საქართველოს და აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის მომავალ ურთიერთობებს “როიტერი” წერილს უძღვნის
Font size:
საქართველოს და აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის მომავალ ურთიერთობებს “როიტერი” სკეპტიკურ წერილს უძღვნის.
“როიტერის” პოლიტიკური მიმომხილველი მეტ რობინსონი ანალიტიკურ სტატიას აქვეყნებს, სათაურით – “ობამა საქართველოს ლიდერს, ალბათ, ყურადღებით დააკვირდება”.
წერილში ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილი მსოფლიოს იმ მცირერიცხოვან ლიდერთა შორისაა, რომელიც ჯორჯ ბუშის ხელისუფლებიდან წასვლის გამო უნდა წუხდეს, რადგან ნაკლებად სავარაუდოა, რომ აშშ-ს ახალმა პრეზიდენტმა ნაცადი გზებით დაუჭიროს მხარი თბილისს.
“ბუშმა სააკაშვილი მსოფლიოში მშვიდობის გავრცელების თავისი გეგმის სარეკლამო ბიჭუნად გამოაცხადა. ამ ურთიერთობას პირადი ხასიათი ჰქონდა. ბუში თბილისს 2005 წლის მაისში ეწვია და საქართველოს “თავისუფლების შუქურა” უწოდა. სააკაშვილმა ერთ-ერთ ქუჩას ბუშის სახელი დაარქვა და ერაყში 2000 ჯარისკაცი გააგზავნა”, - ნათქვამია წერილში.
სტატიის ავტორი მიიჩნევს, რომ რუსეთთან აგვისტოს ომის შემდეგ სააკაშვილის იმიჯმა დარტყმა მიიღო, თუმცა ვაშინგტონი, თავის მხრივ, ვერ უგულებელყოფს ქვეყანას, რომელიც ევროპისკენ მიმავალი ენერგეტიკული რესურსების ტრანზიტულ ტერიტორიას წარმოადგენს.
”არა მგონია, ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ, საქართველო მატარებლის ქვეშ შეაგდოს, თუმცა საქართველოზე აღარ გაკეთდება აქცენტი, როგორც გარდამავლობის მოდელზე, რომლის მსგავსის ნახვასაც ისინი სხვა ქვეყნებში ისურვებდნენ”, - აცხადებს სტატიის ავტორთან საუბრისას საერთაშორისო ურთიერთობების ამერიკული საბჭოს თანამშრომელი ჯეფრი მანკოფი.
მეტ რობინსონის აზრით, სააკაშვილმა ვერ უერთგულა დემოკრატიას. მან ჩაახშო მედია, სასამართლო და პოლიტიკური ოპოზიცია.
“ბუშის ადმინისტრაცია “დაუფიქრებლად, თვალდახუჭული უჭერდა” მხარს სააკაშვილს და მწარედ იყო იმედგაცრუებული, როდესაც საქართველომ სამხრეთ ოსეთში, პრორუსული სეპარატისტების წინააღმდეგ გაილაშქრა. ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ ბუშმა გარკვევით ვერ გააგებინა სააკაშვილს მისი პრივილეგიების საზღვრები, რამაც მძიმე შედეგები მოიტანა~, - ნათქვამია სტატიაში.
მიმომხილველის აზრით, ახალ ადმინისტრაციას შეუძლია სააკაშვილზე უფრო დიდი ზეწოლა განახორციელოს და რეალური რეფორმების გატარება მოსთხოვოს.
”ვფიქრობ, ბუშის ადმინისტრაციის წასვლა შეცვლის ქართველების შეხედულებებს სააკაშვილზე. ახალი ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ აშშ-ს ადმინისტრაციის მხარდაჭერის მოპოვების შესაძლებლობა მისთვის იკლებს”, - ასკვნის მეტ რობინსონი.
http://www.ipn.ge/ge/index.php?news=11190&hd_line=1ესეც ორიგინალი -
http://www.reuters.com/article/reutersEdge...E50J31620090120მეტა: licemer