"ახალი 7 დღე "
# 44
19 - 25 დეკემბერი, 2003 წელი
შევარდნაძის კარიერა "თვითმფრინავის ბიჭების" დახვრეტას მოითხოვდა
მადლენ მაჭარაშვილი
გაბედავს თუ არა ხელისუფლება, რომელიც სიმართლის თქმის, უკომპრომისობის, დასავლური ღირებულებების დამკვიდრების დაპირებებით მოვიდა ქვეყნის სათავეში, "თვითმფრინავის ბიჭების" საქმეზე საუბრის დაწყებას? ისინი 80-იანელები იყვნენ, ისევე - როგორც დღევანდელი ხელისუფალნი. მათ მისცეს პირველი ნიშანი მსოფლიოს საზოგადოებას, რომ ქართველ ახალგაზრდებს არ სურთ და არ შეუძლიათ რეჟიმულ პირობებში ცხოვრება. ისინი მოსკოვმა შეიწყალა. არსებობს ინფორმაცია, რომ ჩერნენკომ მოაწერა ხელი მათი შეწყალების ნებართვას. მაგრამ შევარდნაძემ სასწრაფოდ, განაჩენის გამოტანიდან ორ თვეში, მათი განაჩენის სისრულეში მოყვანა ბრძანა. შეწყალების ნებართვა კი უგზო-უკვლოდ დაიკარგა.
გეგა კობახიძის დედას, ქალბატონ ნათელა მაჭავარიანს, "ახალმა 7 დღემ" რამდენიმე კითხვით მიმართა.
- რა გრძნობა დაგეუფლათ შევარდნაძის ხელისუფლებიდან წასვლის გამო? როგორია ნათელა მაჭავარიანის განცდა - ადამიანის, რომლის პიროვნული ტრაგედია უშუალოდ უკავშირდება შევარდნაძის სახელს და მის მმართველობას?
- ოცი წელი ველოდი ამ დღეს. უფალმა მომცა მოთმინება, რომ გამეძლო ამ მოლოდინისთვის. შურისძიების გრძნობა არ გამაჩნია; ამიტომ ვფიქრობ, რომ მე გავიმარჯვე შევარდნაძესთან. ღმერთი ყველას თავისას მიუზღავს. შევარდნაძე აცხადებს, რომ ძლიერი ადამიანია და მისთვის უცხოა შიშის გრძნობა. მე კი მგონია, რომ ნოემბრის მოვლენების დროს მან უთუოდ განიცადა შიში. ეს, რა თქმა უნდა, არასასიამოვნო გრძნობა იქნებოდა; მაგრამ ეს განცდა, ალბათ, მაინც განსხვავდება იმ გრძნობისგან, რომელიც ჩემმა შვილმა განიცადა, დახვრეტა რომ მიუსაჯეს და გამოუცხადეს. მას ეშინოდა. არასოდეს დამავიწყდება მისი თვალები... ეს იყო უკანასკნელი რამ, რაც გეგაში დავინახე...
- მაშინ, როდესაც "თვითმფრინავის ბიჭები" დახვრიტეს, საბჭოთა სისტემა არსებობდა. იქნებ თვითონ სისტემა აღმოჩნდა შეუბრალებელი მათ მიმართ და არა კონკრეტული პიროვნება - შევარდნაძე; იქნებ მის ადგილზე ყველა ასე მოქცეულიყო? რა არგუმენტების დასახელება შეგიძლიათ ამის საწინააღმდეგოდ? რა როლი ითამაშა "თვითმფრინავის ბიჭების" ბედის განსაზღვრაში პირადად შევარდნაძემ და მისმა დაუნდობლობამ?
- განაჩენის გამოტანაში გარკვეული როლი საბჭოთა რეჟიმმაც ითამაშა. თვითმფრინავის ბიჭების პროტესტი საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ პირველი შემთხვევა იყო, თანაც ასეთი ფორმით - ღიად, ხმაურით. მე მაინც მიმაჩნია, რომ შევარდნაძეს ამ ბავშვების გადარჩენა შეეძლო და ეს არ გააკეთა. მეტიც, ამ ბიჭების დახვრეტა პირადად შევარდნაძემ მოითხოვა. თუმცა რამდენიმე ინტერვიუში იგი აცხადებდა, რომ ეს ცენტრალური კომიტეტის, მოსკოვის, დავალება იყო. მე არ გამოვრიცხავ მოსკოვის როლს, თუმცა დარწმუნებული ვარ, მოსკოვი არ აიძულებდა მას, რომ განაჩენი ორ თვეში მოეყვანა სისრულეში და ბიჭებისთვის ორ თვეში ესროლა გადაწყვეტილი ტყვია. სასამართლო პროცესი დამთავრდა. ოქტომბრის დასაწყისში კი, სამ რიცხვში, ისინი უკვე დახვრიტეს. სიკვდილმისჯილები წლობით ისხდნენ ხოლმე საკნებში და შეწყალებას ელოდებოდნენ. ასე სწრაფად განაჩენის აღსრულება არ ხდებოდა. რამდენიმე პატიმარი, ვისაც ჩვენს ბიჭემაბდე ადრე ჰქონდათ სიკვდილი მისჯილი, ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, როცა ბიჭების განაჩენი სისრულეში მოიყვანეს. მე არასოდეს, არც ერთ ინტერვიუში, თვით ამ ამბის მოხდენის დროსაც კი, არ გამიმართლებია ამ ბიჭების ნაბიჯი; პროტესტის ამგვარი ფორმა, უკიდურესი ზომა ჩემთვის მიუღებელი იყო. პროტესტის უკიდურეს ფორმას მხოლოდ მაშინ უნდა მიმართო, როცა ასი პროცენტით ხარ დარწმუნებული, რომ ეს გზა გაამართლებს. ჩემთვის თუნდაც იმიტომ იყო მიუღებელი ამგვარი პროტესტი, რომ მაშინ მგზავრები, მათ შორის, ბავშვები, დაშინდნენ. რამდენჯერმე მითქვამს: მეც რომ ვყოფილიყავი იმ დროს თვითმფრინავში, შვილთან, ახლობლებთან ერთად და ამგვარი შიში განმეცადა, მეც ვიტყოდი, რომ ეს საშინელება იყო. ალბათ, მნიშვნელოვანია ისიც, თუ დანაშაული რა ფორმით, როგორ გაქვს ჩადენილი. ნუთუ ახალგაზრდა ბიჭებისთვის საკმარისი არ შეიძლებოდა ყოფილიყო თხუთმეტწლიანი პატიმრობა? მით უმეტეს, რომ არც ერთი მათგანი მანამდე გასამართლებული არ ყოფილა. ყველას სუფთა წარსული ჰქონდა. ისინი იყვნენ ნიჭიერი ექიმები, მსახიობი, მხატვარი, ეკლესიის მსახური... იმ პერიოდში მათზე პასკვილი შექმნეს, ჯერ კიდევ მანამ, სანამ გამოძიება დაიწყებოდა. ესეც ხომ რუსეთის მითითებით არ იქნებოდა დაწერილი. წერილში მრავალი ტყუილი ეწერა, თითქოს ეს ბიჭები ბავშვებს თვითმფრინავის კიბეზე კიდებდნენ, ყურებს აჭრიდნენ და სხვა. ასეთ წერილებს არიგებდნენ სხვადასხვა სამსახურებში. ამ ქმედების მიზანი იყო, შეექმნათ საზოგადოებრივი აზრი, რომ ეს ბიჭები საშინელებებს ჩადიოდნენ და დასჯის ღირსნი იყვნენ. ბიჭების მიმართ საზოგადოების გასაბოროტებლად აქტიურად მუშაობდნენ, ამ მიზნით ყრილობებს ატარებდნენ სკოლებში, აკადემიებში. შევარდნაძეს იმისთვის მაინც უნდა გაეწია ანგარიში, რომ ხალხმა ხელი მოაწერა შეწყალების ბარათს. ისინი ხომ ბიჭების გათავისუფლებას არ ითხოვდნენ, უბრალოდ, ამბობდნენ, სასჯელის უმაღლეს ზომას ნუ მივცემთ და არა - საერთოდ, არამედ სიკვდილისგან შევიწყალოთო. ისიც რუსეთის ნაკარნახევი იყო, რომ გეგას ცოლს, თინას, აბორტი გაუკეთეს? რომ გეგასგან მემკვიდრის დარჩენის უფლებაც წამართვეს? ეს ხომ გეგას მიმართ ორგზის გამოტანილი სიკვდილის განაჩენი იყო. ჩემთვის გაუგებარია, როგორი ადამიანი უნდა იყო, რომ მსგავსის ჩაფიქრება შეგეძლოს. ყველაზე სასტიკი ხელისუფალნიც არ მოქცევიან, ალბათ, ასე პირად მტრებსაც კი. მან ჩემი ოჯახის მომავალი დასაჯა სიკვდილით.
ეს ყველაფერი კი ერთადერთი მიზნით გააკეთა: იმ პერიოდში უკვე აპირებდა მოსკოვში გადასვლას და მის კარიერას საფრთხე რომ არ შექმნოდა, ბავშვების სამაგალითო დასჯა განახორციელა. ასეთი სამაგალითო დასჯა საქართველოში ყოველთვის მისი დავალებით სრულდებოდა. როდესაც გეგას მამამ მოსკოვში ქართველი ინტელიგენციის წარმომადგენლების მიერ ხელმოწერილი შეწყალების ქაღალდები წაიღო, იქ შევარდნაძის მიერ ხელმოწერილი ორი დეპეშა ნახა. საქართველოს ცკ-ს პირველი მდივანი მოითხოვდა: "დამიდასტურეთ დახვრეტა!" სწორედ, ამ არგუმენტებზე დაყრდნობით შემიძლია ვთქვა, რომ ბიჭების დახვრეტაში გადამწყვეტი როლი არა საბჭოთა რეჟიმმა, არმედ თავად შევარდნაძემ შეასრულა.
თავის მხრივ, ბევრის გაკეთება შეეძლო მოსამართლესაც. ის განაჩენი რომ არ დაემტკიცებინა და სიკვდილით დასჯა ხანგრძლივი პატიმრობით შეეცვალა, ეს მისი მხრიდან ვაჟკაცური ნაბიჯი იქნებოდა. მან ეს არ გააკეთა. მეტიც, ინტერვიუებში ხშირად აღნიშნავდა, თავიდან რომ გაასამართლონ ისინი, ისევ დახვრეტის განაჩენს გამოვუტანდიო. რაღა უნდა ვთქვა ჩემს შვილზე და იმ ბიჭებზე, რომლებიც მართლა მონაწილეობდნენ ამ ამბავში, როცა მღვდელი თევდორე ჩიხლაძე თვითმფრინავშიც არ ყოფილა; არც ბიჭებიდან რომელიმეს დაუდასტურებია მისი ორგანიზატორობა და მაინც დახვრიტეს.
- ჩემთვის ცნობილია, რომ თავად საგამოძიებო საქმეშიც უამრავი დარღვევა იყო. თქვენმა ადვოკატმა მოიპოვა მტკიცებულებები (მოწმეთა ჩვენებები), რომლებიც ამტკიცებს, რომ თვითმფრინავის გატაცების მცდელობის აქტის დროს ადამიანთა მსხვერპლი გამოწვეული იყო მე-8 პოლკის ჯარისკაცებისგან და არა "თვითმფრინავის ბიჭებისგან".
- თვითმფრინავში ბიჭებს იარაღი არ გამოუყენებიათ. ადამიანები გარედან ნასროლმა ტყვიებმა იმსხვერპლა. თვითმფრინავის ეკიპაჟში იყო ეროვნებით ქურთი, ვინმე გასოიანი. დადასტურდა, რომ ისიც ისროდა. ეს ხალხი მათ დახოცეს და ამ ბიჭებს მიაწერეს. ერთი რამეც მინდა გავიხსენო: როდესაც ეს ამბავი ხდებოდა, აეროპორტში გამოგვიძახეს. სროლა რომ ატყდა, ჩვენ უკვე იქ ვიყავით. თვითონ ვნახეთ, როგორ ესროდნენ თვითმფრინავს გარედან. ამაზე მაშინ შევარდნაძემ იყვირა კიდეც, ვინ გასცა გარედან სროლის ბრძანებაო. ეს, როგორც ამბობენ, ინაურის "დამსახურება" იყო. მაშინ ის კგბ-ს ხელმძღვანელობდა. მასვე ექვემდებარებოდა ჯარიც.
- ცნობილია ის ფაქტიც, რომ სიკვდილმისჯილმა გეგა კობახიძემ შევარდნაძეს შეწყალების თხოვნის შემცველი ბარათი მისწერა, რომელიც ერთგვარი მონანიება იყო. მასში ადამიანური, თუნდაც ბავშვური არგუმენტებით, ახსნილი იყო, თუ რატომ არ უნდა დაეხვრიტათ ისინი...
- ეს შეწყალების ბარათი გეგას, მართლაც, კარგად ჰქონდა დაწერილი. თუმცა ის არავინ გაითვალისწინა და არაფრად ჩააგდო მისი მონანიება.
- ამბობენ, რომ ერთ-ერთი მსჯავრდებულის, მღვდელ თევდორე ჩიხლაძის, მამა პირადად ჩავიდა მოსკოვში ჩერნენკოსთვის შეწყალების სათხოვნელად. ჩერნენკომ ხელი მოაწერა შეწყალების დოკუმენტს, მაგრამ ის თბილისში, შევარდნაძის ხელისუფლების კულუარებში, დაიკარგა. რას გვეტყოდით ამ ფაქტზე?
- ამას ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ. თუმცა ჩიხლაძის მამამ მეც მითხრა, მოსკოვში ვიყავი ჩასული და მითხრეს, შეწყალების ქაღალდი უკვე თბილისშია გადმოგზავნილიო.
- იმ პერიოდში, არსებული სისტემის პირობებში, "თვითმფრინავის ბიჭების" სასარგებლოდ ნათქვამ თითოეულ სიტყვას შეიძლება მთქმელის მკაცრი დასჯა მოჰყოლოდა. მიუხედავად ამისა, ქართველი ინტელიგენციის დიდმა ნაწილმა შეწყალების ბარათი შეადგინა და შევარდნაძეს პირადად გადასცა.
- შეწყალების თხოვნა ჩვენს სახლში დაწერეს. ტექსტში აღნიშნული იყა, რომ ეს ბიჭები დამნაშავეები არიან, რომ მათ ჩაიდინეს დანაშაული, მაგრამ ვითხოვდით მათ შეწყალებას, სასჯელის უმაღლესი ზომის შეცვლას. ამ თხოვნას ინტელიგენციის მრავალმა წარმომადგენელმა მოაწერა ხელი. ამის შემდეგ ზოგ მათგანს თავად შევარდნაძე იბარებდა, ზოგს კი - მაშინდელი კულტურის განყოფილების გამგე, ნოდარ ჯანბერიძე. ისინი მოითხოვდნენ პასუხს ხელმომწერებისგან, არწმუნებდნენ მათ, რომ ეს ბიჭები ტერორისტები, მკვლელები იყვნენ და ინტელინგენციის მხრიდან მათ შეწყალებაზე ხელმოწერა გაუმართლებელი იყო. ამ ზეწოლის შემდეგ ბევრმა ხელმოწერა უკან წაიღო. ზოგი არ დაეთანხმა მათ და ასეთი არგუმენტი წაუყენა: დიახ, მართალია, ისინი დამნაშავეები არიან, მაგრამ არიან ახალგაზრდები და 15 წლიანი პატიმრობა მათთვის არცთუ მცირე სასჯელია. მე ვერ გავამტყუნებ მათ, ვინც უკან წაიღო თავისი ხელმოწერა. ყველა ადამიანს გმირობას ვერ მოსთხოვ; გმირობის ჩადენა ძნელია, თუ შესაბამისი სულისკვეთება არ გაქვს. ზოგს, ალბათ, სკამის დაკარგვის შეეშინდა, ვიღაცას - სამსახურის გარეშე დარჩენის, ზოგსაც წელიწადში ხუთი მანქანა რომ გამოჰყავდა და ჰყიდდა, იმის შეეშინდა, რომ ვეღარ გამოიყვანდა და ამით ბევრი დააკლდებოდა.
- ერთ-ერთი მორიგი სისასტიკე, რომელიც თქვენ გადაიტანეთ, ალბათ, გეგას დახვრეტის განაჩენის შემდეგ, მოვლენების შემდგომი გაგრძელება იყო, როცა ის კანონიც კი არ შეასრულეს, რომლის მიხედვითაც, განაჩენის აღსრულების შემთხვევაში, ოჯახს საქმის კურსში აყენებენ... და თქვენ ელოდით... იმედს უიმედობა ენაცვლებოდა, გაურკვევლობაც ხომ სასჯელია...
- ეს, მართლაც, ყველაზე დიდი ტრაგედია იყო. ამბობდნენ, რომ იყო ხოლმე შემთხვევები, როცა ადამიანისთვის დახვრეტა ჰქონდათ მისჯილი, მაგრამ განაჩენი სისრულეში არ მოჰყავდათ; სადღაც, შორს, გადაასახლებდნენ განსასჯელს და იქ პატიმრობაში ამყოფებდნენ. დედა ვიყავი, იმედი მჭირდებოდა და ამის იმედი მქონდა, მით უმეტეს, რომ ხუთი წლის განმავლობაში არავითარი საბუთი იმის შესახებ, რომ განაჩენი სისრულეში მოყვანილია, არ მიმიღია. ამგვარ ინფორმაციებს გაზეთშიც ბეჭდავდნენ ხოლმე. ჩვენს შემთხვევაში არც ეს მომხდარა. ამიტომაც მქონდა იმედი, რომ ბიჭები სადღაც იყვნენ გადასახლებულები და, თუ არ დაიხოცებოდნენ, ოდესმე გამოჩნდებოდნენ. ხუთი წლის განმავლობაში ხან ვინ მოდიოდა ჩემთან - ხან ვინ. მეუბნებოდნენ, ბიჭები გორკში ვნახეთო. ზოგი მეუბნებოდა, რომ ისინი ლენინგრადში ნახა... ამ ხნის განმავლობაში ეს ვიღაცეები თავისი სურვილით არ ივლიდნენ ჩემთან; განგებ მიგზავნიდნენ, რომ ცოტა მშვიდად ვყოფილიყავი. შეიძლება, იმისაც ეშინოდათ, რომ ამ ამბავს გამოსვლები, პროტესტი მოჰყვებოდა და საზოგადოების უკმაყოფილების შეჩერებას ცდილობდნენ. სხვათა შორის, იმ დროს, როდესაც სასამართლომ განაჩენი გამოიტანა, უნივერსიტეტის სტუდენტები დამიკავშირდნენ და საპროტესტო გამოსვლის მოწყობა შემომთავაზეს. მე უარი ვუთხარი, ვთხოვე, ეს არ გაეკეთებინათ, რადგან დარწმუნებული ვიყავი, მათ ტყვიებს დაუშენდნენ. საბჭოთა რეჟიმი იყო და არ გვქონდა იმის გარანტია, რომ საპროტესტო გამოსვლებს სისხლისღვრა არ მოჰყვებოდა. ერთი ბავშვიც რომ დაჭრილიყო, ამის წარმოდგენასაც ვერ დავუშვებდი.
ჩემთვის მძიმე აღმოჩნდა ისიც, რომ შარშან, სექტემბერში, დამირეკეს და მითხრეს, გაზეთ "საქართველოს რესპუბლიკაში" წერია, რომ ღირსების ორდენით ხარ დაჯილდოებულიო. ისიც არ ვიცოდი, წარდგენილი თუ ვიყავი ღირსების ორდენზე. რა თქმა უნდა, უარი ვთქვი მასზე; განვაცხადე: ამ "ღირსების ორდენით" იმქვეყნად ჩემს შვილთან უღირსად ვერ წავალ-მეთქი.
- როგორც ცნობილია, ზვიად გამსახურდიას პერიოდში შეიქმნა კომისია ვიქტორ დომუხოვსკის ხელმძღვანელობით, რომელსაც დავალებული ჰქონდა ამ საქმის გადასინჯვა და შესწავლა. გამსახურდიას ხელისუფლების დამხობის შემდეგ ეს საქმე უკვალოდ დაიკარგა...
- დომუხოვსკი მეუბნებოდა, რომ შეგროვილი ჰქონდა საქმის მასალები. ზვიად გამსახურდიას პერიოდში მას ინტერვიუც ჰქონდა აღებული ედუარდ შევარდნაძისგან. ეს ინტერვიუ მაშინ გაზეთშიც დაიბეჭდა. შემდეგ დომუხოვსკი დააპატიმრეს. ციხიდან გამოსვლის შემდეგ პოლონეთში წავიდა. შესაძლებელია, ის საბუთები თან წაიღო, ან გაანადგურა კიდეც. ვერაფერს გეტყვით, მე მასთან არანაირი კავშირი აღარ მაქვს.
- გჯერათ თუ არა, რომ დღევანდელი ხელისუფლება ამ ამბით დაინტერესდება და მოხდება "თვითმფრინავის ბიჭების" თუნდაც სახელის რეაბილიტაცია?
- რამდენიმე წლის წინ მღვდელ ჩიხლაძის ქალიშვილმა ამ ამბებთან დაკავშირებით წიგნი გამოსცა. მასში ყველაფერი დოკუმენტურად არის დასაბუთებული. როდესაც ამ წიგნზე მუშაობდა, მეუბნებოდა, იქნებ ამ ბიჭების სახელის რეაბილიტაცია შევძლოთო. ასეთი რამ ვუთხარი: ჩემმა ახლობლებმა, ჩემს გარშემო მყოფმა ხალხმა და საზოგადოების საღად მოაზროვნე ნაწილმა კარგად იციან, რომ ჩემი შვილი ტერორისტი და მკვლელი არ იყო და, თუ ვიღაცას მაინც ამგვარი წარმოდგენა აქვს, ეს მისი პრობლემა იყოს-თქო. ახლაც ასე ვფიქრობ. დიდი სიხარული მომგვარა 22-23 ნოემბრის მოვლენებმა. მიტინგზეც დავდიოდი და მივესალმე კიდეც ამ ამბავს, მაგრამ, ახლა რომ გამოვიდე, ხმამაღლა შევარდნაძის ლანძღვა დავიწყო, მიტინგები მოვაწყო და ვილაპარაკო იმაზე, თუ რა გაუკეთა მან ჩემს შვილს, მე მგონი, უკვე გამართლებული აღარ იქნება. თუ ამის გაკეთება შემეძლო, მაშინ უნდა გამოვსულიყავი, როცა პრეზიდენტი იყო. დამხვრეტდნენ? - მერე რა, დავეხვრიტე. არ გადავდგი ხომ მაშინ ეს ვაჟკაცური ნაბიჯი? ახლა აღარ ღირს.
- გაუჩნდება კი ახალ ხელისუფლებას ამის სურვილი? მათ ხომ აპრიორად უკვე შერაცხეს შევარდნაძე ღირსეულ პრეზიდენტად. ინებებენ ისინი შევარდნაძის მმართველობის ამ შავი ლაქების ამოწევას?
- შეიძლება, არც დაინტერესდნენ. ერთადერთხელ გია ბარამიძემ ახსენა გაზეთში, რომ შევარდნაძეს ცოდვად მარტო "თვითმფრინავის ბიჭების" დახვრეტა ეყოფაო. ეს ამბავი მიტინგებზე არავის გახსენებია. მიმაჩნია, რომ არც არის საჭირო. მათ მაინც აღარაფერი ეშველებათ. ისღა დამრჩენია ნატვრად, ჩემი სამშობლო ვნახო ფეხზე დამდგარი, აღარ იყოს ქუჩაში ამდენი მათხოვარი, მშიერი, გაუბედურებული ადამიანი. მე თვითონ ყველაფერს შეგუებული ვარ. ჩემთვის ეს განვლილი ოცი წელი მხოლოდ სიცოცხლის და არა ცხოვრების წლები იყო. წლები ერთმანეთს დაემგვანა. შარშანდელი წელი შეიძლება გაისად წლევანდელში ამერიოს. სანამ ცოცხალი ვიქნები, ეს ტკივილი არ შემიმსუბუქდება. მე არ მინდა ამ ამბით სპეკულაცია და არც არავის მივცემ ამის უფლებას. მქონდა იმის შანსი, რომ ამ ამბის შემდეგ საქართველოდან წავსულიყავი, გადავხვეწილიყავი, მაგრამ ეს არ გავაკეთე. რა ვქნა, ვერ დავტოვე ჩემი ქვეყანა, რომელმაც ამდენი ტკივილი მომაყენა და მაინც ძალიან მიყვარს.
© გაზეთი " ახალი 7 დღე "
© ქართული პრესის კომპიუტერული არქივი
2003
http://www.opentext.org.ge/03/new7day/44/44-1.htm