სპეც.პროექტი ”ებრალიძე”– ”საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესი”, - სწორედ ასეა რეგისტრირებული სანქტ-პეტერბურგში საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომლის პრეზიდენტიც ”ქართული სისხლის” რუსი ოლიგარქი, ალექსანდრე ებრალიძეა.
იცნობდეთ... ალექსანდრე ებრალიძე ”მზადაა” ჩაებას საქართველოს პრეზიდენტის პოსტისათვის ბრძოლაში. ამისათვის იგი
მაისში, თავისი კონგრესის ფილიალს თბილისშიც გახსნის, ანუ “საქართველოს ხალხებზე ზრუნვას” საქართველოს დედაქალაქიდან გააგრძელებს და კურთხევას, არც მეტი და არც ნაკლები, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, ილია II- ს სთხოვს.იგი აცხადებს, რომ სურს გახსნას გაზეთი, რადიო, ტელევიზია და აქტიურად ჩაერთოს ქართულ პოლიტიკაში. ჰო, კიდევ ერთი ”კომპრომისი” - ის საქართველოს მოქალაქეობას მიიღებს.
საქართველოს ხელისუფლებამ, მიუხედავად მიმდინარე პრობლემებისა, ”მოიცალა” იმისათვის, რომ ებრალიძის ”მოსკოვური პროექტისათვის ” ყურადღება მიექცია.
ოფიციალური თბილისის აზრით, მას საქართველოში კრემლი აგზავნის. ებრალიძის გუნდი შევარდნაძე-აბაშიძის ოდიოზური გარემოცვისაგან შედგება.
ჯერ კიდევ აპრილის დასაწყისში, პრეზიდენტმა სააკაშვილმა, უცხოურ მედიას განუცხადა, რომ არეულობებს თბილისში რუსი ოლიგარქები აფინანსებენ და მისთვის მხოლოდ ისაა დასაზუსტებელი, მონაწილეობს თუ არა, ამ საქმეში რუსეთის ოფიციოზი.
საპროტესტო აქციების ორგანიზატორ პოლიტიკურ ლიდერებს მიაჩნიათ, რომ ებრალიძე მოსკოვისა და ოფიციალური თბილისის ერთობლივი პროექტია და, მაინც და მაინც ამ დაძაბულობის ფონზე მისი გამოჩენა, ოპოზიციის დისკრედიტაციისათვისაა გამიზნული.
რაც შეეხება გაპრეზიდენტებას, ებრალიძის პრეტენზია ამ პოსტზე აპრიორი არარეალურია. საქართველოს კონსტიტუციით, პრეზიდენტობის კანდიდატი მინიმუმ 15 წელი საქართველოს ტერიტორიაზე უნდა ცხოვრობდეს და რა თქმა უნდა, ქვეყნის მოქალაქე უნდა იყოს.
ალექსანდრე ებრალიძეს კი დამოუკიდებელ საქართველოში ერთი დღეც არ უცხოვრია. იგი რუსეთში 1971 წლიდანაა...
ასე რომ, მას არა თუ პრეზიდენტობის, არამედ საკანონმდებლო და თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობის უფლებაც არ ექნება, სააკაშვილმა თავისი კონსტიტუციური უფლება რომც გამოიყენოს და მოქალაქობა ”უწყალობოს”.
ალექსანდრე ებრალიძის დოსიე:ახალგაზრდობაში ორჯერ იყო ნასამართლევი. ყაჩაღური თავდასხმისა და ცეცხლსასროლი იარაღის შენახვისათვის - 8 წელი, ხოლო ხულიგნობისა და სამართალდამცავთათვის წინააღმდეგობის გაწევისათვის - 5 წელი აქვს მოხდილი.
რუსული მედიის ინფორმაციით, 90-იან წლებში, ებრალიძე ”ბანდიტური პეტერბურგის” ერთ–ერთი კრიმინალური ავტორიტეტი იყო, მეტსახელით - ”ალიკ - რინოკ” და მოსკოვის ქართველი კანონიერი ქურდების ინტერესებს პეტერბურგში წარმოადგენდა.
რუსულენოვანი გამოცემები იუწყებიან, რომ თვითონ ებრალიძე არა თუ მალავს თავის კრიმინალურ წარსულს, არამედ ამაყობს კიდეც.
სამაგიეროდ, დღეს, ებრალიძე წარმატებული ბიზნესმენი და მოხერხებული ორგანიზატორია. რუსეთის საქმიან და პოლიტიკურ წრეებში გავლენიანი პირია. მის ლობისტებად სახელდებიან - ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარე, პარტიის ”სამართლიანი რუსეთი” ლიდერი, სერგეი მირონოვი, ასევე სანქტ-პეტერბურგის გუბერნატორი, ვალენტინა მატვიენკო და ვიცე-გუბერნატორი სერგეი ტარასოვი.
ალექსანდრე ებრალიძის ბიზნეს-იმპერია მოიცავს მრავალ დარგს, ნავთობის ტრანსპორტირებიდან დაწყებული, სასურსათო ბაზრებით დამთავრებული. იგი, სატრანსპორტო, სამშენებლო, სათამაშო, სასტუმრო, საბანკო ბიზნესების მფლობელია და მისი ქონება 500 მილიონ ევროდ ფასდება.
ებრალიძე ფლობს გრაფი შერემეტევების ცნობილ სასახლეს პეტერბურგში, რომელიც 50 მილიონ აშშ დოლარადაა შეფასებული.
ოდიოზური ფონი”საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესი” ალექსანდრე ებრალიძემ ამა წლის თებერვალში, ვენაში დააფუძნა და მისი პარტნიორები ამ საქმეში საქართველოს პარლამენტის ექს-დეპუტატი, ლევან პირველი, ”რუსეთის ქართველთა საზოგადოების” პრეზიდენტი, ვლადიმერ ხომერიკი და ”საქართველოს ხალხთა შემწეობის ფონდის” პრეზიდენტი ბადრი მელაძეა, რომელიც ასლან აბაშიძის დროს, აჭარაში, მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე იყო.
ასეთი შემადგენლობის ”ემისიას რუსეთიდან” საეჭვოა დიდი პოლიტიკური საყრდენის იმედი ჰქონდეს საქართველოში, მაგრამ ზუსტად აპრილში, საპროტესტო აქციების პარალელურად მათი გამოჩენა, სააკაშვილსა და ოპოზიციას შორის დაპირისპირებაში ”რუსული კვალს” კვლავ აქტუალურს გახდის.
http://presa.ge/index.php?text=news&i=7444
მიმაგრებული სურათი