D-zineშენა და, ეს გაგანია ოპოზიციონერები უცბად ბურჯკანაძის ფანები რატომ გახდნენ?
მიშმაკაკების ბენდიზაცია ალასანიასკენ გასაგები მოვლენაა მაგრამ, გრეჩიხას და პლედუნახავი გამყრელიძის ფანები რატომ მიდიან ბურჯიკოსთან ეს ვერ გავიგე მე...
* * *
http://presa.ge/index.php?text=news&i=5172 სიახლე — თავფურცელი
14:10 08.12.2008
ვერსია პრინტერისთვის •
დაამატე რჩეულებში •
[მაია თეთრაძე, ”ვერსია”]
ორიოდე დღის წინ, ირაკლი ალასანიამ დაკავებული თანამდებობაც დატოვა და ალბათ - სახელისუფლებო გუნდიც. მისი წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ხელისუფლებამ სასწრაფოდ მოაყოლა სამთავრობო ცვლილებები. ყველაზე კურიოზულ ცვლილებად გამოიყურება ერთი თვის წინ საგარეო საქმეთა სამინისტროდან კულტურის მინისტრად გამწესებული გრიგოლ ვაშაძის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბრუნება, ამჯერად - მინისტრის ამპლუაში.
ჯერ კიდევ ახალ თანამდებობაზე დამტკიცებამდე, ვაშაძემ კულტურის მინისტრის სავარძლიდან გასცა ბრძანება, ყველა ელჩსა და დიპლომატს თანამდებობიდან გადადგომის ბრძანება დაეწერა. ამ უცნაური ბრძანების საბაბი როტაციაა. რეალურ მიზეზად კი, სწორედ ირაკლი ალასანიას მიერ ერთი დღის წინ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ დაწერილი განცხადება სახელდება. ხელისუფლებას სურს, საზოგადოებას დაანახოს, თითქოს, ალასანია თანამდებობიდან კი არ გადადგა, არამედ გადააყენეს.
ირაკლი ალასანია აცხადებს, რომ თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრს, ეკა ტყეშელაშვილს ახალ სამთავრობო ცვლილებებამდე გაუგზავნა. გადაწყვეტილება კი სულაც ორი თვის წინ მიიღო და აქამდე ელოდა, როდის დადგებოდა გადადგომისთვის საჭირო დრო.
ჯერ ზუსტად არავინ იცის, მართლა ფიქრობს თუ არა ირაკლი ალასანია ქართულ პოლიტიკაში ოპოზიციონერის სტატუსით მოსვლას. თუმცა საეჭვოა, ერთ-ერთი პერსპექტიული ქართველი პოლიტიკოსი პენსიაზე ნაადრევად გასვლას აპირებდეს. ვიდრე მმართველ გუნდს დატოვებდა, ექსპერტებიც და ოპოზიციური პარტიებიც მას დიდი ხნით ადრე უკავშირებდნენ ქართულ ოპოზიციას. დღემდე აქტიურად საუბრობენ მის საპრეზიდენტო შანსებზეც. პოლიტოლოგებს მიაჩნიათ, რომ ირაკლი ალასანია სწორედ ის ადამიანია, რომელიც ნინო ბურჯანაძის გარდა, სააკაშვილის კიდევ ერთ შემცვლელ კანდიდატურად მოიაზრება. მართალია, ალასანიას რეიტინგი მართლაც მაღალია, მაგრამ პოლიტიკაში რომ აქტიურად ჩაერთოს და საკუთარი თავის რეალიზაცია მოახდინოს, მას სერიოზული დასაყრდენი ძალა სჭირდება.
ექსპერტების ნაწილს მიაჩნია, რომ ყველაზე რეალურია ალასანიას რესპუბლიკელების გვერდით ხილვა. სამომავლოდ კი, შესაძლოა, ახლები-რესპუბლიკელების ალიანსის ლიდერიც გახდეს.
მართალია, ირაკლი ალასანიას ჯერ არ უსაუბრია, რომელ პარტიაში ხედავს თავის ადგილს, ან საერთოდ, გადავა თუ არა ოპოზიციაში, მაგრამ ოპოზიციას მისი გააქტიურება რომ არ აღიზიანებს, ეს თვალნათლივ ჩანს. ოპოზიციურ პარტიათა გარკვეული ნაწილი ცდილობს კიდეც, ირაკლი ალასანიას დასაყრდენი ძალა თავად აღმოჩნდეს, რითაც ერთდროულად ორ კურდღელს დაიჭერს - ლიდერის პრობლემასაც მოიხსნის და ქვეყანაში ”ძირეული ცვლილებების განხორციელებასაც” მასთან ერთად შეუდგება.
ირაკლი ალასანიას დასავლეთის მხარდაჭერა აქვს, რაც ოპოზიციას განსაკუთრებით ხიბლავს, რადგან მათ დიდ ნაწილს გულის სიღრმეში სჯერა, რომ დასავლეთს საქართველოში ხელისუფლების შეცვლა აქვს გადაწყვეტილი.
ოპოზიცია და ალასანია
საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი გია ცაგარეიშვილის აზრით, «დღეს ალასანია ცარცის წრეში მოქცეულ პატარა ბავშვს ჰგავს, რომლის გაგლეჯაც სურს ყველას, ვინაიდან მის მოსაპოვებლად ქართულ ოპოზიციურ სპექტრში გამალებული ბრძოლაა გაჩაღებული. მისთვის იბრძვიან რესპუბლიკელებიც, რომლებიც სხვებზე უფრო უხერხულ და სასაცილო მდგომარეობაშიც იგდებენ თავს.
არ ვიცი, ალასანიას რა კონტაქტები აქვს ქართულ ოპოზიციასთან და რა დონეზეა მისი ურთიერთობა ”რესპუბლიკელებთან”, მაგრამ ეს ადამიანი ქართულ პოლიტიკაში, ჯერჯერობით, სიღრმისეულად არ მოდის და პოლიტიკა არ აინტერესებს. ნებისმიერი დაძალებული ქორწინება კი ბოლოს თავ-პირის მტვრევით მთავრდება ხოლმე. ალასანიას განცხადებებიდან ჩანს, რომ იგი ახლა მოლოდინის რეჟიმშია და საერთოდ არ აინტერესებს პოლიტიკა იმ გაგებით, რა გაგებითაც მას პოლიტიკაში ჩართვას სთხოვენ”.
ცაგარეიშვილი ბრძნულად შენიშნავს, რომ თუკი ალასანია საქართველოში დაბრუნებას გადაწყვეტს, ეს მის მიერ ბოლო პერიოდში დამყარებული კონტაქტებიდან გამომდინარე, ამერიკის შეერთებულ შტატებთან აუცილებლად იქნება შეთანხმებული.
ლეიბორისტი სოსო შატბერაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოში ყველას აქვს უფლება, თავი საპრეზიდენტო კანდიდატურად წარმოადგინოს, მათ შორის ალასანიასაც. თუმცა აქვე დასძენს, რომ ალასანია წლების განმავლობაში ხელისუფლების ერთ-ერთი მაღალჩინოსანი იყო და ხელისუფლების დანაშაულებებზე პასუხისმგებლობა მასაც ეკისრება.
- ”თუ მას ოპოზიციონერობა სურს, საკმაოდ გრძელი გზა უნდა გაიაროს. პირველი - დანაშაულების შესახებ ბოლომდე თქვას სათქმელი, შემდეგ ამ დანაშაულებებში თავისი წილიც აღიაროს, მოინანიოს საქციელი და ამის შემდეგ, კი, ბატონო, გახდეს ოპოზიციონერი, თუმცა მან ამ ოპოზიციაში თავისი ადგილიც უნდა იცოდეს”, - აცხადებს შატბერაშვილი, რომელსაც უჭირს პროგნოზირება, რომელ ოპოზიციურ ძალასთან შეიძლება აღმოჩნდეს ირაკლი ალასანია. თუმცა ხაზს უსვამს, რომ ის იმ ლიდერების თანასწორი არ უნდა გახდეს, რომლებიც თავიდანვე ებრძოდნენ შევარდნაძესა და სააკაშვილს.
შატბერაშვილი არ გამორიცხავს, რომ ყოფილი მაღალიჩინოსნების ალიანსიც შედგეს ალასანია-ნოღაიდელი-ბურჯანაძის სამეულის სახით: «თუკი ასე მოხდა, ეს სააკაშვილთან აუცილებლად შეთანხმებული იქნება. ეს ალიანსი შეეცდება, ხელისუფლება ხავერდოვნად ჩაანაცვლოს. სამაგიეროდ, სააკაშვილი ხელშეუხებლობის გარანტიას მიიღებს. მაგრამ ამ სცენარის განვითარებას ლეიბორისტული პარტია აღარ დაუშვებს. რაც შეეხება ვერსიას, რომ ალასანია ოპოზიციის ლიდერი გახდება, გეტყვით, რომ ვერ გახდება.
ოპოზიციის ლიდერი რომ გახდე, ოპოზიციაში წლების განმავლობაში უნდა მოღვაწეობდე, შესუნთქული უნდა გქონდეს მომწამლავი გაზი და უნდა მოგხვდეს რკინის ან რეზინის ხელკეტიც. შესაძლოა, დევნილიც იყო და ციხეშიც იჯდე. ბატონ ალასანიას კი კაბინეტებში ჯდომის მეტი არაფერი უკეთებია, პერსონალური მანქანისა და აპარატის მომსახურების მეტი არაფერი მიუღია.
ირაკლი ალასანიას ფაქტორითა და მისი პოლიტიკური კარიერით მაინცდამაინც არ ინტერესდება გაერთიანებული ოპოზიცია. თუმცა კონსერვატორებმა მის თანამდებობიდან წასვლას ბრიფინგი მაინც მიუძღვნეს და განაცხადეს, რომ ალასანია აქტიურ პოლიტიკაში მოდის. სხვა დანარჩენი, სად აღმოჩნდება და როგორია მისი ოპოზიციური შანსები, კონსერვატორი კახა კუკავა აცხადებს, რომ ამის შესახებ არაფერი იცის. კითხვაზე - შესაძლოა თუ არა, ალასანიასთან კონსულტაციები გაერთიანებულმა ოპოზიციამაც დაიწყოს, კუკავა პასუხობს, რომ ცხოვრებაში გამორიცხული არაფერია.
ალასანიას შესახებ საინტერესო ანალიზს გვთავაზობს «ქრისტიან-დემოკრატი» ლევან ვეფხვაძე. მისი თქმით, ჯერ არავინ იცის, ელექტორალური თვალსაზრისით რამდენი ხმა აქვს ირაკლი ალასანიას, ან რამდენად ცნობადია იგი საზოგადოებაში. თუმცა, ვეფხვაძე დარწმუნებულია, რომ ალასანიას მსგავსი კვლევა უკვე ჩატარებული ექნება: ”მჯერა, რომ ანალოგიური კვლევა ნაციონალური მოძრაობის იმ პირებსაც ექნებათ, რომლებიც ალასანიასგან საფრთხეს ელიან. ისინი გუნდის შიგნითაც აგროვებენ ერთმანეთზე ინფორმაციებს და ელიან იმ დღეს, როცა გუნდი დაიშლება. ფაქტია, რომ მმართველი გუნდი იშლება. ცხადია, ალასანიას არჩევანი აქვს - ან ოპოზიციაში უნდა წავიდეს ან ხელისუფლების შიგნით დაიწყოს ბრძოლა”.
ლევან ვეფხვაძის თქმით, ალასანიას ოპოზიციური პარტიებიდან მხოლოდ «რესპუბლიკელებისა» და «ახლების» შეთავაზება აქვს, მაგრამ რამდენად აღმოჩნდება მათ გვერდით, ამაზე საუბარი ძნელია: ”საქართველოში მნიშვნელოვანია დასავლეთის მხარდაჭერის ფაქტორიც. სააკაშვილს დასავლეთის ნდობა დაკარგული აქვს, მაგრამ ვინაიდან იქ განახლების პროცესი ნელა მიდის, იძულებულნი არიან, სააკაშვილი ჯერჯერობით დაიცვან. თუმცა ცხადია, გარკვეულ ადამიანებზე ისინი აქცენტს აკეთებენ. ვინ იქნება ეს - ირაკლი ალასანია, ნინო ბურჯანაძე თუ სხვა, ვერ გეტყვით, თუმცა ფაქტია, რომ მათთვის მისაღებია ტენდენცია, რომელიც 2003 წელს შეიქმნა, როცა ოპოზიციაც და ხელისუფლებაც პროდასავლური ორიენტაციის იყო”.
ლევან ვეფხვაძის აზრით, თუკი ”ახლებმა” და ნინო ბურჯანაძემ გაზაფხულისთვის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ვერ მიაღწიეს, მათ შესაძლოა, პოლიტიკური აქტივობის პერსპექტივა დაეკარგოთ: ”ამიტომ დავით გამყრელიძეს რჩება გზა, შედგეს ახალი გაერთიანება «რესპუბლიკელებთან» და ჰყავდეთ ახალი სახე, რომელიც შეიძლება იყოს სოზარ სუბარი, ირაკლი ალასანია ან ნინო ბურჯანაძე. ვინაიდან ცნობილია, რომ ნინო ბურჯანაძეზე ”რესპუბლიკელები” და ”ახლები” ვერ თანხმდებიან, გაერთიანება უფრო კომფორტული პიროვნების - ან სოზარ სუბარის ან ირაკლი ალასანიას ირგვლივ იქნება.
ამ ორიდან, ვინ, როდის გახდება ლიდერი, ვერ გეტყვით, მაგრამ ალასანიას პრობლემა მაინც ექნება, თუ რესპუბლიკელების გვერდით ყოფნას გადაწყვეტს. საქმე ისაა, რომ ძმები ბერძენიშვილები მას ახლა ისევე განიხილავენ, როგორც განიხილავდნენ თავის დროზე სააკაშვილს, რომელსაც მათთვის ელმავლის ფუნქცია ჰქონდა. გარკვეული დროის შემდეგ, ეს ელმავალი აღარ დასჭირდათ. სწორედ ასევე შესაძლოა, აღარ დასჭირდეთ ალასანიაც და სააკაშვილის მსგავსად, მის მონელებასაც შეეცადონ”.
ხელისუფლება
ირაკლი ალასანიას თანამდებობიდან წასვლამდეც და შემდეგაც, ხელისუფლება მასზე საუბარს გაურბოდა და დღემდე აცხადებს, რომ მმართველ გუნდში ყველაფერი რიგზეა და ყველა თავის ფუნქციას ასრულებს. თუმცა, ხელისუფლებასა და ალასანიას შორის დაპირისპირებაზე დიდი ხანია, კულუარულად საუბრობდნენ, რასაც მმართველი გუნდის წარმომადგენლები არასოდეს ადასტურებდნენ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრები დავით დარჩიაშვილი და გოკა გაბაშვილიქართულ პოლიტიკაშიირაკლი ალასანიას ადგილის შესახებ ”ვერსიამ” მის გადადგომამდე ორი დღით ადრე ჩაწერა. ისინი გაოცებულები აცხადებდნენ, რომ გაურკვეველია, ალასანიას ოპოზიციაში გადასვლის შესახებ რატომ საუბრობენ გამუდმებით და რატომ ვრცელდება ინფორმაციები, თითქოს ალასანია ხელისუფლებასთან დაპირისპირებულია. მითუმეტეს მაშინ, როცა ადამიანი გაერო-ში ქვეყანას პირნათლად ემსახურებოდა.
უმრავლესობის წარმომადგენლები ხელისუფლების შიგნით არსებულ განხეთქილებასაც გამორიცხავდნენ. კითხვაზე, მართლაც შესთავაზა თუ არა პრეზიდენტმა ალასანიას პრემიერის თანამდებობა და მართლაც მიიღო თუ არა მისგან უარი, უპასუხეს, რომ ეს ფაქტი მათთვის უცნობია და დაუჯერებელიც. რაც შეეხება ალასანიას საპრეზიდენტო შანსებს, ამაზე საუბარი სასაცილოდ ეჩვენებათ. მათი თქმით, კანონის თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება 2013 წლისთვის იგეგმება, მანამდე კი, პოლიტიკური ცხოვრება ბევრჯერ შეიცვლება.
ფაქტი მაინც ჯიუტია - ხელისუფლებას მოუწევს შეგუება, რომ ირაკლი ალასანია ქართულ პოლიტიკაში განსხვავებული პოზიციით მოდის და, თანაც, დასავლეთის დიდი მხარდაჭერითაც.
ალიანსი?
მართალია, ახალი მემარჯვენეები ირაკლი ალასანიასთან შესაძლო კავშირის შესახებ ჯერ არ საუბრობენ. თუმცა ალასანიას თანამდებობიდან წასვლა სიურპრიზი არც მათთვის ყოფილა. ჯერ კიდევ ირაკლი ალასანიას გადადგომამდე, ფიქრია ჩიხრაძე ”ვერსიასთან” უკვე საუბრობდა ოპოზიციაში მის დიდ შანსებზე. მისი თქმით, საზოგადოებას ალასანიას მიმართ ასეთი დამოკიდებულება იმიტომაც გაუმძაფრდა, რომ იგი თავისი საქმიანობითა და პოზიციით ხელისუფლებასთან არასოდეს ყოფილა ასოცირებული. შესაბამისად, მას არც ის ჭუჭყი და ტალახი შეხებია, რაც ამ ხელისუფლებას აცხია. ირაკლი ალასანიას შანსებს, როგორც ძველი, ასევე მისი ამჟამინდელი საქმიანობაც ზრდის.
ძნელი მისახვედრი არაა, რომ ახალი მემარჯვენეები ირაკლი ალასანიას მიმართ დადებითად არიან განწყობილნი. მას ამერიკაში ვიზიტის დროსაც შეხვდნენ. თუ გავითვალსიწინებთ მათ კრიტიკულ დამოკიდებულებას ნინო ბურჯანაძის მიმართ, არ არის გამორიცხული, რესპუბლიკელებთან ახალი ლიდერის თაობაზე შეთანხმება სწორედ ირაკლი ალასანიაზე შეძლონ.