ექვთიმე თაყაიშვილი,
საქართველოსათვის თავშეწირული მამულიშვილი "ახლა შემიძლია ვთქვა, რომ მოვიხადე ვალი სამშობლოსა და ხალსის წინაშე" - ექვთიმე თაყაიშვილი

ექვთიმეს ძეგლი თბილისში
1863 წლის 5 იანვარს, გურიაში, სოფელ ლიახურში, აზნაურ სვიმონ თაყაიშვილის ოჯახში დაიბადა მესამე ძე, რომელსაც ექვთიმე დაარქვეს.
მოწამებრივი ცხოვრებით სვლა დაბადებითვე ბედად დაჰყვა ახალშობილ ყრმას. დაბადებიდან მეხუთე დღეს მოუკვდა მამა. მეხუთე წელს დედა მის ლოგინში, მისსავე მკერდზე მიხუტებული გარდაიცვალა. სამი წლისამ, მარჯვენა ფეხი მოიტეხა, ცუდად შეხორცებული ფეხი საგრძნობლივ დაუმოკლდა და სამუდამოდ კოჭლი დარჩა. დედმამიშვილებსა და სანათესაოს მისი კოჭლობა ეუხერხულებოდათ და სტუმრად `გამოჩენა~ რცხვენოდათ.
7 წლის ექვთიმე, მის ბავშვობაში "საგარეო ტანსაცმლით" პირველად მორთული, შეიყვანეს ოზურგეთის ორწლიან სასწავლებელში. ორი წლის შემდეგ ოზურგეთიდან ფოთში გადავიდა და იქ სამაზრო სასწავლებელში ერთი წელიწადი ისწავლა. 1875 წ. მისმა მეურვე სიძემ ჩასთვალა, რომ ობლისათვის "ამდენი სწავლა" საკმარისი იქნებოდა და ფოთიდან ისევ ლიახურში ჩამოიყვანა. მაშინ ექვთიმე 12 წლისა იყო, სწავლა და ცოდნას უსაზღვროდ მოწყურებული. ერთი წელიწადი კი `შეინახა~ თავის სოფელში. 1876 წ. კი უფროსმა ძმამ, ნიკომ წაიყვანა ქუთაისში და მოეწყო "პროგიმნაზიაში". 1879 წ. "პროგიმნაზია" წარმატებით დაასრულა და ძველებური გიმნაზიის მეხუთე საფეხურზე განაგრძო სწავლა.
იმ წელსავე რაჭაში, სოფელ უწერაში წავიდა, იქაურ წყლებზე მტკივანი ფეხის სამკურნალოდ. თან რაჭის ისტორიული ძეგლები შეისწავლა, ადგილობრივი კუთხური წესჩვეულებები იკვლია და, ამ მასალების საფუძველზე, 1880 – 1881 წლების გამოცემა ("ჟურნალ") "ბედში" მისი პირველი მეცნიერული შრომა - "ქუთაისიდან უწერამდე.
ახალგაზრდა ექვთიმე 1883 წ. ექვთიმემ წარჩინებით დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია და იმავე წელს იგი სწავლის გასაგრძელებლად შევიდა პეტერბურგის "უნივერსიტიტში".
ექვთიმემ პეტერბურგის "უნივერსიტეტი" დაასრულა, სამეცნიერო ნაშრომიც დაიცვა და, 1887 წელს საქართველოში დაბრუნდა. აქ, თბილისში, სათავადაზნაურო გიმნაზიის ხელმძღვანელმა, ალექსი ჭიჭინაძემ, გიგი მიიწვია ლათინურის ენის მასწავლებლად.
ექვთიმემ გიმნაზიაში მუშაობის დაწყებისთანავე მიიპყრო ყურადღება ერის მაშინდელ სულიერ მოძღვართა წრეში და 1888 წელს, იგი შეიყვანეს "წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" გამგეობის წევრად.
1888 წ. ექვთიმემ შეისწავლა და გამოიკვლია "პარხლის სახარება". ამას მოჰყვა შატბერდული "მოქცევაი ქართლისაის" ახლებური წაკითხვა, რკვევა და დათარიღება. ამ ნაკვლევის მეცნიერულ სამსჯავროზე გამოტანას ილია ჭავჭავაძეც დაესწრო და დიდი მოწონებითაც მოისმინა ახალგაზრდა მკვლევარის მოსაზრებანი.
1890 წ. ექვთიმე თაყაიშვილმა ერთად თავი მოუყარა და გამოაქვეყნა "სამი ისტორიული ქრონიკა", სადაც წარმოდგენილია - "მოქცევაი ქართლისაი", "სუმბატის ქრონიკა" და "მესხური მატიანე".
1891 წ. ექვთიმე თაყაიშვილმა ისევ აალაპარაკა ქართული მოაზროვნე საზოგადოება ახალი გამოცემით - "ახალი ვარიანტი წმ. ნინოს ცხოვრებისა ანუ მეორე ნაწილი ქართლის მოქცევისა".
პარალელურად იგი არქეოლოგიურ ძიებებს აწარმოებდა. 1889 წ. ბაგინეთში წამოიწყო გათხრები, ილია ჭავჭავაძის წაქეზებითა და ხელშეწყობით. ორი კვირის გათხრებმა საგრძნობი შედეგებიც მოიტანა, მაგრამ უსახსრობის გამო მუშაობა ვეღარ გაგრძელდა.
1893 წ. ექვთიმე თაყაიშვილმა ცოლად შეირთო ივანე პოლტარაცკის ქალიშვილი, ნინო.
ალექსი ჭიჭინაძის ვლადიკავკაზში გადასვლის შემდეგ, ექვთიმეს შესთავაზეს გიმნაზიის ხელმძღვანელის ადგილი. ექვთიმემაც თავისი პირობები წამოაყენა – რომ სასწავლებელს ყოველ წელს ერთი წელი მომატებოდა, გიმნაზიური სწავლის სისრულისათვის; თავადაზნაურობის სამმართველოში გიმნაზიის ხელმძღვანელი სასწავლო საკითხებზე დამოუკიდებელი ყოფილიყო; მასწავლებელთა ხელფასი გაზრდილიყო; სასწავლებელს მოანგარიშე დანიშვნოდა.
ყველა ეს მოთხოვნა დაუკმაყოფილეს და 1894 წ. ექვთიმე თაყაიშვილსი დაინიშნა გიმნაზიის ხელმძღვანელად.
1895 წ. გამოაქვეყნა "სიბრძნე ბალავარისი", მრავალი სახით და მეცნიერული განმარტებებით. იმავე წელს გამოსცა XVIII საუკუნის ხელნაწერი "კათალიკოს-ბაქარიანი მღვდლის იესე ტლაშაძისა, მოთხრობა ლექსად".
1899 წ. გამოვიდა პირველი ტომი ექვთიმე თაყაიშვილის მნიშვნელოვანი სამეცნიერო სერიისა - "საქართველოს სიძველენი", სადაც თავმოყრილია 431 სხვადასხვა დასახელებისა და შინაარსის საბუთი, მოქმედება, ნუსხა, სიგელი, გუჯარი...
1889 წელს დააარსა „საქართველოს საეგზარქოსო მუზეუმი“, სადაც თავს უყრიდნენ ძველ საეკლესიო წიგნებს, ხელნაწერებსა და სხვადასხვა ნივთებს. მუშაობდნენ საქართველოს საყდრიონის წარსულის შედგენაზე.
ექვთიმე თაყაიშვილის სახელს უკავშირდება „საქართველოს წარსულისა და სამხარეო კვლევის საზოგადოების“ დაარსება. ეს საზოგადოება მოგზაურობდა საქართველოს სხვადასხვა მხარეში და აგროვებდა წარსულის და გათხრების სიძველეთა მასალებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მათი მოგზაურობა „სამუსულმანო საქართველოში“. ექსპედიციამ უამრავ მასალას მოუყარა თავი: სამხარეო და საარქივო ნივთებს, ნაქსოვ-ნაქარგებს, ხელნაწერებს. ცალკე ნაკრებს შეადგენდა ქართული საყდრების კედლებიდან გადმოღებული ნახატები.
ფასდაუდებელი ღვაწლი დაიდო ექვთიმე თაყაიშვილმა "ქართლის ცხოვრების" მრავალმხრივი შესწავლით, მისი სხვადასხვა სახით გამოცემით და მეცნიერული განმარტებებით. ასევე, ენათმეცნიერულ ძეგლთა - "თიმსარიანის", "იოსებ – ზილიხანიანის", "ქილილა და დამანას" - გამოქვეყნებით.
1907 წ. ექვთიმე თაყაიშვილის თაოსნობით დაარსდა "საქართველოს წარსულისა და სამხარეო კვლევის საზოგადოება", რომლის თავმჯდომარეც იყო 1921 წ-მდე (ლტოლვილობაში წასვლამდე). ეწეოდა ფართო სიძველეთა გათხრებს საქმიანობას. მისი ხელმძღვანელობით გაითხარა წინაქრსიტიანული ხანის სასაფლაო დებედის ხეობაში, სოფ. ვორნაკში. დიდი ღვაწლი მიუძღვის ახალგორის განძის შეგროვებასა და დაცვაში. კვალდაკვალ სდია ამ განძის შემსყიდველ-გადამყიდველებს; მოახერხა განძის უმეტესი ნაწილის თავმოყრა და კავკასიის მუზეუმში დაბინავება. ექვთიმეს დღენიადაგი ოცნება იყო სამხრეთ საქართველოს წარსულის ძეგლთა საფუძვლიანი აღწერა და შესწავლა. პირველი სამეცნიერო ლაშქრობა 1902 წ. მოეწყო. შესწავლილი იქნა ახალციხისა და ახალქალაქის. აგრეთვე არტაანისა და ოლთისის მხარეების ხუროთმოძღვრული ძეგლები. შემდეგი ლაშქრობა მოეწყო 1907 წელს. თანმხლებ პირებთან ერთად მოიარა კოლა, ოლთსი, ჩანგლი. მაშინ აღწერა ექვთიმემ ბანას დიდებული ტაძარი, ტაოსკარი, დადაშენი, ტახტორკანი, ჯიჯორი, ქუმურლუხი, კალმახი, ვაჩეძორი და მრავალი სხვა ძეგლი, ნაზეგლარი, ნანგრევი და ნამუსრევი.
1908 წ. განსაკუთრებით ნაყოფიერი იყო ექვთიმეს სამოღვაწეო წარსულში. მაშინ მოიძებნა დიდი გათხრების სიძველეების მასალები ახალქალაქისა და საძეგურის მიდამოებიდან, გამოვიდა მეცნიერის "აღწერილობის" მეორე და მესამე ტომები; აღმოაჩინა "ვეფხისტყაოსნის" მანამდე უცნობი ხელნაწერები;
მოიძია გიორგი ბრწყინვალის დროის უმნიშვნელოვანესი ძეგლი - "ხელმწიფის კარის გარიგება"; გამოიცა მისი ხელმძღვანელობით წარსულის და სამხარეო კვლევის საზოგადოების კრებული - "ძველი საქართველო".
1910 წ. ექვთიმემ მოაწყო სამეცნიერო და საკვლევაძიებო ლაშქრობა ლეჩხუმსა და სვანეთში. ეს იყო იქაურ ძეგლთა ყველაზე სრული და საფუძვლიანი შესწავლისა და აღწერის ხანა.
1913 წ. ექვთიმემ "ძველი საქართველოს" მეორე ტომი გამოსცა. მომდევნო წელს გამოიცა "ძველი საქართველოს" მესამე ტომიც.
განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ექვთიმე თაყაიშვილის მიერ 1917 წ. მოწყობილ სამეცნიერო ლაშქრობას. ამ ლაშქრობის დროს იქნა შესწავლილი ხახულის, ოშკის, ექექისა და სხვა ტაძრები, ოთხთა ეკლესია, თორთუმის ციხე და სხვა.
ექვთიმე თაყაიშვილმა აღმოაჩინა და გადმოიღო მრავალი ძვირფასი წარწერა. გაარკვია მანამდე უცნობი ზოგიერთი საყდრის სახელი. შეისწავლა მოხატულობა, ჭედური ხატები, საყდრის ჭურჭელი, პატარა ხატები.
ექვთიმე თაყაიშვილი იყო ერთ-ერთი თავგამოდებული მებრძოლი საქართველოს ეკლესიის თვითმართველობის ("ავტოკეფალიის") აღდგენისათვის, მან ასევე უდიდესი წვლილი შეიტანა 1918 წელს თბილისის "უნივერსიტეტის" დაარსებაში.
ყველა მოსამზადებელი საკითხი, "უნივერსიტეტის" წესდებიდან დაწყებული უნმიშვნელო წვრილმანებამდე, ექვთიმეს გარეშე არ წყდებოდა. იგი "უნივერსიტეტის" პირველი პროფესორი იყო. 1918 წ. 21 მასისს "უნივერსიტეტის" საბჭომ "დირექტორის" ხარისხი მიანიჭა.
1921 წლის 25 თებერვალს საქართველო რუსეთმა დაიპყრო. საქართველოს მთავრობა საზღვარგარეთ, საფრანგეთში გადაიხვეწა და თან წაიღო საბანკო უცხოური ფული, წარულისა და სულიერბის სამუზეუმო განძეულობა და ხელნაწერები. განძეულობის მეთვალყურედ ექვთიმე თაყაიშვილი დაინიშნა. ქართულ განძს მცველად გაჰყვა ექვთიმე თაყაიშვილი თავის მეუღლესთან ერთად.
„ძალაუნებურად მომიხდა ლტოლვოლობა, რათა არ მოვშორებოდი ჩვენი ერის სასიქადულო კულტურულ საგანძურს, დამეცვა იგი ყოველგვარი საფრთხისაგან“, - წერდა ექვთიმე თაყაიშვილი.
განძეულობა გატანილი იქნა საფრანგეთში. ლტოლვილმა ქართველობამ პარიზიდან 20 კილომეტრზე, სოფელ ლევილში მამული შეიძინა და იქ დასახლდა, იქვე ორი მცირე ოთახი ექვთიმემ და ნინომ დაიჭირეს. 1924 წ-დან 1945 წ-მდე ექვთიმე თაყაიშვილი საფრანგეთში იმყოფებოდა. მისი უდიდესი ნებისყოფისა და თავდაუზოგავი მცდელობის შედეგი იყო, რომ საგანძური გადურჩა ინგლისისა და აშშ-ს შემოტევებს, გაუძლო მეორე მსოფლიო ომის საშინელ წლებს, ვერ გატეხა შიმშილმა, დამცირებამ, მძიმე ეკონომიკურმა მდგომარეობამ და 1945 წ. აპრილში მთელი განძი უკლებლივ ჩამოიტანა საქართველოში.
"ახლა შემიძლია ვთქვა, რომ მოვიხადე ვალი სამშობლოსა და ხალხის წინაშე" - ეს იყო ექვთიმეს სიტყვები თვითმფრინავიდან ქართულ მიწაზე ჩამოსვლისას.
საფრთხე კი მრავალი იყო:
ქართული საგანძურის შესყიდვა სურდათ ბრიტანეთისა და ნიუ-იორკის მუზეუმებს, გრაფ ოხოლენსკის ქვრივი სალომე დადიანი კი ამ საგანძურის ერთი ნაწილის მემკვიდრედ ასაღებდა თავს და სასამართლოშიც კი აღძრა საქმე განძის ხელში ჩასაგდებად. მეორე მსოფლიო ომის დროს ფაშისტებმა შეიტყვეს განძის შესახებ და ექვთიმეს ბინაც კი გაჩხრიკეს, მაგრამ ექვთიმე თაყაიშვილის, გრიგოლ ფერაძისა და სხვა ქართველებისა თუ მათი უცხოელი მეგობრების წყალობით ქართველებმა განძი შეინარჩუნეს.
ბოლოს კი საფრანგეთის მთავრობამ გამოაცხადა, რომ ქართული საგანძური მას ეკუთვნოდა იმ გადასახადის სანაცვლოდ, რომელიც ქართულმა სათვისტომომ მატერიალური შეჭირვების გამო ვერ გადაიხადა, მაგრამ ამჯერადაც გამოჩნდნენ კეთილი ადამიანები და განძი მითვისებას გადაურჩა.
ამ დროს კი ასეთი განძის მფლობელი ექვთიმე უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდა. მას და მის მეუღლეს ხშირად პურიც კი არ ჰქონდათ და მათ მეგობრები ინახავდნენ. ექვთიმეს ამ პერიოდში გარდაეცვალა საყვარელი მეუღლე და დიდი მეგობარი ნინო. მარტო დარჩენილი მოხუცი შიმშილის, ყინვისა და ავადმყოფობისაგან ბევრჯერ სიკვდილის პირამდეც მისულა, მაგრამ დაკისრებული მოვალეობისათვის არ უღალატნია. ერთი უმცირესი ნივთიც რომ გაეყიდა, იგი უმდიდრესი კაცი გახდებოდა, მაგრამ არცერთი მისხალი არ მოუკლია ერის საგანძურისათვის. იგი ოცნებობდა იმ დროზე, როცა საქართველოს დაუბრუნებდა თავის საგანძურს.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეიქმნა ის პირობები, როცა შესაძლებელი გახდა ოცნება სინამდვილედ ქცეულიყო. საფრანგეთსა და კომუნისტურ რუსეთს შორის შედგა მოლაპარაკება, რის შედეგადაც განძი ამერიკულ თვითმფრინავზე დატვირთეს და საქართველოში გადმოგზავნეს მცველების თანხლებით.
სამშობლოში ერისათვის დამაშვრალი მოღვაწე პატივით მიიღეს, აღადგინეს თბილისის "უნივერსტეტში პროფესორად", აირჩიეს აკადემიის წევრად. მაგრამ დიდხანს არ გასტანა ექვთიმეს სიხარულმა. რუსეთის ხელისუფლებამ ბრძოლა გამოუცხადა - გაათავისუფლეს საქართველოს "ისტორიის პროფესორის" თანამდებობიდან, დაუპატიმრეს შვილობილი, რომელთან ერთადაც ცხოვრობდა, თანამშრომლებს აუკრძალეს მასთან მისვლა.
აი, ასე, ყველასაგან მიტოვებული გარდაიცვალა 1953 წლის 21 თებერვალს ერის საგანძურის მცველი, საქართველოსათვის დამაშვრალი მოღვაწე ექვთიმე თაყაიშვილი. მისი ნეშტი მცირერიცხოვანმა ხალხით მიაცილეს ვაკის სასაფლაომდე.
ექვთიმე 1953 წელს დაბადებიდან 100 წლის თავზე ექვთიმე თაყაიშვილის ნეშტი მთაწმინდის პანთეონში გადაასვენეს.
წმიდა ექვთიმე ღვთისკაცი (თაყაიშვილი) 2002 წ. 17 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა ექვთიმე თაყაიშვილი წმინდანად შერაცხა და მას სახელად წმიდა ექვთიმე ღვთისკაცი უწოდა.
2003 წლის მაისში თბილისში წმიდა ექვთიმეს სახლ-მუზეუმი და სამლოცველო გაიხსნა. ექვთიმე ღვთისკაცის ხსენების დღედ დაწესდა 3 იანვარი.