სუბარის თქმით, შსს-ში გამართული შეხვედრის შესახებ მას მაღალჩინოსანმა აცნობა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 31 დეკ.'08 / 11:33
სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ 2007 წლის 4 ნოემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრის შესახებ მას ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა აცნობა, რომელიც ასევე ესწრებოდა იმ შეხვედრას.
30 დეკემბერს გვიან საღამოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოლიტიკურ გადაცემაში ”პირველი თემა” საუბრისას სუბარმა განაცხადა, რომ იმ პიროვნებას კვლავ უკავია მაღალი თანამდებობა, თუმცა დეტალებზე საუბრისგან სახალხო დამცველმა თავი შეიკავა. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ინფორმაციას მხოლოდ პარლამენტის საგამოძიებო კომისიას გადასცემს, თუ ასეთი კომისია შეიქმნება.
მან განაცხადა, რომ კიდევ ერთი ვარიანტი იქნება საჯარო გახადოს ის მტკიცებულება, რომელიც მას გააჩნია შეხვედრის შესახებ. ”მაგრამ ამ შემთხვევაში უფრო რთული იქნება იმის დადასტურება, რომ ასეთი შეხვედრა მართლაც შედგა,” - განაცხადა სუბარმა და იქვე დასძინა, რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისიას საკმარისი უფლებამოსილება გააჩნია იმისა, რომ გამოიძიოს და დაადგინოს სიმართლე.
მანამდე პარლამენტში ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული სიტუაციის შესახებ მოხსენებით გამოსვლისას სუბარმა განაცხადა, რომ მას აქვს მტკიცებულება იმისა, რომ რამდენიმე მაღალჩინოსანმა, მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განზრახ დაგეგმეს 7 ნოემბერს ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციის დაშლა.
მისი განცხადებით, შესაბამისი გეგმა განხილულ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, რომელიც 4 ნოემბერს გაიმართა და რომელსაც ასევე ესწრებოდა ”ბევრი მაღალჩინოსანი”. თუმცა, სუბარმა მხოლოდ ოთხი მათგანი დაასახელა: შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი, მაშინდელი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი, თავდაცვის მაშინდელი მინისტრი დავით კეზერაშვილი, კონსტიტუციური უსაფრთხოების ყოფილი უფროსი დათა ახალაია. სუბარმა გადაცემაში საუბრისას განაცხადა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი შეხვედრას არ ესწრებოდა.
იმავე გადაცემაში სუბარმა კიდევ ერთხელ დაადასტურა პოლიტიკაში წასვლის გეგმები, თუმცა არ დააკონკრეტა როდის აპირებდა ამის გაკეთებას. ”ამჟამად მე სახალხო დამცველი ვარ და არ ვკვეთ ამ ხაზს ჩემს განცხადებებში,” - დასძინა მან. მან ასევე განაცხადა, რომ პოლიტიკაში წასვლის შესახებ ფიქრი მან აგვისტოს ომის შემდეგ დაიწყო.
http://www.civil.ge/geo/article.php?id=20308********************************
სააკაშვილს ახალი სამაგალითო მოდელი ჰყავს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 31 დეკ.'08 / 13:24
პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა New York Times-სთან ინტერვიუში, რომ სამწუხაროა, რომ მას არ ჰყოლია მნიშვნელოვანი კონკურენტი ოპოზიციიდან.
”მე რომ ვყოფილიყავი ოპოზიციაში, ამ ხელისუფლებას სამ თვეში გავანადგურებდი,” - განაცხადა მან. კითხვაზე, თუ როგორ მოახერხებდა ამას, სააკაშვილმა უპასუხა: ”ვიცი, როგორც უნდა გამეკეთებინა, მაგრამ არ მინდა მათ ვასწავლო, როგორ გააკეთონ ეს”.
მან ასევე განაცხადა, რომ დემოკრატიული ინსტიტუტები გაძლიერება მისი პრიორიტეტია პრეზიდენტის უფლებამოსილების მეორე ვადაში.
კითხვაზე, თუ როგორ გაიხსენებენ მას მისი უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ, სააკაშვილმა უპასუხა: ”ვფიქრობ, როგორც ადამიანს, რომელმაც საქართველო თანამედროვე ევროპულ სახელმწიფოდ აქცია”.
”ბოლო ხუთი წლის მანძილზე ჩვენ საქართველო თანამედროვე სახელმწიფოდ ვაქციეთ; მომდევნო ხუთ წელიწადში მას თანამედროვე საზოგადოებად ვაქცევთ - 100%-ით თანამედროვე საზოგადოებად და სახელმწიფოს ინსტიტუციონალიზაციას განვახორციელებთ. ჩვენ გავხდით თანამედროვე სახელმწიფო, რომელიც ნაკლებად ეფუძნება ინსტიტუტებს და უფრო მეტადაა დაფუძნებული პიროვნებებზე; ახლა, ჩვენ უნდა შევქმნათ თანამედროვე საზოგადოება, რომელიც კანონის უზენაესობას და ინსტიტუტებს დაეფუძნება,” - განაცხადა სააკაშვილმა.
მან ასევე განუცხადა New York Times-ს, რომ ბოლო დროს მას ნაკლებად იზიდავდა დავით აღმაშენებლის მოდელი. მისი თქმით, მისთვის ჯორჯ ვაშინგტონის მოდელი უფრო მიმზიდველი გახდა, რომელსაც, მისი თქმით ”მეფობა შეეძლო, მაგრამ ძალაუფლებაზე უარი თქვა და დემოკრატია არჩია.”
”ეს არის ის, რაზეც სულ უფრო და უფრო მეტს ვფიქრობ,” - განაცხადა მან. ”ჯორჯ ვაშინგტონი”.
2004 წელს პირველი ვადით არჩევისას სააკაშვილმა გელათის მონასტერში დავით აღმაშენებლის საფლავზე დადო ფიცი, ხოლო 2008 წელს მეორე ვადით არჩევისას სააკაშვილმა ფიცი გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფის ბაგრატ მესამის ტაძარში დადო.
http://www.civil.ge/geo/article.php?id=20309http://www.nytimes.com/2008/12/31/world/eu...georgia.html?hp