[გოჩა ჯელია]
იმ ფონზე, როცა პუტინი ცდილობს ყველა დააჯეროს, რომ ”პარტია და ხალხი ერთიანია”, რუსეთის მოსახლეობის უკმაყოფილება ნელ-ნელა პიკს უახლოვდება. მსოფლიო კრიზისის ფონი რუსეთში გაცილებით მძაფრად იგრძნობა, ვიდრე ევროპაში.
რუსი ექსპერტები არ მალავენ, რომ მარტო მომავალ წელს სამსახური შეიძლება ხუთმა მილიონმა ადამიანმა დაკარგოს. პრეზიდენტმა მედვედევმა საჯაროდ აღიარა, რომ 2009 წელი ურთულესი იქნება, თანაც შემდეგ რა იქნება, უცნობია.
რადგან ეკონომიკური და სოციალური საკითხები პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა, ბევრმა მედვედევის ეს განცხადება პრემიერ-მინისტრ პუტინის შენიღბულ კრიტიკად მიიჩნია. ჩემი მოსკოველი რესპოდენტი გიორგი ზარიძე ამტკიცებს, რომ მოსკოველების უმრავლესობას პუტინის გამოსარჩლება არც უფიქრია.
- ”ეს ორთავიანი ურჩხული, სადაც ორივე - პუტინიც და მედვედევიც, ქვეყნის გარეთ მაგარ ბიჭობაში ეჯიბრებიან, შინ კი - ერთმანეთს ხელს უშლიან, განსაკუთრებულ გაღიზიანებას იწვევს ხალხში.
თერთმეტი წელია მოსკოვში ვცხოვრობ და მთავრობის ასეთი თავშეუკავებელი ლანძღვა არ მახსოვს. ყველგან - ქუჩაში, ტრანსპორტში, მარკეტებში, ხალხი უიმედობას და მომავლის შიშს გამოხატავს”.
მოგეხსენებათ, მოსკოვი არაა კლასიკური რუსეთი, იმ გაგებით, რომ რეგიონებში ყოველთვის სიღარიბის ზღვარზე ცხოვრობდნენ, მაგრამ სოციალური კრიზისი მოსკოვშიც კი ისე საგრძნობი ხდება, რომ აქაურები უკვე ”მშიერ ბუნტზე” ალაპარაკდნენ.
რუსეთში, დასავლეთისაგან განსხვავებით, სოციალური პროგრამები არ მოქმედებს. საქართველოსაგან და საერთოდ კავკასიისაგან განსხვავებით, აქ ახლობლის, ნეთესავის, ან მეგობრის დახმარების იმედი არავისა აქვს.
- ”აქ, სამსახურდაკარგული მარჩენალი რეალურად უკიდურეს სიდუხჭირეში ვარდება და მათი რისხვა ერთად ფოკუსირებული, ყოვლისწამლეკავი შეიძლება გახდეს. ე.წ. ”რუსული ბუნტის” არა მარტო მთავრობას, არამედ შეძლებულ და საშუალო ფენასაც ეშინია”, - ამბობს გიორგი.
თვითონ რუსი ეკონომისტები აღიარებენ, რომ რუსეთის დედაქალაქი, გარეგნული ბრწყინვალებისა და სავსე ვიტრინების მიუხედავად, წელს, ალბათ ბოლო ათწლეულში ყველაზე მძიმე ახალ წელს იზეიმებს.
სულ უფრო მატულობს იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც იმპორტული საქონლით დახუნძლულ ვიტრინებს, როგორც ვერნისაჟს ისე ათვალიერებს. რეალურად, ამ სიკეთით სარგებლობის საშუალება მოსკოველების 5%-ზე მეტს არა აქვს.
პუტინი კი ჩვეულ სიხისტეს შინ და გარეთ ერთნაირად იჩენს - ენერგეტიკულ კრიზისს იმით ”მკურნალობს”, რომ დასავლეთს გაზის მიწოდების შეჩერებით ემუქრება. ხოლო შორეულ ზღვისპირეთში, უცხოურ ავტომანქანებზე გაზრდილი გადასახადებით აღშფოთებულ მომიტინგეებს მოსკოვიდან გაგზავნილი სპეცნაწილებით უსასტიკესად ”აშოშმინებს”.
ჩემი მოსკოველი რესპოდენტი დარწმუნებულია, რომ ეს ძალისმიერი შანტაჟის პოლიტიკა, ანუ ”პუტინომიკაა”, რომლის მიზანიც, რუსეთის, როგორც ზესახელმწიფოს იმიჯის დაფიქსირებაა. პუტინს სჯერა, რომ დასავლეთი, რყევების თავიდან ასაცილებლად, რუსულ ეკონომიკას დაეხმარება.
- ”არ ვიცი რას ფიქრობენ პროვინციებში, მაგრამ მოსკოველები შესანიშნავად ხვდებიან, რომ ხელისუფლება ჩიხშია და საგარეო აქტიურობით, შიდა პრობლემებიდან ყურადღების გადატანას ცდილობს”.
ომი საქართველოში, დასავლეთის რაკეტებით მუქარა, საზღვაო ფლოტის სწავლებები კარიბის ზღვაში და სპარსეთის ყურეში, ახლახანს კი მედვედევმა განაცხადა, რომ თურმე ინდოეთი და პაკისტანი უნდა შეარიგოს. მოსკოვში სიმწრით ეცინებათ საკუთარ ცარიელ ჯიბეს რომ ამ ყველაფერს უსადაგებენ.
ერთ-ერთ მოსკოვურ ტელეარხზე, ბოლო ხანებამდე გადიოდა კლიპი ”მოძმე აფხაზი და ოსი ხალხის” ფინანსური დახმარებების შესახებ. იმდენად დიდი იყო აღშფოთება და გაღიზინება მოსახლეობაში, რომ ეტყობა არხის პატრონები მიხვდნენ და გააუქმეს.
- ”ახლა ამ არხზე გადის კლიპი, სადაც ”რუსეთის მსოფლიო მისიაზეა” საუბარი, რა ქნან? როცა მთავრობას საურსათო-ეკონომიკური პროგრამა არა აქვს, რამეთი ხომ უნდა გამოკვებოს საკუთარი მოსახლეობა?” - განაცხადა გიორგი ზარიძემ.
http://presa.ge/index.php?text=news&i=5488