საინტერესო სტატიაა.....
ამერიკაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები რომ ჩვენთვის მრავალმხრივ იყო მნიშვნელოვანი, ცნობილი ფაქტია, თუმცა ამჯერად ხაზი გვინდა გავუსვათ ერთ ნიშანდობლივ ტენდენციას, რომელსაც ჯერ სპეციალისტთა სათანადო ყურადღება არ დათმობია და რომლის ქართულ რეალობაში გადმოტანამ შეიძლება ფრიად სასიკეთო შედეგი გამოიღოს.
ბარაკ ობამას საარჩევნო კამპანია იყო ერთი შეხედვით შეუთავსებლის შეთავსების მცდელობა - ჩაეყენებინა ქარიზმა რაციონალიზმის სამსახურში. უფრო ზუსტად, ობამას ქარიზმატულობაზე და მჭევრმეტყველების გამორჩეულ უნარზე აგებული საარჩევნო კამპანიის მთავარი მიზანი იყო საზოგადოებაში გაეჩინა აშშ-ის პირველი ფერადკანიანი პრეზიდენტის, როგორც რაციონალური პოლიტიკოსის მოლოდინი.
ამ გამოცდილების გათვალისწინება და აპრობირება საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაშიც ეფექტური და შედეგიანი იქნება, რადგან ზუსტად ასახავს დროის ამ მონაკვეთში ქართველ ამომრჩეველში არსებულ მოთხოვნებს. კერძოდ, ქართული საზოგადოების ლიდერისადმი განწყობას და მოთხოვნას გარკვეული ციკლურობა ახასიათებს, რაც, პირობითად, შეიძლება გამოისახოს ფორმულით: ქარიზმატული-რაციონალური-ქარიზმატული ანუ ჩვენებურად რომ ვთქვათ: ზვიადი, შევარდნაძე, მიშა, ზუსტად ისე, როგორც ისინი ქართული საზოგადოების ცნობიერებას შემორჩა - ორი მათგანი სახელით და ერთი - გვარით (აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შევარდნაძის შემთხვევაში ”რაციონალიზმზე” საუბარი ცოტა პირობითია, რადგან ძნელია რაციონალური უწოდო მისი მმართველობის შედეგს).
ამ ტენდენციიდან გამომდინარე, ამჯერად, სწორედ გაწონასწორებული და ევოლუციურობაზე მიდრეკილი ლიდერის ჯერია. მაგრამ, მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ქართველი ამომრჩევლის სულ რაღაც წელიწადნახევრის წინანდელი აღტკინება ოქრუაშვილით, რომლის პოლიტიკური ჰაბიტუსის მთავარი მდგენელი სწორედ ქარიზმატულობა და ძალისმიერობა იყო.
ანუ დღეს ქართველი ამომრჩეველი კვლავ არანაკლები წარმატებით მიიღებს ამ ტიპის - ემოციურ და აფექტურ ლიდერსაც. ამიტომ, როცა განწყობის ციკლურობაზე ვსაუბრობთ, მხედველობაში გვაქვს ის, რომ დღეს ასპარეზი ღიაა რაციონალური ტიპის ლიდერისთვისაც, მაშინ როცა, შევარდნაძის შემდგომ ამ ტიპის ლიდერის მოთხოვნილება საზოგადოების უმეტეს ნაწილში არ არსებობდა.
ამ ლოგიკიდან გამომდინარე, საუკეთესო ვარიანტი იქნება ქარიზმატულობისა და რაციონალიზმის იმგვარი სინთეზი, როცა ქარიზმა სახელმწიფოს სათავეში რაციონალური ლიდერის მოსვლას მოემსახურება. ქართულ პოლიტიკურ სპექტრს თუ გადავხედავთ, ამ თვალსაზრისით არჩევანი ფრიად შეზღუდულია, მაგრამ საზოგადოებაში არსებული მოლოდინების გათვალისწინებით, ამ ორი, ერთი შეხედვით შეუთავსებელი საწყისის შეთავსების შანსი ირაკლი ალასანიას აქვს: რაციონალიზმის, გაწონასწორებულობისა და ძალის სინთეზი - გამარჯვებისთვის ეს უნდა იქცეს ალასანიას სავიზიტო ბარათად.
მთავარი სირთულე ამ გზაზე ქარიზმატულობასა და რაციონალიზმს შორის ოქროს შუალედის პოვნაა, რაც დღემდე ვერც ერთმა ქართველმა პოლიტიკოსმა ვერ მოახერხა. აქედან გამომდინარე, ალასანიას ერთ-ერთი უმთავრესი პლუსი შეიძლება მინუსად იქცეს: ძალიან კარგია პროფესიონალთა გუნდი და მათ მაღალკვალიფიციურობაზე აქცენტის გაკეთება, მაგრამ, ამავე დროს, ალასანიამ უნდა გაითვალისწინოს ”ახალი მემარჯვენეებისა” და ”რესპუბლიკელების” გამოცდილება, რომლებიც წლების მანძილზე, ქართულ პოლიტიკაში ცნობილი იყვნენ, როგორც ინტელექტუალური და პროფესიული კადრებით დაკომპლექტებული პარტიები, მაგრამ არჩევნებზე მათ მიერ მიღწეული შედეგი მათი ინტელექტის შესაბამისი არასოდეს ყოფილა. ანუ მხოლოდ რაციოზე მიმართული პიარ-სტრატეგია და პოლიტიკა აქ არ ჭრის.
კიდევ ერთი საინტერესო პარალელი: ბარაკ ობამას საარჩევნო კამპანიამ ამერიკული საზოგადოების გამთლიანების იდეით ჩაიარა. ირაკლი ალასანიას, დღესდღეობით, აქვს პოტენციალი მოვიდეს სწორედ გამთლიანების იდეით და რეალურად იქცეს გამაერთიანებელ ლიდერად, ყველა ადრინდელი ქართველი ლიდერისგან განსხვავებით: ზვიადიც, შევარდნაძეც და მიშაც საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის კატეგორიულად მიუღებელნი იყვნენ. ალასანია კი, ჯერჯერობით, მეტნაკლებად მისაღებია ყველასთვის - ეროვნული ძალებიდან დაწყებული გლობალისტებით და კოსმოპოლიტებით დამთავრებული, ”ზვიადისტების”, ”შევარდნაძისტების” და ”ნაციონალების” ჩათვლით.
საინტერესოა, რომ ირაკლი ალასანია ერთადერთი ოპოზიციონერია, რომლის მიმართაც სააკაშვილის ხელისუფლების სახეები სიმპათიას არ მალავენ, რაც, პერსპექტივაში, თავად ალასანიასაც შეუწყობს ხელს იყოს შემკრები, გამაერთიანებელი და არა - მდევნელი, იგივე სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლებისა.
ფაქტია, რომ დღევანდელი ხელისუფლება ირაკლი ალასანიასთან მისასვლელ გზებს, ჯერჯერობით, არ იჭრის. შეიძლება იმიტომ, რომ ახლო მომავალში იგი გასვარონ და პირობითად ”მიშას პროექტად” მონათლონ ან შეიძლება იმიტომაც, რომ ყველაზე უსაფრთხოდ, მომავალში, ისინი სწორედ ალასანიას ხელისუფლების პირობებში იგრძნობენ თავს, რადგან იგი ამბობს, რომ რევანში არ იქნება და რომ არ იქნება, ამას მისი ცხოვრების წესი მოწმობს: მან შეძლო მოეგო ბრძოლა საკუთარ თავთან - აფხაზების გვერდით დაჯდა მოლოპარაკების მაგიდასთან, პირად შურისძიებაზე და რევანშზე მაღლა ქვეყნის ინტერესები დააყენა და გახდა აფხაზებისთვის ყველაზე სანდო პირი საქართველოს ხელისუფლებაში.
საერთოდ, უნდა ითქვას, რომ ალასანია პოლიტკონსულტანებისა და იმიჯმეიკერებისთვის არაჩვეულებრივი მასალაა: მას აქვს ისეთი თვისებები, რომლის გაპიარება მარტივად შეიძლება და რომლის თითიდან გამოწოვა საჭირო არ არის. თუნდაც ის, რომ იგი არა ბრმა შურისძიებით, არამედ რთული და მისთვის მტკივნეული - მტერთან მოლაპარაკების გზით - ემსახურება სწორედ იმ საქმეს, რომელსაც მამამისი შეეწირა - საქართველოს ერთიანობას. მას აქვს დიალოგის უნარი უმძიმესი ფსიქოლოგიური წნეხის პირობებშიც კი, რაც მასსა და აფხაზებს შორის გაჩენილმა ნდობამ დაადასტურა.
საინტერესო და საღია მისი ხედვაც, როცა აცხადებს, რომ ”ჩვენი ამოცანაა გავხდეთ ევროატლანტიკური უსაფრთხოების ნაწილი, მაგრამ ამავე დროს არ უნდა ვიყოთ დასავლეთსა და რუსეთს შორის განხეთქილების მიზეზი”, რადგან ბოლო წლების მანძილზე საქართველოს ექსპერიმენტების პოლიგონად და დასავლეთსა და რუსეთს შორის განხეთილების ვაშლად ქცევამ სასიკეთო არაფერი მოგვიტანა და აშკარად ჩვენდა საზიანოდ შეცვალა გეოპოლიტიკური სტატუს-ქვო. ფაქტობრივად, ბოლო ხანს ჩვენი საგარეო პოლიტიკა დავიდა იქამდე, რომ დასავლეთს გამუდმებით ვაყენებთ ალტერნატივის წინაშე - ან ჩვენ ან თქვენი სტრატეგიული ინტერესები. ასეთი პოლიტიკის გაგრძელება ჩვენ მხოლოდ სრულ იზოლაციამდე მიგვიყვანს.
საერთოდ, უნდა აღინიშნოს, რომ ირაკლი ალასანიას შემოსვლა ქართულ პოლიტიკაში უდავოდ დადებითი ფაქტორია, თუნდაც იმიტომ, რომ ახალი სისხლის გადასხმას ემსახურება, მაგრამ მისთვის ყველაზე დიდ საშიშროებას ქმნის სწორედ ის გამორჩეული მოლოდინი, რომელიც საზოგადოებაში მის მიმართ გააჩინეს: რაც უფრო დიდია მოლოდინი, მით უფრო დიდია მოთხოვნების მარჟა და რთული - მათი შესრულება.
ალასანიამ არ უნდა დაუშვას პატარკაციშვილის საბედისწერო შეცდომა: ზედმეტად არ უნდა ენდოს ქართულ პოლიტიკურ სპექტრს და რეალურად უნდა შეაფასოს მისი შესაძლებლობები. პატარკაციშვილის ფიასკოს მთავარი მიზეზი სწორედ ის იყო, რომ მან გადაჭარბებული წარმოდგენები შეიქმნა, თუ შეუქმნეს ქართულ ოპოზიციაზე, მაშინ, როცა ამ ოპოზიციის დიდი ნაწილი პოლიტიკურად იმპოტენტია, როგორც გონებრივი შესაძლებლობებით, ასევე - მორალურად.
ის, რომ დღეს საზოგადოება სრულად იმედგაცრუებულია და არ აქვს სწორი პოლიტიკური ორიენტირები, უფრო ზუსტად, აზროვნებაც კი ეზარება, სწორედ ქართული პოლიტიკური კოჰორტის დიდი ნაწილის გონებრივი და მორალური სიმწირის და სიბეცის ბრალია. თუმცა, ლოგიკურად, ეს ირაკლი ალასანიას ნაკლებად უნდა ემუქრებოდეს, რადგან მას საკმაოზე მეტი ინფორმაცია დაუგროვდებოდა ქართული პოლიტიკური სპექტრის გონებრივ-მორალურ პოტენციალზე უშიშროების მინისტრის მოადგილედ ყოფნის დროს. უნდა ვიგულისხმოთ, რომ ის ამ გამოცდილებას რაციონალურად და პრაგმატულად გამოიყენებს.
ამასთან, დღევანდელი პოლიტიკური რეალობა, როცა მასთან პარტნიორობას ბევრი პოლიტიკური სუბიექტი ესწრაფვის, მას ლავირების, სწორი პოლიტიკური ტაქტიკის არჩევის და ძალების რაციონალურად განაწილების ფართო შესაძლებლობებს აძლევს: სავარაუდო პოლიტიკური პარტნიორები გადაანაწილოს იმ ფლანგებზე, სადაც მათი პოზიციები განსაკუთრებით ძლიერია, მაგალითად, ”ეროვნული ფორუმი” - ქუჩის სამობილიზაციო აქციებზე, ”ახლები-რესპუბლიკელების” ალიანსი - საპროგრამო ბაზისის შესაქმნელად და საერთაშორისო ფლანგზე პოზიციების გაფართოებისთვის და ა.შ. სხვადასხვა მიზეზთა გამო საინტერესო იქნება ალასანია-ბურჯანაძის პარტნიორობაც, თუმცა ამაზე შემდგომ.
იმისდა მიუხედავად, რა შემადგენლობის იქნება ალასანიას გარშემო დაჯგუფებული ალიანსი, მთავარი, რაც მან უნდა მოახერხოს - ამთავითვე უნდა შეიმუშავოს ხელისუფლებაში მოსვლის და შემდგომ სახელმწიფოს მართვის სტრატეგია და ტაქტიკა, ის, რაც ”ვარდების რევოლუციის” შემდეგ არც ერთ ოპოზიციურ გაერთიანებას არ ჰქონია და რის საჭიროებასაც ბევრი მათგანი, სამწუხაროდ, ვერც ხედავდა. თუ ალასანიამ ეს ვერ მოახერხა, მისი პოლიტიკური პერსპექტივაც მარცხისთვის იქნება განწირული.
http://presa.ge/index.php?text=news&i=6225