რა გაქვთ ალტერნატივა, გამოდით და თქვით - აი, ეს გავაკეთოთ. მოდით, ბატონო, აი, ჩვენ იქ წავალთ, იქ წავალთ. ბატონ ირაკლი წერეთელს მინდა ვკითხო, რომ იყო იქ, ნატოში, რატომ არ ჩამოიყვანა ჯარები, მაინტერესებს.
ი. წერეთელი. (ადგილიდან). სანამ ეს მთავრობა იქნება, არ დაგელაპარაკებითო, მითხრეს. (სიცილი დარბაზში).
ჯ. იოსელიანი. კაი, ბატონო, თქვენ აგირჩევთ, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მივა, ვერ გიპოვით, სად იქნებით, როგორც თავის დროზე რომ გეძებდით, სად იყავით? აი, მაშინაც საქმე საქმეზე რომ მივიდა, ვერ გიპოვეთ. ახლა ბოდიში და ძალიან დიდი მჭერმეტყველების ის არის, რა, ხოში. მაგრამ საქმეა საჭირო, საქმე. (ხმა დარბაზიდან). და ბოღმები დავიოკოთ, დავიოკოთ. იმიტომ, რომ ძალიან სერიოზულ საქმესთან გვაქვს საქმე. თორემ სხვა საშუალებებიც არის, აღარ განმეორდება ის, იცოდეთ. კარგად იყავით (ხმაური დარბაზში).
თავმჯდომარე. გმადლობთ. ბატონი ივლიანე ხაინდრავა, შემდეგ ბატონი ვალერი კვარაცხელია. (ხმაური დარბაზში). მე კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ გარკვეული ჯგუფის არარეგლამენტურ მოქმედებას, მე არ მინდა, სხვა სიტყვა ვთქვა ჯერჯერობით (ყვირილი დარბაზში). ნუ ყვირიხართ, კოლექტიური ყვირილი წერია რეგლამენტში სადმე? დაბრძანდით ადგილზე, ვისაც აზრი აქვს და სათქმელი აქვს, შეუძლია, აქ გამოვიდეს. (ყვირილი დარბაზში). ნუ ყვირიხართ. ყვირილი სირცხვილია პარლამენტში (კამათი დარბაზში).
ი. ხაინდრავა. ბატონო თავმჯდომარე, ბატონო დეპუტატებო... (ხმაური დარბაზში).
თავმჯდომარე. ქალბატონო ლუიზა, ძალიან გთხოვთ, რომ დაგვდოთ პატივი პარლამენტს, ნუ ვყვირივართ ადგილიდან. (ხმაური დარბაზში. ლ. შაკიაშვილი ჩხუბობს, მაგრამ ხმა არ ისმის).
თავმჯდომარე. ქალბატონო ლუიზა, ქალბატონო ლუიზა... (ცხარე კამათი დარბაზში). ბრძანეთ, ეს არის ჩვენი სინამდვილე.
ი. ხაინდრავა. ბატონო თავმჯდომარე, ბატონო პრალამენტის წევრებო, მე მიხდება ბატონი ჯაბა იოსელიანის შემდეგ გამოსვლა და ამიტომ არ შემიძლია, პასუხი არ გავცე, ჩემი აზრით, აღმაშფოთებელ ბრალდებას, რომელიც აქ გაისმა ოპოზიციის მისამართით და საერთოდ იმ გაურკვეველ, თუმცა გარკვეულად გასაგებ გამოთქმებსაც, რომ თურმე სხვა მეთოდებიც არსებობს და ოპოზიცია ციხეში უნდა იჯდეს. ნუ, ალბათ, ეს ფაშიზმთან ბრძოლის ფლაგმანი, ბატონი ჯაბა იოსელიანი ასე აფასებს ოპოზიციის საქმიანობას. სრულიად გაურკვეველი და გაუგებარია ის ბრალდება, საერთოდ რაიმე ბრალდება ოპოზიციის მიმართ, როდესაც ცნობილია, რომ ოპოზიციას არავითარი ბერკეტები ხელისუფლებაში არა აქვს, აღმასრულებელ ხელისუფლებაში მაინც, რომ არც ერთი ოპოზიციონერი ხელისუფლებაში, მთავრობაში წარმოდგენილი არ იყო, აფხაზეთზე ლაპარაკი ზედმეტია... ჩვენ ვიცით, როგორ იყო მიღებული გადაწყვეტილება სახელმწიფოს საბჭოს პრეზიდიუმის მიერ და პოსტფაქტუმ დააყენეს სახელმწიფო საბჭოზე. მისი კანონიერების საკითხი, კიდევ სხვა საკითხია. ამდენად სრულიად გაუგებარი არის, თუ რითი შეუშალა ხელი ოპოზიციამ ხელისუფლებას თავისი საქმიანობის წარმოებაში. უბედურება ის არის საქართველოში, რომ სწორედ ოპოზიციამ თავისი მცირერიცხოვნების გამო, ვერ შეუშალა ხელი ხელისუფლებას იმაში, რაც საქართველოში დატრიალდა: აფხაზეთის დაკარგვაში, სამაჩაბლოს დაკარგვაში, ეკონომიკურ ნგრევაში, საფინანსო სისტემის... უწესრიგობაში, კორუფციაში და ა.შ. და ა.შ. მაგრამ ამას აღარ ჩამოვთვლი, მე მგონი ყველამ ისედაც მშვენივრად იცის ეს. მე მინდა, წაგიკითხოთ ერთი ციტატა იმ ინფორმაციიდან, რომელიც ჩვენ მივიღეთ სახელმწიფოს მეთაურის ხელმოწერით, სადაც წერია:
"ყოველმა ჩვენთაგანმა სინდისისა და გონების კარნახით უნდა გადაწყვიტოს, თუ რა გზით უნდა წავიდეს ჩვენი ქვეყანა - ემოციების, ილუზიებისა და აქედან გამომდინარე გაცრუებული იმედების გზით, თუ ვიხელმძღვანელებთ რეალური სიტუაციის სერიოზული ანალიზით და პრაგმატულად მივუდგეთ ჩვენთვის საარსებო საკითხებს". თუ ჩვენ ავწონ-დავწონით, რა რას უფრო შეესაბამება, მე მგონი, ჩვენი მთელი ისტორიული ურთიერთობა რუსეთთან, ეს არის სწორედ გაცრუებული იმედები, ეს არის ილუზიები, ილუზიები იქნება კვლავ, თუ ჩვენ ჩვენს მომავალს, ჩვენს იმედებს და ჩვენს სახელმწიფოებრიობას რამენაირად დავუკავშირებთ, უფრო სწორედ რამენაირად კი არა, ისე ღრმად, როგორც ამას ჩვენგან მოითხოვს რუსეთი. ჩვენ დავამყარეთ ორმხრივი ურთიერთობები, და ეს სახელმწიფოს მეთაურმაც აღნიშნა სამართლიანად, ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების უმრავლესობასთან. ცოტა გაოცებას იწვევს, მაგრამ არ არის დამყარებული ასეთი ურთიერთობები განთავისუფლებულ რესპუბლიკებთან, მე ბალტიის რესპუბლიკებს ვგულისხმობ, დანარჩენებიდან სუყველასთან არის ასეთი ხელშეკრულება დადებული, დადებული არის მათ შორის რუსეთთანაც. რატიფიცირებული ჯერ არ არის ხელშეკრულება. რაღა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა, ხშირ მომენტში ჩვენი ღირსების და ინტერესების შემლახველი, მაგრამ ეს არის მაინც, ალბათ, უკეთესი, ვიდრე ის, რასაც ჩვენ გვთავაზობენ დღეს, ვინაიდან საიდუმლოებას არ წარმოადგენს არავისთვის, რომ სწორედ რუსეთი არ მოდიოდა ჩვენთან ორმხრივი ხელშეკრულების დადებაზე თვეების მანძილზე და არა ისე, როგორც ოპოზიციას აბრალებდნენ, ოპოზიცია ბლოკირებას უკეთებდაო. ოპოზიცია ვერ გაუკეთებს ამას ბლოკირებას, ვინაიდან რუსეთი იყო დაინტერესებული სწორედ იმითი, რომ საქართველო ყოფილიყო ინტეგრირებული ამ ე.წ. დსთ-ში. დღეს ჩვენ, აი, ამ საფრთხის წინაშე ვდგავართ. და ახლა მე მინდა ვთქვა, თუ რატომ არის ილუზიები, ასე ვთქვათ, დამყარება იმედებისა, რომ დსთ-ს მეშვეობით შეიძლება მოგვარდეს ან ეკონომიკური სიტუაცია საქართველოში ან, თუ გნებავთ, იმავე აფხაზეთის საკითხი. დსთ-ს წესდებაში კი არის ლაპარაკი კოლექტიურ უსაფრთხოებაზე და მხარდაჭერაზე ერთმანეთისა საომარ პირობებში, მაგრამ ჩვენ გვაქვს თვალწინ მაგალითი სომხეთისა და აზერბაიჯანისა. მერამდენე წელია, მიმდინარეობს ეს სისხლისმღვრელი ომი და მე მგონი, რუსეთი მხოლოდ იმას აკეთებს იქ, რომ ხან ერთ მხარეს აძლევს იარაღს და ხან მეორე მხარეს და ფაქტობრივად, მიდის ამ ქვეყნების დანგრევაზე და სრულ გაუბედურებაზე. აფხაზეთის საკითხიც, მე მგონი, საკმაოდ ნათელია. ბუნებრივი და გასაგები უნდა იყოს აქ ყველასათვის, და თუ გასაგები არ არის, მე კვლავ გავიმეორებ, რომ რაღა თქმა უნდა, აფხაზეთი არის დაკარგული რუსეთის აქტიური მონაწილეობის მეშვეობით, რომელიც ფაქტიურად აწარმოებდა აგრესიას და ომს საქართველოს წინააღმდეგ. და ახლა რა სიტუაციას ვხედავთ ჩვენ. რუსეთის პარლამენტი აცხადებს, რომ საქართველოს უარს ეტყვის საქართველოსავე მძიმე ხელშეკრულების რატიფიკაციაზეც კი, თუ არ მოგვარდება მანამდე სამაჩაბლოსა და აფხაზეთის საკითხები. ხოლო თუ როგორ უნდა მოგვარდეს ეს საკითხები, ამაზე ვიცით ჩვენ გამონათქვამები და აზრი რუსი პოლიტიკოსებისა, ჩვენ ვიცით რუსეთის საპარლამენტო უმრავლესობის აზრი და მე მგონი, ჩვენშიც არ უნდა არსებობდეს ეჭვები იმის თაობაზე, რომ თუკი მოგვარდა და თუკი გადაწყვიტა რუსეთმა ამ კონფლიქტის მოგვარება, რა სახეს და რა ფორმას მიიღებს ეს საქართველოსათვის და ფაქტიურად დაკანონდება აფხაზეთის დაკარგვა. იმავე აფხაზეთის კონფლიქტის განმავლობაში სახელმწიფოს მეთაური, ზოგი სხვა მაღალი თანამდებობის პირი გაიძახოდა იმ მიხაკისფერ-ყავისფერი საფრთხის წინაშე, რომელიც მოდიოდა რუსეთიდან და ასე ვთქვათ, ადანაშაულებდა იმ მხარეს იმაში, თუ რა მოხდა აფხაზეთში. ამავე დროს თითქოს არსებობდნენ რუსეთის დემოკრატები, რომლებსაც სამართლიანი გადაწყვეტა უნდოდათ. მაგრამ ჩატარდა არჩევნები რუსეთში და რას ვხედავთ ჩვენ, და სულ უკანასკნელი დღეების მოვლენები, როდესაც ამინისტირებულია წითელ-მიხაკისფერი გვარდია და ლიდერები, გამოშვებულნი არიან სწორედ რუსეთის პარლამენტის გადაწყვეტილებით. მე მგონი, არ უნდა ტოვებდეს ეჭვს ის, თუ რას წარმოადგენს ამ პარლამენტის შემადგენლობა და რა პოლიტიკას წარმართავს იგი საქართველოსა და სხვა ყოფილი რესპუბლიკების მიმართ.
ჩემს გაოცებას, სიმართლე რომ გითხრათ, იწვევს ის ფაქტი, რომ ეს საკითხი დგება სწორედ დღეს სახელმწიფოს მეთაურის აშშ-ში ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტისას. რატომ უნდა წავიდეს ის ხელფეხშებოჭილი იქ და არ უნდა ჰქონდეს თავისუფალი, დამოუკიდებელი, ფორმალურად მაინც დამოუკიდებელი ქვეყნის ლიდერის სტატუსი და რატომ უნდა ჰქონდეს მას უკვე "სნგ"-ს ერთ-ერთი წევრი სახელმწიფოს, ანუ პირდაპირ ვთქვათ, რუსეთის მარიონეტის სტატუსი. ამის განმარტება ჩვენ, სამწუხაროდ, ვერ მოვისმინეთ, არა და ეს ერთ-ერთი საკვანძო საკითხი არის და მასზე პასუხის გაუცემლად რაიმე გადაწყვეტილების მიღება ყოვლად გაუმართლებელი იქნება.
კიდევ ერთ საკითხს მინდა მივაქციო ყურადღება. სახელმწიფოს მეთაურმა თავის, ალბათ კიდევ ექნება უფრო ვრცელი გამოსვლა, მაგრამ თავის ხანმოკლე წინა გამოსვლაში მან აღნიშნა, თითქოს იწურება დრო, ასე ვთქვათ, ამ საკითხის გადასაწყვეტად. წესდების მე-7 მუხლის თანახმად, რომელიც ჩვენ ყველას დარიგებული გვაქვს და რომელსაც, ალბათ, გავეცანით, ვისაც გვაინტერესებდა, ჩანს, რომ ეს ასე არ არის და საქართველოს კიდევ საკმაოდ ბევრი დრო აქვს მომავალი წლის ოქტომბრამდე, თუ არ ვცდები. ერთი წლის განმავლობაში უნდა იყოს ხელმოწერით შეერთების შემდეგ მისი რატიფიკაცია. ასე რომ, დრო ჩვენ ნამდვილად გვაქვს და ეს დრო ჩვენ უნდა გამოვიყენოთ იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ, თუ რაზე ვიტყვით უარს, თუ დღეს გავაკეთებთ ამ ხელშეკრულების რატიფიკაციას.
პოლიტიკური ასპექტები კიდევ ძალიან ბევრი აქვს ამ პრობლემას. პოლიტიკურიც, ეკონომიკურიც და ყველანაირი ასპექტი კიდევ ბევრი აქვს. მე არ მინდა ახლა ამ ასპექტებზე შევჩერდე იმიტომ, რომ იყო მსჯელობა - არაერთხელ გამოგვითქვამს რესპუბლიკელებს აზრი ამის თაობაზე პრესაშიც, ტელევიზიაშიც, სანამ იყო ამის შესაძლებლობა, აქ, საპარლამენტო ტრიბუნიდან, და ა.შ. მაგრამ, აი, ყველას მინდა მოგმართოთ, აქ ყოფილა, დღესაც არის და კიდევ იქნება, ალბათ, ცხარე კამათები იმიტომ, რომ პარლამენტი მართლა საკამათო ადგილია, აზრთა შეჯახების ადგილი და, რა თქმა უნდა, ოპოზიციონერები ციხეში არ უნდა ისხდნენ, განსხვავებით ჯაბა იოსელიანის აზრისაგან. კარგია, ბატონო ჭაბუა, რომ თქვენ მომახმარეთ, ასე ვთქვათ, სიტყვა. მე მინდა, გულწრფელად გკითხოთ - "დათა თუთაშხია", რომელიც არის თავისუფლების და ღირსების ჰიმნი, ის მხოლოდ დაწერილი ნაწარმოები არის, თუ ეს არის მხოლოდ მისი ავტორის პოზიცია? მე მინდა, ვკითხო ბატონ ელდარ შენგელაიას, აი ფილმი "შერეკილები" - ეს მართლა არის თავისუფლებისათვის სწრაფვა, რომელიც დარჩა ეკრანზე და დარბაზში დაიკარგა? მე მინდა, გკითხოთ თქვენ, ჩვენო მეგობრებო, რომ წახვალთ სახლში, თქვენს ამომრჩევლებთან, თქვენს ახლობლებთან, თვალებში როგორ შეხედავთ, როდესაც ხელს მოაწერთ საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვას? (ხმაური დარბაზში). დიდი მადლობა. (ტაში დარბაზში).
თავმჯდომარე. ბატონო დეპუტატებო, თქვენ ამჩნევთ ალბათ, რომ მე ოპოზიციას გაცილებით კარგ პირობებს ვუქმნი. არავითარი ხელის შეშლა არ არის და ამიტომ გაითვალისწინეთ თქვენ ეს ამბავი. ბატონი ვალერი კვარაცხელია, შემდეგ ბატონი აკაკი ასათიანი. ვისაც აზრი აქვს, ის არ ყვირის, ის ლაპარაკობს და აზროვნებს.
ვ. კვარაცხელია. პატივცემულო თავმჯდომარე, პატივცემულო დეპუტატებო, ჩემი აზრით, ძალიან საწყენია ერთი გარემოება, რომ ჩვენ ვერ მოვახერხეთ დღეს ამ დარბაზში მოვსულიყავით განწყობით, რომ მართლაც გვეკამათა, მართლაც შეგვეჯერებინა აზრები ერთმანეთთან და მართლაც გვეფიქრა იმაზე, თუ რა გამოსავალი არსებობს დღეს საქართველოსთვის. არადა დამეთანხმებით - როგორც პოზიცია, ისე ოპოზიცია, რომ მე ყოველთვის ვიცავ ერთ აზრს, არ მეგულება არც ერთი დეპუტატი, იქნება ეს უმრავლესობაში, თუ უმცირესობაში, რომელიც არ ხელმძღვანელობდეს საქართველოს გადარჩენის იდეით და რომელსაც სხვა რამ, სხვა გრძნობები ამოძრავებდეს. მაგრამ ის, რაც დღეს ამ დარბაზში ხდება, არ არის, ალბათ, ნორმალური მოვლენა, არ არის ეს ალბათ ის, რაც უნდა იყოს ამ დარბაზში. ამიტომ, მე ძალიან დიდ ბოდიშს ვიხდი, მაგრამ თავს უფლებას მივცემ როგორც ოპოზიციას, ასევე უმრავლესობას მოგიწოდოთ, რომ ეს დღე, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხის განხილვისა, გამოვიყენოთ უფრო მეტად და რაციონალურად და მოვთოკოთ ჩვენი ემოციები.
მე ძალიან კარგად მესმის, რომ ძნელია, დადგე ამ ტრიბუნასთან მაშინ, როცა გისმენს მთელი საქართველო და დაიცვა პოზიცია, რომ ჩვენ უნდა გავწევრიანდეთ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში და ამით გარკვეულწილად შევზღუდოთ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური სუვერენიტეტი. გაცილებით უფრო ადვილია გამოხვიდე აქ და ხალხს უთხრა, რომ მე ვარ ის დეპუტატი, მე ვარ ის არჩეული პიროვნება, რომელიც იბრძვის საქართველოს სრული თავისუფლებისათვის, საქართველოს სრული დამოუკიდებლობისათვის და მხოლოდ ამ მიზნებით და ამ პოზიციით ვხელმძღვანელობ. რა თქმა უნდა, ბატონო ივლიანე, შეიძლება მიხვიდე ამომრჩევლებთან და რაღაცნაირი რაინდისა და გმირის მანტია მოსხმული მოევლინო მას, რომ აი, მე გავაკეთე ყველაფერი, ის, რისი გაკეთებაც შემეძლო. მაგრამ თუ უფრო ღრმად ჩავხედავთ საკითხს, თუ უფრო გავაანალიზებთ იმას, რაც დღეს საქართველოში ხდება და იმასაც გავითვალისწინებთ, რაც შეიძლება ხვალ მოუვიდეს, მაშინ იქნები გმირი, შენს ამომრჩეველთან რომ მიხვალ, და რომ ეტყვი, რომ მე მივიღე ის გადაწყვეტილება, რომელმაც შენ შეიძლება ხვალ დაგღუპოს და საბოლოოდ გადაგჩეხოს უფსკრულში... ალბათ, არა. მე ძალიან მინდა, რამე არგუმენტი ვიპოვო ჩემთვის პირადად. ამ შემთხვევაში, მე არ წარმოვადგენ არც უმრავლესობას, არც ოპოზიციას. ვარ ერთი რიგითი დეპუტატი და პასუხს ვაგებ ჩემი ამომრჩევლების წინაშე და ძალიან მინდა, ვიპოვო რაღაც ხელჩასაჭიდი, რომ მართლა დავდგე პოზიციაზე, არ მივცე ხმა "სნგ"-ში შესვლას და ვიყო, ასე ვთქვათ, ეროვნული, თავისუფლების ტალღაზე მიმართული. მაგრამ თუკი ვერ ვპოულობ ამას, თუკი თქვენ, ოპოზიციის წარმომადგენლები ვერ მაძლევთ არგუმენტს, რომლის გამოც მე თქვენს გვერდით დავდგები, მაშინ რა ვქნა, სად წავიდე? (ხმა დარბაზიდან). ბატონო ივლიანე, თუ მაცლით, ძალიან კარგი იქნება. ბატონებო, ბატონო ივლიანე, თქვენ ბრძანეთ რუსეთთან ურთიერთობის ისტორია - ეს არის გაცრუებული იმედების ისტორია. გარკვეული თვალსაზრისით, ალბათ, ყველა დამეთანხმებით. მაგრამ აქაც ცოტა ღრმად გავაანალიზებთ საკითხს, იქნებ არც ეს არის მთლად სწორი დებულება. იქნება, რუსეთთან ურთიერთობა რომ არ ყოფილიყო, თუნდაც თავის დროზე - 200 წლის წინ და ის ნაბიჯი არ გადადგმულიყო, მაშინ იქნებ ფიზიკურად არ არსებულიყო ქართველი ერი (ხმა დარბაზიდან: სისულელეებს ლაპარკობს...).
თავმჯდომარე. მოიცათ. (ხმაური დარბაზში). ბატონო ირაკლი, თქვენ იცით... წერეთელი, დაბრძანდით მანდ, ადგილზე. (კამათი დარბაზში). ვერ არის კარგად. (ი. წერეთელი კამათობს, არ ისმის). რა უნდა?
ვ. რჩეულიშვილი. დატოვოს დარბაზი, კაცო, ვთხოვოთ, რომ დატოვოს დარბაზი, თორემ...
თავმჯდომარე. ბატონო ირაკლი, გთხოვთ დატოვოთ დარბაზი. (ყვირილი დარბაზში). წერეთელი, დედის გინების უფლება არავის არა აქვს პარლამენტში, ახლავე დატოვეთ დარბაზი. (ყვირილი დარბაზში). დატოვე დარბაზი, რომ გეუბნები. (ხმაური დარბაზში). დავაყენოთ ახლა კენჭისყრაზე, რომ დატოვოს დარბაზი. (ხმაური დარბაზში). ეს საქმე კაცო? შეურაცხყოფას ვინც აყენებს, ამას ხედავენ კარგად. წყნარად იყავით. (ხმა დარბაზიდან: ერის შეურაცხყოფა შეიძლება, არა?). (ცხარე კამათი დარბაზში). ვისაც აზრი აქვს, არ ყვირის, გამოდის და აზრს ამბობს. აზრი გვემწარება ზოგჯერ და ვიგინებით, ეს არის სირცხვილი. (ხმაური დარბაზში). კარგით, მერე ვილაპარაკებთ ამაზე, გააგრძელეთ.
ვ. კვარაცხელია. ბატონებო, მე მგონი ხაზგასმით ვთქვი, რომ ერის ფიზიკურ გადარჩენაზე არის ლაპარაკი და მაშინაც ეს საკითხი იდგა. ამიტომ ხმამაღალი შეძახილები, ყვირილი, უზრდელობის და აღუზრდელობის გამოვლენა პარლამენტში არგუმენტად ვერ გამოადგება. ბატონო ირაკლი, მე არ უნდა გპასუხობდეთ ახლა თქვენ, მაგრამ მე თავს უფლებას ვერ მივცემ ერთი სიტყვა არ გითხრათ მაინც. თქვენ სისულელე უძახეთ იმას, რაც მე ახლა მოგახსენეთ. რაც მე თქვენი სისულელეები მისმენია, ბატონო ირაკლი, პირადად ჩემთან საუბარში, იქნებოდა ეს დამოუკიდებლად, მარტო პირისპირ, თუ იქნებოდა საჯაროდ, მე არც ერთი მაგ საუბრისათვის ასეთი კვალიფიკაცია არ მიმიცია, თუმცა უამრავი არგუმენტის მოტანა შემეძლო, როცა გინდოდა მაშინ. ამიტომ თქვენ მე ძალიან დიდი ხანია მთხოვთ, იქნებ კიდევ ერთხელ გამომიყვანოთ პირისპირ. აი ახლა მე საჯაროდ ვაცხადებ, რომ როცა გინდათ, მაშინ გამოგიყვანთ პირისპირ და დაგალაპარაკებთ თქვენს ხალხთან. მერე ვინ სისულელეს ილაპარაკებს და ვინ ერისთვის მზრუნავი იქნება, იქ გამოჩნდება. ბოდიშს ვიხდი ამ გადახვევისათვის (ხმა დარბაზიდან: ტელევიზიაა თუ პარლამენტი, რა არის ეს?).
თავმჯდომარე. პარლამენტი რომ იყოს, ამიტომ უნდა გაჩუმდეთ. (ხმა დარბაზიდან: ესეც კანონის დარღვევაა...). ამისთანა კანონი არ გამიგია, დაბრძანდით მანდა. დაბრძანდით ადგილზე.
ვ. კვარაცხელია. ბატონო ივლიანე, თქვენი არგუმენტი იყო ერთი ასეთი, რომელიც მე ძალიან მენიშნა, რატომ უნდა წავიდეს სახელმწიფო მეთაური აშშ-ში "სნგ"-თი ხელშებოჭილი. (სიცილი დარბაზში).
თავმჯდომარე. ტკბებიან. ე.ი. საკუთარი სიბრყვით ასე იხიბლებოდეს...
ვ. კვარაცხელია. ბოლო წლების... (ხმა დარბაზიდან: რეგლამენტი).
თავმჯდომარე. ჯერ აქვს დრო.
ვ. კვარაცხელია. ბატონო ვახტანგ, თუ შეიძლება რეგლამენტი დარბაზს დაუწესეთ და მე დავიცავ ჩემს რეგლამენტს.
თავმჯდომარე. მართალი ბრძანდებით. ვინც მართალია, იმას შეუძლია სხვისი მოსმენა. (სიცილი). თქვენ... თუ გინდათ აზრი გამოთქვათ, გამობრძანდით, ტრიბუნა გაქვთ. თუ ყვირიხართ, ეს ცუდის ნიშანია. გვინდა კამათი, თუ არა? (ხმა დარბაზიდან). მაშინ გაჩუმდით. თუ ასე გაგრძელდება, მაშინ შევწყვიტავ. რა თქმა უნდა, მოვუსმინოთ. (კამათი დარბაზში). ბატონო დეპუტატებო, თქვენ იცით, რომ იდგა საკითხი, შევწყვიტოთ კამათი. ქალბატონო ლუიზა, არ შეიძლება ადგილიდან არ ვიყვიროთ, ვილაპარაკოთ, ვიაზროვნოთ, როგორც პარლამენტში. ყოველ წამს ნუ ვარღვევთ წესს. წესის დარღვევას არ ჰქვია კარგი სახელი. ბატონი ვალერი კვარაცხელია ის კაცი არ არის, რომ აზროვნებაზე ასეთი ზეწოლით გადათქვას ის, რაც უნდა თქვას, ანდა ვინმეს შეეშინდეს. (ხმა დარბაზიდან). თუ არ მისცემთ საშუალებას, შევწყვეტთ მაშინ და ვუყრით კენჭს. მე მივმართავ უმცირესობას. შევთანხმდეთ ასე, ხომ გიქმნით მე პირობებს, ხომ გისმენთ, მაშინ თქვენც გაჩუმდით. ახლა დაუგდებთ ყურს თუ არა? არა და არც ის ხალხი არ მოგისმენთ. გისმენთ, ბატონო ვალერი.
|