08.08.08 - ომის ექო ინგუშეთში
სიახლე — თავფურცელი
12:36 12.01.2009
“რუსეთი პოლიგონია, ჩრდილო კავკასია კი მისი დენთის საწყობი”
[მიხეილ ლაბაძე: ექსპერტი კავკასიის საკითხებში]
გასული წლის აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს დაპირისპირებიდან სულ რამდენიმე დღით ადრე, ცნობილმა ინგუშმა საზოგადო მოღვაწემ, აწ გარდაცვლილმა მოჰამად ევლოევმა ბელგიურ გაზეთ ”ფლაამსე ტეიდსხრიფტთან” საუბარში ღიად განაცხადა, რომ მოსკოვს თავისი კავკასიური პოლიტიკა უახლოეს მომავალში სრულ აღსასრულამდე მიიყვანდა:
- ”რუსეთი ერთ დიდ პოლიგონს წააგავს, ჩრდილო კავკასია კი მისი დენთის საწყობია, თუმცა ამას კრემლში ვერ ითვალისწინებენ” - აღნიშნა მან და დასძინა, რომ რუსეთი რეგიონში ისევ ძველი, XIX საუკუნის დროინდელი მეთოდებით მოქმედებს.
აღსანიშნავია, რომ სწორედ იმხანად ევლოევს მოსკოვის კუნცევოს რაიონის სასამართლომ ინტერნეტში მაუწყებლობის უფლება ჩამოართვა. ამდენად, მისი ვებ-გვერდი უკანონოდ იქნა გამოცხადებული.
მოჰამად ევლოევმა საიტი მაინც არ დახურა და, სხვათა შორის, სწორედ ამას ემსხვერპლა - აგვისტოს ბოლოს იგი ვერაგულად მოკლეს ინგუშეთის რესპუბლიკის დედაქალაქ მაგასის აეროპორტში.
მოჰამად ევლოევის მკვლელობით მოსკოვს ნამდვილად მიეცა საბაბი, რომ ინგუშეთში სიტუაციის გამწვავება როგორმე აეხსნა - რუსმა ექსპერტებმა მაშინ ერთხმად განაცხადეს, რომ ევლოევი ინგუშებს შორის განუზომელი გავლენით სარგებლობდა, როგორც მურათ ზიაზიკოვის რეჟიმისადმი შეურიგებელი მებრძოლი. ამიტომაც მისმა მკვლელობამ საკმაოდ დიდი გამოხმაურება გამოიწვია.
სხვათა შორის, ევლოევი მართლაც ცნობილი იყო მთელს ინგუშეთში, თუმცა ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მის სამშობლოში სიტუაცია უკიდურესად ჯერ კიდევ ივლისის დამლევს გამწვავდა. ამის მიზეზი კი, როგორც თვით ევლოევი აღნიშნავდა თავის საიტზე გამოქვეყნებულ მასალებში, საქართველოს წინააღმდეგ დაგეგმილი სამხედრო ოპერაცია გახლდათ - ინგუში ოპოზიციონერების მტკიცებით, მურათ ზიაზიკოვს სურდა, მასში თავისი ძალებითაც მიეღო მონაწილეობა.
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ინგუშებს ოსებთან საუკუნო მტრობა აქვთ, ნათელი გახდება, თუ რატომ აღიზიანებდა ამ ხალხს ასე ძლიერ ზიაზიკოვის განზრახვა.
რუსეთის ფედერაციის ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკებიდან ინგუშეთი ყველაზე ”ახალგაზრდაა” - ის 1992 წელს შეიქმნა უწინდელი ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ-ის 3 რაიონის ტერიტორიაზე. მაშინ ინგუშებმა, ჩეჩნებისგან განსხვავებით, უარი თქვეს რუსეთის შემადგენლობიდან გამოსვლაზე იმ მიზეზით, რომ ისინი ჯოჰარ დუდაევმა დამოუკიდებელ ხალხად არ მიიჩნია და ჩეჩნეთის რესპუბლიკა-იჩქერიის საზღვრებში ”დასავლურ-ჩეჩნური თუხუმის” (მოდგმის) სახელით გააერთიანა.
ინგუშები მაშინ ამის გამო განაწყენდნენ, თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ ისინი უწინაც - იმამ შამილის დროს - განუდგნენ ჩეჩნებს და მათთან ერთად არ იომეს. სამაგიეროდ, ჩეჩნებსაც ყური არ გაუბერტყავთ, როცა 1992 წელს მდინარე თერგის აღმოსავლეთ სანაპიროზე ოსურ-ინგუშური კონფლიქტი გაჩაღდა და 100 ათასზე მეტი ინგუში ლტოლვილად იქცა.
ამდენად, ინგუშების განდგომით დაიმედებულმა რუსებმა ორივე ჩეჩნური კამპანია ისე ჩაატარეს, დარდიც არაფრისა ჰქონიათ. ინგუშეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის, ავღანეთის ომის ვეტერან რუსლან აუშევის შემდგომ პუტინმა იქ КГБ-ს ძველი კადრი - ყველასათვის ოდიოზური მურათ ზიაზიკოვი მიავლინა და, როგორც აღმოჩნდა, ამით გამოუსწორებელი შეცდომა ჩაიდინა: ინგუშებმა ერთიანად იბრუნეს პირი მოსკოვისაგან და თუ დამოუკიდებლობაზე ადრე ოცნებაც კი არ სურდათ, ამიერიდან ხმამაღლა ალაპარაკდნენ ინგუშეთის რუსეთის ფედერაციაში ყოფნის ავკარგიანობაზე.
ჩეჩნეთისაგან განსხვავებით, ინგუშეთში ეროვნულ მოძრაობას იმთავითვე მკვეთრად გამოხატული ნაციონალური ხასიათი ჰქონდა, რასაც განაპირობებდა ერთი მეტად მნიშვნელოვანი ფაქტი - 1944 წელს, როცა ინგუშები სტალინის რეჟიმმა შუა აზიაში გადაასახლა, ამ ხალხის ისტორიული საცხოვრისი ოსებს ერგოთ. 1957 წელს, რეაბილიტაციისა და სამშობლოში დაბრუნების შემდგომ ოსებს კვლავ დარჩათ ინგუშური მიწების 50% - მდინარე თერგის აღმოსავლეთ სანაპირო. ამიტომაც ინგუშურმა ეროვნულმა მოძრაობამ, უპირველეს ყოვლისა, სამშობლოს სრული განთავისუფლება დაისახა მიზნად და, ისლამურ-ფუნდამენტალისტურმა იდეებმა მათში მყარი ნიადაგი ვერ ჰპოვა.
- ”90-იანი წლების დასასრულისთვის ინგუშები თითქოს მარტონი დავრჩით მთელს კავკასიაში... 1992 წელს ოსებთან კონფლიქტის დროს ჩვენ არც ჩეჩნები მოგვხმარებიან და არც ”მთიელ ხალხთა კონფედერაცია”.
საქართველოს მაშინ სწორედ ჩვენნაირი პრობლემა ჰქონდა და ამან განაპირობა ის, რომ ინგუშებმა ამ ქვეყანას მიაქციეს ყურადღება” - ეს ციტატა ინგუში ჟურნალისტის, ლუომ-ალი ციცქიევის სტატიიდანაა, რომელიც ე.წ. 08.08.08 ომის დასასრულს ინტერნეტში საიტ ingushetia.org-ზე გამოქვეყნდა (ამ სახელით მაუწყებლობს ევლოევის ყოფილი საიტი).
მოგიანებით, ლუომ-ალი ციცქიევმა ჩვენთან საუბარშიც დაადასტურა, რომ 08.08.08 ომმა ჩრდილოეთ კავკასიაში ვითარება იმდენად დაძაბა, რომ რუსებს ადრე ჩაფიქრებული გეგმების სრულიად შეცვლა მოუწიათ:
- ”ვითარება ყველაზე მეტად ინგუშეთში იმიტომ დაიძაბა, რომ ინგუშები, გასაგები მიზეზების გამო, უდიდესი ყურადღებით ადევნებდნენ თვალს ცხინვალის რეგიონში მიმდინარე მოვლენებს... რუსებს წინასწარ გათვლილი ჰქონდათ, რომ ინგუშეთში ვითარება ამასთან დაკავშირებით შეიცვლებოდა, მაგრამ როგორც ჩანს, არ მოელოდნენ, თუ ზიაზიკოვის გაწირვა მოუწევდათ. მოსკოვში იმედოვნებდნენ, რომ ინგუშების მოთაფვლას შეძლებდნენ, მაგრამ ჩვენს ხალხს არაფერი ავიწყდება და ყოველ ხელსაყრელ შემთხვევაში ჩვენ ვეცდებით, განვათავისუფლოთ ამჟამად ოსების კონტროლქვეშ მყოფი ტერიტორიები” - განგვიცხადა ციცქიევმა.
ამდენად, ინგუშეთში სიტუაციის უკიდურესი დაძაბვის გამო კრემლი უფრო და უფრო მეტად ჩავარდა საგონებელში, რადგანაც ცხინვალის რეგიონში რაიმე ცვლილების შემთხვევაში შესაძლოა, ინგუშებმაც გამოიღონ ხელი, ან პირიქით - თუ ინგუშებმა ჩრდილოელ ოსებს შეუტიეს, ადვილი შესაძლებელია, ცხინვალი მძიმე მდგომარეობაში ჩავარდეს.
- ”ინგუშებმა აგვისტოს ომის დროს ერთხელ უკვე გადავკეტეთ საქართველოში მიმავალი გზები და უღელტეხილები, რითაც რუსებს დავანახეთ, რომ თუ ყველაფერი ფართომასშტაბიან ომში გადაიზრდებოდა, ჩვენ ამ ყველაფერს მთის მწვერვალებიდან თვალს წყნარად ნამდვილად არ გავადევნებდით” - განაცხადა ჩვენთან საუბარში ანონიმმა ინგუშმა რესპოდენტმა, რომელიც დღეს ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში ლტოლვილის სტატუსით იმყოფება.
მართლაცდა, ყველას კარგად გვახსოვს 12 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტ მედვედევის გამოსვლა, როცა მან განაცხადა, რომ საომარი მოქმედებები სახელდობრ იმ დღეს უნდა დამთავრებულიყო.
ცოტა ვინმემ თუ იცის, რომ იმ წუთებში, როდესაც მედვედევი ამას აცხადებდა, ინგუშეთის ტერიტორიაზე უკვე შედიოდნენ ფედერალური ძალები ”ექსტრემისტული ელემენტების ლიკვიდაციის მიზნით” - ამის თაობაზე სწორედ ingushetia.org-ი იტყობინებოდა.
მომდევნო დღეებში კი რუსულ ელექტრონულ მასმედიაშიც თანდათან გამოჟონა ინფორმაციამ ინგუშეთში მიმდინარე შეიარაღებული დაპირისპირებების შესახებ.
ინგუშეთში არსებული ვითარების შესახებ სანდო ინფორმაციის მოპოვებას და გავრცელებას დიდად აფერხებს ისიც, რომ რესპუბლიკაში არც ინტერნეტის ქსელი არსებობს და არც დამოუკიდებელი მასმედია. ინგუშეთის მოსახლეობა 300 ათასამდე კაცს აღწევს და, აქედან 70% სოფლის მცხოვრებია.
ახალგაზრდა თაობა დაუსაქმებელია და, რასაკვირველია, ეს კრიმინოგენულ ვითარებაზე პირდაპირპროპორციულად მოქმედებს. მას შემდეგ, რაც დასავლეთის ქვეყნებმა ჩეჩენ ლტოლვილებს თავშესაფარი შესთავაზეს, ინგუშებმა დუხჭირი ცხოვრებისგან თავდასაღწევად ახალ ხერხს მიმართეს: ისინი თავს ჩეჩნებად ასაღებენ და მასობრივად გარბიან ევროპაში.
მათი სათვისტომო განსაკუთრებით მრავალრიცხოვანია ბელგიაში, სადაც გასული წლის სექტემბრიდან გამოდის გაზეთი ”ქუორთამუყა ღალღაიჩიე” (”თავისუფალი ინგუშეთი”).
”ქუორთამუყა ღალღაიჩიეს” რედაქტორმა მურცაყალ ახრიევმა ჩვენთან საუბარში დაადასტურა ის ფაქტი, რომ ინგუშეთში ადამიანის უფლებები უხეშად ირღვევა და კრემლი ვერც კი გრძნობს, რა გამოუსწორებელ შეცდომას უშვებს ამით:
- ”პრესა, ტელევიზია, რადიო - არაფერი არ არის ჩვენს ენაზე. ინგუშურად არც სასწავლო დაწესებულებებში ასწავლიან და ამის გამო ჩვენი ახალგაზრდა თაობა გაუნათლებელი რჩება... თანაც, რესპუბლიკის მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს თერგის აღმოსავლეთ სანაპიროდან ლტოლვილები წარმოადგენენ და მათთვის საკმაოდ ძნელია, მუდმივად დევნილებად იგრძნონ თავი. რუსეთის ხელისუფლება ინგუშების გამო თავს არ იტკიებს და ამის გამო, რესპუბლიკაში სიტუაცია მუდმივად დაძაბულია”, - განგვიცხადა ახრიევმა.
მურცაყალ ახრიევის თქმით, 08.08.08 ომის დაწყებისას ინგუშების უდიდესმა ნაწილმა მიიჩნია, რომ ეს იყო ხელსაყრელი მომენტი კავკასიიდან რუსების გასაყრელად, თუმცაღა მათ იმედები გაუცრუვდათ და ამის მიზეზი ქართველების ეგზომ სწრაფი დანებება კი არა, უპირველეს ყოვლისა, დანარჩენი კავკასიის უმოქმედობა გახლდათ:
- ”ჩვენ მაშინ გვქონდა შანსი, რუსებისთვის ერთხელ და სამუდამოდ გვეთქვა: ”გაეთრიეთ!” და გაგვეყარა ისინი კავკასიიდან, მაგრამ არც ჩეჩნებმა, არც ყარაჩაელებმა, არც ბალყარელებმა და არც ჩერქეზებმა მხარი არ დაგვიჭირეს. ერთადერთი, დაღესტანში დიდოელებმა გამოიღეს ხელი და გზა ჩაკეტეს... შედეგად კი ის მივიღეთ, რომ მადაზე მოსულ პუტინს და მედვედევს ჩრდილოეთ კავკასიაში ხელს უკვე ვერავინ შეუშლის” - მიაჩნია ”ქუორთამუყა ღალღაიჩიეს” რედაქტორს.
სხვათა შორის, 08.08.08 ომმა მნიშვნელოვანი გამოხმაურება ჰპოვა ჩრდილო კავკასიის უდიდეს რესპუბლიკაში - დაღესტანში, თუმცა ამის შესახებ მომდევნო სტატიაში გიამბობთ.
http://presa.ge/index.php?text=news&i=5648