18:23 18.03.2009 - არამეგობარი ქვეყნის კორესპონდენტის რეპორტაჟი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან
[ირინა გორდიენკო. ”Новая газета”]
რა სიდუხჭირეშიც იმყოფება რუსეთის ”გამარჯვებული არმია” სამხრეთ ოსეთში, ადამიანის უფლებების დამცველები. ჯერ კიდევ გასულ შემოდგომას ალაპარაკდნენ. ”რუსულ ნაწილებში გამეფებულ ”დედოვშინაზე”, სიცივესა და შიმშილზე ოფიციალური საინფორმაციო საშუალებები არ იუწყებოდნენ. მაგრამ, აი, გაიქცა საქართველოში სერჟანტი გლუხოვი და სამხრეთ ოსეთში მასიურად დაიწყო თავდაცვის სამინისტროსა და პროკურატურის შემოწმებები.
გაქცეული სერჟანტის თანამოსამსახურეებს ახალგორში სპეციალური თერმო ვაგონები გამოუყვეს დროებით საცხოვრებლად, ხოლო პროკურატურის თანამშრომლებმა უხვად დაარიგეს სავიზიტო ბარათები კეთილი რჩევა-დარიგებით - ”თუ რამეა, დარეკეთ”.
შემოწმება დასრულდა, სკანდალი მიჩუმდა, ახლა უკვე ცხადია, რომ ვაგონები ყველას არ ეყოფა, ხოლო მზრუნველად დარიგებული სავიზიტო ბარათები ასევე მზრუნველად ჩამოართვეს ჯარისკაცებს მეთაურებმა. ხოლო რედაქციაში სატელეფონო ზარები არ წყდება, რეკვა არა უფლებების დამცველებმა, არამედ ნაცნობმა ოფიცრებმა დაიწყეს - დაჟინებული თხოვნით, მივსულიყავი მათთან.
ჩემი ოსი ნაცნობების მოძველებული ჟიგული ოღრო-ჩოღრო და ნამეწყრალ გზაზე საბოლოოდ გამოვიდა მწყობრიდან, ამიტომ სამხრეთ ოსეთში მოსახვედრად, ჯერ ავტოვაგზალზე წასვლა მომიხდა. ვლადიკავკაზი-ცხინვალის მარშუტკა გაძეძგილი იყო არყით სავსე პლასტიკური ბიდონებით. ერთ-ერთ ასეთ ბიდონზე მჯდარი ქალი საქმიანად ხელმძღვანელობდა მგზავრების მოთავსებას:
”სად დგამ ფეხებს, შუშას ვერ ხედავ? შენ კი აი, იქ დაჯექი, არა, ყუთის ადგილიდან დაძვრა არ შეიძლება”.
- ”საზღვარზე პრობლემა არ შეგვექმნება?”- ვინტერესდები. ”არა, - მიღიმის ქალი, - კვირაში ოთხჯერ დავდივარ ამ გზით. ეს ხომ საომარი კონფლიქტის ზონაა, ეს კი ყველაზე საჭირო საქონელი”.
ცხინვალიდან სამხედრო ბაზამდე ტაქსის მივყავარ, მიზნამდე 50 მეტრში მძღოლი კატეგორიულ უარზეა, გზა განაგრძოს: ”გასულ ჯერზე ამ ტალახში ჩავეფალი, ძლივს ამოვიყვანე მანქანა”.
ნაცნობ ოფიცერს შეხვედრისთანავე გვერდზე გავყავარ: ”აქ ყველაფერი ძალიან მკაცრადაა. ბუზიც ვერ შეფრინდება. აი, თუ მეორე მხრიდან მოუვლი, იქიდან ნებისმიერს შეუძლია შესვლა”.
უნდა ითქვას, რომ ცხინვალში მყოფი რუსი სამხედროების ცენტრალური №4 სამხედრო ბაზა საკმაოდ კარგად გამოიყურება: სათბურების მსგავსი სალათისფერი ფიცრული ქოხმახების თუნუქის სახურავები მზეზე ელვარებენ. განცალკევებული სასადილო, ვენტილაციით, საველე სამზარეულოები, თვით ცალკე ყაზარმა სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებისთვის. მაგრამ ყოველთვის ასე არ ყოფილა.
-აქ მხოლოდ დეკემბერში გადმოვედით, - ყვება 693-ე პოლკის კაპიტანი დიმიტრი, - ამ კარვებამდე აი იქ, ბორცვებს იქით ვცხოვრობდით - ქარი და ყინვა, სასიამოვნო არაფერია. იქ ახლა სწავლებები მიმდინარეობს, - მიმითითებს იმ მხარეს, საიდანაც ჯარისკაცების ჯგუფი ბოშათა ბანაკის მსგავსად ფერდობზე ეშვება: ზოგი ქილებით ხელში, ზოგს ტელევიზორი მოაქვს მხარზე შემოდებული.
- და რაში მდგომარეობს სწავლება? - ვიკითხე გაკვირვებით.
- როგორ თუ რაში? - მიღიმის დიმიტრი, - მოვლენ, დასხდებიან კარავში, ან კარტს ითამაშებენ, ცოტას დალევენ. ყველა ერთობა, აქ სხვა თუ რა უნდა აკეთო, ჯერ-ჯერობით არავის აზრზე არაა.
- და მოწინააღმდეგის დივერსიული დაჯგუფებები, სროლები, იარაღის სამალავები. ნუთუ, ღამის პატრულზე არავინ დგას?
- ცოტა ხნის წინ, ქალაქის შემოგარენში ინცინდენტი მოხდა, რომელიღაცა სკოლის ნანგრევები დაცხრილეს. მაგრამ ვინ იყო, ვერავინ გაიგო, იქნებ ქართველები შეიძლება სხვები, ვიღაც ნასვამები, ვერ გაარჩევ. ეს ახალგორის საზღვართან მოხდა, ჩვენს ბლოკსაგუშაგოსთან. მაგრამ იქ სიტუაციაც სხვაგვარია, მათი ნამდვილად არ მშურს: კავშირი ფაქტიურად არ არის, ზამთარში კამაზიც კი ხშირად ვერ მიდის, დღემდე კარვებსა და მიწურებში ცხოვრობენ. მაგრამ ჩვენ ახლა მაგათთვის არ გვცხელა: ვერ გავრკვეულვართ, ვინ არის მეთაური და რომელ ბაზაზე ხარ მიწერილი. ომის დროს მეტი წესრიგი იყო, ყველაფერი ცხადი: ერთი პოლკი, ერთი ხელმძღვანელი.
აი, სულ მიკვირს, ვის აჯილდოვებს მუდმივად მედვედევი სამხრეთ ოსეთისთვის. ჩვენს პოლკში რაღაც ჯილდოები მიიღო რამდენიმე კაცმა. ყველა დანარჩენს მხოლოდ სიტყვიერი მადლობა გამოუცხადეს, ხოლო შეუვსებელი სიგელები ნაგავში მოვისროლეთ სიტყვებით: ”მედვედევი უკვე იმყოფებოდა 58-ე არმიის შტაბში და დააჯილდოვა, ვინც საჭირო იყო”. მაგრამ შტაბი ხომ ვლადიკავკაზშია, ხოლო ისინი, ვინც იბრძოდნენ, აქ არიან, - აღშფოთებული ამბობს 693-ე პოლკის კაპიტანი დიმიტრი.
აგვისტოს კონფლიქტის დროს 693-ე პოლკი რუსული დაჯგუფების ავანგარდში იდგა, ის პირველი შევიდა ცხინვალში, მონაწილეობდა ძირითად ბრძოლებში, იყო გორში. ომის შემდეგ მისი ნაწილები დისლოცირებულნი იყვნენ ჯავაში, ცხინვალსა და ახალგორში. თუმცა, ახალი წლის დასაწყისიდანვე, სამხედრო რეფორმასთან დაკავშირებით, რომლითაც, პოლკების ლიკვიდაცია უნდა მოხდეს, სრული გაურკვევლობა შეიქმნა.
დაიწყო მასიური გადაადგილებები, კონტრაქტორების გაშვება, ოფიცრების დიდი ნაწილი შტატიდან ამოაგდეს. ოფიცრები მსჯელობენ, სად გაქრა მათი პოლკის მეთაური იგნატენკო. ერთნი ამბობენ: შვებულებაშიაო, მეორენი დარწმუნებულნი არიან, რომ სადღაც გადაიყვანეს, მესამენი ამბობენ, რომ, აი, მის ადგილას სადაცაა ახალი მეთაური მოვა. ყველა კითხვაზე ერთი პასუხია: ” ელოდეთ შემდგომ მითითებებს”.
- ”მე რამდენიმე დღის წინ გავიგე, რომ ჩემზე უკვე მომზადებულია დოკუმენტები სომხეთში გადასაყვანად. ეს ნამდვილი სიურპრიზი იყო,” - ამბობს დიმიტრი. ნაკლებად არც სხვა ოფიცრები არიან გაოგნებულნი - თანხმობის გარეშე გადაყვანილნი ყაბარდო-ბალყარეთში, ლენინაკანში თუ ერევანში.
- ადგილობრივების დამოკიდებულება ჩვენ მიმართ ძალიან შეიცვალა, - ამტკიცებს ყოფილი 693-ეს კაპიტანი დიმიტრი, - ომის შემდეგ როგორც განმათავისუფლებლები ისე მიგვიღეს: ”ძმებო, თქვენ ჩვენი მხსნელები ხართ”. ლუდს გვასმევდნენ, პირველ ხანებში ქართველებისგან გამორეკილი საქონლითაც გვიმასპინძლდებოდნენ. მაგრამ საქონელი შეიჭამა, და მასთან ერთად, როგორც ჩანს, გაქრა კეთილმეგობრული დამოკიდებულებაც ჩვენ მიმართ. იყო შემთხვევები, რიგითებს ფულს ართმევდნენ, მობილურებსაც, ხოლო ახალი წლის მერე ჩვენი ასეულის ნახევარი დალურჯებული დადიოდა. ახლა თუ რამე საქმე არ არის, არავინ გადის ქალაქში, განსაკუთრებით, საღამოხანს. იმიტომ კი არა, რომ გვეშინია, არ გვინდა პრობლემებში გახვევა, არაფორმალური შეიარაღებული დაჯგუფებებისთვის ხომ იარაღი არავის ჩამოურთმევია ომის შემდეგ.
მოკლედ, ჩვენი ჯარისკაცების უსარგებლო ხალხად ჩათვლა სამხრეთ ოსეთისთვის არ შეიძლება. ზამთარში, მაგალითად, ერთი ლიტრი დიზელის საწვავი 10 რუბლი ღირდა. საღამოობით ცხინვალში მოდიოდა ცისტერნა და იწყებოდა საცალო ვაჭრობა, ერთიანად კიდევ უფრო იაფი იყო. ახლა სამხედროების თქმით, ფაქტიურად მთელი ჩრდილოეთ ოსეთი სამხრეთ მეზობლებიდან გატანილი სალიარკით დადის.
არმიის ხარჯზე წყდება არა მხოლოდ საწვავის, არამედ სურსათის საკითხებიც.
ანდრეი კონინინმა სამხედრო სამსახური ჯერ ცხინვალში, შემდეგ ახალგორში გაიარა. 5 თვეღა რჩებოდა, თუმცა, 2008 წლის ნოემბერში ”ვერ გაუძლო სამსახურის პირობებს”, შვებულებაში გავიდა და ახლა კატეგორიულად უარს ამბობს დაბრუნებაზე. კითხვაზე ”რატომ?” ლაკონურად პასუხობს: ”არ მსურს ვიყო კუპრეევის ადგილას”.
რიგითი ვლადიმერ კუპრეევი ოფიცრებმა ჯერ კიდევ შემოდგომის დასაწყისში სცემეს: სახეში, გვერდებში ურტყამდნენ. ყბა სამ ადგილას ჰქონდა გატეხილი. როცა სახე სულ მთლად შეუშუპდა, ოფიცრებმა ქალაქის საავადმყოფოში წაიყვანეს. ექიმებს დატოვება სურდათ, თუმცა კუპრეევი უკან ასეულში გაგზავნეს სიტყვებით: ”ამეტყველდები, უარესი მოგივა”. რიგითს არათუ საუბარი, დალევაც კი დიდი გაჭირვებით შეეძლო. თანამებრძოლები პომიდვრებს იპარავდნენ მეზობელ ბოსტნებში, წურავდნენ და ასე იხსნეს კუპრეევი შიმშილით სიკვდილისგან.
მაშინ კი რიგითმა კონინმაც ვერ მოითმინა და მამამისს დაურეკა. გენადი კონინი ჩამოვიდა და არა მხოლოდ გატეხილი ყბები და ცხვირი აღმოაჩინა (მათ შორის, საკუთარი შვილის სხეულზე), ასევე ჯარის სხვა დამსახურებებიც დამოუკიდებელი სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში.
- ”ყველაზე მეტად გამაოგნა არა მკაცრმა პირობებმა და მიწურებმა რამდენადაც, ოფიცრების დამოკიდებულებამ რიგითებისადმი. ბიჭები მიყვებოდნენ, ოფიცრები სვამდნენ და უხეშობდნენ, ყველაფერზე ფულს ითხოვდნენ. ამ ფონზე ლეიტენანტი არჩაკოვი გამოირჩეოდა. ერთხელ მთელი ღამის განმავლობაში ხეზე ერთ-ერთი რიგითი ჰყავდა მიბმული და ფულს სთხოვდა განთავისუფლებაში. არჩაკოვი კი სულ რაღაც 22 წლისაა.
კონინმა პირდაპირ სამხედრო პროკურატურას მიაშურა. ჩამოვიდა კომისია, თუმცა, სამხედროებმა კატეგორიული უარი განაცხადეს საუბარზე. ინფორმაცია ცემასა და დარეკეტებაზე ვერ დასაბუთდა. და, მაინც, რომან არჩაკოვის წინააღმდეგ ერთი ეპიზოდის გამო საქმე აღიძრა, ასევე- მოხერხდა ექიმების მოძებნა, რომლებიც რიგით კუპრეევს მკურნალობდნენ, სხვა ეპიზოდების შესახებ დამამტკიცებელი საბუთრების მოგროვება ვერ მოხერხდა. სასამართლო 4 თებერვალს შედგა, არჩაკოვი დამნაშავედ ცნეს ”სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით” და მხოლოდ 50’000 რუბლის გადახდა დააკისრეს სახელმწიფოს სასარგებლოდ. ხოლო ვლადიმერ კუპრეევი ძველებურად აგრძელებს სამსახურს თავის ბატალიონში, ლეიტენანტ არჩაკოვის ხელმძღვანელობის ქვეშ.
სამხედრო პროკურატურის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, რომელიც მეთვალყურეობას უწევს რუსულ დანაყოფებს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე და გვთხოვა, რომ არ დაგვესახელებინა მისი ვინაობა, ამაში ვერაფერ დასაძრახს ვერ ხედავს. ”რატომ უნდა გადავიყვანოთ ლეიტენანტი სხვა ადგილას? ის პასუხისმგებლობას მიაჩვიეს დაე განაგრძოს სამსახური. და საერთოდ, ეს ჩვეულებრივი სამხედრო პრაქტიკაა, რას მიაჩერდით სამხრეთ ოსეთს, ასეთები ხდება როსტოვშიც, პიტერშიც და მთელ ქვეყანაში”.
უფროსი ლეიტენანტი დენისი, შეიძლება ითქვას, რომ პოლკის ვეტერანია. ის ამბობს, რომ დაცინვის და ცემის ფაქტები პოლკში ხშირი არ იყო. ცდილობს, მომხდარი ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ახსნას. ”ახლა ჩვენი ნაწილები უბრალოდ დემორალიზებულნი არიან. აი, საიდან ასეთი სისასტიკე. ომის შემდეგ და ”ბრწყინვალე გამარჯვების” მუდმივი მტკიცების შემდეგ ჩვენი პოლკისთვის პრობლემების მთელი სერია დაიწყო. ფრონტის ოფიცრების დიდმა ნაწილმა გადაწყვიტა, უბრალოდ წყნარად ჩამოშორდეს აქაურობას. ახლა სამხრეთ ოსეთის ჩვენს ნაწილებში პრაქტიკულად არ დარჩნენ მეომარი ოფიცრები ახლა მეთაურობენ მოზდოკიდან, ინგუშეთიდან და დროებით ჩამოსულები, ისინი თავიანთ წესრიგს ამყარებენ.
”წყნარად ჩამოშორებაში” დენისი 2008 წლის 19 ნოემბრის 58-ე ბრიგადის მეთაურის, გენერალ-მაიორ ჟურავლიოვის საიდუმლო ბრძანებას №042 გულისხმობს. ამ ბრძანებით ყოველგვარი მოტივაციის გარეშე 107 ოფიცერი, ანუ ფაქტიურად მთელი მეომარი ოფიცრობა ჯერ კიდევ მაშინდელი 693-ე პოლკის შემადგენლობა, შტატიდან ამოაგდეს და ვლადიკავკაზში გადაიყვანეს. ნოემბრიდან მოყოლებული ისინი იქ უსაქმოდ სხედან და როგორც ჩანს, ყველა ერთ დასკვნამდე მივიდა: ”თავიდან იშორებენ არასასრუველებს”.
- ”მე, მაგალითად, ერთ-ერთმა გენერალმა სწორედ ასე მითხრა: ძალიან ბევრი ნახე, აქ არაფერი გესაქმება, - ყვება მაიორი თემური. - დიახ, მე ვნახე მთელი უფროსი ოფიცრების ქაოსური მოქმედებები ომის პერიოდში, ვიცი, რომ თვითმავალი საარტილერიო მოწყობილობების მეთაური ლეხა ტარასოვი შემთხვევით არ დაიღუპა: გზაზე სიმაღლეებს ვცხრილავდით, გადავცემდით შეტყობინებას, რომ საჭირო იყო პოზიციის სასწრაფო შეცვლა: ქართველებს უკვე აქვთ ჩვენი კოორდინატები - მაგრამ საპასუხოდ კატეგორიული უარი მივიღეთ, შედეგად, სნაიპერებმა ადვილად გაგვშიფრეს. ვიცი, რომ ზემო ნიქოზში ბრძოლა, სადაც ჩვენმა პოლკმა დიდი დანაკარგები განიცადა, ”შეცდომით შედგა”. ჩვენ უბრალოდ დავიკარგეთ და რომ არა ჩეჩნები (ასეული ”აღმოსავლეთი”), დანაკრგები უფრო დიდი იქნებოდა. ხოლო მეთაურები, რომლებიც დამნაშავენი არიან, მსახურობას განაგრძობენ”.
თავიდან ვფიქრობდით: კარგი, თუნდაც საველე გადაგვიხადონ - 54 დოლარი დღე-ღამეში, ამას დამატებული შეიარაღებული კონფლიქტის ზონა - ორმაგი დარიცხვა, - ამბობს მეორე ოფიცერი. მედვედევი ხომ ამტკიცებდა, რომ ჩვენ არა მხოლოდ დავიცავით რუსეთის მოქალაქეები, არამედ მთელი ერი ვიხსენით გენოციდისგან. მაგრამ, როგორც ჩანს, მოგვატყუეს”.
აგვისტოს ომიდან სამი თვის შემდეგ თავდაცვის მინისტრმა ანატოლი სერდიუკოვმა წერილობითი ბრძანება გასცა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში სამხედრო მოსამსახურეთათვის დამატებითი გადახდების შეწყვეტაზე, რომელთაც უხდიდნენ, როგორც საზღვრებს გარეთ მოსამსახურეებს. მიზეზი - ”რუსეთის მიერ ამ რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარება”. ლოგიკურად, სერდიუკოვს გამოუვიდა, რომ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი ახლა რუსეთის ტერიტორიებია. იმისათვის, რომ არ გადაგვიხადონ 54 დოლარი სამხედროებს, თავდაცვის მინისტრმა ძველი რიცხვით გააფორმა დარიცხვები და ამავე დროს, ფაქტიურად შეცვალა რუსეთის ფედერაციის საზღვრები.
ოსეთის საგარნიზონო სასამართლოებში შედიოდა და შედიოდა ათობით სარჩელი სამხედრო მოსამსახურეებისგან, ამ ბრძანების კანონიერებას ვერავინ იჯერებდა. თუმცა, წერილობითი ბრძანებაც მალე მოვიდა.
25 თებერვალს №169-ე დადგენილებით პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა დე-ფაქტოდ დაადასტურა, რომ ”საქართველოსთვის მშვიდობის იძულების გამო” რუსეთი უკვე აღარაფერს გადაუხდის თავის ჯარისკაცებს.
http://internet.ge/v2/includes/newsprint.p...ry=3&news=42456
,,არწივი ვნახე დაჭრილი, ყვავ-ყორნებს ეომებოდა" ....