#12664141 · 19 Feb 2009, 19:27 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დახლოებით შვიდი-რვა წელია, მართლმადიდებლური ფუნდამენტალიზმი და მართლმადიდებლური ეთნონაციონალიზმი გულწრფელადაა გაზიარებული მრავალი ახალგაზრდის მიერ. იგივე ცხრა-ათი წლის წინ ასე არ იყო. ვარდების რევოლუციის შემდეგ ამას დაემატა ზედაპირული ფსევდოპატრიოტიზმი, ხოლო ნაზავმა მოგვცა მართლმადიდებლურ-ნაცისტური, აგრესიული მსოფლმხედველობა, რაც ძალიან საშიშია. ჩემი აზრით, ამის მიზეზია ახალგაზრდობის მიდრეკილება მაქსიმალიზმის, ჭეშმარიტების რადიკალური ძიებისაკენ. მათ სურთ, იდგნენ ჭეშმარიტ პოზიციებზე, იყვნენ ყველაფერში მართალი და ჰქონდეთ ჰოლისტური მსოფლმხედველობა. ამიტომაც ახალგაზრდობა რეცეპტიულია მარტივი, განსაკუთრებით კი ნაციონალისტური იდეოლოგიების მიმართ, მით უმეტეს თუ ეს იდეოლოგიები რელიგიას ეყრდნობიან. ჩანს, ვარდების რევოლუციის შემდეგ, სახელმწიფოც უწყობს ხელს ამ პროცესს ფსევდო-ეროვნული და ფსევდო-კულტურული ღონისძიებებით, რომლებიც ახალგაზრდობას მოსწონს. არა მგონია, არსებულ ხელისუფლებას ასეთი აგრესიული ნაციონალისტური ახალგაზდების გამოზრდა ჰქონდეს გამიზნული, მაგრამ ქართული კულტურის ზედაპირულ-კიჩური და იაფფასიანი წარმოდგენა სწორედ ასეთ შედეგს იძლევა. ჩვენ თუ გავიხსენებთ გულანთებულ კომკავშირელებს გასული საუკუნის 20-30-იან წლებშის საბჭოთა კავშირში, ჰიტლერიუგენდს ფაშისტურ გერმანიაში, ჰუნვეიბინებს კომუნისტურ ჩინეთში, ხოლო უფრო ადრეულ პერიოდს თუ შევეხებით, ბავშვების ჯვაროსნულ ლაშქრობას შუასაუკუნეების ევროპაში, სავონაროლას ფლორენციაში ბავშვების მილიციას, რომლებიც კეტებით შეიარაღებული დადიოდნენ და სცემდნენ ადამიანებს, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ძალიან ცუდ შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს რელიგიით, პოლიტიკით და ქართული კულტურით ასეთმა მანიპულაციამ. ძალიან საინტერესოა სხვადასხვა თეატრმცოდნეების ნაშრომები იმის შესახებ, თუ როგორ კვებავდა საბჭოთა თეატრი 20-30-იანი წლების ბოლშევიკურ ენთუზიაზმს, კერძოდ ცნობილი რეჟისორი ვსევოლოდ მეიერჰოლდი. დღევანდელი თეატრი ხშირად გვაგონებს საბჭოთას, რომელიც ცდილობდა სოციალური რეალობის კონსტრუირებას. იდეოლოგიზირებული თეატრი, პიესები და სპექტაკლები, მუსიკალური ფესტივალები, წარმოადგენს ნამდვილი ქართული კულტურის და პატრიოტიზმის გაყალბებას. სწორედ აქ იკარგება რეფლექსია, ანალიტიკური აზროვნება და რაც მთავარია კავშირი ზოგადასაკაცობრიო და ევროპულ კულტურასთან.
--------------------
www.litsakhelebi.ge
|