ომის შემსწავლელი კომისიის სხდომა კიწმარიშვილსა და თარგამაძეს შორის დაპირისპირებამ ჩაშალა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 25 ნოე.'08 / 18:53
აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის სხდომა მას შემდეგ, ჩაიშალა რაც რუსეთში ყოფილი ელჩი ეროსი კიწმარიშვილი 3 საათზე მეტ ხანს საუბრობდა კომისიის წევრებთან დებატების რეჟიმში.
კიწმარიშვილმა მას შემდეგ დატოვა სხდომათა დარბაზი, რაც გავლენიანმა დეპუტატმა უმრავლესობიდან გივი თარგამაძემ მისი მისამართით გაურკვეველი საგანი ისროლა სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ. პირდაპირ ეთერში, რა რეჟიმშიც სხდომის ტრანსლირება ხდებოდა, გაურკვეველი იყო ის კონკრეტული მიზეზი, რამაც თარგამაძის მოქმედება განაპირობა. თუმცა მან მოგვიანებით განაცხადა, რომ შეურაცხყოფა მიაყენა, სავარაუდოდ, კიწმარიშვილმა.კიწმარიშვილის დაკითხვა კომისიაზე ყველაზე დიდხანს გაგრძელდა ამ დრომდე ჩატარებულ მოსმენებთან შედარებით, სადაც მან რამოდენიმე სკანდალური განცხადება გააკეთა.
მან განაცხადა, რომ ხელისუფლებას ჰქონდა გეგმა მაისში დაეწყო სამხედრო ოპერაცია აფხაზეთის მიმართულებით, რაც არ განხორციელდა. მან ასევე განაცხადა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ მათ ამ ოპერაციაზე ჰქონდათ აშშ-ის თანხმობა, რაც კიწმარიშვილის განცხადებით, კატეგორიულად უარყო მასთან საუბარში აშშ-ის ელჩმა ჯონ ტეფტმა. კიწმარიშვილმა არ დააკონკრეტა, თუ კონკრეტულად ვისგან გაიგო ეს ინფორმაცია.
მან ასევე განაცხადა, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა თებერვალში მაშინდელ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრის შემდეგ, როცა ის მოსკოვიდან თბილისში ბრუნდებოდა მისი თანდასწრებით თვითმფრინავში განაცხადა: მე საქართველოს დედაქალაქს აგვისტოში გადავიტან სოხუმში.
კიწმარიშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდა შანსი აფხაზებთან ურთიერთობების მოგვარების თავდაუსხმელობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის გზით, რასაც გაეროში საქართველოს ელჩის ირაკლი ალასანიას გეგმა ითვალისწინებდა, თუმცა ეს შესაძლებლობა ხელიდან იქნა გაშვებული.
მისი თქმით, რუსეთს ჰქონდა აგვისტოში კოდორის ხეობის აღების გეგმა, თუმცა აფხაზების თხოვნით ამ გეგმის განხორციელება გადაავადა, რათა ”ტურისტული სეზონი” არ ჩაშლილიყო.
მან ასევე განაცხადა, რომ ზაფხულში რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილი მისი თანდასწრებით აცხადებდა, რომ ცხინვალის აღება სამ საათში იყო შესაძლებელი და რუსეთი საპასუხოდ ”თითსაც არ გაანძრევდა”.
თუმცა მისი თქმით, რუსეთის მხრიდან იყო სრული მზადყოფნა, რომ კონფლიქტი დაწყებულიყო.
”და ჩვენ გავაკეთეთ ის, რაც მათ უნდოდათ - ჩვენ გადავდგით ეს ნაბიჯი,”- განაცხადა კიწმარიაშვილმა. ”საქართველოს ხელისუფლება იქნა პროვოცირებული თუ არ იქნა პროვოცირებული, რა თქმა უნდა, სამხედრო მოქმედებები განახორციელა პირველმა, 8-ში, 7-ში [აგვისტოს]”.
”ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი, სააკაშვილის გარემოცვაში, რომლებიც ძალიან განიცდიან იმას რაც მოხდა, მაგრამ სამწუხაროდ გავხდით თანამონაწილეები იმ პროცესებისა, რომელშიც ჩათრეული ვიყავით რუსეთის ხელით,”- აღნიშნა მან.
კიწმარიშვილის განცხადებით, ის ელჩობიდან ”არაკომპეტენტურობის” მოტივით 12 სექტემბერს მას შემდეგ მოხსნეს, რაც ხელისუფლებას გაუგზავნა შეტყობინება, რომ არ ეთანხმებოდა იმას, რაც აგვისტოში მოხდა და მათგან გამიჯვნას აპირებდა.
ამ და სხვა მნიშვნელოვანი განცხადებების მოსმენის შემდეგ, კომისიის თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ განაცხადა, რომ ის აპირებს კომისიის სახელით მოითხოვოს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საქმის აღძვრა ეროსი კიწმარიშვილის წინააღმდეგ სამსახურეობრივი გულგრილობის მუხლით, რადგან იგი კომისიის სხდომაზე გაჟღერებულ ინფორმაციებს არ აწვდიდიდა ელჩობის დროს საგარეო საქმეთა სამინისტროს.
”ის გამოვიდა შეურაცხყოფით და კომისიაზე მოვიდა პოლიტიკურად ანგარჟირებული,”- განაცხადა დავითაიამ.
თუმცა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და კომისიის წევრმა საპარლამენტო უმცირესობიდან ლევან ვეფხვაძემ იმ ფაქტების გადამოწმებისაკენ მოუწოდა, რომელიც კიწმარიშვილმა კომისიის სხდომაზე გაახმოვანა.
კიწმარიშვილის გამოსვლის შემდეგ საგანგებოდ დაიგეგმა კომისიის სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გიგა ბოკერიას მისვლა, რომელთანაც კომისია დღეს გაჟღერებული ინფორმაციის გადამოწმებას გეგმავს.
http://www.civil.ge/geo/article.php?id=20088