
9 აპრილის ახალგაზრდული შტაბი მთაწმინდის პარკის ასასვლელთან აქციას გამართავს
9 აპრილის ახალგაზრდული შტაბი მიხეილ სააკაშვილს აფრთხილებს, “ნაყაჩაღარი მთაწმინდის პარკის” გახსნა არ გაბედოს.
ახალგაზრდული შტაბის წარმომდგენლების განცხადებით, არ დაუშვებენ ბადრი პატარაკაციშვილისთვის ბანდიტური გზით წართმეული ქონების სააკაშვილის მიერ გახსნის ფაქტს.
როგორც შტაბის წევრმა დაჩი ცაგურიამ განაცხადა, თუ გახსნას მიხეილ სააკავშილი დაესწრება, მშვიდობიან აქციას გამართავენ.
“ვითვალისწინებთ, რომ ბევრი ბავშვი იქნება იმ დროს მთაწმინდის პარკში და ჩვენ გავმართავთ მშვიდობიან აქციას. თუ ხელისუფლება გამოიყენებს ძალას, ეს მათი პასუხისმგებლობა იქნება. ეს პარკი ბანდიტური გზით არის წართმეული, ბადრი პატარკაციშვილის საკუთრებაა და სააკაშვილს არანაირი უფლება არ აქვს ნაყაჩაღარი პარკი გახსნას”, - განაცხადა დაჩი ცაგურიამ და აღნიშნა, რომ როდესაც მიხეილ სააკაშვილი გახსნის მთაწმინდის პარკს, ისინი საქართველოს პრეზიდენტს სირცხვილის კორიდორს მოუწყობენ.
ჯაბა ჯიშკარიანის თქმით კი, მთაწმინდის პარკი უკვე გახსნილია და ბადრი პატარკაციშვილს ეკუთვნის.
“თუU მივა მიხეილ სააკაშვილი პარკის გახსნაზე, ჩვენ მას დარაზმულები დავხვდებით და ჩავუმწარებთ. ეს პარკი ბადრი პატარკაციშვილს ეკუთვნის და ვაფრთხილებთ პრეზიდენტს, პარკის გახსნა არ გაბედოს”, - განაცხადა ჯაბა ჯიშკარიანმა.
მთაწმინის პარკის გახსნასთან დაკავშირებით ინა გუდავაძემ განცხადება გაავრცელა

მთაწმინდის პარკის ოფიციალური გახსნა დღეს იგეგმება. ამასთან დაკავშირებით ბადრი პატარკაციშვილის მეუღლემ ინა გუდავაძემ განცხადება გაავრცელა.
“ბატონი პრეზიდენტი მთაწმინდის პარკის გახსნას აპირებს! თითქოს, თბილისელებისთვის სასიხარულო მოვლენაა! ვუწყი რა, ჩვენი პრეზიდენტის ორატორული შესაძლებლობების შესახებ, არ გამიკვირდება, თუ სიტყვების მოხერხებული თამაშით იგი პარკის სრულ რეკონსტრუქციას ისე წარმოაჩენს, როგორც არაბული (ან იქნებ მართლაც ქართული?) ჯგუფის, “რაკიინის” მიღწევას.
როგორ რეაქციას ელოდებიან ჩვენგან, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახისგან თბილისელები? რასაკვირველია, შევუერთდებით პატარების სიხარულს, რომლებიც ატრაქციონებით გაერთობიან. გავიზიარებთ იმ ადამიანების სიხარულსაც, რომლებიც, წარსულის ნოსტალგიური მოგონებების გარდა, ამ შესანიშნავი პარკის აღდგენით სამუშაოებს შეაფასებენ.
ერთს კი ვისურვებდით, იქნებ, უფროსებს პატარებისთვის აეხსნათ, რომ სხვისი ქონების მიტაცებას ძალის გამოყენებით, ძარცვა ჰქვია და ვინც არ უნდა იყოს მძარცველი, იგი სამართლებრივ დევნას ექვემდებარება!
ჩემი მხრიდან კი მინდა, დაჟინებით გავაფრთხილო პარკის სტუმრები: დატკბით ამ შესანიშნავი ადგილით - პარკით, რომელსაც 2007 წლის შემოდგომაზე უკვე სტუმრობდა 80 000 ადამიანი, რომელიც მე და ბადრიმ პროფესიონალებთან ერთად აღვადგინეთ და მასში მთელი სული და გული ჩავდეთ, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ჩვენ არ ვიღებთ არანაირ პასუხისმგებლობას ატრაქციონების არსებულ მდგომარეობაზე. ეს ატრაქციონები წელიწადნახევრის განმავლობაში ყოველგვარი შემოწმებისა და ზედამხედველობის გარეშე იყო დარჩენილი.
P.S. ადრე თუ გვიან სამართლიანობა საქართველოშიც იზეიმებს. ჩვენ ამის გვჯერა”, - ნათქვამია ინა გუდავაძის განცხადებაში.
http://www.interpressnews.ge/ge/index.php/....html&hd_line=1