dato1982
Super Member

   
ჯგუფი: Registered
წერილები: 229
წევრი No.: 55131
რეგისტრ.: 7-March 08
|
#12720378 · 24 Feb 2009, 10:45 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
პატივცემული იუზერების დიდი უმრაველსობა (განურჩევლად იმისა, დღეს რა პოზიცია აქვთ - ლანძღავენ მიშას თუ იცავენ) უეჭველად მონაწილეობდა vardebis revoluciaSi . მაშინ უიმედოდ ვიყავითო. ახლა ხომ ხართ იმედიანად?
ნაწყვეტი სტატიიდან www.experti.ge ომის დაწყებისას არათუ უბრალოდ არსებითი, არამედ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საზოგადოებრივ ატმოსფეროს, რომელიც, რასაკვირველია, უმალვე ტრანსლირდება შეიარაღებულ ძალებზე. გავიხსენოთ, ამ თვალსაზრისით, რა ატმოსფერო სუფევდა საქართველოში 2008 წლის აგვისტოში - 2007 წლისა და შემდგომი ბობოქარი მოვლენების: ორი არჩევნების, დაპირისპირების შემდეგ? ეს იყო საერთო ატმოსფერო გადაქანცულობის, გადაღლილობის, ხელჩაქნეულობის, მოყირჭებისა და «მოსვენების» სურვილის. 1992 წლის აგვისტოში, ანალოგიურ ატმოსფეროში დაიწყო ომი აფხაზეთში და ასეთივე საზარელი შედეგით დასრულდა. სინამდვილეში ომს საზოგადოება იგებს და არა არმია. არმია მხოლოდ მისი სულისკვეთების და პასიონარულობის გამომხატველია! ომში გამარჯვების აბსოლუტურად აუცილებელი, უმთავრესი პირობაა საზოგადოების მზადყოფნა – იბრძოლოს, ყველაფერი აიტანოს, გაიღოს მსხვერპლი გამარჯვებისთვის. ქართულ საზოგადოებას კი ეს არ სურდა არც 1992 და არც 2008 წლებში. რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, ყველაფრის მიუხედავად, «ომი ოსეთში» საზოგადოებისათვის სრული და არასასურველი მოულოდნელობა იყო. «აბა რა გვექნა – თბილისს დაბომბავდნენ რომ არ დავნებებულიყავითო» - არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ საზოგადოებაში მოარული თეზისია. დალოცვილნო, აბა უმსხვერპლოდ გამარჯვება სად გაგონილა? ასეთ შემთხვევაში საერთოდ რატომ იწყებ ომს ან რატომ მოგყავს ხელისუფლებაში ის გუნდი (არჩევნებით თუ რევოლუციით) რომელიც «ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის» მართლაც (უეჭველად) კეთილშობილური მოტივით ომის დამწყებია? - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
ქართული საზოგადოების რეალური განწყობა და ომისათვის მისი მზადყოფნის დონე შესანიშნავად იცოდა მიხეილ სააკაშვილმა. ვერ დავეთანხმები აზრს, თითქოს მას ამ თვალსაზრისით რაიმე ილუზია ჰქონდა. მას ილუზიები ჰქონდა ჯარის შესაძლებლობებსა და ბრძოლისუნარიანობასთან დაკავშირებით, მაგრამ არა იმ საკითხში, რამდენად სურდა და მზად იყო საზოგადოება რეალური მსხვერპლისათვის ქვეყნის უზენაესი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესებისათვის. დავაკვირდეთ, რა იყო მიხეილ სააკაშვილის მთავარი მესიჯი 2008 წლის არჩევნების დროს? იქნებ «მთლიანი საქართველო» იქნებ «ტერიტორიების დაბრუნება», «სამშობლოს გამთლიანება?» არამც და არამც: «საქართველო – სიღარიბის გარეშე!!!» და ისევე, როგორც რევოლუციის დროს, რომლის გამარჯვებამდე მას «აფხაზეთისა» და «ტერიტორიული მთლიანობის» პრობლემა არც უხსენებია (უფრო კორუფციაზე ანუ სოციალურ პრობლემებზე საუბრობდა) მხოლოდ მას შემდეგ, რაც კვლავ გაიმარჯვა არჩევნებში და განიმტკიცა ხელისუფლება, დაიწყო ისევ საუბარი არა იმაზე, რაც «ხალხს» მიაჩნდა პრიორიტეტულად (მაძღარი და მშვიდი ცხოვრება), არამედ იმაზე რასაც თვითონ თვლიდა უმთავრესად და პრიორიტეტულად ქვეყნის ეროვნულ-სახელმწიფოებრივი, ისტორიული ინტერესების თვალსაზრისით. დავით აღმაშენებლის საფლავზე «ქვეყნის გამთლიანების ფიცი» მიხეილ სააკაშვილმა დადო არა რევოლუციამდე, არა არჩევნებამდე (რაკი იცოდა, რომ ხალხს სინამდვილეში ამ ღირებულებებისთვის თავის შეწუხება და რეალური მსხვერპლის გაღება სულაც არ სურდა, ანუ ამით ობივატელს დააფრთხობდა), არამედ უკვე ინაუგურაციის დღეს – რაკი მიაჩნდა (შეედავებით ამაში?!) რომ რა განწყობაც არ უნდა ჰქონდეს «ხალხს», იგი ვალდებულია ხალხიც აიძულოს(!) იბრძოლოს იმ მიზნებისთვის, რაც სინამდვილეში ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე 70 ლარიანი ან თუნდაც 100 დოლარიანი პენსია. ვიმეორებ კითხვას: დასაძრახია ამისთვის პრეზიდენტი? რა თქმა უნდა არა!!! რა არის არაბუნებრივი, დასაძრახი, უმართებულო ან გასაკვირი იმაში, რომ ახალგაზრდა, ამბიციურ, მეოცნებე პრეზიდენტს სურდეს ისტორიაში შესვლა «სამშობლოს გამამთლიანებლის» თიკუნით ანუ ისტორიული დიდება, მშობელი ერის საუკუნო სიყვარული და თაყვანისცემა მოიპოვოს? - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
ერთ - ერთი ამერიკელი ჟურნალისტისთვის მიცემულ ინტერვიუში, ომამდე მცირე ხნით ადრე, მიხეილ სააკაშვილმა თქვა: «სიცოცხლე ისე ხანმოკლეა . . . . !» «სიცოცხლე ხანმოკლეა!!!» - აი აქ, ამ დებულებაშია «რევოლუციონერი პოლიტიკოსის» მენტალური კონსტიტუცია, მისი ფსიქოლოგიის გასაღები, მისი «ეგოს» კვინტესენცია! «ცხოვრება ხანმოკლეა», - მაშასადამე უნდა მოასწრო და შენი ქვეყნისთვის გააკეთო რაღაც დიადი, რაღაც «მართლა მნიშვნელოვანი». მერედა, განა შეიძლება ასეთად ჩაითვალოს პენსიის თუნდაც 100 დოლარამდე გაზრდა, თბილისი - ფოთის ავტობანის აგება, ბათუმში ლამაზი სანაპირო ბულვარის მოწყობა? «ამას ხომ ორდინალური, მეტ-ნაკლებად წარმატებული პრეზიდენტიც შეძლებს?» არა, «დავით აღმაშენებლობა» ამას არ გულისხმობს – საამისოდ ქვეყნის გამთლიანებაა საჭირო! ერთი მოსწრებული და მრავალმხრივ ძალიან ზუსტი განსაზღვრებით «მიხეილ სააკაშვილს სურდა საქართველოს ისტორიაში შესულიყო როგორც გმირი და არა როგორც მხოლოდ რეფორმატორი!» ისევ და ისევ ვიმეორებ: რა არის აქ დასაძრახი? – თითქოსდა მხოლოდ რეალობისა და ალბათობის, სასურველისა და შესაძლებლის ცდომილება. მაგრამ საქმეც სწორედ ისაა, რომ აქ ნება, მოქმედების უნარი, გონიერება და პასუხისმგებლობა იმ საზოგადოებას მართებს, რომელსაც ამ ინტენციის პოლიტიკოსი ქვეყნის სათავეში მოჰყავს, ან ხელისუფლებაში მის მოსვლას გულგრილად, შორიდან აკვირდება. სწორედ საზოგადოებამ, მისმა «გადამწყვეტმა ნაწილმა» უნდა გამოამჟღავნოს კოლექტიური ინტელექტი და პასიონარულობა; შესაბამისად, უნდა განსაზღვროს, უნდა მიხვდეს, უნდა შეამჩნიოს, წინასწარ უნდა შენიშნოს, უნდა დააკვირდეს, უნდა ამოიცნოს, სინამდვილეში (!!!) რა ინტენცია აქვს პოლიტიკოსს – როგორც არ უნდა ცდილობდეს იგი ამ ინტენციის დაფარვას («დრომდე»), შენიღბვას და სხვა პრიორიტეტების დეკლარირებას. მხოლოდ და მხოლოდ ის საზოგადოები იცილებენ თავიდან მათთვის არასასურველ მსხვერპლსა და კატაკლიზმებს, რომელთაც ამის შნო, უნარი და ნება აქვთ.
მოდით გავიხსენოთ ამ თვალსაზრისით 2003 წლის მოვლენები და ის, რაც წინ უძღოდა «ვარდების რევოლუციას». გადამწყვეტი და განმსაზღვრელი (აგრეთვე ყველაზე მეტად ნიშანდობლივი) მოვლენა იყო 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნები. განვლილ წლებში «ჩაქუჩით გვიჭედავდნენ» თავში, რომ ის არჩევნები «ტოტალურად გაყალბდა». ესე იგი, გამოდის, «ტოტალურად გაყალბებული» იყო ის არჩევნები, რომლის შედეგადაც 7 პროცენტიანი(!) საარჩევნო ბარიერი ექვსმა პოლიტიკურმა ბლოკმა და თორმეტმა პარტიამ გადალახა. თანაც ისე, რომ არც ერთ მათგანს პარლამენტში არათუ საკონსტიტუციო, არამედ უბრალო უმრავლესობაც არ ექნებოდა – რაც დადგენილების მისაღებადაა საჭირო; ხოლო «დემოკრატიული» და «გაუყალბებელი» ის არჩევნები ყოფილა, რის შედეგადაც პარლამენტში იქმნება ერთპარტიული სისტემა – კონსტიტუციის ნებისმიერ დროს ჭრა-კერვის უნარით. თუმცა, დავუბრუნდეთ ისევ 2 ნოემბრის «ტოტალურად გაყალბებულ» არჩევნებს. იმ არჩევნების შედეგად, ქვეყნის მომავალმა მესამე პრეზიდენტმა და მისმა პარტიამ ოფიციალური მონაცემებით მიიღო 17-18 პროცენტი, ხოლო (როგორც თავად აცხადებდნენ) «სინამდვილეში 25 პროცენტი». ესეც იმ შემთხვევაში, თუ (მათი მოთხოვნით) «გაუქმდებოდა არჩევნების შედეგები ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში, სადაც არჩევნები ტოტალურად გაყალბდა.». აქვე დავაკვირდეთ: ეს არგუმენტი «რატომღაც» არ გახსენებიათ 2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც აღშფოთებას ვერ მალავდნენ ოპოზიციის განცხადებათა გამო: «სააკაშვილმა 50 პროცენტზე მეტი ხმა «მხოლოდ ქვემო ქართლისა და სამცხე ჯავახეთის ხმებით დააგროვაო» - «რა, ისინი საქართველოს მოქალაქეები არ არიან?» კი მაგრამ, მაშინ (2003 წელს) არ იყვნენ საქართველოს მოქალაქეები? თუმცა, დავუშვათ, «ნაციონალურმა მოძრაობამ» მართლაც 25 პროცენტი მიიღო 2 ნოემბრის არჩევნებში. რას ნიშნავს ეს ციფრი? უეჭველად ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობის 75 პროცენტმა მის რადიკალურ პროექტს მხარი არ დაუჭირა! მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ (რომელიც, მრავალრიცხოვნების მიუხედავად, საზოგადოების «გადამწყვეტი ნაწილი» არ აღმოჩნდა) ხმა მისცა ნაკლებ რადიკალურ, უფრო პროგნოზირებად, უფრო ზომიერ ლიდერებს, რაკი უცთომელი გუმანით(!!!) მიხვდა, იგრძნო, რომ რადიკალის მოსვლა ქვეყნის სათავეში საბოლოოდ უარეს დღეში ჩააგდებდა, რომ აუცილებლად დაურღვევდა 1988-1993 წლების საზარელი მარცხის შემდეგ, საძულველი შევარდნაძის მიერ ჩამოყალიბებულ, მაგრამ ტკბილად სასურველ მშვიდობასა და სტაბილურობას. კვლავ დავაკვირდეთ ერთ ასეთ უცნაურობას: 2003 წლის შემოდგომით, ანუ 2 ნოემბრის არჩევნებამდე და რევოლუციამდე, მიხეილ სააკაშვილს საარჩევნო პროცესში «აფხაზეთი» «სამხრეთ ოსეთი», «ტერიტორიული მთლიანობა» არც ერთხელ არ უხსენებია! ამას ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით!!! ძირითადი თემები იყო «კორუფცია», «მდიდრისთვის წართმევა და ღარიბისთვის მიცემა» «სრა-სასახლეების დანგრევა», «მოპარული ქონების ჩამორთმევა» და ასე შემდეგ. მხოლოდ და მხოლოდ რევოლუციის შემდეგ, როდესაც ძალაუფლება მოიპოვა და 4 იანვრის ე.წ. «არჩევნებით» გაიფორმა (იმ არჩევნებში მოსახლეობის შოკირებულ ნახევარს მონაწილეობა არ მიუღია და 96 პროცენტიანი შედეგიც ამით აიხსნება) დაიწყო სააკაშვილმა ლაპარაკი «ქვეყნის გამთლიანებაზე» და «ტერიტორიების დაბრუნებაზე.» რით აიხსნება ეს უცნაურობა? აიხსნება ძალიან მარტივად: მიხეილ სააკაშვილმა იცოდა, რომ თუ 2 ნოემბრის არჩევნებამდე დაიწყებდა ამ პრობლემებზე ლაპარაკს, მაშინ იმ ხმების დიდ ნაწილსაც დაკარგავდა, რაც 2 ნოემბერს მიიღო, რადგან შესანიშნავად ხვდებოდა მთავარს: მოსახლეობის დიდ ნაწილს, შევარდნაძისადმი სიძულვილის მიუხედავად, სულაც არ ეპიტნავებოდა ისევ ომსა და უბედურებაში დაბრუნება, ამიტომ თუ ამას მაშინ იტყოდა, მოსახლეობა მიხვდებოდა, რაც ელოდა რადიკალთა ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემთხვევაში! ამის მიუხედავად, როგორც მოგახსენეთ, უმრავლესობა (75 პროცენტი) მაინც მიხვდა მთავარს; თუმცა ღრმად ვარ დარწმუნებული, ის ყბადაღებული მეოთხედიც კი, დროულად რომ ეგრძნო რა იყო ახალი პროექტის დედააზრი, 2 ნოემბრის არჩევნებზე, დიდწილად, «ნაციონალურ მოძრაობას» ხმას არ მისცემდა და უფრო ზომიერ პარტიებს არჩევდა - თუნდაც იგივე «ბურჯანაძე-ჟვანიას» სახით, რომლებმაც, კაცმა რომ თქვას, 7 პროცენტიანი ბარიერიც ძლივს გადალახეს – თუ გადალახეს საერთოდ. 2003 წლის ნოემბრისთვის საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის დამოკიდებულება შევარდნაძის მიმართ იყო გულგრილი ზიზღი. მაგრამ ამ უმრავლესობას, რომელსაც სძულდა შევარდნაძე, არ უნდოდა მიხეილ სააკაშვილი და მისი რადიკალური პროექტი!!! რადგან არაფერი სურდა (სინამდვილეში) სიმშვიდის, სიწყნარის, ევოლუციის, თანდათანობითობის, არარადიკალურობის, მოსვენების გარდა. ახლა მოდით ვიკითხოთ: ვინმემ თუ მისცა ხმა 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნებში შევარდნაძის «მოქალაქეთა კავშირს?». უჰ, «მაგათ ხმას ვინ მისცემდაო» – არადა ასეთი კატეგორიულობა იმთავითვე სიბრიყვისა და პრიმიტივიზმის გამოვლინებაა. რეალობა ყოველთვის ბევრად უფრო რთულია და მრავალწახნაგოვანი. მაგალითად, თქვენ წარმოიდგინეთ, შევარდნაძისადმი ზიზღის მიუხედავად, თბილისისა და არა მხოლოდ თბილისის მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა მაინც ხმა მისცა იმ არჩევნებში «მოქალაქეთა კავშირს». ოღონდ ხმას აძლევდა უკვე არა იმდენად შევარდნაძეს, რამდენადაც (ვთქვათ) «პირველ ნომრად» დასახელებულ ვაჟა ლორთქიფანიძეს და მის მიღმა მდგომ ბადრი პატარკაციშვილს, რომლებიც ბევრად უფრო პროგნოზირებადი, მშვიდი, გაწონასწორებული ჩანდნენ, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი და მისი რადიკალური გუნდი. ანუ, ამ კატეგორიამ ხმა მისცა «შეჩვეულ ჭირს» - «შეუჩვეველი ლხინის ნაცვლად» და, როგორც ამჟამად ვხედავთ, ამაში არც შემცდარა, ვინაიდან ის «შეუჩვეველი ლხინი», სინამდვილეში, მისთვის (სიმშვიდისა და ოჯახური მყუდროების მოყვარული ობივატელისათვის) ბევრად უფრო დიდი და საზარელი «ჭირი» და უბედურება აღმოჩნდა, ვიდრე შევარდნაძისდროინდელი. რეალურად, როგორც გაირკვა, სწორედ ეს იყო ყველაზე ფრთხილი და შორსმჭვრეტელი ნაწილი ჩვენი საზოგადოებისა (ანუ ის 75 პროცენტი, ვინც რადიკალებს მხარი არ დაუჭირა მაშინ) – განსხვავებით იმ «პასიონარული უმცირესობისგან», საზოგადოების იმ «გადამწყვეტი ნაწილისგან», რომელმაც რევოლუციური გზით მოახვია თავისი ნება მშვიდობის მოსურნე, «ობივატელურ», «რეტროგრად» და «კონფორმისტ» უმრავლესობას. - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
არადა, განა ნებისმიერი ელემენტარულად გონიერი და განსჯის უნარის მქონე ადამიანისთვის ნათელი არ უნდა ყოფილიყო, რომ ახალგაზრდა, ენერგიული, ამბიციური, პასიონარული ვნებით ანთებული პოლიტიკოსისა და მისი ასეთივე «მხურვალედ ქმედითი» გუნდის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ქვეყნის სწრაფი მოდერნიზაცია-გარდაქმნის პროცესში, იგი (ისინი) აუცილებლად, უეჭველად(!!!) ადრე თუ გვიან მიადგებოდნენ იმ პრობლემას, რომელიც ძველი «ეროვნულ-სახელმწიფოებრივი» პარადიგმის ფარგლებში ქვეყნის განვითარებას ხელს უშლიდა. ანუ ტერიტორიული მთლიანობის საკითხს! ეს აბსოლუტურად ნათელი უნდა ყოფილიყო იმთავითვე და ესმოდა (გუმანით გრძნობდა) კიდეც იმ უმრავლესობას, რომელსაც «მიშა» 2003 წლის ნოემბრამდე თვალში არ მოსდიოდა, რაკი სწორედ ამის ეშინოდა ყველაზე მეტად – მშვიდობისა და «შეჩვეული ჭირის» დარღვევის. თუმცა, ვიმეორებ, საქართველოს თავისებურებათა გათვალისწინებით, ეს უმრავლესობა არ იყო «გადამწყვეტი» - განსხვავებით დემოკრატიული ქვეყნებისაგან. თუმცა საფრთხეს ეს «რეტროგრადი» უმრავლესობა უფრო გრძნობდა. - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
მაშინდელი (2001-2003 წლების) გულამოსკვნილი, დარდიანი, უიმედო, ხელჩაქნეული, «ბეთან შერიგების» ატმოსფერო, როგორც მინიმუმ, რუსეთის მიმართ მაინც უფრო ფრთხილი და მოზომილი პოლიტიკის გარანტიას ქმნიდა; გარდა ამისა დაფიქრების, 1988-1993 წლების «ეროვნული მოძრაობის» პროცესში დაშვებული უმძიმესი შეცდომების გაანალიზებისა და მონანიების, საკუთარი ძალებისა თუ შესაძლებლობების სწორად შეფასების განწყობასაც აძლიერებდა. მაგრამ ეს ნამდვილად არ აძლევდათ ხელს «მოძრაობის» ყოფილ ლიდერებს; ამიტომაც გამოჩნდა 2003 წლის ნოემბრის მიტინგებზე ირაკლი წერეთელი. არადა, იმდროინდელი ფრთხილი, «ხელჩაქნეული პესიმისტები», «რეტროგრადები». «კონფორმისტები» და «ნიჰილისტები» მართლაც უფრო ფრთხილნი, წინდახედულნი, ჭკვიანნი, შორსმჭვრეტელნი და რეალისტურად მოაზროვნენი აღმოჩნდნენ, ვიდრე რწმენითა და იმედით აღსავსე ის თვალებანთებული პასიონარები, რომლებმაც სწორედ ამ რწმენით, ამ გულმხურვალებით, რეალობასთან ამ შეურიგებლობით, ამაყად თავაწეულებმა, - ზეაღმართული, ფართოდ გაშლილი, მოფრიალე ხუთჯვრიანი დროშებით, - საბოლოოდ გადაჩეხეს ქვეყანა უფსკრულში! - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
გეხსომებათ – ქართული მულტფილმია ერთი ასეთი: პატარა წიწილა რომ დინჯ გლეხკაცს უკიჟინებს მუშაობისას «აბა ჩქარა . . . აგური . . . ტალახი . . . . აგური . . . ტალახი . . . .». ზრდასრული, დინჯი გლეხკაცი კი მშვიდად ირჯება – სვენებ-სვენებით, მერე თუნგულასაც მოიყუდებს, დაისვენებს, ისევ დინჯად შეუდგება საქმეს, მაგრამ წიწილა არ ასვენებს «აბე ჰე . . . აგური . . . . ტალახი . . . აბა მარდად მიდი . . . . .ქიცი ვიცი ქიცმაცურიც ვიცი ჰე . . . «. ამ მულტფილმს განსაკუთრებით ხშირად უჩვენებდნენ რევოლუციის შემდეგ «სახელისუფლებო არხებზე» – აქაოდა, ქართველებს რეფორმირება არ გსურთ, განვითარება გეზარებათ, ჩვენი ხელისუფლება კი გაიძულებთ გაინძრეთ, დროს ფეხი აუწყოთ, ამიტომაც გძულთ, რაკი ზანტები და მენტალურად მოუქნელები ხართ» და ა.შ. არადა, როგორც ახლა დავრწმუნდით, ის დინჯი გლეხკაცი ბევრად უფრო ჭკვიანი და გონიერი აღმოჩნდა, ვიდრე წიწილა, რომლის სულსწრაფობა და «ვითომ ენერგია» ბავშვების მიერ ქვიშაზე სახლების შენებისთვის თუ გამოდგებოდა.
ახლა უკვე გვიან არის ვიშვიში. მაშინ იყო საჭირო გონიერება და წინდახედულება - მაშინ!!!
|