პაატა ზაქარეიშვილი: ”ყველაფერი, რომ ვთქვა შეიძლება გამაგორონ”
სიახლე — თავფურცელი
14:00 01.12.2008
ვერსია პრინტერისთვის •
დაამატე რჩეულებში •
[”კვირის პალიტრა”]
”ყველაფერი რომ ვთქვა, შეიძლება გამაგორონ”, - გვითხრა რესპუბლიკური პარტიის წევრმა პაატა ზაქარეიშვილმა. ვისგან ელოდება სასტიკ ანგარიშსწორებას და რის გამო, ინტერვიუში შეიტყობთ:
- კონფლიქტურ რეგიონებში მძიმე მდგომარეობაა, ქართველებს აიძულებენ, აიყარონ და მიწა მათ დარჩეთ. აფხაზები და ოსები ძირითადად, იმ ქართველებს ავიწროებენ, ვინც იოლად არ დაემორჩილება მათ იურისდიქციას და მათ პასპორტებს არ აიღებს.
საქართველოს ხელისუფლება დიდ შეცდომას უშვებს, როდესაც ეს პრობლემა საერთაშორისო დონეზე გააქვს და აფხაზებსა და ოსებთან დიალოგის გამართვას არ ცდილობს, არ ელაპარაკება გარანტიებზე, - თუკი ქართველი მოსახლეობა ახალგორსა და გალის რაიონში დარჩება, პრობლემებს არ შევქმნიო.
ჩემი მონაცემებით, აფხაზეთში პარტიზანული მოძრაობის ნიშნებია, ქართული უშიშროების სამსახურები გალის რაიონში მუშაობენ, მაგრამ რამდენად ეფექტიანად?
ეს ჯერ კიდევ 2007 წელს დაიწყო, როდესაც აფხაზეთის ე.წ. საპარლამენტო არჩევნები გაიმართა, მაგრამ შედეგი არ ჩანს. არ გაამართლა არც სანაკოევის პროექტმა, არც კოდორის ოპერაციამ და არც განმუხურში პატრიოტთა ბანაკის შექმნამ.
ჩვენი შეცდომები კარგად გამოიყენეს რუსებმა, ჩაგვითრიეს პროვოკაციაში და 7 აგვისტომდე მიგვიყვანეს. 7 აგვისტოს არაფერი დაწყებულა, ამ დღეს წერტილი დაესვა ჩვენს პროვოკაციულ მოქმედებებს, მუდმივ სურვილს პოლიტიკური ტემპერატურის აწევისა, რომ დაძაბულიყო ვითარება ცხინვალსა და აფხაზეთში და ამით მსოფლიოს ყურადღება მიექცია ჩვენი პრობლემისთვის.
საქართველოს ხელისუფლებას უნდოდა, ჩვენ გამო მსოფლიო რუსეთს დაჰპირისპირებოდა, მაგრამ იმას მივაღწიეთ, რომ გაცილებით მეტი მიწა დავკარგეთ და უფრო მეტი დევნილი გვყავს. ოსებთან ურთიერთობის დაძაბვას, უსამართლოდ, მაგრამ თუ მაინც გამსახურდიას აბრალებდნენ, ახლა ყველაფერი დღევანდელი ხელისუფლების ბრალია. დიახ, ქართველები ხელოვნურად ვქმნიდით პრობლემებს კონფლიქტურ ზონაში. ხურჩაში ორი ავტობუსი ვინ დაწვა, რომ აფხაზებისთვის დაებრალებინათ?
2006 წლის ზაფხულამდე, სანამ კოდორის ოპერაცია ჩატარდებოდა, ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს შორის კარგი ურთიერთობა დამყარდა ირაკლი ალასანიასა და გოგა ხაინდრავას წყალობით. 2006 წლის მაისში თბილისში სერგეი შამბამ ჩამოიტანა დოკუმენტი სახელწოდებით ”მომავლის გასაღები”, რომლის თანახმადაც, აფხაზები ბევრ სფეროში აპირებდნენ თანამშრომლობას ჩვენთან. იმ დოკუმენტში რუსების ხსენებაც კი არ იყო. ბოლო პუნქტი აფხაზეთის დამოუკიდებლობის ასაღიარებლად კონსულტაციების დაწყებას ითვალისწინებდა.
ცხადია, ამ დოკუმენტს ვერ დაეთანხმებოდა საქართველოს ხელისუფლება.
- დოკუმენტზე ხელი კი არ უნდა მოგვეწერა, მისი ცალკეული პუნქტები უნდა შეგვესრულებინა. ამით აფხაზები ეკონომიკურად ინტეგრირებული იქნებოდნენ საქართველოსთან.
და ეს დააბრუნებდა დაკარგულ მიწებს?
- ბევრ რამეს ვერ ვამბობ. შეგახსენებთ, აფხაზეთის პარლამენტის 2007 წლის აპრილის ე. წ. არჩევნებში დავით სიგუა გალის რაიონში საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იყო. ის აფხაზებმა დანიშნეს, მაგრამ ქართველია და კაცი უცებ აორთქლდა, დაიკარგა და დღესაც არავინ იცის მისი ასავალ-დასავალი. მოგვიანებით მის გამო იყო, სამი ქართველი სტუდენტი რომ დააპატიმრეს. მაშინ განვაცხადე, აფხაზებს სიგუაზე მხოლოდ ინფორმაცია აინტერესებთ, უთხარით ყველაფერი-მეთქი.
ამის შემდეგ აფხაზებთან მოსალაპარაკებლად ასლან სმირბა ჩავიდა, რომელიც წარმოშობით აფხაზია. სმირბამ ისეთი ინფორმაცია მიაწოდა აფხაზებს დავით სიგუაზე, რომ სტუდენტები გაათავისუფლეს. ამის მეტს ვერაფერს ვიტყვი. არის ინფორმაცია, რომლის დამტკიცება შეუძლებელია. მაგალითად, 2006 წლის 26 მაისს ნიუ-იორკში, საქართველოს საელჩოში ვიყავი მიღებაზე (ჩემ გარდა იქ რამდენიმე კაციც იყო) და ქართული წარმოშობის ძალზე მაღალი რანგის დიპლომატმა თქვა, ცხინვალის გამო რუსეთი ომს არ დაიწყებსო.
ეს ალასანია იყო?
- რომელი ალასანია?
თქვენ პრეზიდენტის ბიძას გულისხმობთ?
- მხოლოდ ერთს ვიტყვი, გაეროში მომუშავე ამ მაღალი რანგის დიპლომატს ძალზე დიდი ზეგავლენა აქვს პრეზიდენტსა და საქართველოზე...
გინდათ თქვათ, რომ ამ პირმა შეაცდინა პრეზიდენტი?
- არ ვიცი... მაგრამ საქართველოში ეგონათ, რუსეთი ცხინვალს დათმობდა და აგვისტოში ამ ხაფანგში გავებით. მე განგებ არ ვასახელებ იმ კაცის ვინაობას. მას რომ რამე დავაბრალო, ცილისმწამებლად გამომაცხადებენ. საკუთარ თავზეც ვფიქრობ.
რამე გემუქრებათ?
- შეიძლება გამაგორონ კიდეც. მაგალითად, რამე რომ ვთქვა დავით სიგუაზე, რა თქმა უნდა, გამაგორებენ.
სიგუაზე ბევრი რამ იცით?
- რა თქმა უნდა. (ჩუმდება. ვატყობ, არ მოსწონს, რომ ამ საკითხზე ვეკითხები. - ავტ.).
მაინც რა იცით?
- ვიცი, როგორც გაქრა დავით სიგუა (დავით სიგუას გაქრობას რუსული და აფხაზური მხარეები ქართულ სპეცსამსახურებს აბრალებდნენ და ეს ინფორმაცია თავის დროზე ბი-ბი-სიმაც გაავრცელა. - ავტ.). ასეთი ფაქტი უამრავია, მაგრამ ვერ ვამბობ (საქმეს არც დიქტოფონის გამორთვა შველის. - ავტ.)... ხელისუფლებამ იცის, რომ თუ ფაქტები მრავალგზის არ გადავამოწმე, არაფერს ვამბობ. ამიტომაცაა, ვერაფერს მიგონებენ გარდა იმისა, რომ მოღალატესა და რუსეთის აგენტს მიწოდებენ. სამი სტუდენტის დაპატიმრების გამო მიტინგები მოაწყვეს და გაიძახოდნენ, ზაქარეიშვილი მოღალატეაო. არადა, სწორედ მე შევუწყვე ხელი იმ სტუდენტების დროულად გამოშვებას. თორემ ხელისუფლებას უნდოდა, რაც შეიძლება დიდხანს ყოფილიყვნენ ისინი სოხუმის ციხეში და ამაზე ბევრი ელაპარაკათ.
რამდენადაც ვიცი, აფხაზები სულაც არ არიან კმაყოფილი დღეს შექმნილი მდგომარეობით. მათ რუსები სასტიკად ექცევიან.
- რატომღაც ქართველებს არ გვინდა დავიჯეროთ, რომ აფხაზებს რუსები არ უყვართ. აფხაზებს რუსებისგან დისტანცირება უნდოდათ, მაგრამ გვიანაა. ახლა იმას მაინც იზამენ აფხაზები, რომ კოლესნიკოვი თავზე არ დაისვან. შეიძლება კოლესნიკოვი რაიმე თანამდებობაზე, მაგალითად, პრემიერ-მინისტრად დანიშნონ, მაგრამ აფხაზები მას არ აირჩევენ. ვადასტურებ ინფორმაციას, რომ ცალკეულ კლანებს შორის შეტაკებებიც არის. რუსებს აფხაზების მაქსიმალურად გაკონტროლება უნდათ. იქ ბაზების მშენებლობა მიმდინარეობს. Gგალში უკვე ჩაასახლეს რუსი სამხედროების ოჯახები, მათმა შვილებმა გალის სკოლებში დაიწყეს სიარული.
ვითარების დაძაბვას აფხაზეთში 2010 წლის იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ველოდები. შესაძლოა, რუსეთმა მართლაც მოინდომოს აფხაზებისთვის ხელების გადაგრეხა და კოლესნიკოვის კანდიდატურაც შესთავაზოს, მაგრამ კოლესნიკოვმა, მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთშია დაბადებული, აფხაზური ენა არ იცის, აფხაზეთის კონსტიტუციის თანახმად კი პრეზიდენტმა აფხაზური ენა უნდა იცოდეს. აფხაზები ყურმოჭრილი მონები არ არიან, მათი მორევა იოლი არ არის.
უნდა შევუშვათ ჩვენს ჟანგიან თავებში, რომ აფხაზები რუსეთს ებრძოდნენ და უნდოდათ საქართველოს საშუალებით გაეკეთებინათ რაღაცები, მაგრამ ჩვენ გალში ვითარების დაძაბვა დავიწყეთ. სიგუას გაქრობამდე სოფელ ბაღების გამგებელი ფრიდონ ჩაკაბერია გაიტაცეს. სტუდენტების გათავისუფლების პირობად, სიგუას გარდა, ჩაკაბერიას გათავისუფლებასაც ითხოვდნენ აფხაზები. მოგვიანებით ჩაკაბერია მართლაც გაათავისუფლეს, მაგრამ ასეთი ფაქტები აფხაზებთან ჩვენს ურთიერთობას ვერ მოაწესრიგებს. თუ გვინდა გალში ქართველები დარჩნენ, აფხაზებთან ურთიერთობა უნდა დავიწყოთ და შევთანხმდეთ, რომ წყალს აღარ ავამღვრევთ გალის რაიონში. რა გვირჩევნია, გალში იყვნენ ქართველები აფხაზური პასპორტით თუ გალში საერთოდ აღარ ცხოვრობდნენ ქართველები?
აფხაზეთში მხოლოდ აფხაზები აღარ წყვეტენ ყველაფერს, საკმაოდ გაიმყარეს პოზიცია სომხებმა.
- ჩვენი მოკავშირეები აფხაზეთში აფხაზები არიან და არა სომხები. აფხაზებს სომხების ეშინიათ და შეშფოთებული არიან სომხების მომრავლების გამო. სომხებს სურთ კარგად იცხოვრონ აფხაზეთში, რაც შეიძლება ბევრი მიწა და სახლი იყიდონ და გამრავლდნენ.
ცხინვალის რეგიონზეც ვისაუბროთ. რამდენად სწორია ინფორმაცია, რომ რამდენიმე ქართული სოფელი პირისაგან მიწისა აღგავეს?
- ეს მართალია, ცხინვალსა და ჯავას შორის აღარაფერი დარჩა. ქურთა მიწასთან არის გასწორებული. სანაკოევის პროექტმა, რომლითაც სააკაშვილი ამაყობდა, დაგვასამარა. როგორც პუტინმა შექმნა კადიროვი, რომ მისი ხელით ემართა ჩეჩნები, ასევე შექმნა სააკაშვილმაც სანაკოევი. მაგრამ პუტინსა და სააკაშვილს სხვადასხვა რესურსი აქვთ. ტყუილად ეგონათ, სანაკოევი ცხინვალს დაუბრუნებდა ქართველებს. სააკაშვილის ე. წ. გაღიზიანების პოლიტიკამ ნაყოფი არ გამოიღო, ამგვარი ვოლუნტარისტული და ავანტიურისტული ნაბიჯებით 7 აგვისტომდე მოვედით. მცდარია განცხადებები, ეს ომი გარდაუვალი იყოო. დარწმუნებული ვარ, ალასანიასა და ხაინდრავას პროექტები ომამდე არ მიგვიყვანდა.
სააკაშვილმა 2005 წლის ნოემბერში დაიწყო ოსების გახლეჩის პროცესი, რომელიც კატასტროფით დასრულდა. ამ პროექტის ნაწილი იყო ცხინვალის ციხიდან ძმებ ქარქუსოვების გაქცევა. 28 ნოემბერს მერაბიშვილმა განაცხადა, 6 თვე ვამზადებდით ამ გაქცევას (ამ დროს კი შეხვედრები და მოლაპარაკებები გვქონდა ოსებთან. მერაბიშვილის განცხადებამ აფიქრებინათ, ქართველები გვატყუებდნენო), კოკოითი დამნაშავეა და მასთან მოლაპარაკებას არ გავმართავთო. არადა, დეკემბერში შერეული სამშვიდობო კომისიის სხდომა იყო თბილისში დანიშნული. ბორის ჩოჩიევმა მაშინ ეუთოს საშუალებით გამოგზავნა თხოვნა, მე რომ თბილისში ჩამოვიდე, ვინ მომცემს უსაფრთხოების გარანტიას, რომ არ დამაპატიმრებენო. ამ კითხვას დუმილით შეხვდა ხელისუფლება და სხდომა ჩაიშალა... ასე დაიწყო ვითარების გამწვავება.
როდესაც საომარი მოქმედებები დაიწყო, რატომ არ იფიქრა ხელისუფლებამ, პროვოკაციას მიწყობენო, როდესაც სპრინტერივით გადარბენით აიღო ჩვენმა ჯარმა ერთ ღამეში 12 სოფელი და ცხინვალშიც შევიდა.
ითქვა, ჩვენი ჯარი ცხინვალის პატარა ნაწილში შევიდა და ქალაქი არ აუღიაო.
- მთელი ქალაქი არ აუღიათ, მაგრამ აიღეს მისი დიდი ნაწილი. აიღეს ციხე და გაათავისუფლეს პატიმრები, მათ შორის ალან პარასტაევი, რომელიც კოკოითის ფინანსთა მინისტრი იყო. პარასტაევი პროქართველ პოლიტიკოსად ითვლებოდა და ამიტომ მოუვიდა კონფლიქტი კოკოითთან. ამის მერე ალან პარასტაევი კოკოითის პირად პატიმრად იქცა...
საქართველოში, კერძოდ, ჯავაში, რუსეთის ჯარი რომ იყო შემოსული, ჯერ კიდევ 31 ივლისს ვწერდი. იქ რუსებს შემოსვლა 7 აგვისტომდე ჰქონდათ დაწყებული. ივლისის ბოლოს ოსები მიკავშირდებოდნენ და მთხოვდნენ, ხმა ამოიღეთ თბილისში, ჯავა გაიტენა რუსი ჯარისკაცებითო. სააკაშვილმა მაინც დაიწყო ომი, რადგან მოატყუეს და დააჯერეს, ცხინვალი შეგრჩებაო. მეტსაც გეტყვით, როდესაც ომის დაწყების მერე რეზერვისტებთან მისულა მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ლადო გურგენიძე, ასე გაუმხნევებია, - ბიჭებო, ნუ გეშინიათ, ცხინვალი ჩვენია, რუსები გვითმობენო.
შეადარეთ 2006 წლის 26 მაისს გაეროში ჩემ მიერ გაგონილი და გურგენიძის ნათქვამი და ნათელი გახდება, რამაც მიგვიყვანა დღევანდელ დღემდე. დღეს ვერ აღიარებს საქართველოს ხელისუფლება, რომ ცარიელ სოფლებში, მერე კი ცხინვალში შეიტყუეს რუსებმა და მერე მოატყუეს... ევროპელებმა ხელი დაიბანეს საქართველოზე და ძალიან ცუდი თვალით გვიყურებენ. ჩვენ მომავალ არჩევნებზე უნდა ვიფიქროთ. სანამ ეს ხელისუფლება არ შეიცვლება, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა შეუძლებელია.
http://presa.ge/index.php?text=news&i=5060ვოთ არ იუ ფიქრინგ ებაუთ ით?