სააკაშვილი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოდის
სივილ ჯორჯია, თბილისი / 12 თებ.'09 / 18:49
ქვემოთ მოცემული პარლამენტში პრეზიდენტ სააკაშვილის რიგით მეხუთე ყოველწლიული გამოსვლის ძირითადი პუნქტები. მის გამოსვლას დეპუტატები, მთავრობის წევრები, უცხოელი დიპლომატები და ბიზნესმენები ესწრებიან.
ეს არის ჩემი მოხსენება იმ გამოწვევების და პრიორიტეტების შესახებ, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას;
მიუხედავად იმისა, რომ კანონი არ მავალდებულებს ამის გაკეთებას, მე ვაპირებ დავრჩე და მოვუსმინო დებატებს ჩემი გამოსვლის შემდეგ;
მხოლოდ ძლიერი დემოკრატია წარმოადგენს საქართველოს განვითარების სწორ გზას;
მივმართავ საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც ძალიან უჭირს, იძულებით გადაადგილებულ პირებს, ძველი თუ ახალი აგრესიის შედეგად გამოდევნილებს ... მივმართავ ყველა უმუშევარს... ასეთები ბევრნი არიან... მივმართავ პენსიონერებს... გლეხებს, რომლებიც ვერ პოულობენ ბაზარს თავიანთი პროდუქციის გასასაღებლად; მივმართავ პედაგოგებს და პროფესორებს, რომელთაც უკეთესი სამუშაო პირობები სჭირდებათ; მივმართავ ჯარისკაცებს და პოლიციელებს, რომლებიც მზად არიან მსხვერპლად შეეწირონ თავიანთი სამშობლოს დაცვას; მივმართავ ბიზნესმენებს, რომელთაც დღეს ადვილი დღეები არ უდგათ;
ჩვენი მცდელობები უნდა მივმართოთ არა პოლიტიკური კინკლაობისკენ, არამედ უმუშევრობის აღმოფხვრისკენ გლობალური ფინანსური კრიზისის ფონზე;
ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ათი ან მეტი პრიორიტეტი გვქონდეს... ჩვენი პრიორიტეტია ეკონომიკური სირთულეების მოგვარება;
ჩვენ გვაქვს ეკონომიკური სირთულეები, მაგრამ საქართველოში ეკონომიკური კრიზისი არ არის.
ჩვენი პროგნოზით... არის იმედი, რომ შევინარჩუნოთ უმუშევრობის არსებული დონე და გარკვეულ სექტორებში ახალი სამუშაო ადგილებიც შევქმნათ;
მაგრამ ეს შეუძლებელი იქნება პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნების გარეშე;
ჩვენი წარმატება დამოკიდებულია იმაზე შევძლებთ, თუ არა შევინარჩუნოთ ერთობა და სტაბილურობა;
ჩვენ გვაქვს სამპუნქტიანი გეგმა, რომელიც ითვალისწინებს უცხოური დახმარების მიმართვას ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე, 2.2 მილიარდი ლარის ღირებულების ეკონომიკური სტიმულირების პაკეტის განხორციელება და უცხოური ინვესტიციების მოზიდვა;
ეს სამპუნქტიანი გეგმა არ არის საკმარისი, ჩვენ ბევრად უფრო მეტი რამ გვაქვს გასაკეთებელი; ეკონომიკური სიძნელეები გვაიძულებს ქამრების შემოჭერას და მთავრობამ ეს პირველმა უნდა გააკეთოს;
ამ მიზნით, ახალმა პრემიერ-მინისტრმა თავის ახალ თანამდებობაზე მუშაობა იმით დაიწყო, რომ დაავალა სახელმწიფო სტრუქტურებს ადმინისტარციული ხარჯები 10%-ით შეამცირონ;
მე მივიღე გადაწყვეტილება წეროვანის საპრეზიდენტო რეზიდენცია ბაღს გადავცე;
ზუგდიდის და ბათუმი სამთავრობო რეზიდენციები გაიყიდება;
ეს თანხები უნდა მიიმართოს იაფი კრედიტის პროგრამებზე და ჯანდაცვაზე;
ვიწყებთ ხელმისაწვდომი დაზღვევის ახალ სახელმწიფო პროგრამას სახელმწიფო თანადაფინანსების პირობებში - 5-ლარიანი სადაზღვევო პაკეტით, საიდანაც 1.65 ლარს გადაიხდის მოქალაქე ყოველთვიურად, 20 ლარზე ნაკლები თანხა გამოდის წელიწადში. ამით წელიწადში მოქალაქე მიიღებს 8 ათას ლარამდე სამედიცინო დაზღვევის მომსახურებას; ამ პროგრამით შეგვიძლია მოვიცვათ მთელი მოსახლეობა და ხელმისაწვდომი გავხადოთ ჯანდაცვა.
ჩვენი განსაკუთრებული ზრუნვის საგანია იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობა... ცხვირში ძმრად ამოვადენთ ყველას ვინც ეს ხალხი გამოყარა.
რეკორდულ პერიოდში შევძელით დევნილთა 5 ათასი სახლის აშენება - შეძლებისდაგვარად აღვჭურვეთ ეს სახლები. ყოველ ოჯახს ვურიგებთ საშუალოდ ნახევარ ჰექტარ მიწას;
სანამ საქართველო არ გაერთიანდება და ყველა დევნილი არ დაუბრუნდება თავის სახლ-კარს, ხელისუფლების მთავარი ზრუნვის საგანი იქნება ეს ხალხი;
ახლა მხოლოდ 5 ლარით შევძელით პენსიის გაზრდა და ამას ემატება სადაზღვევო პაკეტი. ეს ნიშანია იმისა, რომ პენსიების ზრდას არ შევაჩერებთ. ჩემი პირადი ღირსების საგანია პენსიონერებზე ზრუნვა;
წელს 25 ლარით გაიზარდა მასწავლებელტა ხელფასები და კიდევ 25 ლარით გაიზრდება შემოდგომაზე. როგორც იქნა გაუქმდა ერთწლიანი კონტრაქტები, რომელიც კაცმა არ იცის რისთვის შემოვიღეთ;
საქართველო უნდა გამოვაცხადოთ ორგანული პროდუქტის ქვეყანად და არ უნდა შემოვუშვათ გენმოდიფიცირებული პროდუქცია;
მარტიდან მოქმედებას იწყებს სოფლის დახმარების ახალი პროგრამა - ”ფული ყველა სოფელს”. ამ მიზნით გამოყოფილია 20 ათასი ლარი და პროექტის წარმატების შემთხვევაში გავზრდით დაფინანსებას. მარტიდან დაიწყება 130 კმ სიგრძის სოფლის გზების დაგება; სოფლის მეურნეობის საგაზაფხულო სამუშაოებისთვის სულ დაიხარჯება 50 ათასი ლარი;
ჩვენი სტაბილურობა დგას ბიზნესზე. საქართველოს ხელისუფლების პასუხი მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისში იქნება უკეთესი ბიზნეს გარემო საქართველოში, თავისუფალი ატმოსფერო, უფრო დაცული ბიზნესი და უფრო დაცული კერძო საკუთრება;
საქართველო უდიდესი საგარეო პოლიტიკური გამოწვევების წინაშე იმყოფება. საქართველო აგრძელებს ცხოვრებას უმძიმესი აგრესიის პირობებში;
საქართველოს სუვერენიტეტს და მთლიანობას დიდი და სახიფათო მტერი უპირისპირდება, რომელიც არ ცნობს საერთაშორისო სამართალს, მთელ ცივილიზებულ სამყაროს შანტაჟის და დაშინების გზით ელაპარაკება, ემუქრება მის სამეზობლოში მყოფ ყველა თავისუფლების მოყვარე ერს, მტერი, რომელიც წარსული დაპირისპირებისკენ ექაჩება მსოფლიოს;
მტერი, რომელიც ახალ სამხედრო უკანონო ბაზებს აშენებს საქართველოს ტერიტორიაზე, მაშინ როცა ევროკავშირი, აშშ, მთელი ცივილიზებული სამყარო მოითხოვს აფხაზეთის და ცხინვალის დემილიტარიზაციას;
მტერი, რომელიც ცდილობს რომ მთლიანად განდევნოს საქართველოდან საერთაშორისო პოლიტიკური ორგანიზაციები იმისათვის, რომ საკუთარი ბოროტების შემფასებელი აღარავინ ადგილზე არ დარჩეს;
მტერი რომელიც არ თანამშრომლობს საერთაშორისო გამოძიებასთან და საკუთარი ოკუპაციის ზონაში არ უშვებს საერთაშორისო დამკვირვებლებს, მტერი, რომელიც დიქტატურით მართავს ქვეყანას და თანამშრომლობს საერთაშორისო ტერორიზმის კერებთან;
ყველამ კარგად უნდა გავითავისოთ და მუდმივად გვახსოვდეს და ნურანაირი ილუზია ნუ გვექნება - ეს არის მტერი, რომლის უმნიშვნელოვანესი, საბოლოო და კარგად გამოხატული მიზანია საქართველოს საბოლოო დაქუცმაცება და მსოფლიო რუკიდან ერთხელ და სამუდამოდ გაქრობა;
ასეთ პირობებში ჩვენი ამოცანაა მეტი ინტეგრაცია დემოკრატიულ სამყაროსთან, ჩვენი ამოცანაა სამშვიდობო მისიების ინტერნაციონალიზაცია და საერთაშორისო ინსტიტუტების მაქსიმალური ჩართულობა საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემის ფარგლებში; ჩვენი დაახლოება ევროპასთან და ნატოსთან; საქართველოს საერთაშორისო დიპლომატიური მხარდაჭერის კიდევ უფრო განმტკიცება;
რამდენიმე დღის წინ მიუნჰენის კონფერენციამ კარგად დაგვანახა, რომ საქართველოს ძალიან დიდი მეგობართა წრე ჰყავს და ჩვენი ქვეყნისადმი მხარდაჭერა არის ძალიან ურყევი;
წლის დასაწყისში ჩვენ მოვაწერეთ ხელი სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიას აშშ-სთან და ამ ახალ ადმინისტრაციასთან ჩვენ გადავდივართ ამ ახალი ხელშეკრულების იმპლემენტაციის სრულიად ახალ, ბევრად უფრო წინ წასულ ფაზაზე, ვიდრე ეს ყოფილა წინა ადმინისტრაციის პირობებში. მიუნხენის კონფერენციაზე ითქვა ის, რომ არასდროს არავინ არ შეეგუება საქართველოს დაშლის და დაქუცმაცების გეგმას, არ აღიარებს უკანონო ოკუპაციის და ანექსიის შედეგებს;
იმპერია ყოველთვის მარცხდება და დამარცხდება ამჯერადაც;
საქართველო იქნება მთლიანი, აფხაზეთი და ცხინვალი ისევ დაუბრუნდებიან დედასამშობლოს და ამას ჩვენ მივაღწევთ მშვიდობით, ეკონომიკური, დემოკრატიული განვითარებით, სტაბილური წინსვლით, მთელ საერთაშორისო თანამეგობრობასთან მჭიდრო თანამშრომლობით;
ჩვენ მივაღწევთ იმასაც, რომ დავარეგულირებთ ურთიერთობებს რუსეთთან მაშინ, როდესაც რუსეთი მიიღებს და აღიარებს იმ ფაქტს, რომ საქართველოს აქვს უფლება იყოს დამოუკიდებელი და თავისუფალი ქვეყანა და რომ სხვა პერსპექტივა არ არსებობს.
http://www.civil.ge/geo/article.php?id=20540