arboeli 
        
        ქართველი 
         
  
              
        ჯგუფი: Members 
        წერილები: 2882 
        წევრი No.: 54026 
        რეგისტრ.: 21-February 08 
          
        
         
       | 
      
        
           #12735653 · 25 Feb 2009, 12:38  ·  · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი 
        
         რასაც შეეხო, ყველაფერი დაანგრია და გაანადგურა. თქვა, რომ ქვეყნისთვის დასავლური კურსს და დემოკრატიას ირჩევდა, მაგრამ პირველი დარტყმა თავისუფალ სიტყვას მიაყენა. ტელევიზიების ნაწილი დახურა, ხოლო რაც მათგან დარჩა - ჯიბეში ჩაისვა. განათლების სისტემაში ეროვნული გამოცდები შემოიღო, მაგრამ თავად განათლება ამოძირკვა.
  ქურდულ მენტალიტეტს ბრძოლა გამოუცხადა და ნულოვანი ტოლერანტობის სახელით, უამრავი უდანაშაულო ახალგაზრდა ქუჩაში დახვრიტა და ციხეები პოლიტპატიმრებით აავსო. საკუთრების უფლება ფეხქვეშ გათელა და ქვეყანაში შიში და ტერორი გაამეფა.
  ეკონომიკური რეფორმების სახელით, ქვეყნის ყველა სტრატეგიული ობიექტი რუსეთს გადაულოცა. კორუფცია ქვედა დონეზე მოშალა, მაგრამ ელიტარული გახადა. მსხვილი ბიზნესი კლანების ხელში მოაქცია, ხოლო წვრილს სული ამოხადა.
  კულტურის სფერო პლაგიატებმა და უნიჭოებმა დაისაკუთრეს, ინტელექტუალები ჩარეცხა, სოფლის მეურნეობაში საქართველოს მრავალსაუკნოვანი ტრადიციის ამოძირკვა განიზრახა და გლეხს ვაზი საკუთარი ხელით გააჩეხინა.
  ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა უნდა გავაძლიეროო, თქვა და მილიარდები ჯართის შესყიდვას დაახარჯა, რაც შემდეგ რუსებს გაატანა. მთელი ეს წლები რუსეთს ნატო ცხვირწინ უფრიალა და მანამ არ მოისვენა, სანამ ქვეყანა არ ააოხრებინა. ტერიტორიები უნდა დავიბრუნოო თქვა და დაბრუნების ნაცვლად, ისიც დაგვაკარგინა, რასაც ვაკონტროლებდით. პირტიტველა ბიჭები ცხინვალში ჩახოცა და ამისთვის ბოდიშიც არ მოიხადა.
  ახლა დაგვცინის კიდეც - არ იფიქროთ რომ დამავიწყდით, თქვენს გარდა სხვა საფიქრალი არც მე და არც ჩემს მთავრობას არ აქვს, არ იფიქროთ, რომ გაზაფხული არ მოვაო.
  გაზაფხული ნამდვილად მოვა და ამის ყველას გვჯერა, მაგრამ როგორი? ამაზე ახლა თავად იფიქროს მიხეილ სააკაშვილმა. ზომიერებმა ათდღიანი ვადა მისცეს რეფერენდუმის დასანიშნად, ხოლო რადიკალებმა თანამდებობის დატოვება 9 აპრილამდე მოსთხოვეს.
  როგორც თავად ამბობს, 2013 წლამდე არსად წასვლას არ აპირებს, მაგრამ  კონტრზომებზე მაინც მუშაობს. ბოლო დროს, ხელისუფლების მხრიდან საგრძნობლად გააქტიურდა რუსეთიდან მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბარი და სხვათა შორის, რუსეთიდანაც ანალოგიური რიტორიკა გაისმა.
  ”გითანაგრძნობთ, ბატონო პრეზიდენტო” რუსეთი დღეს ომისთვის მზად არ არის. ეს მოცემულობაა, მაგრამ რუსმა სამხედრო ექსპერტმა და პოლიტოლოგმა პაველ ფელგენგაუერმა თავზარდამცემი განცხადება გააკეთა: - ”კრემლში საქართველოს ოკუპაციის გეგმა მუშავდება. რუსული სამხედრო ძალები თბილისის მიმართულებით ცხინვალიდან და ახალგორიდან შემოვლენ და ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილს დაიკავებენ. მეორე სამხედრო კამპანია მცირე ინციდენტით დაიწყება, რომლის დროსაც რამდენიმე რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპება და ამას მოსკოვი ახალი ომის დასაწყებ საბაბად გამოიყენებს. იგეგმება თბილისის აღება.  რუსული ჯარები აიღებენ ვაზიანს, მერე - საავიაციო ქარხანასა და საერთაშორისო აეროპორტს. მოხდება აფხაზეთიდან შემოჭრა და დასავლეთ საქართველოს ოკუპაციაც”, - განაცხადა ფელგენგაუერმა.
  რას ემსახურებოდა რუსი ექსპერტის ეს განცხადება რთული სათქმელია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ საქართველოში ახალი პროვოკაციისთვის ვიღაცეები ნიადაგს ამზადებენ. რუსეთი კეთილი მეზობელი არასოდეს ყოფილა, მაგრამ ყველაფერს ხომ აქვს საზღვარი? რა უნდა წაიღოს რუსეთმა კიდევ და რატომ უნდა გასწიოს დამატებითი ხარჯი მაშინ, როცა მისი ეკონომიკა კატასტროფულ მდგომარეობაშია? ამ კითხვებზე ფელგენგაუერის რა მოგახსენოთ, მაგრამ ყველა პასუხი სააკაშვილამდე მიდის.
  რამაზ კლიმიაშვილი ამბობს, რომ ახლა, ომი მხოლოდ სააკაშვილს სჭირდება  წყალივით, რადგან ოპოზიცია გააქტიურდა. სავარაუდოდ, მარტში პოლიტიკური ტემპერატურა კიდევ უფრო აიწევს, ხოლო აპრილში - პიკს მიაღწევს.
  - ”სააკაშვილს სწორედ ამის გადასაფარად სჭირდება ომი. ეჭვი არ მეპარება რომ გენშტაბის სცენარებიდან ეს ერთერთი სცენარია, რაც ფელგენგეუერმა გაახმოვანა, მაგრამ რუსეთი თავად არ არის მზად ომისთვის და შესაძლოა, მან ამისთვის სომხეთი გამოიყენოს”.
  ექსპერტი იმაშიც დარწმუნებულია, რომ რუსეთის ამ განზრახვას სააკაშვილი ხელიდან არ გაუშვებს, რადგან ეს ომი სააკაშვილს დევნილად აქცევს და ამის შემდეგ,  მას ყოველთვის ”ბატონო პრეზიდენტოთი” მიმართავენ. რაც შეეხება იმ მოსალოდნელ საფრთხეს, რასაც სააკაშვილს ოპოზიცია უმზადებს, ეს საბოლოოდ დაასამარებს მის ყველა ნამოღვაწარს.
  ჯერ ერთი, საქართველოდან განდევნილი სააკაშვილი იმ შურისძიებას ვერ დაემალება, რაც მისი პრეზიდენტობის დროს დათესა. უამრავი ადამიანი განდევნა საქართველოდან და თუნდაც, ერთი ირაკლი ოქრუაშვილიც კმარა, რომელმაც პირობა მისცა, რომ მსოფლიოს ყველა კუთხეში ჩააკითხავდა და ”თვალებში ჩახედავდა”. სხვათა შორის, ოქრუაშვილი საქართველოში მალე აპირებს ჩამოსვლას.   
  მეორე - ქართველი ხალხის გაგდებულ სააკაშვილს მისი საყვარელი ამერიკაც ვერ შეიფარებს, რადგან ჩვენ უკვე გვაქვს იმის მაგალითი, როცა ირანის შაჰს (რომელიც, სხვათა შორის, სააკაშვილივით ამერიკის ფავორიტი იყო), რევოლუცია მოუწყო საკუთარმა ხალხმა, საოპერაციოდაც კი არ შეუშვეს ამერიკაში და დევნილობაში დალია სული.
  - ”სააკაშვილს ისე ცუდად ხვდება ევროპაც და ამერიკაც, იცის, რომ მისი ვადა ამოწურულია. ამიტომ, მას ურჩევნია იგი რუსეთმა განდევნოს საქართველოდან და არა ქართველმა ხალხმა”, - ამბობს კლიმიაშვილი.
  თუმცა, ოპოზიციის ნაწილი იმედს იტოვებს, რომ სააკაშვილს ჭკუა ეყოფა და ხელახალ პროვოკაციაზე არ წავა, რადგან ასე აჯობებს მისთვის.
  - ”მილოშევიჩმა საკუთარი თავის გადასარჩენად ოთხი ომი დაიწყო, მაგრამ ბოლოს აღმოჩნდა იქ, სადაც აღმოჩნდა. მე არ ვურჩევ ამ გზის გავლას სააკაშვილს. მას აქვს არჩევანი შევარდნაძის წასვლის ფორმასა და მილოშევიჩის წასვლის ფორმას შორის, თორემ აღმოსავლეთ ევროპამ უფრო უარესი ფორმებიც იცის”, - ამბობს თინა ხიდაშელი და იმედოვნებს, რომ ერთი კაცი მაინც აღმოჩნდება ხელისუფლებაში, რომელიც ომის პრევენციას მოახდენს.
  ახალი საფრთხე ვნახოთ, იმედია სააკაშვილს ისე არ სძულს ეს ქვეყანა, რომ იგი საბოლოოდ გასწიროს. სხვამ მხრივ კი, ყვავ-ყორნების საჯიჯგნად ახლა სწორედ რომ შესაფერი მომენტი უდგას ქვეყანას და თუ არა ფხიზელი გონი, ექსპერტები შიშობენ, რომ შესაძლოა, მოვლენებმა შეუქცევადი ხასიათი მიიღოს.
  არის საფრთხეები, რომ რუსეთის წაქეზებით სომხებმა საქართველოს ჯავახეთი წაართვან. რუსეთი პარალელურად მუშაობს თურქეთთანაც და საქართველო-თურქეთის ხელისუფლებების სიამტკბილობის მიუხედავად, შესაძლოა, მოვლენები სხვაგვარად წარიმართოს და ეს საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით არ მოხდება.
  სომხები დიდი ხანია ჯავახეთს ეპოტინებიან და ახლა, როცა საქართველოს ხელისუფლების პრესტიჟი, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთაც დაცემულია, საუკეთესო მომენტია სურვილების ასასრულებლად.
  რამაზ კლიმიაშვილი ამბობს, რომ თურქები სომხების შემოსარიგებლად ძალ-ღონეს არ იშურებენ. სომხები ჯერ კიდევ 20 წლის წინ (სანამ ყარაბახის ომი იქნებოდა) აცხადებდნენ, რომ როგორც კი სომხეთი დამოუკიდებლობას მიიღებდა, მას უნდა დაებრუნებინა ყარაბახი და შემდეგ - ჯავახეთი. ამის შემდეგ კი, მათ შავ ზღვაზე გასასვლელის მოსაპოვებლად უნდა ებრძოლათ.
  ერთადერთი ფაქტორი, რის გამოც სომხები ჯავახეთის აფეთქებისგან თავს იკავებდნენ, ის იყო, რომ მთელი ტვირთები სომხეთში ფოთის პორტიდან შედიოდა. მაგრამ, კლიმიაშვილი დარწმუნებულია, რომ თუ მათ გარანტია მიიღეს, რომ შავ ზღვაზე გასასვლელი ექნებათ, რომლის მიცემა მხოლოდ თურქეთს შეუძლია, მაშინ, აგრესიას აუცილებლად დაიწყებენ.
  შეიძლება ითქვას, ნიადაგის მომზადება დაწყებულია. ”სომხურ პრესაში სისტემატიურად იწერება, რომ საქართველოს ხელისუფლება აწარმოებს ეთნოტერორს, ჯავახეთის მოსახლეობა არის ტერორში და მიდის მასობრივ დისკრიმინაციას განიცდის. ისინი შეეცდებიან ააჯანყონ ჯავახეთის მოსახლეობა და რუსეთი, შესაძლოა, საერთოს არ ჩაერიოს ამ ომში”, - ამბობს კლიმიაშვილი.
  სხვათა შორის, დღეს თურქეთის საგარეო მინისტრი სომხეთში ჩადის, რომელიც ალბათ, გარკვეულ გარანტიებს შესთავაზებს სომხებს. სომხურ-თურქულმა დიალოგმა უკვე აზერბაიჯანშიც გამოიწვია დიდი ვნებათაღელვა. რამაზ კლიმიაშვილი ამბობს, რომ აზერბაიჯანულ ვებ-გვერდებზე გაჩნდა განცხადებები, სადაც ისინი გულისწყრომას არ მალავენ მოძმე თურქეთის ნაბიჯების გამო.
  ამის საპასუხოდ კი, ორი დღის წინ თურქმა პარლამენტარმა გააკეთა განცხადება და იგი, ასე ვთქვათ, შეეცადა დაემშვიდებინა აზერბაიჯანელები, რომ თურქი ძმა მათ არასოდეს უღალატებს. თუმცა, სომხებთან უნდა შერიგდნენ. ამის შემდეგ კი, თურქეთი მათ ყარაბახის პრობლემის მოგვარებაშიც დაეხმარება.
  თუ ეს ავისმომასწავებელი პროგნოზები გამართლდა და სომხეთმა რუსეთის წაქეზებით ჯავახეთისთვის დაიწყო ბრძოლა, სავარაუდოდ, თურქები დასავლეთ საქართველოზე მიიტანენ იერიშს. მითუმეტეს, რომ ყარსის ხელშეკრულების მიხედვით, ომის დაწყების შემთხვევაში, თურქებს სრული უფლება ეძლევათ ბათუმში ისე შემოვიდნენ, რომ საქართველოს ხელისუფლებას არც დაეკითხონ.
  ამის ერთადერთი მიზანი, სომხებისთვის შავ ზღვაზე გასასვლელის მიცემა იქნება. რამაზ კლიმიაშვილი დარწმუნებულია, რომ თურქები სომხებისთვის ბათუმის მიმცემები არ არიან, მაგრამ ახალი გზის მშენებლობა მალე დასრულდება და სომხების ოცნებაც ასრულდება. – ”სამწუხაროდ ეს არის ყველაზე ცუდი რეალობა, რაც შეიძლება წინ გველოდებოდეს,” - ამბობს კლიმიაშვილი.
  ექსპერტი შიშობს, რომ ამ პროვოკაციების ასაცილებლად დასავლეთი თავს არ გამოიდებს: ”შეიკრიბება უშიშროების საბჭო, მიიღებს რეზოლუციას ომის შეწყვეტის თაობაზე და ამით დასრულდება ყველაფერი. ზუსტად ისე, როგორც ეს აგვისტოში მოხდა”.
  ერთი შეხედვით, არსებული საფრთხეები ძნელად წარმოსადგენია, მაგრამ აგვისტომდე ვერც იმას წარმოიდგენდა ვინმე, რომ რუსეთი ასე შორს შეტოპავდა. მაშინ, ქვეყანა, როგორც ექსპერტები ამბობენ, მიშას პროვოკაციებმა დაღუპა და ახლაც ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რას მოიმოქმედებს იგი.
  და კიდევ, ბევრი რამ ოპოზიციის კეთილგონიერებაზეა დამოკიდებული. ბრძოლა ჯერ არ დაწყებულა და უკვე ერთმანეთის კრიტიკაზე გადავიდნენ. რა იქნება ხვალ, არავინ იცის, მაგრამ ფაქტია, რომ მათი კინკლაობა ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს. მიშა კვლავ ქვეყნის სათავეშია და რა მზაკვრულ გეგმებს ამზადებს, ამის პროგნოზირება ალბათ, ოპოზიციასაც გაუჭირდება. 
  This post has been edited by arboeli on 25 Feb 2009, 12:40   
        
        
       |