sandyაი ერთ ერთი
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დიდი ზარ-ზეიმით ამბით ამცნო საქართველოს, რომ 2008 წლის 30 ნოემბერს გელათის მონასტერში მოინათლა ორმოცი დღის ახალშობილი სოლომონ III. ითქვა, რომ ჩვილს დაბადების მოწმობაში სახელად ჩაუწერეს "სოლომონ III". ნაჩვენები იყო დიდი ტორტი წარწერით "სოლომონ III". ადამიანი იფიქრებდა, საქართველოს მეფეს ნათლავენო...
კაცი არ მიაქცევდა ამას ყურადღებას, დემოკრატიაა და ვისაც რა უნდა, იმას დაარქმევს შთამომავალს, რომ არა ეკლესიის ავტორიტეტის შელახვა და ხალხის შეცდომაში შეყვანა. (ღმერთმა ის ბავშვის ბედნიერი გაზარდოს, მას არას ვერჩით).
მანამდე, 27 ოქტომბერს დიდი პუბლიკაცია მიეძღვნა ამ საკითხს და წარმოგვიდგინეს (მისივე თქმით) იმერეთის უკანასკნელი მეფის სოლომონ II-ის შთამომავალი ბატონი სოლომონი და შემოგვთავაზეს მასთან ინტერვიუ (გაზ. "მიძღოდე მე უფალო", # 1, ოქტომბერი, 2007. გაზ. "ახალი თაობის" ჩანართი 27-10-2007).
ჟურნალისტ ნატო გაგნიძესთან საუბარში ბატონი სოლომონი ამბობს: "1810 წელს სოლომონ II-მ ტახტი დაკარგა. მას ჰყავდა ვაჟები ტარიელი და ვახტანგი. ჩემი წინაპარი გახლდათ პაპუნა, რომელიც სოლომონ II-ის შვილიშვილი იყო". მისი თქმით, პაპუნას შთამომავლობას ბაბუნაშვილის გვარი დაუდგინდა.
პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ ბატონი სოლომონის შვილიშვილი, ("სოლომონ III") უნდა აღიზარდოს მონასტერში და "იქნება შესაძლებელი გახდეს ღირსეული პრეტენდენტი სამეფო ტახტის მემკვიდრეებს შორის".
ბატონი სოლომონი კი ამბობს: "სასიხარულო იქნება თუ ყველა ბაგრატიონთა ოჯახში მსგავსი წესით აღიზრდება ახალშობილი ვაჟი და მერე ერის სამსჯავროზე წარსდგებიან. თუ მეფეს არა, საბოლოოდ ნამდვილ ქართულ წიაღში აღზრდილ მამულიშვილებს მივიღებთ".
ამ სიტყვებიდან ჩანს, რომ ბავშვს, რომელსაც სოლომონ III დაარქვეს, ბატონი სოლომონი საქართველოს სამეფო ტახტის პრეტენდენტად მიიჩნევს.
ეს დასტურდება ბატონი სოლომონის შემდეგი სიტყვებითაც: "კარგად მაქვს გაცნობიერებული, რომ დადებითი და უარყოფითი ტალღა პირველად ჩემს ზურგზე გადაივლის, მაგრამ ამის არ მეშინია, რადგან ღრმად მწამს, რომ ნებისმიერი სახის წინააღმდეგობა ჩემსკენ თუ ამ საყოველთაო იდეისკენ მიმართული ღირს ბრძოლად. კონსტიტუციური მონარქიისათვის, როგორც მონარქის, ასევე საზოგადოების მომზადება საჭიროა".
ერთი სამწუხარო ფაქტი მინდა შევახსენო ბატონ სოლომონს, და ყველას ვინც პომპეზურ სიუჟეტებს ამზადებდა, ან მონაწილეობდა მასში, მთელს საქართველოს: _ წმიდა მეფე სოლომონ II-ს შვილები არ ჰყავდა.
ასევე უნდა ითქვას, რომ თვით მოქმედი მეფის მემკვიდრე ვაჟებსაც კი არ ნომრავენ არსად, არასდროს, არაფრისდიდებით. სად გაგონილა, ბავშვი დაიბადოს და მეფის ან მთავრის დამახასიათებელი "ნომერი დაუნიშნონ".
ისე, ბაბუნაშვილების გვარის ერთ შტოს აქვს ასეთი გადმოცემა: რუსეთის მიერ იმერეთის დაპყრობის მერე 1810-1820 წლებში იმერეთის ყოფილი მეფის დავით IV-ის (წიგნში კორექტურული შეცდომაა, უნდა იყოს დავით II. იმერეთში სულ სამმა დავითმა იმეფა. მათ შორის ბოლომ სოლომონ II-ის სახელით) ძის, როსტომის შვილები, ტარიელი და ვახტანგი, რუსულ მმართველობას ემალებოდნენ, თურმე. თავად ნიჟარაძეების მამულში, სოფელ ოფშკვითში ერთ-ერთ მათგანს შეეძინა შვილი პაპუნა. მერე ტარიელი და ვახტანგი ირანში გადაიხვეწნენ. მათი ბედი უცნობია. პაპუნა ჩაუწერიათ საეკლესიო აზნაურად. პაპუნას შეეძინა შვილი გიორგი, რომელსაც რუსების მიერ არ ჰქონდა აზნაურის წოდება დამტკიცებული. არც მის ბაგრატიონობას ცნობდნენ. ამიტომ გიორგის დარჩა გვარი ბაბუნაშვილი (პაპუნას სახელიდან). იხ. იაკობ ახუაშვილის წიგნი "ქართული გვარ-სახელები", ტომი IV, გვ. 120-121.
დავით II-ს მართლაც ჰყავდა შვილიშვილები ვახტანგი და ტარიელი. ისინი როსტომის შვილები იყვნენ და არა სოლომონ II-ისა. თუმცა, გადმოცემა პაპუნას ბაგრატიონობისა დოკუმენტებით არ დასტურდება. ამიტომ, ისტორიკოსები და ბაგრატიონები ბაბუნაშვილებს ბაგრატიონებად არ აღიარებენ.
ასე, რომ ბატონმა სოლომონმა ბაბუნაშვილებში არსებული ლეგენდაც აურია და სოლომონ II-ის (საქართველოს) ისტორიაც. ბევრი სასულიერო პირი, ჩოხოსანი და ჟურნალისტი შეცდომაში შეიყვანა და გაუგებარ პომპეზურ თავყრილობასა და ავანტურაში მიაღებინა მონაწილეობა.
წყარო:
http://kingdomofgeorgia.com/index.php?showtopic=8491