#12349538 · 23 Jan 2009, 16:17 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
საახალწლო მინიატურა ახალი წლის წინ ბაზარში გავიარე. მიყვარს ბაზარში სიარული. საოცარი კოლორიტია, თვალი ვერ ძღება ცქერით. ცოტაოდენი ღორის ხორცის ყიდვა მინდოდა, ოღონდ განსაკუთრებული ხორცის. ვეძებდი ნახევრადველური, გარეკახური ჯიშის ღორის ხორცს. ვინც არ იცის, იმათთვის განვმარტავ: ეს არის მსოფლიოში უნიკალური ჯიშის ღორი. ამ ღორს ხან კარგად აჭმევენ, მერე ტყეში უშვებენ მარტო რკოს იმედით. ასეთი კვების შედეგად გამოდის საოცრად გემრიელი და კარგი საცქერი ხორცი. დაახლოებით ნახევარი სანტიმეტრი მჭლეა, მერე დაახლოებით სანტიმეტრნახევარი ქონი, მერე ისევ მჭლე, ისევ ქონი და საბოლოოდ გამოდის ბუტერბროდივით ხორცი. უკეთეს ვერაფერს ვერ შეჭამ. ამიტომ ფასიც მეტი აქვს. ბოლოს, ერთგან მივაგენი კიდეც ასეთ ხორცს, მაგრამ პატრონმა ისეთი ფასი მითხრა, რომ ვერ შევწვდი. მხოლოდ თვალიერებით დავკმაყოფილდი. ისე, სიტყვის გულისთვის ვიკითხე, თორემ პასუხი მშვენივრად ვიცოდი: -სადაური ხორცია? - ვიკითხე მე. -მეტეხის ხორცია, - მიპასუხა გამყიდველმა. გამიკვირდა. ასევე გაოცებული დარჩა ჩემ გვერდით მდგარი სხვა მოქალაქე. ეტყობა, ისიც დარწმუნებული იყო ხორცის კახურ წარმომავლობაში. -სადაურია? - იკითხა ჩემ გვერდზე მდგარმა. -მეტეხის, - ისევ გვიპასუხა გამყიდველმა, - მეტეხი ხომ გაგიგიათ, ქართლის გულია. -ეს რომელი მეტეხია, აი, პუტინის დედაი რომ ცხოვრობს? - აშკარად კახურ კილოზე იკითხა ჩემ გვერდით მდგომმა. -ვინა? -პუტინიი დედაი! -ააა, ჰო, კაცო, ჰოო, პუტინი დედაი, პუტინი დედაი!
|