“ორ კვირაში ალასანიას წინააღმდეგ შავი პიარი დაიწყება!”
2009 წლის 17 02, სამშაბათი - 13:02
როგორც იქნა, მითიური ირაკლი ალასანია პოლიტიკურ ასპარეზზე ღიად გამოვიდა და საზოგადოებას თავისი გუნდი წარუდგინა, თუმცა არ გაამხილა, თუ რა ფორმის პოლიტიკურ ძალას ჩამოაყალიბებს. მართალია, გუნდის პრეზენტაციაზე აღნიშნა, რომ ყველა პოლიტიკურ გაერთიანებასთან ითანამშრომლებს, რომელთა შეხედულებებიც მისი პოლიტიკური გუნდის მისწრაფებებს დაემთხვევა, მაგრამ არ დააკონკრეტა, ვისთან ექნება მჭიდრო ურთიერთობა. განაცხადა, რომ კონსულტაციები პოლიტიკურ ძალებთან უკვე დასრულებულია და საბოლოო გადაწყვეტილებას კვირის ბოლოს გაახმოვანებს. რაც შეეხება ალასანიას ლიდერობას. ამაზე აღნიშნა, რომ “დღეს ქვეყანას ლიდერი კი არა, ძალების ისეთი გაერთიანება სჭირდება, რომელიც ქვეყანაში არსებულ უსამართლობას წინ აღუდგება.”
უნდა აღინიშნოს, რომ ალასანიას საჯარო პოლიტიკაში დაბრუნებაზე ხმა დიდი ხნის განმავლობაში ვრცელდებოდა. ჯერ კიდევ გაერო-ში მუშაობის დროს მას ხან შს მინისტრის, ხანაც გენპროკურორის, საგარეო საქმეთა მინისტრისა და თავდაცვის მინისტრის თანამდებობების კანდიდატად განიხილავდნენ. ბოლოს, ისიც ითქვა, რომ გადადგომის შემდეგ პრეზიდენტმა მას პრემიერ-მინისტრობა შესთავაზა. ალბათ, ბევრისთვის გაუგებარია, რატომ მაინცადამაინც ალასანია, რომელსაც საზოგადოება საჯარო პოლიტიკიდან ნაკლებად იცნობდა? არსებობს არცთუ უსაფუძვლო ეჭვი, რომ ყოფილი ელჩი ამერიკის პროექტია და ეს მიზანმიმართული პიარი იყო უნივერსალური სახელმწიფო მოღვაწის იმიჯის შესაქმნელად, რომლის შეასრულებასაც ალასანიას მფარველებმა შესანიშნავად შეუწყვეს ხელი.
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ალასანიას ამერიკის პროექტად არ განიხილავს. მეტიც, კატეგორიულად ეწინააღმდეგება ამ მოსაზრებას და არგუმენტებიც კი მოყავს: “ალასანიას პოლიტიკაში ჩართვა მაშინ მოხდა, როდესაც ამერიკას არავის პროექტის კეთებისთვის არ ეცალა. ბუში მიდიოდა, ობამა მოდიოდა. ამ პერიოდში პროექტებს არ აკეთებენ”.
იგივეს ამტკიცებს ექსპერტი სოსო ცისკარიშვილიც და აღნიშნავს, რომ სიმპატიების ქონა არ უნდა გავაიგივოთ პროტეჟეობასთან. “ადამიანი, რომელსაც აქვს გამოცდილება ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოსთან ოფიციალური კონტაქტების და მისი პროფესიული ზრდა არა მხოლოდ ქართულ სპეცსამსახურთან, ამ ორგანიზაციებთანაცაა დაკავშირებული, აშშ-ს გარკვეული წრეებისთვის მიღებული პიროვნება რომ არ ყოფილიყო, მერწმუნეთ, გაერო-ში ელჩის თანამდებობაზეც წარმატებული იმიჯი არ ექნებოდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმე ამერიკაში ალასანიას გაპრეზიდენტებაზე თავს იკლავს. თუ ალტერნატივა მათთვის მიუღებელია, რა თქმა უნდა, შეეცდებიან, გარკვეულწილად ასეთი ინტერესის გამჟღავნებას, მაგრამ არა ზეწოლით, არამედ ისეთი მინიშნებებით, რომელიც ალასანიას, როგორც კანდიდატს, უმაღლეს თანამდებობაზე ფასს შემატებს ფასს”, _ აცხადებს ცისკარიშვილი.
მას, ასევე, მიაჩნია, რომ თუ აქამდე ამერიკის ადნისტრაციის ფავორიტად ნინო ბურჯანაძე სახელდებოდა, ის უპირობო ფავორიტი აღარ იქნება. ცისკარიშვილის აზრით, ალასანია, თუ ვინმეს კონკურენციას გაუწევს, პირველ რიგში, ეს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე იქნება.
მართლა, საინტერესოა, როგორი მომავალი აქვს ალასანიას და მის გუნდს პოლიტიკურ ასპარეზზე? ექსპერტ სოსო ცისკარიშვილს თუ დავუჯერებთ, იდეა გამარჯვებისთვისაა მოწოდებული და დამატებით გამღიზიანებლები, რომ გამარჯვება ირწმუნონ, აღარ სჭირდებათ.
რამაზ საყვარელიძეს ირაკლი ალასანიასი დ მის გუნდის მომავლის პროგნოზირება უჭირს, რადგან მისთვის, ისევე როგორც საზოგადოებისთვის, ჯერ კიდევ უცნობი ფორმა, რომლითაც ალასანიას რაზმი პოლიტიკურ ასპარეზზე მოღვაწეობს დაიწყებენ. “არ ვიცი, რა ფორმას მიიღებს ეს პროცესი, ასევე, არ მესმის, რას ნიშნავს გუნდი. გუნდი, როგორც ასეთი, პოლიტიკური ერთეული არ არის, გაუგებარია ისიც, შევლენ თუ არა ისინი რომელიმე პოლიტიკურ ძალაში”, _ აღნიშნავს საყვარელიძე. მისივე თქმით, ირაკლი ალასანიას და მის გუნდს, ისევე როგორც, ახლადწარმოშობილ პარტიათა უმრავლესობას, ერთი პრობლემა აქვს: “მათ კარგად იციან თავიანთი საქმე, თუმცა ახლა პოლიტიკა უნდა ისწავლონ. არა დიპლომატიის პოლიტიკა, არამედ შიდასამზარეულო, ქუჩისა თუ პარლამენტის. თბილისში ხომ ქუჩაში, სამზარეულოსა და პარლამენტში მიმდინარე პროცესები ერთმანეთში გადადის და ერთიანდება”.
საინტერესოა ისიც, გაერო-ში ყოფილი ელჩი ახალ პარტიას ჩამოაყალიბებს თუ რომელიმე პარტიასთან გაერთიანდება?! სხვათა შორის, მას, როგორც “რესპუბლიკელებისა” და “ახალი მემრჯვენეების” კავშირის ლიდერს ისე განიხილავდნენ. მეტიც, იმასაც მბობდნენ, რომ ეს გაერთიანება სწორედ იმისთვის შეიქმნა, რომ ირაკლი ალასანია ჩასდგომოდა სათავეში.
“არცთუ შორეულ პოლიტიკური ძალების მხრიდან ალასანიას იდეების ირგვლივ გაერთინების მზაობა იქნება. თუმცა ვთვლი, რომ ალიანსი მაინც “რესპუბლიკელებისა” და “მემარჯვენეების” კავშირთან შედგება”, _ აღნიშნავს ცისკარიშვილი.
გაერო-ში საქრთველოს ყოფილი ელჩი, უდაოდ, გამოკვეთილი ლიდერია, დაუპირისპირდება თუ არა მას მთავრობა და რა კომპრომატებს გამოიყენებს მის წინააღმდეგ?
“ხელისუფლების ხასიათიდან გამომდინარე, უნდა დაუპირისპირდეს, თუმცა ჯერ-ჯერობით დაპირისპირებას ვერ ვხედავ. ალბათ, არ არსებობს თემატიკა, რომელსაც ალასანიას წინააღმდეგ გამოიყენებენ. ერთადერთი, რაც მთავრობას შეუძლია ის არის, რომ პიკში აიყვანოს ალასანიას პოპულარობა მანამ, სანამ ეს პოპულარობა რეალიაზაციას მოასწრებს, მერე კი რეიტინგი თავისით დაიწყებს კლებას, ანუ ხელისუფლებამ თუ მის რეიტინგს ვერაფერი დააკოლო, თავად შეეცდება, მის ზომაზე მეტად აწევას. ერთი რამ ცხადია, ხელისუფლების მიერ კონტროლირებული მედიაც ალასანიას პროპაგანდას ეწევა, ეს არის სწორედ ამ ეჭვის საფუძველი”, _ აღნიშნავს საყვარელიძე.
“ორ კვირაში უკვე ასეთი კითხვა აღარავის გაუჩნდება, რადგან ხელისუფლება თავად დაამტკიცებს, თუ რამდენად მიუღებელია მისთვის ალასანიას პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლა. დაიწყება მის წინააღმდეგ მიზანმიმართული შავი პიარი, თუმცა ეს მის სასიკეთოდ უფრო იმოქმედებს. ამის გონება არცერთ ხელისუფლებას არ ყოფნის. ის, რომ უსამართლობა კატალიზატორია, ადეკვატური რეაქციის, რომელსაც საქართველოში ამომრჩეველი მუდმივად ამჟღავნებს, შეიძლება იციან, თუმცა არ სჯერათ და ერთსა და იმავე შეცდომას უშვებენ ხელისუფლებაც და ზოგჯერ ოპოზიციაც”, _ აცხადებს ცისკარიშვილი.
ყველაზე მთავარი მაინც ის არის, რომ ალასანიას მომავალ პრეზიდენტად განიხილავენ. საყვარელიძეს მიაჩნია, რომ ყოფილ ელჩს ამის შანსი ნამდვილად აქვს: “შეუძლებელი არაფერია, პიროვნული უნარი, უდაოდ, აქვს. ხალხის მხარდაჭერაც. საქართველოს საზოგადოებამ თავის დროზე პრეზიდენტი გაცილებით უფრო ახალგაზრდა და გაცილებით უფრო გაუწონასწორებელი ადამიანი გახადა. ალასანია რომ პრეზიდენტი გახდეს, გასაკვირი არ იქნება”.
ირაკლი ალასანიას გუნდის წევრების პრეზენტაციას “ქორთიარდ მარიოტში” დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწეები და არასაპარლამენტო და საპარლამერნტო ოპოზიციის წაწრმომადგენლებიც დაესწრნენ. Pრეზენტაციაზე ხელისუფლებიდან წასულ სახეებიც გამოჩნდნენ, მათ შორის, დავით თევზაძე, ეროსი კიწმარიშვილ... “ფაქტი” გთავაზობთ ოპოზიციონერთა აზრს ალასანიასა და მისი გუნდის პოლიტიკურ მომავალზე:
დავით უსუფაშვილი, “რესპუბლიკური პარტიის” ლიდერი: _ ფაქტია, რომ ირაკლი ალასანიამ პოლიტიკურად ოპოზიციური გზა აირჩია. როგორი იქნება მისი შემდგომი ნაბიჯები, ვნახავთ. დღევანდელი დღის შემდეგ იმედი მაქვს, რომ ეს ურთიერთობა უფრო ნაყოფიერი და ინტენსიური გახდება.
გია ყარყარაშვილი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი: _ როგორი იქნება მისი პოლიტიკური მომავალი, წინასწარმეტყველებისგან თავს შევიკავებ. რაც შეეხება ჩემს საზოგადოერბრივ-პოლიტიკურ აქტივობას და ალასანიასთან თანამშრომლობას, მოვუსმენ და დანარჩენს ამის შემდეგ გადავწყვეტ. ჩვენ გვაქვს ურთიერთობა, მაგრამ მასთან თანამშრომლობა უკვე ჩემზეა დამოკიდებული, მივიღებ თუ არა გადაწყვეტილებას საზოგადოებრივ-პოლიტიოკურ საკითხებში ჩაბმისა. რახან დღეს მოსაწვევი მივიღე, ესე იგი, მან ჩამთვალა ისეთ ადამიანად, რომელიც იმსახურებს ამას, სხვათა შორის, “ვარდების რევოლუვიის” შემდეგ ეს პირველი მოწვევაა. დღეს აქ ვიმყოფები და დანარჩენი შემდეგი ეტაპია.
დავით გამყრელიძე, “ახალი მემარჯვენეების” ლიდერი: _ მიხარია, რომ ირაკლიმ მოახერხა და, პირველ რიგში, ის რვა ადამიანი შემოიკრიბა, ვინც გამორჩეულნი არიან პატიოსნებით, პროფესიონალიზმითა და სხვა ღირსებებით. ეს კიდევ ერთხელ აძლიერებს მისი პოლიტიკური მომავლის პერსპექტივებს. მინდა, წარმატებები ვუსურვო.
გიორგი თარგამაძე, “ქრისტიან-დემოკრატების” ლიდერი: _ შეუძლებელია, რომ არ ვითანამშრომლო. ეს უკავშირდება იმ ამოცანებსა და პრობლემებს, რომელიც საზოგადოებას გააჩნია, მის მიერ წარმოდგენილი პრინციპები ძალიან ახლოსა დგას ჩვენს შეხედულებებთან. მივესალმები პოლიტიკურ ასპარეზზე ნებისმიერი პოლიტიკოსის გამოჩენას, რომელიც ამ პრობლემების მოგვარებას, ასევე, ადეკვატურად მიუდგება.
ჯონდი ბაღათურია, “ქართული დასის” ლიდერი: _ ისე, როგორც არასდროს, დღეს ასეთი დონის პოლიტიკოსი გვჭირდება. საჭიროა, ბრძოლა ქვეყნის გაერთიანებისთვის, ფეხზე დაყენებისა და მშენებლობისთვის. ასე რომ, მიმაჩნია, ადამიანი _ პოლიტიკოსი, ექიმი, რომელიც უარს იტყვის და ამ ბრძოლიდან გადგება, ძალიან რბილად რომ ვთქვა, არა მხოლოდ ინტელექტუალურ, მორალურ და პოლიტიკურ შეცდომასაც დაუშვებს.
http://fact.ge/news.aspx