მიხეილ სააკაშვილი - ხელისუფლების განსაკუთრებული ზრუნვის საგანია იძულებით გადაადგილებული პირების მდგომარეობა
image
ხელისუფლების განსაკუთრებული ზრუნვის საგანია იძულებით გადაადგილებული პირების მდგომარეობა. აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა დღეს პარლამენტში გააკეთა.
როგორც მან განაცხადა, მართალია იძულებით გადაადგილებულ პირებს რაც არ უნდა გააკეთოს სახელმწიფომ, ვერაფერი ვერ შეუცვლის იმ დანაკარგს, რომელიც მათ განიცადეს და ვერაფერი ვერ შეუცვლის ასევე მათ მიერ წართმეულ კერასა და დანაკარგს.
მისი განცხადებით, ეს ადამიანები ასეთ მდგომარეობაში იქნებიან მანამ, სანამ ისინი საკუთარ კერას და კუთხეს არ დაუბრუნდებიან.
“ცხვირში ძმრად ამოვადენთ ყველას, ვინც ეს ხალხი სახლიდან გამოყარა”, - ასეთი დაპირება მისცა საქართველოს პრეზიდენტმა იძულებით გადაადგილებულ პირებს.
როგორც მან აღნიშნა, ყველაფერი კეთდება იმისათვის, რათა რუსული აგრესიის შედეგად დაზარალებულებს შეძლებისდაგვარად ადამიანური პირობები შეექმნათ როგორც საცხოვრებლად, ასევე სამუშაოდ, სადაც ახლა მათი ახალი მისამართებია.
პრეზიდენტის განცხადებით, სახელმწიფომ შეძლო ძალიან ბევრი. ზამთრის დადგომამდე აშენდა ხუთი ათასი ახალი კაპიტალური სახლი და ეს მოხდა მინიმალურ ფასად და ძალიან სწრაფად.
მისი თქმით, ეს სახლები აღიჭურვა ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობებით. ასევე მათთან უზრუნველყოფილია გზა, წყალი, ელექტროენერგია და გაზი.
პრეზიდენტის განცხადებით, საზოგადოებამ იძულებით გადაადგილებული პირების საკითხზე წარმოუდგენელი სოლიდარობა გამოიჩინა.
პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა საქართველოს მიერ მიღებულ საერთაშორისო მხარდაჭერაზე და როგორც მან აღნიშნა, სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ სახელმწიფო სექტორში დაზარალებული დევნილებისთვის შეენარჩუნებინა სამსახური და ხელფასი.
პრეზიდენტის განცხადებით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია 90-იანი წლების დევნილების დახმარებაც. ასევე პენსიონერებზე ზრუნვაც.
პრეზიდენტის განცხადებით, სანამ საქართველო არ გაერთიანდება და ყველა იძულებით გადაადგილებული პირი საკუთარ სახლში არ დაბრუნდება, სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება სწორედ მათზე ზრუნვა.
რაც შეეხება პენსიებს, პრეზიდენტმა ისაუბრა ასევე საპენსიო პაკეტის 100 დოლარამდე გაზრდასთან დაკავშირებით. რუსულმა აგრესიამ პენსიის ზრდის გეგმები მნიშვნელოვნად შეცვალა, თუმცა 50-თვიანი პროგრამის ფარგლებში პრეზიდენტის განცხადებით, საპენსიო პაკეტი აუცილებლად გაუტოლდება 100 დოლარს.
http://www.ipn.ge/ge/index.php?news=12955&hd_line=1