დაუწესებს თუ არა დასავლეთი სააკაშვილს სანქციებს “საქართველო: ზამთრის საფრთხეები” – ასე ჰქვია გავლენიანი ორგანიზაცია “საერთაშორისო ანტიკრიზისული ჯგუფის” მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას, რომელიც აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოში შექმნილ მდგომარეობას ეხება. ორგანიზაციის ანალიტიკოსები საქართველოს ხელისუფლებას ამ ზამთარსა და მომავალ გაზაფხულზე “მკაცრ პოლიტიკურ გამოცდას” უწინასწარმეტყველებენ და მიიჩნევენ, რომ თუ მთავრობამ დაპირებული რეფორმები არ განახორციელა, მაშინ საქართველო დასავლეთის მხარდაჭერასა და დონორთა კონფერენციაზე მღებული თანხის ნაწილს დაკარგავს – წერს გაზეთი “რეზონანსი”.
“საერთაშორისო ანტიკრიზისული ჯგუფი” არ გამორიცხავს იმასაც, რომ დასავლეთმა სააკაშვილს სანქციები დაუწესოს.
“წარმუმატებელი ომი და ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქართველოს ხელისუფლების ავტორიტეტს და აუცილებელს ხდის სერიოზული რეფორმების სასწრაფოდ გატარებას, თუ ეს ცვლილებები ბოლომდე არ იქნა მიყვანილი, პრეზიდენტმა სააკაშვილმა შეიძლება დაკარგოს საერთაშორისო კეთილგანწყობა და 4,5 მილიარდი დოლარის დახმარების ნაწილი. მთავრობამ უნდა აღადგინოს სტაბილურობა, რათა დაიცვას უცხოური ინვესტიციები და დეველოპმენტი. ხელისუფლებამ უნდა მიმართოს უფრო ეფექტურ სოციალურ პოლიტიკას, ორგანიზება გაუკეთოს ნამდვილ დამოუკიდებელ სამართალწარმოებას, აღმოფხვრას კორუფცია ხელისუფლების მაღალ ეშელონებში, მოახდინოს საარჩევნო სისტემისა და პრეზიდენტის უფლებების რეფორმირება” – ნათქვამია ორგანიზაციის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ ანგარიშში.
ამასთან, “საერთაშორისო ანტიკრიზისული ჯგუფი” მოუწოდებს ხელისუფლებას დაიცვან პრესის თავისუფლება და კერძო საკუთრება და პრეზიდენტის ზოგიერთი უფლება გადაეცეს მთავრობას. ჯგუფის წევრები ამ პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს იმ სავალალო შედეგებზე მოუთითებენ, რომელთაც ქვეყანაში ადგილი ექნება უახლოეს მომავალში.
ორგანიზაცია რუსეთ-ევროკავშირის მჭიდრო თანამშრომლობის მომხრეა, თუმცა ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ჯერ კიდევ არ არის შესრულებული მედვედევი-სარკოზის შეთანხება, რის გამოც, დასავლეთმ,ა ოფიციალურ მოსკოვზე ზეწოლა უნდა განაგრძოს.
გაზეთ “რეზონანსის” ინფორმაციით, “ საერთაშორისო ანტიკრიზისული ჯგუფი, არაკომერციული კერძო საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომლის სათავო ოფისიც ბრიუსელში მდებარეობს, ხოლო ორგანიზაცია მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში ფუნქციონირებს, ანტიკრიზიული ჯგუფის წარმომადგენლები რეკომენდაციებს უწევენ სახელმწიფო მეთაურებს და საერთაშორისო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს. აქტივისტები ახდენენ მშვიდობისმყოფი მექანიზმების, მოლაპარაკებების პროცესების, კონფლიქტების დარეგულირების და საზოგადოებრივი აზრის მონიტორინგის შეფასებას”.
ქართველი პოლიტოლოგები უკვე გამოეხმაურნენ ორგანიზაციის ანგარიშს და მისი შეფასება ობიექტურად მიიჩნიეს. ექსპერტ გია ხუხაშვილის აზრით, ასეთი სახის შეფასებები და თანაც ასეთი ორგანიზაციის მიერ, სამწუხარო, მაგრამ ობიექტური რეალობაა.
http://www.georgiaweekly.net/index.php?new...fbcj01lovh8glm6