"ხვალინდელი დღე "
# 59 (931)
13-14 ივნისი, 2006 წელი
აფრასიძეების სისხლიანი სპეცოპერაციის კვალი უმაღლეს ეშელონებში იკარგება: ბათუ საღინაძეს თავის გადასარჩენად დიდმოხელე პოლიციელთა დასახელება მოუწევს
დალი ბჟალავა
ლევან კალაძის საქმის ყოფილ გამომძიებელს პროკურატურა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, ჩვენების გამოძალვის მიზნით მუქარა-წამებას, საიდუმლო დოკუმენტაციის მითვისება-გადამალვასა და იარაღის უკანონო ტარებას ედავება. ორი წლის წინ, როცა ბათუ საღინაძე კალაძის საქმეს ჩამოაცილეს, მიზეზად მის მიერ კალაძის მამის მოტყუება და იმჟამინდელი შს მინისტრის გია ბარამიძის შეცდომაში შეყვანა დასახელდა. "ვინაა საღინაძე, საზოგადოებაც და კალაძის ოჯახიც მალე გაიგებს", - აცხადებდნენ მაშინ ძალოვნები.
საქმიდან ჩამოშორების შემდეგ საღინაძე პრეზიდენტთან შეხვედრას ითხოვდა და აცხადებდა, რომ მხოლოდ პრეზიდენტს ეტყოდა სიმართლეს. მაგრამ, როგორც შემდეგ გაირკვა, ძალოვანი უწყების დიდმოხელეთ, ასევე პრეზიდენტსაც სცოდნია საღინაძის "მაქინაციების" შესახებ. კალაძეების ოჯახმა სწორედ პრეზიდენტისგან შეიტყო, რომ საღინაძე მათ ატყუებდა. როგორც ირკვევა, ძალოვნებმა საღინაძის მიერ ჩატარებული გამოძიების მასალების საფუძველზე დაადგინეს, რომ კალაძის გატაცების კვალი აფრასიძეებამდე მიდიოდა. თუმცა აფრასიძეების ოჯახზე განხორციელებული სპეცოპერაციისა და კალაძის საქმის გახსნის შემდეგ დადგინდა, რა გამოიძია რეალურად საღინაძემ.
საღინაძეს ძალოვნების ცრუ კვალზე გაყვანას ედავებიან. სასამართლომ ის ეჭვმიტანილად უკვე ცნო. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით წაუყენეს: სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება - რამაც ფიზიკურ პირსა და სახელმწიფოს ინტერესებს ზარალი მიაყენა, ჩვენებების გამოძალვა მუქარით, იძულებითა და მოტყუებით, საიდუმლო დოკუმენტაციების გადამალვა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა. თავად საღინაძე ამ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ ეწერში დაგეგმილი სპეცოპერაცის შესახებ ტელევიზიით შეიტყო. გამოძიებისთვის მისი ეს არგუმენტი საკმარისი "ალიბი" არ აღმოჩნდა. კალაძის საქმის ყოფილ გამომძიებელს, რომელიც ერთი პერიოდი კალაძეების ოჯახის ნდობითაც კი სარგებლობდა, სწორედ კალაძის საქმის არასწორი გამოძიება დასდეს ბრალად.
როგორც აღვნიშნეთ, თავად საღინაძე ბრალდების არც ერთ მუხლს არ იზიარებს. მისი მტკიცებით, ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელმა პირებმა მისი დევნა მას შემდეგ დაიწყეს, რაც ლევან კალაძის საქმის გამოძიების პერიოდში სწორ კვალს დაადგა, მაგრამ საქმეს რატომღაც ჩამოაცილეს და არა მარტო მისი, არამედ მთელი ოჯახის დევნა დაიწყეს.
"ბათუ საღინაძე თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ადამიანთა გამტაცებლების სერიოზულ ჯგუფზე გავიდა, რომელიც შეკრული იყო მაშინდელი ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან. ამ ჯგუფის წევრები ამჟამინდელი ძალოვანი სტრუქტურების უწყებებშიც მუშაობენ, ამიტომ საღინაძის დევნა, მათ მიერ ანგარიშსწორებად აღიქმება. საღინაძეს შსს-ის მაღალჩინოსნები - ირაკლი კოტეტიშვილი და ლევან გვაზავა უშლიდნენ ხელს", - განაცხადა სასამართლო პროცესზე ბათუ საღინაძეს ადვოკატმა კობა ქამხაძემ.
ვინ არის არის პოლკოვნიკი საღინაძე
ბათუ საღინაძე წლების განმავლობაში აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა. აფხაზეთში შეიარაღებული დაპირისპირების შეწყვეტის შემდეგ სამუშაოდ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გადავიდა. მოგვიანებით, შს მაშინდელ მინისტრთან კახა თარგამაძესთან მომხდარი უთანხმოების გამო პენსიაზე იძულებით გავიდა. ვარდების რევოლუციის შემდეგ კი ბარამიძის შს მინისტრობის პერიოდში, იმის მიუხედავად, რომ სამინიტრომ სტრუქტურის რეორგანიზაციის მიზნით ძველი კადრები მასობრივად დაითხოვა, მინისტრმა ბარამიძემ პოლკოვნიკი საღინაძე სამინისტროში მოიწვია და გაუხსნელი, გახმაურებული გატაცებების გამოძიების მიზნით შექმნილი ოპერატიულ-სამძებრო სამმართველოს ხელმძღვანელობა ჩააბარა. საღინაძესაც თავი არ "დაუზოგავს". რამდენიმე თვეში ლევან კალაძის თუ სხვა გახმაურებულ გატაცებებთან დაკავშირებით საკმარისი მასალა და ინფორმაცია შეაგროვა როგორც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებზე, ასევე იმ სამართალდამცველების შესახებ, რომლებიც აღნიშნული საქმის გამოძიება-გახსნას ხელს უშლიდნენ.
საღინაძე კალაძის გატაცებაში ომეხ აფრასიძის როლს გამორიცხავდა, მაგრამ აცხადებდა, რომ ის გარკვეულ ინფორმაციას ფლობდა კალაძის საქმესთან დაკავშირებით. ამიტომ საღინაძე მოლაპარაკებას აწარმოებდა აფრასიძეებთან და როგორც თავად აცხადებს, ორ დღეში - მას შემდეგ, რაც აფრასიძეებთან შეთანხმებას მიაღწია, ეწერში სპეცოპერაცია ჩატარდა, რომლის შესახებ თავად ტელევიზიით შეიტყო.
დაუგეგმავი სპეცოპერაცია ეცერში
ეცერში ჩატარებული სპეცოპერაცია, რომლიც შინაგანი ჯარის სარდლობამ დაგეგმა და მხოლოდ ევგენი აფრასიძის ოჯახის წევრების აყვანას ისახავდა მიზნად, მსხვერპლით დასრულდა. "დღეს" სანდო წყაროზე დაყრდნობით უკვე წერდა, რომ გეგმის თანახმად, ეწერში შს სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმის 50 წევრი უნდა ჩასულიყო. მაგრამ სვანეთში ჩასული სპეცოპერაციის დამგეგმავნი სრულ გაუგებრობაში აღმოჩნდნენ. მოულოდნელად იქ ძალოვანი სამინისტროების სპეცდანიშნულების რაზმების თითქმის სრულმა შემადგენლობამ მოიყარა თავი (მასში გულუას სახელობის სპეცრაზმი, უშიშროების ანტიტერორისტული ცენტრის ქვედანაყოფი და ათამდე ვერტმფრენი მონაწილეობდა). მოკლედ, "სპეცოპერაცია" გეგმის მიხედვით აღარ წარიმართა და სისხლიან ტრაგედიაში გადაიზარდა.
ოფიციალური ვერსიით, დაკავების დროს წინააღმდეგობის გაწევისას სამართალდამცავებმა ორმხრივი სროლისას ომეხ და ევგენი აფრასიძეების ლიკვიდაცია მოახდინეს. დაჭრილი შმაგი და გოჩა აფრასიძეები კი დააკავეს და ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს. პრეზიდენტის თქმით, აღნიშნული სპეცოპერაცია სვანეთში მისი უშუალო მითითებით განხორციელდა და ეს ღონისძიება მიზნად სვანეთის დეკრიმინალიზაციას ისახავდა. "სვანეთში არც ერთი კრიმინალი არ უნდა დარჩეს, იქაურობას უსაფრთხო ზონად ვაქცევთ", - აცხადებდა მაშინ სააკაშვილი.
"წარმატებული" სპეცოპერაციის გამო გიორგი ბარამიძემ და ზურაბ ადეიშვილმა მაშინდელი პრემიერის ჟვანიას მადლობა დაიმსახურეს. ძალოვნები კმაყოფილნი იყვნენ იმითაც, რომ სპეცოპერაციის დროს "მხოლოდ კრიმინალების" სისხლი დაიღვარა. მერე რა, რომ საქართველოს უზენაესი კანონი სიკვდილით დასჯას კრძალავს, "წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში კრიმინალთა ადგილზე ლიკვიდირების" ნებართვა თავად პრეზიდენტმა გასცა. როგორც წესი, მისი სიტყვა კანონია და ძალოვნებიც ყოველთვის წარმატებით ასრულებენ პრეზიდენტის ამ მოწოდებას. გავრცელებული ინფორმაციით, სპეცოპერაცია ორ საათს გრძელდებოდა, თუმცა ოფიციალური ვერსიით, ის ორმოც წუთში დასრულდა.
გამოძიების თავდაპირველი ვერსიით, აფრასიძეების დაჯგუფების წევრებს ბრალი არღვლიანების, ვიბლიანებისა და გურჩიანების ოჯახების წარმომადგენლების მკვლელობასა და დაყაჩაღებაში ედებოდათ. ერთ-ერთი ვერსიით, მათ სახელს უკავშირდებოდა ქართველი ფეხბურთელის კახა კალაძის ძმის გატაცებაც. ძალოვნები იმედოვნებდნენ, რომ სპეცოპერაციის შემდეგ მის კვალს ადვილად მიაგნებდნენ.
"წარმატებული" სპეცოპერაცია და უპასუხოდ დარჩენილი კითხვები
ძალოვანთა აღტკინება ხანმოკლე აღმოჩნდა. ეწერში ჩატარებულმა "წარმატებულმა" სპეცოპერაციამ ბევრი კითხვა უპასუხოდ დატოვა. მათ შორის ისიც, ერთი ოჯახის ამოსაწყვეტად რა საჭირო იყო შს და უშიშროების 1000-მდე თანამშრომლის გადასროლა.
ეწერელების მიერ აფრასიძეების ადვოკატებისთვის მიცემული ახსნა-განმარტებებიდან ირკვევა, რომ ძალოვნებმა სოფელ ეწერის მოსახლეობა სპეცოპერაციის დაწყებისთანავე დადეშქელიანების კოშკის ეზოში შეყარეს, რის შემდეგაც აფრასიძეების სახლზე "მასირებული შეტევა" დაიწყეს. სახლიდან მხოლოდ კედლებიღა დარჩა. ამ დროს აფრასიძეების სახლში მცირეწლოვანი ბავშვებიც იმყოფებოდნენ. ოჯახის წევრებმა ბავშვების სამშვიდობოს გაყვანა როგორღაც მოახერხეს. მათი ტანსაცმელი ტყვიებს დაეცხრილა.
ძალოვნები აცხადებდნენ, რომ აფრასიძეების სახლი გამაგრებულ ციხე-კოშკს წარმოადგენდა. თუმცა მეზობლები შენიშნავენ, რომ აფრასიძეების სახლს გალავანი ან ღობე არ ჰქონდა და მათ არც ძალოვნებისთვის გაუწევიათ წინააღმდეგობა. ევგენი აფრასიძე ძალოვნებს პირველი გასროლისთანავე ხელებაწეული ჩაბარდა. სპეცრაზმელებმა ის მოფარებულ ადგილას დაცხრილეს, შემდეგ გაძარცვეს. მეზობლების თქმით, მას ოქროს ჯაჭვი და მედალიონი ისე უხეშად ჩამოგლიჯეს, მიცვალებულს კვალი კარგად ემჩნეოდა. ძალოვანებს ჩაბარდა ომეხ აფრასიძეც. ისიც ადგილზე დახვრიტეს. გოჩა აფრასიძე სიკვდილს შემთხევით გადაურჩა. ძალოვნები ფიქრობდნენ, რომ მათ მიერ ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობების შემდეგ ის სისხლისგან დაიცლებოდა.
სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ აფრასიძეების სახლს ცეცხლი წაუკიდეს. მეზობლებს ცეცხლის ჩასაქრობად არ უშვებდნენ. ამის შემდეგ სოფელ ეწერის ჩვიდმეტიდან სამოცდახუთ წლამდე ყველა მამაკაცი ჯერ გაჩხრიკეს, შემდეგ დააპატიმრეს. სიკვდილს გადარჩენილი აფრასიძეები კი თბილისში გადმოიყვანეს.
მათ ბრალად ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის წინააღმდეგობის გაწევა და განზრახ მკვლელობა დასდეს. განზრახ მკვლელობაში ბრალდება იმ ვერტმფრენისთვის სროლას გულისხმობდა, რომლის ჩამოგდებაც აფრასიძეებმა ვერ შეძლეს. "ის დღე ჩვენთვის ერთი ჩვეულებრივი დღე იყო. ხელისუფლების ასეთი სისასტიკე მართლაც მოულოდნელი აღმოჩნდა. ვერ გავიგეთ, რატომ. ჩვენს ოჯახს გატაცებულთა გამოსასყიდად მიღებული ლუკმა არასოდეს უჭამია. არც სამართალდამცველებისთვის გვისვრია და არც წინააღმდეგობა გაგვიწევია. ეს რომც გვდომოდა, თავდასხმა იმდენად მოულოდნელი იყო, ამის შესაძლებლობა მაინც არ გვექნებოდა. დღემდე გაუგებარია, რის დამტკიცება სურდათ ასეთი საქციელით. ჩემი ერთ-ერთი ძმა ეზოდან ცოცხალი გამოიყვანეს და დახვრიტეს. მამაჩემი მძიმედ დაჭრილი იყო, შეიძლებოდა გადარჩენილიყო, მაგრამ, ეტყობა, ცოცხალი არ ჭირდებოდათ და სახლში ცოცხლად გამოწვეს", - აცხადებდა "დღესთან" საუბრისას შმაგი აფრასიძე.
ამ სპეცოპერაციისას ძალოვნებმა აფრასიძეების ოჯახს თავშეფარებული უსახლკარო რუსი ვოვა მურავიოვიც დააკავეს. გამოძიებამ თავდაპირველად ის აფრასიძეების ოჯახში თავშეფარებულ ძებნილად გამოაცხადა. სინამდვილეში ის ძებნილი არ ყყოფილა. აფრასიძეების ადვოკატები აცხადებდნენ, რომ გამოძიება მურავიოვისთვის ცრუ ჩვენებების გამოძალვის მიზნით მასზე ზეწოლას ახორციელებდა. რაღაც აბსურდულ სისულელებს აწერინებდნენ, კალაძე აქ და აქ არის დამარხულიო, შემდეგ მიყავდათ იმ ადგილას და იწყებდნენ თხრას, მაგრამ ვერაფერს პოულობდნენ. სწორედ მურავიოვის ცრუ ჩვენების სააფუძველზე ჩატარდა ეწერში კიდევ ერთი ცნობილი და "წარმატებული" სპეცოპერაცია.
მერაბიშვილ-გვაზავას "არქეოლოგიური აღმოჩენა"
სოფელ ეწერში ჩატარებული სისხლიანი სპეცოპერაციის გამართლება ძალოვნებმა მოგვიანებით იმ სამარხით სცადეს, რომელშიც, ეწერის მკვიდრთა თქმით X|X საუკუნეში მიცვალებულთა ნაშთები განისვენებს. აფრასიძეების ადვოკატთა განცხადებით, რადგან ძიების დასრულების შემდეგ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პროკურატურამ აფრასიძეების ოჯახის წევრების მიერ ყაჩაღობის, ბანდიტობის, ოჯახების აწიოკების, ფულის გამოძალვის მიზნით ადამიანების გატაცების შესახებ ინფორმაციები ვერ დაადასტურა, საკუთარი ვერსიის გამყარება გატაცებული და შემდეგ მოკლული ადამიანების სამარხის გათხრით სცადა. "სპეცოპერაციას" შს მინისტრის მოადგილე ლევან გვაზავა ხელმძღვანელობდა.
სამარხის გათხრის შემდეგ ძალოვნებმა თვითნებურად მოახდინეს სამარხში აღმოჩენილი ნაშთების "იდენტიფიცირება" და განაცხადეს, რომ ერთ-ერთი ლევან კალაძის, ერთი კი წყნეთიდან გატაცებულ გოგონას მარიამ გოგინაშვილისა იყო და სამარხის "პოვნაში" სამართალდამცველებს აფრასიძეების ოჯახში მცხოვრები უსახლკარო რუსი ვოვა მურავიოვი დაეხმარა, რომელსაც ადრე აფრასიძეების ოჯახში თავშეფარებულ ძებნილად მიიჩნევდნენ. ეს ჩვენება მას მე-7 საპყრობილის საკანში "ოპერატიული" დამუშავებით გამოსძალეს.
მოგვიანებით გაირკვა, რომ სამარხში, რომელიც სამართალდამცავებმა ვითომდა აფრასიძეების ეზოში აღმოაჩინეს, სინამდვილეში X|X-XX საუკუნის მიჯნაზე გარდაცვლილთა (ეს სამედიცინო ექსერტიზამაც დაადასტურა) ცხედრები განისვენებს. სამარხი აფრასიძეების ეზოდან ერთი კილომეტრის დაშორებით, ძველი ნასოფლარის ტერიტორიაზე მდებარეობდა და მასში ეკლესიის გასაწმენდი სამუშაოებისას ეზოში აღმოჩენილი ნაშთები იყო განთავსებული. ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ ლევან გვაზავას უმიზეზოდ შეწუხებულ მიცვალებულთა ძვლების თავდაპირველ სამარხში დაბრუნებამ მოუწია. თუმცა, მომხდარზე პასუხი არ უგია.
"თუ სვანეთში ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალებს გააანალიზებენ, ყველა დეტალსა და მომხდარ ფაქტს სწორად შეაფასებენ, გამორიცხული არ არის, ამ დანაშაულებრივი ოპერაციის დამგეგმავი ძალიან მაღალი თანამდებობის პირების, ასევე შემსრულებლების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. მომხდარის გამო ვინმე აუცილებლად უნდა დაისაჯოს", - აცხადებდა მაშინ "დღესთან" საუბარში აფრასიძეების ადვოკატი მალხაზ ჯანგირაშვილი.
ძალოვნებმა ორწლიანი "ძიების" შემდეგ გარკვიეს, რომ "ყველაფერში დამნაშავე" პოლკოვნიკი ბათუ საღინაძე იყო, რომელიც ეწერის სპეცოპერაციიდან ცოტა ხანში შს ახლად დანიშნულმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა სამინისტროდან დაითხოვა. გამოძიებას "მხსნელად" ამ შემთხვევაშიც მურავიოვის მორიგი ცრუ ჩვენება მოევლინა. შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში მურავიოვი ირწმუნება, ეწერის სამარხი სამართალდამცველებს იმიტომ გავათხრევინე, ბათუ საღინაძე პატიმრობიდან გათავისუფლებას დამპირდაო. მაგრამ ფაქტია - იმ პერიოდში, როდესაც ეწერში სამარხი გათხარეს, საღინაძე შს სამინისტროდან უკვე კარგა ხნის დათხოვნილი იყო და ამდენად, არც მურავიოვის გათავისუფლება და არც ციხეში მისი მონახულება ხელეწიფებოდა.
აფრასიძეების ადვოკატები აფრასიძეების ოჯახის წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის გამო მხოლოდ საღინაძის დაკავებას გადაუდებელი აუცილებლობით ხსნიან. ოჯახის ინტერესების დამცველთა თქმით, მას შემდეგ, რაც გახმიანდა, რომ კალაძეების გატაცებასა და მკვლელობასთან აფრასიძეებს არავითარი კავშირი არ ჰქონდათ, ამ საქმეზე ვიღაც ხომ უნდა დაესაჯათ გამოძიების "შეცდომაში შეყვანისთვის" და ხელი მხოლოდ საღინაძეს შეაწმინდეს, რათა გაცილებით მაღალი თანამდებობის პირების ბრალეულობა დაეფარათ.
ნიკა გორდეზიანი, აფრასიძეების ადვოკატი: "ეწერის სპეცოპერაცია საღინაძის დაგეგმილი არ ყყოფილა. პირიქით, ამბობდა, რომ ის არ უნდა ჩატარებულიყო და ის აფრასიძეებთან სხვა მოლაპარაკებებს აწარმოებდა. მაგრამ ფაქტია, რომ ბათუ საღინაძე სპეცოპერაციის დროს დაპატიმრებულ აფრასიძეებსა და მურავიოვთან ოპერატიულ მუშაობას აწარმოებდა. მის მიერ "მოძიებული" ფაქტები საქმეში დევს. საღინაძეს კარგად ვერ დავახასიათებ, მასზე უფრო ცუდის თქმა შემიძლია, რადგან ძალიან ცუდი რაღაცეები აქვს გაკეთებული, იგივე ის, რომ ზეწოლას ახდენდა მურავიოვზე. ცდილობდა, ზეწოლა მოეხდინა აფრასიძეების დედაზე, თავად დაკავებულ ძმებ აფრასიძეებზეც ახორციელებდა ზეწოლას. მაგრამ, რაც შეეხება სვანეთში ჩატარებულ სპეცოპერაციას, ვფიქრობთ, ცდილობენ, ამ "სპეცოპერაციის" გამო ხელი მხოლოდ საღინაძეს შეახოცონ".
- ბათუ საღინაძე დიდხანს აცხადებდა, რომ კალაძის საქმესთან დააკავშირებით საკმაო ინფორმაციას ფლობდა, თუმცა არ გაუხმიანებია...
- ეს კაცი დღესაც იძახის, რომ აფრასიძეებზე ინფორმაცია აქვს. ამიტომაც ვამბობ, რომ მურავიოვის დამუშავებასა და აფრასიძეების სახელის კალაძის საქმესთან დაკავშირებაში საღინაძემ დიდი როლი ითამაშა, მაგრამ სისხლიანი სპეცოპერაციის დაგეგმვა-ჩატარებაში არავითარი როლი არ უთამაშია. უბრალოდ, სურთ, ყველაფერი საღინაძეს გადააბრალონ.
- უფრო კონკრეტულად, ვის მაგივრად სჯიან პოლკოვნიკ საღინაძეს.
- არ ვიცი, ეს სპეცოპერაცია კონკრეტულად ვინ დაგეგმა, მაგრამ შს იმჟამინდელი მინისტრით დაწყებული, ყველა იმ მაღალჩინოსანმა, ვინც უშუალოდ იყო ამ სპეცოპერაციაში ჩართული, აუცილებლად უნდა აგოს პასუხი. მაგრამ აქ ერთი მომენტია - ხომ შეიძლება, გია ბარამიძე ვიღაცამ შეცდომაში შეიყვანა, მას არასწორი ინფორმაცია მიაწოდა. ჩვენ მაინც იურისტები ვართ, ამიტომ არ შემიძლია ვინმე კონკრეტულ პიროვნებას ხელი დავადო. უბრალოდ, ფაქტია, რომ შს-ს მაღალჩინოსნებს ამ საქმის გამო პასუხისმგებლობის არიდება სურთ და გარეთ რომ დარჩნენ, ამისთვის სურთ, საღინაძეს შეახოცონ ხელი.
- გამორიცხავთ, რომ ბათუ საღინაძის მიერ არასწორად წარმოებულმა გამოძიებამ დაყენა სამინისტრო მცდარ გზაზე...
- საქმეც ეგ არის. საღინაძე აცხადებდა, რომ ამ საქმეზე მუშაობდა და მოლაპარაკებას აწარმოებდა აფრასიძეებთან, რათა ომეხი ჩაბარებულიყო.
- საღინაძე მართლაც რომ აწარმოებდა მოლაპარაკებას, ამ ინფორმაციას ოჯახი თუ ადასტურებს.
- იცით, ევგენი და ომეხი გარდაცვლილები არიან. ცოცხლად დარჩენილებმა კი ამის თაობაზე არაფერი იციან. თუმცა, ადვილი შესაძლებელია, რომ მოლაპარაკებას მართლა აწარმოებდნენ.
- რაც შეეხება ეწერში ჩატარებულ გათხრებს...
- სოფელ ეწერში ჩატარებულ პირველ თუ მეორე გათხრებთან საღინაძე შეიძლება პირდაპირ კავშირში იყოს. ბევრ რამეში ფიგურირებს ეს კაცი და ბევრად დაკავშირებულია ამ საქმესთან. ამის შესახებ მურავიოვმაც კი განაცხადა სასამართლო პროცესზე ქუთაისში.
- რაც შეეხება მურავიოვის ჩვენებას, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით გამოძიება მის ჩვენებას შეიძლება დაეყრდნოს.
- მურავიოვის ჯანმრთელობაზე ვერაფერს ვიტყვი, რადგან ექსპერტი არ ვარ. მაგრამ საგულისხმოა, რომ გამოძიებას როცა სჭირდება, იზიარებს მისი ჩვენებას, თუ არ აწყობს - არ იზიარებს.
- თუ არსებობს ექსპერტიზის დასკვნა მისი ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ.
- მისი ფსიქიური მდგომარეობა ეჭვქვეეშ არავის დაუყენებია. ეს არ აწყობდათ, იმიტომ რომ ვიდრე აფრასიძეებს განაჩენს გამოუტანდნენ, კარგად "ამუშავებდნენ". აფრასიძეებისთვის განაჩენის გამოტანის შემდეგ კი, მაპატიეთ და ფეხზე დაიკიდეს და 11 წელი მიუსაჯეს. ახლა რომ თქვან, ეს კაცი შეურაცხადიაო, რაში აწყობთ.
- როგორც ცნობილია, აფრასიძეების საქმიდან კალაძის საქმის დეტალები საერთოდ გაქრა, აფრასიძეებისთვის გამოტანილ განაჩენთან კალაძის საქმე კავშირში არ არის.
- საქმე რა არის, იცით - სპეცოპერაცია, რომელის პრაქტიკულად აფრასიძეების ოჯახის ამოწყვეტით დასრულდა, სწორედ კალაძისა და გოგინაშვილის გამო ჩატარდა. პოლიციას ჰქონდა ეჭვი, რომ ლევან კალაძე და პატარა მარიამ გოგინაშვილი აფრასიძეებს სახლში ან ცოცხლად ჰყავდათ დატყვევებული ან მათი გვამები იყო იქ დამარხული. დღეს კი ირკვევა, რომ აფრასიძეებს ამ საქმესთან არაფერი აკავშირებდათ და საბოლოოდ აფრასიძეებს პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და პოლიციელების მკვლელობის მცდელობაში დასდეს ბრალი.
- საღინაძის დაკავებით, პროკურატურამ გარკვეულწილად აღიარა ძალოვნების შეცდომა, რა შეიძლება ამის შემდეგ შეიცვალოს აფრასიძეებისათვის...
- ბათუ საღინაძის დაკავება მართლაც ვიღაცაზე ხელის შეხოცვას ჰგავს. მაგრამ გარკვეულწილად ეს დადებითი მომენტია აფრასიძეების საქმისთვის. საბოლოოდ დადასტურდა, რომ ეს სისხლიანი სპეცოპერაცია აბსურდული მიზეზით ჩატარდა. ამას გარდა, ძალოვნებმა პრაქტიკულად აღიარეს, რომ გამოძიების პროცესში მურავიოვს ამუშავებდნენ და ათასგვარ სისულელებს ალაპარაკებდნენ. საქმის განხილვა მალე უზენაესი სასამართლოს საკასაცო პალატაში დაიწყება. ბოლო ინსტანციის ამოწურვის შემდგომ კი აფრასიძეების ოჯახის უდანაშულოდ ამოწყვეტის გამო სარჩელს ევროსასამართლოში გავგზავნით.
აფრასიძეების საქმესთან დაკავშირებით, ბათუ საღინაძის გარდა, კიდევ ერთი პოლიციელი იდევნება - ბერდია ხვისტანი. მასაც ბრალად მურავიოვისათვის ჩვენების გამოძალვა ედება და მასზე ძებნაა გამოცხადებული. მაშინ, როცა ძალოვნებმა კალაძის საქმე გახსნილად გამოაცხადეს, გენპროკურორმა ზურაბ ადეიშვილმა პირობა დადო, რომ დაისჯებოდა ყველა, ვინც ამ საქმეში შესცოდა. ბათუ საღინაძე კი თავის მხრივ აცხადებდა, რომ ყველა იმ ჩინოვნიკის გვარი იცოდა, ვინც ამ საქმის დაფარვით იყო დაინტერესებული. თუკი ყოფილი ძალოვანი ამ დეტალების გახმაურებისაგან თავს რაღაც მიზეზების გამო იკავებდა, აშკარაა, რომ ეს მიზეზები დღეს აღარ არსებობს. საკუთარი ღირსებისა და სიმართლის დასამტკიცებლად მას სასამართლოზე საქმის ზუსტი დეტალების გახმაურება და იმ ჩინოვნიკების გვარების დასახელება მოუწევს, ვისაც კალაძის საქმის ძიების სწორი გზით წარმართვა ხელს არ აძლევდა.
© გაზეთი " ხვალინდელი დღე "
© ქართული პრესის კომპიუტერული არქივი
http://www.open.ge/06/xdge/059/059-4.htmhttp://gevision.tv This post has been edited by Iraklion on 26 Mar 2009, 14:46
მიმაგრებული სურათი