http://mfa.gov.ge/index.php?lang_id=GEO&se...60&info_id=8681პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის კომენტარი საქართველოში დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის აფხაზეთში/საქართველო შეხვედრების გაშუქებასთან დაკავშირებით
კითხვა: რუსეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ცნობით, ქ.სოხუმში (აფხაზეთი/საქართველო) ყოფნის დროს საქართველოში დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დენის კიფმა განაცხადა, რომ "...არ გამორიცხავს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომებზე აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენელთა მონაწილეობას...”. რა კომენტარს გააკეთებდით აღნიშნულთან დაკავშირებით?
პასუხი: რუსეთის საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებულ მასალებში სიმართლეს შეესაბამება მხოლოდ ის, რომ დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში დენის კიფი ნამდვილად იმყოფებოდა ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ რეგიონში – აფხაზეთში. რაც შეეხება რუსეთის მედია-საშუალებებში ბატონი ელჩის გამონათქვამებიდან მოყვანილ "ციტატებს”, იგი მტკნარი სიცრუე აღმოჩნდა, ეს კი გასაკვირი არ არის რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო წყაროებისგან.
დიდი ბრიტანეთი, ისევე როგორც მთელი საერთაშორისო საზოგადოება, ერთმნიშვნელოვნად აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და არ სცნობს ჩვენი ქვეყნის ორ რეგიონში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ შექმნილი მარიონეტული რეჟიმების ლეგიტიმურობას.
შესაბამისად, აფხაზეთში/საქართველო გამართული შეხვედრის დროს საუბარი არ ყოფილა, და ვერც იქნებოდა, სხვადასხვა საერთაშორისო ოგანიზაციების ფორმატში გამართულ დისკუსიებში ე.წ. "აფხაზეთის მთავრობის” წარმომადგენელთა მონაწილეობის შესახებ.
პირიქით, დიდი ბრიტანეთის ელჩმა აფხაზეთში/საქართველო ყოფნისას ყურადღება გაამახვილა იმ საკითხებზე, რომელიც საქართველოს ამ ორ რეგიონში - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, ყველაზე მეტად აწუხებს საერთაშორისო საზოგადოებას. კერძოდ, საუბარია საქართველოს მთელს ტერიტორიაზე საერთაშორისო ორგანიზაციების დამკვირვებელთა და მონიტორთა მიერ მათი მანდატით გათვალისწინებული ფუნქციების შეუფერხებელი განხორციელებაზე, რაც გულისხმობს მათ თავისუფალ გადაადგილებას საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში.
საერთაშორისო საზოგადოების მიზანია, ეფექტურად შეუწყოს ხელი მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. თავის მხრივ, საქართველო კვლავ ადასტურებს მზადყოფნას მაქსიმალურად ითანამშრომლოს ევროკავშირთან, გაეროსთან და ეუთოსთან ამ ამოცანის გადაჭრისათვის.
კვლავ მოვუწოდებთ რუსულ მხარეს, მარიონეტულ რეჟიმებთან ერთად, თავი დაანებონ დეზინფორმაციის გავრცელებასა და საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობებს, რადგან ყოველი ამგვარი ქმედება საწყის ეტაპზევე განწირულია მარცხისათვის
ყველა გზა რომში მიდიოდა...