პრესის მიმოხილვა 30.03.2009
გადაიზრდება თუ არა "ბრძოლა შიშველი ხელებით" სხვა ბრძოლაში...
"9 აპრილის აქციის ორგანიზატორები პროტესტის მშვიდობიანი ფორმით გამოხატვის დემონსტრირებისთვის მაღლა აწეულ ხელებს ირჩევენ. "ბრძოლა შიშველი ხელებით" რამდენად იქნება დამაჯერებელი ხელისუფლებისთვის, ჯერჯერობით ამაზე არანაირი კომენტარი არ კეთდება. პოლიტოლოგები კი აცხადებენ, რომ მთავარია ეს ჟესტი საზოგადოებისთვის იყოს დამაჯერებელი. აქციები ლამის დაგეგმილიც არ იყო, ძალის გამოყენებაზე რომ ალაპარაკდნენ, როგორც ხელისულების, ასევე ოპოზიციის მხრიდან. რა თქმა უნდა, ოპოზიცია ხელისუფლების მხრიდან მოსალოდნელ ძალადობაზე საუბრობდა, ხელისუფლება კი იმაზე, თუ იქნება რამე პროვოკაცია, ადეკვატურ პასუხს გავცემთო", - წერს გაზეთი "მთელი კვირა" სტატიაში სათაურით "ბრძოლა შიშველი ხელებით" / ოპოზიცია აქციის მშვიდობიანი ფორმის დემონსტრირებისთვის ხელებს მაღლა სწევს.
"თუნდაც იმ დონის დემოკრატიის მქონე ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, რატომ უნდა იყოს იმის მოლოდინი, რომ აქცია ვინმეს მხრიდან ძალადობრივი იქნება, გაუგებარია. მაგრამ, როგორც ჩანს, ეს დემოკრატია ან იმ დონის არ არის, როგორც საუბრობენ, ან კონსტიტუციის შესრულებისთვისაც არ არის საკმარისი. კვანძი სამი კვირის წინ ბურჯანაძის მიერ გაკეთებული განცხადებისას შეიკრა, სადაც ხელისუფლება დაადანაშაულა, რომ ოპოზიციის წინააღმდეგ აპირებდნენ შავი პიარის აგრებას, თითქოს ოპოზიცია შეიარაღებულ გადატრიალებას გეგმავდა. ცნობისთვის, ეს განცხადება იმ ბრიფინგზე გაკეთდა, სადაც განაცხადა, რომ შს სამინისტროს სახელზე დარეგისტრირებული ტელეფონიდან ატარებდნენ გამოკითხვას, თუ საზოგადოებას რა რეაქცია ექნებოდა, თუკი გაიგებდა, რომ ოპოზიცია შეიარაღებული გადატრიალებისთვის ემზადებოდა. კულმინაცია და წინა კვირას უკვე ხელისუფლების მხრიდან იმ მასალების გამოქვეყნება იყო, რომლითაც ბურჯანაძე ლამის პირდაპირ დაადანაშაულეს შეიარაღებული გადატრიალების მცდელობაში", - აღნიშნავს გამოცემა.
"ფაქტია, რომ საზოგადოების განწყობაზე არცთუ ერთგვაროვნად მოქმედებს ერთი მხრივ მასალების სიჭარბე თუ ნამდვილობის ელფერი და მეორეს მხრივ, ოპოზიციის თუ ხელისუფლების არაფრისმთქმელი განცხადებები. მით უმეტეს, რომ მასალების გამოქვეყნებას ამ კვირაშიც ელოდებიან. მოლოდინი არსებობს და ვითარება ძველებურად დაძაბულია, ამიტომ, დღეს იმის თქმა, კვანძი როგორ გაიხსნება, ძალიან ძნელია. ვითარებას უკვე საპატრიარქო გამოეხმაურა და ხელისუფლებასა და ოპოზიციას მოუწოდა, არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენონ ძალისმიერი მეთოდები. საპატრიარქო ორივე მხარეს სიმშვიდის შენარჩუნებისა და დიალოგისკენ მოუწოდებს, რათა სამოქალაქო დაპირისპირება თავიდან იქნეს აცილებული. ამ დღეებში ხელისუფლების მხრიდან მუდმივად კეთდება განცხადება, რომ აქციის ჩატარების უფლება ყველას აქვს, პროვოკაციებს კი ხელისუფლება არ დაუშვებს. რა თქმა უნდა, აქციაზე ვინ ვისი დავალებით მოაწყობს პროვოკაციას და მერე ვინ როგორ გამოიყენებს, ძნელი გასარკვევია. მაგრამ, როგორც ჩანს, ჯერჯერობით მთავარ პრობლემად ეს რჩება", - წერს სტატიის ავტორი.
"ხელისუფლება პირობას დებს, რომ მშვიდობიან აქციას ხელს არ შეუშლის. თავის მხრივ, კი აქციის ორგანიზატორები ცდილობენ, ისეთი ფორმა მოძებნონ, რომ აქციის მშვიდობიანი ფორმატის დემონსტრირება მოახდინონ. გუშინ "კონსერვატორებმა" და "მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის" ლიდერებმა საგანგებო კონფერენცია გამართეს. 9 აპრილისთვის კონკრეტული სამოქმედო სქემა არ გამოუქვეყნებიათ, მიუხედავად იმისა, რომ ამ სქემის გამოქვეყნება წინასწარ იყო დაანონსებული, თუმცა პარტიის ლიდერებმა ისაუბრეს იმ ზოგად პრინციპებზე, რომლითაც ისინი აპირებენ 9 აპრილს და შემდგომაც ბრძოლის გაგრძელებას. მათი განცხადებით, ამ ბრძოლას დაარქვეს ~ბრძოლა შიშველი ხელებით~ და ამის დემონსტრირებისთვის მათაც და კონფერენციის მონაწილეებმაც ხელების ასწიეს", - განაგრძობს სტატიის ავტორი.
"თავისთავად ნებისმიერი ფორმით დემონსტრირება იმისა, რომ აქცია არის მშვიდობიანი, არის სწორი და ასეც უნდა იყოს. კონკრეტულად რა ფორმით მიანიშნებენ ამას, ეს უკვე არის გემოვნების საკითხი. ზუსტად ვერ გეტყვით, მაინცდამაინც ამ ფორმით ჩვენება რამდენად სჯობს სხვა ფორმას, მაგრამ ის ფაქტი, რომ აპირებენ გამოკვეთონ თავისი განზრახვის - მასობრივი პროტესტის მშვიდობიანი ფორმა, ეს არის მისასალმებელი. ამიტომ, შესაძლოა, სხვების მიერ სხვა ფორმებიც გამოიძებნოს და მე ვფიქრობ, რომ კარგი იქნება თუ სხვა ძალებიც, ვინც აპირებენ 9 აპრილს გაუძღვნენ ხალხს, მოიფიქრებენ დამაჯერებელ ფორმებს თავისის განზრახვის მშვიდობიანობის დემონსტრირებსთვის, ვინაიდან ასეთმა ფორმებმა, შესაძლოა, საზოგადოებაში არსებული უარყოფითი მოლოდინი გააქარწყლოს", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პოლიტოლოგი არჩილ გეგეშიძე.
"ესენი ის ადამიანები არიან, რომლებმაც ერთხელ უკვე მიიღეს მონაწილეობა სამხედრო გადატრიალებაში. ახალ ლიდერს პოლიტიკურ არენაზე ვერ ვხედავ, გარდა ერთი კუკავასი, რომელიც, ალბათ, მაშინ პატარა ბიჭი იყო. გარწმუნებთ, ყველა მონაწილე იყო, უბრალოდ, ზოგი წინა პლანზე იდგა, ზოგიც უკან. ყველა მონაწილე ვიყავით და სამწუხაროა, რომ დღესაც იგივე ხდება. პოლიტიკური ინტუიცია მკარნახობს, მოუხედავად იმისა, რომ საზოგადოება ამ კადრების ხილვით დაზაფრულია, ხალხს დასაშვებად მიაჩნია შეიარაღებული გადატრიალება და ეს ჩვენ უბედურებაა~, - აცხადებს საპარლამენტო უმრავლების წევრი აკაკი ბობოხიძე გაზეთ ~ვერსიისთვის~ მიცემულ ინტერვიუში, სათაურით აკაკი ბობოხიძე: "ჩემს სიტყვებზე პასუხისმგებელი ვარ, უამრავი ადამიანი ~ნაცმოძრაობიდან~ წავალთ სააკაშვილის წინააღმდეგ თუ ...".
"სხვათა შორის, შეიარაღებული ჯგუფები რომ მზადდებოდა, ამის შესახებ ინფორმაცია იგივე ოპოზიციონერებისგან მქონდა, რომლებიც იმაზეც წუხდნენ, გაერთიანებულიყვნენ თუ არა ბურჯანაძის პარტიის ირგვლივ - რა თქმა უნდა, გვარებს ვერ დაგისახელებთ. არ ვამბობ, რომ მარტო ჩემთან მოდიოდნენ. ამ თემაზე ყველა საუბრობდა. მჯერა, ბევრს არ სურს ფაქტის წინაშე დადგეს და იძულებული იყოს მისთვის მიუღებელ პროცესში ჩაერთოს. თუმცა, ეყოფათ თუ არა პოლიტიკური ნება ბოლომდე გაემიჯნონ მიმდინარე არასასურველ პროცესებს, არ ვიცი. მე ხომ ამის გამოცდილება მაქვს - როდესაც შეიარაღებული აჯანყების მომხრე არ ვიყავი, მაგრამ იძულებულნი გავხდით, კიტოვანს გვერდით დავდგომოდით. თუმცა მახსენდება ერთადერთი კაცი, ვინც ამბობდა, უზენაეს საბჭოსა და მოალყეებს შორის თეთრი ბაირაღებით ჩავდგეთო. ეს გახლდათ ბატონი ნოდარ ნათაძე, რომელიც მაშინ სასაცილოდ ავიგდეთ და ვეუბნებოდით, თუ ჩადგები, მაშინ ორ ტყვიას მიიღებო", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას აკაკი ბობოხიძე.
"ხელისუფლებასთან ერთად, ოპოზიციასაც მოუწევს თავისი წილი პასუხისმგებლობის აღება და სხვათა შორის, კარგი რამისკენ რომ არ მიდის მზადება, ამაზე ისიც მეტყველებს, როდესაც საუბრობენ, მიტინგებს ჩვენ კი არ ვაწყობთ, ეს ხალხის მოთხოვნაა და ხალხი წავა ყველაფერზეო. მაპატიეთ, და ეს ერთი ადგილის არმქონე ტიპების მოქმედებაა თუ ოპოზიციას აქვს ერთი ადგილი, თუნდაც სამხედრო და შეიარაღებული გამოსვლებისას, კეთილი ინებონ, პასუხისმგებლობაც აიღონ, და ყველაფერზე შესაბამისი პასუხი აგონ. მიტინგის მსვლელობაზე პასუხს მიტინგის ორგანიზატორები აგებენ და არა ზოგადად, ანონიმური მასა. სამწუხაროდ, არც იმაში ვარ დარწმუნებული, რომ ჯერ დაუშიფრავი პატარ-პატარა ჯგუფები არ არსებობენ. იმედი მაქვს, ყველას ეყოფა გონიერება, თუ 9 აპრილს რამეს აპირებენ, ამ დღეს არაფერი მოიმოქმედონ. 9 აპრილი საქართველოს ისტორიაში მორალური, ისტორიული გამარჯვების დღედ უნდა დარჩეს და არა ქართველთა შორის დაპირისპირების და უბედურებისა", - აცხადებს აკაკი ბობოხიძე და შეკითხვას - "როგორ განვითარდება პროცესები უახლოეს პერიოდში, ოპოზიცია სამოქალაქო დაუმორჩილებლობაზე საუბრობს" - პასუხობს:
"მთავარია, პროცესი არ გამოვიდეს მშვიდობიანი ჩარჩოებიდან, თორემ ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერ დროს, პროცესის საქართველოს სასარგებლოდ შემოტრიალება შესაძლებელია".
http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...link/16316.html