რამაზ საყვარელიძე - ირაკლი ალასანიას გუნდის შემადგენლობა ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას დაამშვენებდა
image
ირაკლი ალასანიას პოლიტიკურ გუნდზე თავისი შთაბეჭდილებები და პოლიტიკური პროცესების სავარაუდო სცენარებზე საკუთარი პროგნოზები `ინტერპრესნიუსს~ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ გაუზიარა.
ბატონო რამაზ, როგორ შეაფასებდით ირაკლი ალასანიას პოლიტიკურ გუნდს, რომელიც მან საზოგადოებას წარუდგინა და რა პოლიტიკური პერსპექტივა შეიძლება ჰქონდეს მას?
ირაკლი ალასანიას გუნდის შემადგენლობა ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას დაამშვენებდა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ იგი აშკარად არ ჩქარობს, ის დინჯად არკვევს სიტუაციას. საინტერესოა, რომ ეს გუნდი და გუნდის წევრები უკვე არსებულ პოლიტიკურ ჯგუფში არ გაერთიანებულა. ალბათ მომავალში უნდა გაირკვეს, ეს გუნდი რა სისტემაში იპოვის ადგილს.
პარლამენტსგარეთ დარჩენილი ოპოზიციის მსგავსად ალასანიაც ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. თქვენი აზრით, შეძლებს ოპოზიცია იმ ვითარების შექმნას, როცა ხელისუფლება იძულებული იქნება მართლაც დანიშნოს ვადამდელი არჩევნები?
ვერ გეტყვით... ოპოზიციის არც ერთმა წევრმა ჯერჯერობით არ იცის ის გზა და ის ხერხი, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა პრეზიდენტის გადადგომა და შემდეგ ჯერ ვადამდელი საპრეზიდენტო და შემდეგ საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.
თუ ეს ხერხი მოძებნილია, მერე შეიძლება რეალობაზე საუბარი. ამჯამად მხოლოდ სურვილის განაცხადია. ეს სურვილი უკვე იმასაც გულისხმობს, რომ თუ ძალიან ბევრი ხალხი შეიკრიბება და ქუჩაში იდგება დიდხანს, შეიძლება ხელისუფლება გადადგეს ან მომიტინგეებს დაუშინოს თოფი.
თქვენ ერთხელ ბრძანეთ, თუ ოპოზიციამ გაერთიანება ვერ შეძლო, ხელისუფლება მათ მოთხოვნას არაფრად ჩააგდებსო. თქვენი აზრით, შეძლებს კი ოპოზიცია უმთავრეს საკითხებში შეთანხმებას და ბრძოლის საერთო სტრატეგიის შემუშავებას?
შეიძლება არ გაერთაინდეს, მაგრამ თუნდაც ერთმა პარტიამ შეძლოს ხალხის დიდი რაოდენობის მხარდაჭერა, ეს ანგარიშგასაწევი ძალა იქნა. თუ ხალხის მხარდაჭერა ოპოზიციას არ ექნა, მაშინ ხელისუფებას ექნება იმის საშუალება, ყურადღება არ მიაქციოს ოპოზიციის პოლიტიკურ აქტიურობას.
ოპოზიცია ყველა ფრონტზე გააქტიურდა, „ეროვნული ფორუმი“ საერთო სახალხო კრების გამართვას გეგმავს. რას ურჩევდით ხელისუფლებას პოლიტიკური პროცესების არაკონსტიტუციური სცენარის თავიდან ასაცილებლად?
გადადგომა კონსტიტუციური გზაა. გადადგომის შემთხვევაში არაკონსტიტუციურ გზაზე საუბარი არ არის, ასე იყო შევარდნაძის გადადგომის დროსაც. საუბარია იმაზე, შესაძლებელია თუ არა ამ კონსტიტუციურ გზამდე მიხვიდე კონსტიტუციური გზით. ადამიანს თოფით რომ დაადგები და ის გადადგება, ეს კანონიერი გზა იქნება, მაგრამ თოფით დადგომა იქნება უკანონო. კონსტიტუციურობის შენარჩუნება შესაძლებელია, ოღონდ ისევ ძალა იქნება საჭირო.
გართულებებს არ უნდა ველოდოთ?
საქართველოში შეიძლება რამე გართულების გარეშე?! პოლიტიკური პროცესის გააქტიურებას გართულება მოჰყვება. რაღაც სირთულეები გაჩნდება, რადგან ვითარებაში, რომელშიც ვართ, ნაკლებად სავარაუდოა, ხელისუფლება მოთხოვნისთანავე მოულოდნელად გადადგეს. ამას თავისი ლოგიკა უნდა ჰქონდეს და ეს ლოგიკა ჯერ არ ჩანს. ამავე დროს მოულოდნელი იქნება, რომ თავის მოთხოვნაზე უარი თქვას ოპოზიციამაც. ორი ურთიერთსაპირისპირო მიმართულების ძალა ერთმანეთს დაეჯახება და ეს იქნება პოლიტიკური ცხოვრების ძლიერი რყევის საფუძველი.
http://www.ipn.ge/ge/index.php?news=13195
პოლიტიკოსი არ გახლავართ, მაგრამ ხანდახან მეც კარგი მამაძაღლი ვარ.
დაე, მე მოვკვდე ღია თვალებით...
მიგელ დე უნამუსო ლიც-დონ-გიჟ-ჟუანი.