მესიებს მიხუილას მხარდამჭერები სხვაგან რომ ეძებთ თქვენთან მოიკითხეთ, თორემ ალასანია აცხადებს: -
საზოგადოებამ უნდა გაიგოს, რომ მესიების მოლოდინი არ ვარგა. ასე რომ სანამ რამეს დაწერთ ტვინსაც ძალა დაატანეთ
«სააკაშვილმა საერთაშორისო ასპარეზზეც დაკარგა ნდობა»
«იყო ჩაკეტილი სივრცე, სადაც უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს რამდენიმე კაცი იღებდა»
«იოტისოდენა იმედიც რომ მქონოდა, სააკაშვილი ქვეყნის მართვის სტილს შეცვლიდა, ბუნებრივია, ოპოზიციაში არ გადავიდოდი
როდესაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, ხელისუფლებიდან ნებით არავინ წასულაო, ნინო ბურჯანიძისა და ზურაბ ნოღაიდელის გარდა, ირაკლი ალასანიაც იგულისხმა. ქართველი საზოგადოების ერთ ნაწილს ირაკლი ალასანიას დიდი იმედი აქვს. რამდენად მოსწონს საზოგადოების გადაჭარბებული ინტერესი და როდის გადაწყვიტა ხელისუფლებიდან წასვლა, ინტერვიუდან შეიტყობთ:
- საზოგადოებამ უნდა გაიგოს, რომ მესიების მოლოდინი არ ვარგა. ძირეული ცვლილებების იმედი ხალხმა ერთ კაცს არ უნდა დაუკავშიროს. ერთი ან ადამიანთა მცირე ჯგუფი ვერაფერს გახდება, თუ ცვლილებები მთელ საზოგადოებას არ სურს. გულწრფელად გეტყვით, საზოგადოებაში ასეთი მოლოდინის გაჩენაზე საგანგებოდ არ მიზრუნია. მეორე მხრივ, ეს დიდ პასუხისმგებლობას მაკისრებს. უახლოეს მომავალში საზოგადოებას თანამოაზრეების ჯგუფს წარვუდგენ. ჩემ გვერდით იქნებიან ისინი, რომელთაც სწამთ, რომ ერთობლივად მოვახდენთ დიდ ცვლილებებს. ფაქტობრივად, ვამთავრებ კონსულტაციებს ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრთან. რაკი «ახლებსა» და რესპუბლიკელებთან კონსულტაციები გაცილებით ადრე დავიწყეთ, ბევრ საკითხში უკვე მივაღწიეთ ურთიერთგაგებას. არც ალასანიასა და არც რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის გადასაწყვეტი არ არის, მოხდება თუ არა ქვეყანაში ცვლილებები. ეს უპირველესად საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს. საზოგადოების ნების გამოვლენის ერთ-ერთი კონსტიტუციური გზა რეფერენდუმის საშუალებით რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნაა. არსებობს სხვა გზებიც, რომელიც შესასწავლია და სწორედ ამ საკითხებზე მიმდინარეობს კონსულტაციები ოპოზიციასთან. არც მე და არც ერთ საღ ძალას არ სურს ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირებაში ჩააბას. ეს გამორიცხულია.
- მიგაჩნიათ, რომ ოპოზიციის მოთხოვნებს გაიზიარებს სააკაშვილი და გადადგება?
- ასე არა მგონია... მაგრამ ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში არაერთი მარცხის შემდეგ ხელისუფალი და მთავრობა ნებით ტოვებენ თანამდებობას და ხალხს აძლევენ შანსს, არჩევნებით აირჩიოს ახალი ხელისუფლება, რომელსაც ნდობის დიდი მანდატი ექნება. სააკაშვილი მხოლოდ იმიტომ კი არ უნდა გადადგეს, რომ მან მარცხი განიცადა რუსეთთან შეიარაღებულ დაპირისპირებაში და თავი ვერ გაართვა ეკონომიკურ კრიზისს. სააკაშვილი იმიტომაც უნდა გადადგეს, რომ მას, როგორც ხელისუფალს, არანაირი რესურსი აღარ აქვს, არ შეუძლია ქვეყნის მძიIმე მდგომარეობიდან გამოყვანა.
- სააკაშვილი სულაც არ ფიქრობს, რომ შესაძლებლობები ამოწურა.
- სააკაშვილმა საზოგადოების ნდობა დაკარგა, რადგან დაპირებები, რაც წინასაარჩევნოდ მისცა საზოგადოებას, ვერ შეასრულა. გავიხსენოთ თუნდაც დევნილებისთვის მიცემული დაპირება, რომ ერთ წელიწადში დააბრუნებდა სახლებში, რომ შექმნიდა ათასობით სამუშაო ადგილს და ქვეყნის ეკონომიკას არნახული ტემპით განავითარებდა. მან ვერ აღადგინა ტერიტორიული მთლიანობა... პირდაპირ ვიტყვი, - ეს იყო უპასუხისმგებლო დაპირებები, რომლის შეუსრულებლობამ ხალხში უიმედობა გამოიწვია.
სააკაშვილმა საერთაშორისო ასპარეზზეც დაკარგა ნდობა. გაეროში ელჩობისას დავრწმუნდი, რომ სააკაშვილსა და მის მთავრობას ძველებურად აღარ ენდობიან. საერთაშორისო მოთამაშეებსა და სახელმწიფოთა ლიდერების უნდობლობა ქვეყანაზეც მოქმედებს. მძიმე კრიზისიდან ქვეყნის გამოყვანის რესურსი მხოლოდ ახალი არჩევნებით მოსულ ხელისუფალს ექნება. ამიტომაც შევუერთდი ოპოზიციური პარტიების მოთხოვნას, რომ აუცილებლად ჩატარდეს ვადამდე საპრეზიდენტო არჩევნები.
- პრეზიდენტობისთვის ბრძოლას აპირებთ?
- ეს საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს. ახალი არჩევნების დანიშვნა მხოლოდ რამდენიმე პოლიტიკური სუბიექტის ნებაზე არ უნდა იყოს დაფუძნებული. მთელი საზოგადოების, ხალხის ნება უნდა გამოვლინდეს და მაშინ ცვლილებებიც მოხდება.
- რამ დაუკარგა სააკაშვილს მსოფლიო ლიდერების ნდობა?
- სააკაშვილისადმი დამოკიდებულებაზე დიდი ზეგავლენა იქონია აგვისტოს ომმა.
სამშვიდობო პროცესი ოსებსა და აფხაზებთან ბევრად უფრო თანამიმდევრული უნდა ყოფილიყო, სამხედრო რიტორიკის გარეშე. უნდა გამოგვენახა პირდაპირი დიალოგის გზები. დევნილთა დაბრუნებისა და შეიარაღებული დაპირისპირების განუახლებლობის გეგმა შემუშავებულიც იყო, მაგრამ...
- ეს გეგმა თქვენ გქონდათ?
- დიახ. მისი ხორცშესხმა რუსეთთან სამხედრო ესკალაციის შესაძლებლობას შეამცირებდა.
- მაგრამ ისიც ხომ ფაქტია, რომ აფხაზები და ოსები რუსეთის გარეშე არ ელაპარაკებოდნენ საქართველოს წარმომადგენლებს?
- მე და გოგა ხაინდრავას უშუალო ურთიერთობა გვქონდა მათთან. გარდა ამისა, არის ქართველი საზოგადოების ნაწილი, რომელსაც აფხაზები ენდობიან. როდესაც ჩვენი წარმომადგენლები ჩადიოდნენ ცხინვალსა და სოხუმში, უშუალო, სხვების მონაწილეობის გარეშე დიალოგის შესაძლებლობა იყო, მაგრამ ეს პროცესიც შეფერხდა. როდესაც ქართულ-აფხაზურ დიალოგში ჩავერთე, ვერც კი წარმომედგინა არათუ დიალოგი, არამედ აფხაზებისთვის ხელის ჩამორთმევაც კი.
- იმის გამო, რომ მამათქვენი აფხაზებმა დახვრიტეს?
- უპირველესად ომში ჩვენი დამარცხების, ქართველების ეთნიკური წმენდისა და, ცხადია, იმის გამოც, რომ პირადი ტრაგედიაც მაკავშირებდა ქართულ-აფხაზურ კონფლიქტთან. მაგრამ, როდესაც დიალოგი დაიწყო, გულწრფელი დიალოგის გამართვის ძალზე დიდი სურვილი გამოამჟღავნეს. ქართველებსა და აფხაზებს აღარ გვინდა ის განმეორდეს, რაც 1993 წელს მოხდა.
- დღეს სხვა რეალობაა... რუსეთმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა ცნო...
- გეთანხმებით, აგვისტოს მოვლენების შემდეგ რეალობა შეიცვალა, მაგრამ იმდენადაც არა, რომ მისი შემობრუნება შეუძლებელი იყოს. აფხაზი საზოგადოება ახლა ეიფორიაშია, მაგრამ ეს მალე გაივლის. ქართულ-აფხაზური კონფლიქტი დაურეგულირებელია. არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, რუსეთმა აღიარა თუ არა აფხაზეთის ან ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. ეს ჩვენი მიწებია. აუცილებელია კონფლიქტის მოგვარება მოლაპარაკებით. წინ დიპლომატიური მოლაპარაკების პროცესი გვაქვს და ის უნდა გამართოს ისეთმა ხელისუფალმა, ვისაც ექნება შესაძლებლობა საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად შექმნას მექანიზმები კონფლიქტის გადაწყვეტისა.
- რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ სააკაშვილთან დიალოგი შეუძლებელია.
- ეს არაკეთილსინდისიერი პოზიციაა. საქართველო სუვერენული სახელმწიფოა და არ შეიძლება ქვეყნის ხელმძღვანელთან დიალოგის სურვილის უქონლობის გამო არ შეასრულო საერთაშორისო ვალდებულებები. ასეთ ვითარებაში დიდი მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერას. უნდა შემუშავდეს მონიტორინგის ისეთი ნორმები, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, მინიმუმამდე დავიყვანოთ კონფლიქტის ზონაში ახალი დაპირისპირების შესაძლებლობა. დაძაბული ურთიერთობა ხელს არც ჩვენ გვაძლევს და არც რუსეთს. ჩვენი ამოცანაა, გავხდეთ ევროატლანტიკური უსაფრთხოების ნაწილი, მაგრამ ამავე დროს არ უნდა ვიყოთ დასავლეთსა და რუსეთს შორის განხეთქილების მიზეზი. ეს შესაძლებელი გახდება იმ შემთხვევაში, როდესაც ქვეყნის სათავეში მოვა ისეთი ხელისუფალი, რომელსაც ექნება როგორც თავისი ხალხის, ასევე საერთაშორისო პარტნიორების ნდობის მანდატი.
- გინდათ თქვათ, რომ თქვენ გაქვთ საერთაშორისო მხარდაჭერა?
- არ შეიძლება ერთ კონკრეტულ პირს უჭერდნენ მხარს. საერთაშორისო მხარდაჭერა ექნება მთელი ქართველი ხალხის გამოვლენილ ნებას.
- როდესაც ოპოზიციაში გადახვედით, თქვეს, როგორ შეიძლება ირაკლი ალასანია სააკაშვილს დაუპირისპირდეს, როდესაც პრეზიდენტის დედაც ალასანიაა, საერთო ენას უსათუოდ გამოძებნიანო.
- მიხეილ სააკაშვილთან პიროვნული დაპირისპირება არ მაქვს, ჩვენ მხოლოდ განსხვავებული შეხედულებები გვაქვს ქვეყნის განვითარებაზე. არც ნათესაობა მაკავშირებს მასთან. თუ არ გჯერათ, შეგიძლიათ, ჰკითხოთ.
- ბრძანეთ, მთელ ოპოზიციურ სპექტრთან ვაპირებ თანამშრომლობასო. საინტერესოა, როგორ განვითარდება ურთიერთობა ირაკლი ოქრუაშვილსა და მის პოლიტიკურ ძალასთან. თქვენ და ირაკლი ოქრუაშვილი დაპირისპირებული იყავით. საზოგადოებისთვის ამის მიზეზიც საინტერესოა.
- შეუთავსებლობა მართლაც გვქონდა, როდესაც ხელისუფლებაში ვიყავით. ჩვენი დაპირისპირების მიზეზი უპირველესად მისი სამხედრო რიტორიკა იყო, რაც არ უწყობდა ხელს არც ქვეყნის იმიჯსა და არც სამშვიდობო პროცესს. ჩვენი დაპირისპირების მეორე მიზეზი კოდორში «მონადირის» დაჯგუფების დაშლა შეიქნა. ვფიქრობ, საჭირო იყო კოდორის ხეობაში ლეგიტიმური შეიარაღებული ქვედანაყოფი, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობისგან იქნებოდა დაკომპლექტებული. ირაკლი ოქრუაშვილს კი არ უნდოდა, ადგილობრივი მოსახლეობა ჩართულიყო კოდორის ხეობის დაცვის ძალზე სპეციფიკურ საქმეში. აი, ამ საკითხებზე გვქონდა განსხვავებული შეხედულებები, თორემ პიროვნული დაპირისპირება არასოდეს გვქონია. მას შემდეგ ოქრუაშვილსა და მის პოლიტიკურ ჯგუფთან ურთიერთობა არ მქონია.
- არც აპირებთ მასთან შეხვედრას?
- დაგეგმილი არ მაქვს, მაგრამ თუ საჭიროება მოითხოვს, ბუნებრივია, შევხვდები.
- თანამდებობაზე უარის თქმის მიზეზი ის იყო, რომ სააკაშვილი რუსეთთან ომში ჩაება?
- ორი მიზეზი იყო. ვხედავდი აბსოლუტურ განსხვავებას კონფლიქტების დარეგულირების საქმეში და მეორე - არ არსებობდა ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისა და მომზადების მექანიზმი (უშიშროების საბჭოს ვგულისხმობ), რომელიც გამორიცხავდა და მინიმუმამდე დაიყვანდა პრეზიდენტის მცდარ გადაწყვეტილებებს. იყო ჩაკეტილი სივრცე, სადაც უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს რამდენიმე კაცი იღებდა, კომპეტენტურ აზრს არ იზიარებდნენ. ეს რომ ყოფილიყო, შესაძლებელი იქნებოდა, თუნდაც აგვისტოს ტრაგედიის თავიდან აცილება. ამის თაობაზე რამდენჯერმე ვესაუბრე პრეზიდენტს, მაგრამ ხელისუფლებაში არ არსებობდა ნება, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტის პარალელურად, კოლექტიური გადაწყვეტილებების მიღების ინსტიტუტი შექმნილიყო.
- თქვენ უშიშროების საბჭოს სუსტი მუშაობა ახსენეთ, მაგრამ მისმა ყოფილმა ხელმძღვანელმა თქვენი თანამდებობა დაიკავა გაეროში. გაართმევს ლომაია დაკისრებულ მოვალეობას თავს?
- ბატონ კახა ლომაიას შევხვდი და დარწმუნებული ვარ, მას აქვს კვალიფიკაცია, გააგრძელოს გაეროში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე საქმიანობა. მინდა მას დიდი წარმატება ვუსურვო, რადგან ეს ძალზე საპასუხისმგებლო პოსტია.
- როდესაც თანამდებობიდან გადადექით, თქვენი მეგობრები მინისტრებად დაინიშნენ. ითქვა, რომ ისინი ამ გზით გაანეიტრალეს.
- ვერ გეტყვით, რა იდგა პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებების უკან. არ მინდა ვარაუდის საფუძველზე გავაკეთო განცხადება, რატომ მოხდა ასეთი გადაადგილებები.
- რამდენჯერმე ახსენეთ, თანამდებობიდან ჩემით წავედიო, სააკაშვილი კი გვარწმუნებს, ყველა მე დავითხოვეო.
- დასანანია, რომ პრეზიდენტი ცრუობს. ჩემი გადაწყვეტილება მას შევუთანხმე და შემომთავაზა კიდეც, საქართველოს მთავრობაში გამეგრძელებინა საქმიანობა.
- სააკაშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტი შემოგთავაზათ და, შესაძლოა, თქვენი სურვილისამებრ მთავრობის დაკომპლექტების საშუალებასაც გაძლევდათ. რატომ უთხარით უარი?
- ჩვენ პრინციპულად განსხვავებული შეხედულებები გვაქვს. იოტისოდენა იმედიც რომ მქონოდა, სააკაშვილი ქვეყნის მართვის სტილს შეცვლიდა, ბუნებრივია, ოპოზიციაში არ გადავიდოდი.
- სააკაშვილის მომავალი როგორ გესახებათ? ოპოზიცია ხელისუფლების პასუხისგებაში მიცემას ითხოვს.
- ამაში ვერ დავეთანხმები. რევანშზე არ უნდა ვიფიქროთ. ამას ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაესვას წერტილი. ბუნებრივია, ვინც უსამართლოდ დაიჩაგრა, მათი უფლებები უნდა აღდგეს. ვფიქრობ, ეკონომიკური ამნისტიაც საჭიროა.
მიმაგრებული სურათი