დავით თევზაძე: 2004 წლიდან პოლიტიკა ამოვაგდე ჩემი ცხოვრებიდან
14:36 25.03.2009
კლუბის სახელით ჩვენ არანაირ აქციაში არ ვმონაწილეობთ, ეს არის ცალსახად ხაზგასმული. აპოლიტიზირებული ორიგანიზაციაა, იმიტომ რომ ჩვენ საკუთარი თავი ჯერ კიდევ სამხედროებად მიგვაჩნია
ვერსია პრინტერისთვის •
დაამატე რჩეულებში •
[ნინო ლოლაძე]
ხელისუფლებამ ოპოზიციის წინააღმდეგ კომპრომატებით ომი დაიწყო. საქმეში ფარული ჩანაწერები უკვე გამოჩნდა. ცხადია, ბურჯანაძის პარტიის წევრების მიერ იარაღის შეძენის ფაქტების გახმაურებით ხელისუფლება საკუთარი ”სიმართლის” დამტკიცებას ცდილობს. უკვე დიდი ხანია საუბროდნენ, ბადრი ბიწაძე შეიარაღებულ ფორმირებებს აყალიბებსო და აი, ბატონო, ფაქტიც. თუმცა ვინ რას დაიჯერებას, ეს უკვე ყველას პირადი საქმეა.
შსს კი კიდევ უფრო წინ წავიდა და უკვე ანტისახელმწიფოებრივ ქმედებაში ეჭვმიტანილები დააკავა, საქმე ”სახალხო მოძრაობა საქართველოს გადარჩენისთვის” წევრ მალხაზ გველუკაშვილს ეხება. მასაც ფარული ჩანაწერები აუფრიალეს. იარაღის შეძენის დროს იარაღის გამყიდველს გველუკაშვილი პარლამენტის, ტელეანძისა და სხვა ობიექტების აღების გეგმას აცნობდა. ამ სკანდალური საუბრის დროს კი მან ”გენერალთა კლუბიც” ახსენა.
”გენერალთა კლუბის” წევრები კი, ძალოვანი სტრუქტურების ყოფილი მაღალჩინოსნები არიან. დავით თევზაძე, გია ყარყარაშვილი, კობა კობალაძე და სხვა გენერლები გველუკაშვილის საქმესთან რაიმე კავშირს კატეგორიულად უარყოფენ.
”პრესა.გე” ამ საკითხზე თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით თევზაძეს ესაუბრა.
დავით თევზაძე: ”წარმოდგენა არ მაქვს, მალხაზ გველუკაშვილმა ”გენერალთა კლუბის” თაობაზე ასეთი განცხადება რატომ გააკეთა. თან ამ კლუბში ორი და სამი კაცი ხომ არ არის”.
თქვენ თუ შეხვედრიხართ ბოლო დროს მალხაზ გველუკაშვილს და თუ გქონიათ მასთან საუბარი.
- შევხვედრივარ, უამრავ რამეზე გვქონია საუბარი, თუმცა ცხადია, არა იმაზე, რაც ახლა ტელევიზიით გავრცელებული კადრებიდან მოვისმინეთ. ”გენელართა კლუბის” მონაწილეობა აბსოლუტურად გამორიცხულია არა მარტო რაიმე სახის შეიარაღებულ ქმედებებში, არამედ პოლიტიკურ პროცესებშიც კი. ეს ყველაფერი წესდებით არის აკრძალული.
”გენერალთა კლუბი” 9 აპრილის აქციაში თუ აპირებს მონაწილეობის მიღებას?
- კლუბის სახელით ჩვენ არანაირ აქციაში არ ვმონაწილეობთ, ეს არის ცალსახად ხაზგასმული. აპოლიტიზირებული ორიგანიზაციაა, იმიტომ რომ ჩვენ საკუთარი თავი ჯერ კიდევ სამხედროებად მიგვაჩნია.
ამ დღეებში შინაგან საქმეთა სამინისტრო იარაღის შეძენის ფაქტებზე ფარული ჩანაწერები გაავრცელა. როგორც სამინისტროში ამბობენ, ასეთი კადრები კიდევ არა ერთი იქნება. დარწმუნებული ხართ, რომ ანალოგიური ჩანაწერები ”გენერალთა კლუბის” რომელიმე წევრის შესახებ არ გამოჩნდება?
- ჩვენი კლუბის წევრზე გამოვრიცხავ. ამ კლუბში საკმაოდ ასაკოვანი ადამიანები არიან გაერთიანებული. მე უკვე 60 წლის ვარ, კლუბის წევრთა უმრავლესობა, 3-4 კაცის გარდა, ასაკით ჩემზე დიდია.
თქვენი კლუბის გაჟღერება რასთან არის დაკავშირებული?
- შეიძლება რაიმე სახის პრევენციასთან არის დაკავშირებული. შეიძლება ვიღაც შიშობს, რომ რამე მოხდება და რაღაც-რაღაცეებით თავს იზღვევს. აბა, არ გითხრათ, რაც არ ვიცი. ”გენერალთა კლუბი” კარგად ჟღერს და შეიძლება ფსიქოლოგიური ეფექტის მოსახდენად იყო ნახსენები.
ვისზე ეფექტის მოსახდენად? გათვლა იმ ხალხზე იყო, ვინც 9 აპრილის მიტინგში მონაწილეობას ფიქრობს?
- მალხაზს იმ მომენტში, როცა ჩვენი კლუბი ახსენა, რა ჰქონდა გუნება-განწყობაში, ვერ გეტყვით. რომ არ მოგატყუოთ, თავიდან გველუკაშვილის კადრები რომ ვნახე, ჯერ გამიკვირდა, რაც გავიგე, მერე გავბრაზდი, ახლა უკვე იუმორის ხასიათზე ვარ. წარმოვიდგინე, რომ ჩვენ გენერლებმა მალხაზ გველუკაშვილი გავაგზავნეთ იარაღის შესაძენად და თან გეგმაც მივეცით, რა უნდა გააკეთოს. სრული აბსურდია და ელემენტარული სისულელე.
ფაქტია, რომ გველუკაშვილს ბრალი ანტისახელმწიფოებრივ ქმედებაში ედება. ხომ რა ელოდებით, რომ გამოძიების პროცესში ჩვენების მისაცემად თქვენც დაგიბარებენ?
- რამდენად სერიოზულია ეს ყველაფერი, მაგის ავტორმა უკეთ იცის. თუ მიაჩნია, რომ სერიოზულია, წესით უნდა დაგვიბარონ, გამოგვკითხონ, ახსნა-განმარტება მიიღონ. ეს ჩვეულებრივი პროცედურაა.
ავტორში ვის გულისხმობთ. ვის შეიძლება ჰქონდეს ეს ყველაფერი დაგეგმილი?
- ვის რა აქვს დაგეგმილი, მე ვერ გეტყვით. ავტორში ვგულისხმობ ფირის ავტორს, ვინც ყველაფერი ეს გადაიღო. ეს ჟურნალისტებმა თქვენ უკეთ იცით.
როგორ ფიქრობთ, გველუკაშვილის ვინმე ალაპარაკებდა?
- გველუკაშვილი, რომელსაც მე ვიცნობ, ძნელია, ვინმემ ალაპარაკოს. თუმცა მეორეს მხრივ, არა მგონია, ადამიანი, რომელიც იარაღის საყიდლად მიდის, მის გამყიდველს ქუჩაში იმას უყვებოდეს, ამ იარაღს რაში გამოიყენებს. მალხაზის მხრიდან იმაზე საუბარი, რომ ამდენი ათასი კაცი ჰყავს და ამ იარაღით ტელევიზიისა და პარლამენტის აღებას აპირებს, ცოტა ნორმალურ ვითარებას არ ჰგავს.
ხომ არ ფიქრობთ, რომ 9 აპრილის მოახლოებასთან ერთად ასეთი ფარული ჩანაწერები კიდევ უფრო მეტი ინტენსივობით გამოჩნდება და ყოფილ ძალოვნებზე სხვადასხვა კონტექსტში საუბარი გაძლიერდება.
- 2004 წლიდან პოლიტიკა ამოვაგდე ჩემი ცხოვრებიდან. არც პროგნოზი მინდა გავაკეთო და საერთოდ არც მაინტერესებს. შეიძლება ფინჯან ჩაიზე ვინმესთან სხვადასხვა საკითხებზე ვისაუბრო. ამ საღამოს იგივე მალხაზი რომ გამომეცხადოს, ჯერ ერთი კარგად გავჯორავ და მერე დაველაპარაკები.
http://presa.ge/index.php?text=news&i=6811